Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ტრადიცია, როგორც სასაკლაო

24 ოქტომბერი 2018

წარსულში ამა თუ იმ ცხოველის მოპოვება და მასთან დაკავშირებული ტრადიცია შესაძლოა ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ელემენტების, საკვების მოპოვებით ან სხვა ფაქტორით ყოფილიყო ახსნილი. თუმცა, სხვა საკითხია, რამდენად წარმოადგენს ტრადიციული ნადირობის არსებობა აუცილებლობას დღეს, მით  უმეტეს, როდესაც ამ ტრადიციებს არაერთი ცხოველი ეწირება?!

ერთ-ერთი ასეთი სისხლიანი ტრადიცია დამკვიდრებულია ფარერის კუნძულებზე (დანია). კუნძულის მკვიდრი მამაკაცები სხვადასხვა მცურავი საშუალებით დელფინებს - გრინდებს ნაპისკენ მიერეკებიან, სადაც ცხოველებს, ძირითადად, ახალგაზრდები ხოცავენ.

წარსულში ამ ტიპის რიტუალი, გარკვეულწილად, შეიძლება ახსნილიყო იმით, რომ კუნძულები მწირ პროდუქტს იძლეოდა, შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობისთვის დელფინები და მათი მოპოვება საკვებისა და მიკროელემენტების მიღების საშუალებას წარმოადგენდა. გარდა ამისა, ამ ცხოველების ცხიმს სხვადასხვა, მათ შორის სამედიცინო მიზნებისთვის იყენებდნენ.

დღეს ამის არანაირი საჭიროება არ არსებობს, მაგრამ ეს მძიმე ტრადიცია დარჩა. მაგალითად, 1991-2000 წლებში დაახლოებით 9 ათასი ცხოველი იქნა მოკლული. ძირითადად, ეს არის გრინდა, დიდი ზომის დელფინი, რომლის სხეულის სიგრძე საშუალოდ 6,5 მეტრს, წონა კი 2 ტონას აღწევს. გრინდების გარდა, ამ სასაკლაოზე ხვდებიან სხვა დელფინებიც, მათ შორის აფალინები, ზღვის ღორები და ა.შ.

დაახლოებით ასეთი ტრადიციაა შემორჩენილი იაპონიაში, ქალაქ ტაიჯიში, სადაც ნადირობის სეზონის გახსნისთანავე იწყება დელფილების ხოცვა-ჟლეტა. იაპონელები მათ საკვებად იყენებენ.

ნორვეგიასა და რუსეთში აქტიურად ნადირობენ ვეშაპებზე. ვეშაპებზე ნადირობას მხოლოდ ტრადიციას ვერ დავაბრალებთ, ეს არის ძალიან ძვირფასი ნედლეული, რომელიც უამრავ სფეროში გამოიყენება.

ბუნების დამცველი ორგანიზაციების კრიტიკის პასუხად ხშირად ისმის ამ ქვეყნების წარმომადგენელთა არგუმენტი - თუკი ესკიმოსებს ვეშაპის მოპოვების უფლება აქვთ, რატომ არ უნდა ჰქონდეს ეს უფლება სხვასაც?

ერთი შეხედვით საკამათო საკითხია, თუმცა ფაქტია, რომ ვეშაპზე ნადირობა ესკიმოსებისთვის არა მხოლოდ კულტურის ნაწილი, არამედ ფიზიკურად გადარჩენის საშუალებაა, რადგან ამ საკვების გარეშე ისინი უბრალოდ ვერ იცოცხლებენ.

მაგრამ, ჩნდება კიდევ ერთი კითხვა - დღეს, სამყაროს განვითარების ამ ეტაპზე, რამდენად რეალურია ეს არგუმენტები, რამდენად რელევანტურია ამ ტიპის ტრადიციები?!

ასეთი ტრადიციები საკმაოდ ფართოდ არის გავრცელებული და მათ არაერთ ქვეყანაში ვხვდებით. ევროპის ქვეყნებიდან ამ კუთხით ერთ-ერთი გამორჩეული ესპანეთია, სადაც არსებობს არაერთი ასეთი ტრადიცია, მათ შორის - კორიდა.

მაგალითად, სამორის პროვინციაში (ესპანეთის დასავლეთში) არსებობდა ადგილობრივი ტრადიცია - ყოველი წლის იანვრის მეოთხე კვირა დღეს ახალგაზრდა მამაკაცები ეკლესიის სახურავიდან ისროდნენ ცოცხალ თხას, შეკრებილ ადამიანთა ჯგუფს კი ის უნდა დაეჭირა. ტრადიცია ეფუძნებოდა ლეგენდას, რომლის თანახმადაც თხა, რომელიც გაჭირვებულებს საკუთარი რძით კვებავდა, შემთხვევით კოშკიდან გადმოვარდა, მაგრამ უსაფრთხოდ დაეშვა მიწაზე. ცხოველთა უფლებადამცველების ძალისხმევით ტრადიციული რიტუალი შეიცვალა და ადგილობრივებმა ცოცხალი ცხოველი სათამაშოთი ჩაანაცვლეს. 

ასევე, საკმაოდ მძიმე ტრადიციაა კორიდა, შოუდ ქცეული ცხოველის მკვლელობა; რიტუალი, რომელსაც დღეს ესპანეთშიც ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. პრაქტიკულად, ეს არის ორთაბრძოლა - ეს ხარის სახალხო მკვლელობაა, რა დროსაც არ არის გამორიცხული, რომ ტორეროც დაზიანდეს ან დაიღუპოს.

წარმოიდგინეთ, გამოდიან პიკადორები და ბანდერილიეროები, რომლებიც ცდილობენ, რომ მაქსიმალურად გააღიზიანონ და დაასუსტონ ხარი, რისთვისაც არაერთ ხერხს მიმართავენ, მათ შორის ცხოველის შუბებით დაზიანებას. ხოლო, როცა ხარს უკვე დიდი რაოდენობით სისხლი აქვს დაკარგული, გამოდის „გმირი“ ტორერო, რომელმაც დაშნის ერთი დარტყმით უნდა მოკლას დასუსტებული, გასაცოდავებული ცხოველი. ჩემი და არა მხოლოდ ჩემი აზრით, ტორეროსა და ყასბის საქმიანობა თითქმის იდენტური „რისკის“ შემცველია.

ამის პარალელურად, არსებობს პორტუგალიური კორიდა, სადაც ესპანურისგან განსხვავებით, ხარს არ კლავენ. ეს არის შოუ, რომლის დასასრულ ტორერო კუთვნილ აპლოდისმენტებს იღებს, შემდეგ კი შემოდის მწყემსი, რომელსაც ხარი მოედნიდან გაჰყავს.

აქვე უნდა გავიხსენოთ „მოცეკვავე დათვების“ ყოლის ერთ-ერთი გამორჩეულად ცუდი ტრადიცია. ეს საკმაოდ ძველი ჩვეულებაა და თუკი საუკუნეების წინ ასეთ დათვებს ტრაქტირებსა თუ დუქნებთან შეხვდებოდით, დღეს ისინი რესტორნებთან „იხდიან სასჯელს“ და ვოლიერებში ჰყავთ გამოკეტილი. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს დათვი „მოცეკვავეა“ თუ არა, მათი ერთადერთი ფუნქცია კლიენტების მოზიდვა და გართობაა. ყველაფერთან ერთად, ტყვე დათვებს აძლევენ საკვებს, რომელთა გადამუშავება მათ ფიზიოლოგიურად არ შეუძლიათ, ამიტომაც ეს ცხოველები ძალიან მძიმე დაავადებებისთვის, საბოლოო ჯამში კი დაღუპვისთვის არიან განწირული. ასეთი დათვები ჩვენთანაც მრავლად არიან, მაგალითად, თბილისის ზოოპარკში ერთ-ერთი რესტორნიდან მოიყვანეს დათვი, რომელიც ცალი თვალით ვერაფერს ხედავდა. როგორც ჩანს, თავში ჩარტყმისაგან ტვინის ქერქი ჰქონდა დაზიანებული და ხშირად კრუნჩხვები ემართებოდა.

ტყვე დათვების გაჭირვებას ემატებოდა და დღემდე ემატება, ე.წ. „მოჭიდავეების“ გამოწვევები. ხშირად ვრცელდება ხმა იმის შესახებ, რომ ამა თუ იმ ადამიანს დათვი ჰყავს დამარცხებული. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საჭიროების გარეშე ბრძოლის მოტივაცია არცერთ ცხოველს არ აქვს! შესაბამისად, ტყვე ცხოველი, რომელსაც „მოჭიდავეები“ ეჭიდებიან, დაზიანებული, დათრგუნული და შეშინებულია. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ მათ „ჭიდაობის“ არანაირი სურვილი არ აქვთ, უბრალოდ უნდათ, რომ თავი დაანებონ. რაც შეეხება პატარა ბელებს, მათ ეს „გამოწვევა“ თამაში ჰგონიათ. შესაბამისად, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დათვის დამარცხება მხოლოდ და მხოლოდ იმ ადამიანის გონებაში ხდება, ვისაც ეს ამბიცია აქვს. საერთოდაც, თუ აინტერესებთ, დათვმა რომ მოინდომოს, თათის ერთი დაკვრით შეუძლია ნებისმიერი ადამიანის მოკვლა. თუმცა, როცა დატყვევებულ, ფსიქიური პრობლემების მქონე ცხოველზე ვსაუბრობთ, მას უბრალოდ ეშინია! ეს დიდი ძალადობაა ცხოველზე.

ასეთივე პრობლემური საკითხია ძაღლების ორთაბრძოლები. ერთი საკითხია, როდესაც ძაღლი საკუთარი სურვილით ჩხუბობს, როდესაც იცავს ტერიტორიას ან საქონელს; მეორე საკითხია, როდესაც ძაღლებს მათი სურვილის გარეშე აჩხუბებენ. ამის მისაღწევად არაერთ მეთოდს იყენებენ, მათ შორის ძაღლების თხრილში ჩაყრას და ა.შ. ამ ტიპის ორთაბრძოლები, რომლებიც ცხოველს სერიოზულ პრობლემას უქმნის, უნგრევს ფსიქიკას და ამცირებს მისი სიცოცხლის ხანგრძლივობას, ხშირად პატრონებისა და ორთაბრძოლის დამსწრეთათვის ფსონების დადებისა და შემოსავლის წყაროა.

ასეთი ბრძოლები ხშირია არა მხოლოდ ძაღლებში, არამედ ხარებში, მამლებში, თქვენ წარმოიდგინეთ, რიგ სოფლებში სპილოებშიც კი! სპილოების შემთხვევაში, ასეთმა ფაქტებმა ბოლო დროს საგრძნობლად იკლო, თუმცა იყო დრო, როდესაც მათი ორთაბრძოლები ხშირად იმართებოდა. ცხოველებს, რომლებსაც თავდაცვის არანაირი საშუალება არ აქვთ, აიძულებენ ბრძოლას, რომელიც საკმაოდ ხშირად, ერთ-ერთი ან ორივე ცხოველის დაღუპვით სრულდება, მაყურებელი კი ამაზე ფსონს დებს!

კიდევ ერთი ამგვარი ტრადიცია მელიებზე ნადირობაა, რომელიც დიდ ბრიტანეთში იყო გავრცელებული. თავიდან ეს ჩვეულება მონადირე ძაღლების დაგეშვისთვის გათვლილი რიტუალი იყო, რომელიც შემდგომში გასართობ ტრადიციად იქცა. წარმოიდგინეთ, ადამიანები, ცხენები, მდევრები, მწევრები მისდევენ პატარა, უსუსურ მელიას, რომელმაც შიშისგან არ იცის, სად დაიმალოს. საბედნიეროდ, 2005 წლიდან ეს ტრადიცია აიკრძალა.

საერთოდაც, ამგვარი ტრადიციების შეცვლის კარგი მაგალითია მასაების ტომი. ამ ტომის ახალგაზრდა მამაკაცები ინიციაციის პროცესის გასავლელად 13-15 წლის ასაკში სოფლიდან მიდიოდნენ, რათა (წესის მიხედვით) ხუთი ცხოველი, მათ შორის შეტევაზე გადასული ლომი მოეპოვებინათ! ამ რიტუალების შესრულებისას, ახალგაზრდებს შავი მოსასხამი მოსავდათ და სახეც შესაბამისად ჰქონდათ მოხატული, რაც მათ ინიციაციაგავლილი მამაკაცებისგან განასხვავებდა, რომლებიც მეწამულ მოსასხამს ატარებდნენ.

ბუნებრივია, ამ პროცესს ბევრი ახალგაზრდის სიცოცხლე ეწირებოდა და ამავდროულად, იხოცებოდა მრავალი ცხოველი. ამიტომაც, მასაების ნაწილმა გადაწყვიტა, რომ ეს ტრადიცია ჩაენაცვლებინათ და მოეწყოთ ოლიმპიური თამაშების მსგავსი შეჯიბრება, სადაც, გამარჯვება - ინიციაციის პროცესის წარმატებით დასრულებას ნიშნავდა.

თუ არ ვცდები ამ ტიპის თამაშები ჯერჯერობით მხოლოდ ერთხელ გაიმართა, თუმცა მთავარია, რომ ისინი ძალიან მოტივირებულნი არიან, რათა თავიდან აიცილონ ახალგაზრდების უაზრო დაღუპვა და გაუფრთხილდნენ ეკოსისტემას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^