Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პანკისის ხეობაში არსებული ვითარების აღწერა ერთი სტატიით შეუძლებელია. მიუხედავად მედიის პერმანენტული ყურადღებისა, პრობლემების მთავარი არსი მაინც ჩრდილშია.

"ალლაჰუ აქბარ - ალლაჰი დიდია,

ვმოწმობ, რომ არ არის ღვთაება, გარდა ალლაჰისა,

ვმოწმობ, რომ მუჰამედი შუამავალია ალლაჰისა,

მოდით სალოცავად,

მოდით გადასარჩენად,

ალლაჰი დიდია,

არ არის ღვთაება, გარდა ალლაჰისა".

სოფელი დუისი. პანკისის ხეობა. შუადღის 13:30 საათი. პარასკევის ლოცვა.  მართკუთხა ფორმის მეჩეთს წითელი აგურითა და შავი ქვებით ნაგები მინარეთით შორიდანვე გამოარჩევთ. კოსტიუმში გამოწყობილი, მეტწილად შუახნის და ასაკოვანი მამაკაცები მეჩეთისკენ მიიჩქარიან.

ფეხშიშველი მორწმუნეები ნოხზე იჩოქებენ, პირით მექისკენ, ლოცვის რიტუალი არაბულ ენაზე, მკაცრი წესრიგით მიმდინარეობს, მამაკაცები  მუხლებზე  სინქრონულად ეცემიან. მიუხედავად იმისა, რომ მათ უმეტესობას ლოცვის ენა არ ესმის, სიტყვებს შთაგონებით წარმოთქვამენ. ჩვენს დაკვირვებულ მზერას და ფოტოაპარატის ჩხაკუნს არცერთი არ იმჩნევს - იმამმა საგანგებოდ ჩვენთვის გამონაკლისი დაუშვა და ფოტოგრაფ ქალს ლოცვაზე დასწრების ნება დართო.

მლოცველები საკუთარ თავს ტრადიციული ისლამის მიმდევრებს უწოდებენ. ბოლო წლებში მომძლავრებული ფუნდამენტური ისლამის მიმდევრებისგან ნაკლები დოგმატურობა, განსხვავებული რწმენისა და ტრადიციების მეტი მიმღებლობა გამოარჩევთ. განსხვავებულად უყურებენ პრობლემასაც, რომელმაც ქართული მედიის უდიდესი ნაწილის ყურადღება ახლახან მიიქცია, თუმცა პანკისელები უკვე კარგა ხანია მიეჩვივნენ - ბიჭები და გოგონები IშIშ-თან შეერთებაზე ფიქრობენ, ახალგაზრდების ნაწილი კი თურქეთის გავლით სირიისკენ მიემართება: ბიჭები - საღვთო ომში ჩასართავად, გოგონები - მოჯაჰედებზე საქორწინოდ.

ხეობის სოფლებში რამდენიმე დღის გატარება საკმარისია, რათა იგრძნოთ ჩუმი დაძაბულობა, შიში და უნდობლობა უცხოს ან ერთმანეთის მიმართ. მამაკაცები ჟურნალისტების კითხვებს ან გაურბიან, ან პასუხის გაცემისას ხმას იდაბლებენ, მეტ სითამამეს ქალები იჩენენ...

ხეობა

პანკისის ხეობა ალაზნის ველზეა გაშლილი. დასავლეთით თიანეთის ზეგანი და ხევსურებით დასახლებული ზემო არაგვის ველი, აღმოსავლეთით კი თუშეთის მაღალმთიანი ქვაბული ემიჯნება.

ხეობაში თბილისიდან რამდენიმე გზით მოხვდებით. ერთ-ერთი გომბორის უღელტეხილის გავლით,  კახეთის ადმინისტრაციულ და კულტურულ ცენტრამდე - თელავამდე მიდის. შემდეგ კი ვენახებსა და ხეხილის ბაღებში ჩაფლული სოფლების უწყვეტი ჯაჭვი ახმეტამდე მიგიყვანთ.

ახმეტიდან გზა ჩრდილოეთით, უკვე პირდაპირ პანკისის ხეობამდე მიდის. ხეობის უდიდეს სოფელს, დუისს, ალაზნის გასწვრივ მორიგი ქისტური სოფელები მოჰყვება,  -  ჯოყოლო, ბირკიანი, ჯიბახევი...

ე.წ. ჯებირით და ხიდით მდინარის მეორე ნაპირზე გადასულს უმეტესად ქისტებით დასახლებული სოფლები შემოგხვდებათ - ქვემო,  შუა  და ზემო ხალაწანი, დუმასტური, ომალო...

ერთი შეხედვით, ხეობაში ცხოვრება ჩვეულებრივი, საქართველოს სხვა რეგიონების მსგავსი რიტმით  მიედინება. მოსახლეობის ნაწილი ისევე დაუსაქმებელი, შეჭირვებული და სოციალურად დაუცველია, როგორც სხვაგან. ადგილობრივები, რომლებიც საჯარო სამსახურში, სკოლებსა და ბაღებში არ საქმიანობენ,  ძირითადად მესაქონლეობას მისდევენ, აქვთ პატარა მაღაზიებიც.

უხუცესები

თვითმმართველობის გარდა, ხეობაში უხუცესთა საბჭოც მოქმედებს. საქმე ისაა, რომ ადგილობრივები სასამართლოს ან პოლიციას იშვიათად მიმართავენ. საბჭო სახელისუფლებო სტრუქტურების ერთგვარი ალტერნატივაა.

სათემო ორგანიზაცია - "უხუცესთა კავშირი" მოქალაქეთა ნებაყოფლობითი, არასამთავრობო, არაპოლიტიკური, არამომგებიანი საზოგადოებრივი გაერთიანებაა.

წესდების მიხედვით, უხუცესთა კავშირი მიზნად ისახავს პანკისის ხეობის სოფლებში არსებული პრობლემების გამოვლენას, შესწავლას და გადაწყვეტას; ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან აქტიურ თანამშრომლობას და ხეობისთვის საჭირბოროტო საკითხების გადაწყვეტის საქმეში წინადადებების შემუშავებას, ხეობაში შემავალი სოფლების შიგნით არსებული მეზობლური, საოჯახო დავების გადაწყვეტის ხელშეწყობას, სასამართლოში სოფლის მოსახლეობის ინტერესების დაცვას და ა.შ.

უხუცესთა კავშირის წევრი შეიძლება გახდეს 50 წელს მიღწეული პანკისის ხეობის ქისტურ სოფლებში რეგისტრირებული ან მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, რომელიც იზიარებს ორგანიზაციის ამოცანებსა და მიზნებს.

უხუცესთა კავშირი განუსაზღვრელი ვადითაა შექმნილი, მისი მართვის ორგანოები კი საერთო კრება, გამგეობა და თავმჯდომარეა.

ამ დროისთვის უხუცესთა კავშირს დუისის მკვიდრი - სოლცა ქავთარაშვილი ხელმძღვანელობს. 

აპრილის დასაწყისში კახეთის საინფორმაციო ცენტრმა პანკისის ხეობიდან ორი ახალგაზრდის სირიაში წასვლის შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია. 16 წლის მუსლიმ კუშტანაშვილი და 18 წლის რამზან ბაღაკაშვილი ომალოს საჯარო სკოლაში სწავლობდნენ.

ამ ფაქტთან დაკავშირებით პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია: "პანკისის ხეობის ქისტი მოსახლეობის უხუცესთა სათემო კავშირი გმობს სირიაში არასრულწლოვანი ახალგაზრდების საომრად გაგზავნას. ჩვენი ძალებით არ შეგვიძლია აღვკვეთოთ ეს არანორმალური მოვლენა. გამომდინარე აქედან მიგვაჩნია, რომ უნდა მივმართოთ ძალოვან სტრუქტურებს, ხელისუფლებას, პარლამენტს, გაგვიწიოს დახმარება არასრულწლოვანი სკოლის მოსწავლეებისა და ახალგაზრდების სახლში დასაბრუნებლად და იმ პირების გამოსავლენად, რომლებმაც დააფინანსეს, პროპაგანდა გაუწიეს და დაეხმარნენ, უკანონოდ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაში ხელი შეუწყვეს მათ".

"უხუცესთა კავშირის" თავმჯდომარე სოლცა ქავთარაშვილი აღნიშნავს, რომ პანკისის ხეობის პრობლემებთან მიმართებაში მთავრობა მოდუნებულია და აქ არსებულ ვითარებას სათანადო ყურადღებას არ აქცევს. 

"ხელშეწყობა რომ არა, როგორ მოახერხებდნენ სკოლის მოსწავლეები საზღვარზე გადასვლას?! არ ვიცი რა უწყობს ხელს იმას, რომ ბავშვებს სირიაში წასვლის სურვილი უჩნდებათ, ტყუილს ვერ ვიტყვი. აქ არიან ვიღაც-ვიღაცები და მთავრობამ ყველაფერი  კარგად იცის. ამ საქმეს უშიშროება გამოიძიებს და მტყუან-მართალს დაადგენს, "უხუცესთა კავშირი" ამ პრობლემის წინაშე უძლურია, არ ვიცი რა გავაკეთოთ", - ამბობს სოლცა ქავთარაშვილი.  

სოლცა ქავთარაშვილი ტრადიციული ისლამის მიმდევარია. ფუნდამენტური ისლამის მიმდევრებთან დაკავშირებით კონკრეტული საუბრისგან თავს იკავებს, ზოგადად კი ამბობს, რომ ხეობაში ფუნდამენტალისტები მოსახლეობის 60-70% შეადგენენ და ძირითადად ახალგაზრდები არიან - "ჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს; პანკისის ხეობისთვის ბევრი სასარგებლო რამ გააკეთეს, ქურდობა, ავაზაკობა, ნარკომანობა მოსპეს ხეობაში; საერთოდ, მაჰმადიანური სარწმუნოების მიხედვით, ყურანი ამ ყველაფერს კრძალავს, სწორედ ამას ქადაგებენ", - აღნიშნავს უხუცესთა კავშირის თავმჯდომარე.

მამაკაცთა საბჭოსთან ერთად პანკისში ქალთა საბჭოც მოქმედებს, ის 2011 წლის ივნისში დაარსდა. უხუცეს კაცთაგან იმით განსხვავდება, რომ სასამართლოს ჩატარების, ასევე გვარების მოწვევის უფლება არ აქვს. თუმცა, როდესაც კაცების საბჭო რომელიმე ქალის საქმეს განიხილავს, ქალები აქტიურად ერთვებიან. ქალები მეტ განგაშს ტეხენ მოჯაჰედების ინტენსიურ გადინებაზეც:

"ყველა პანკისელ დედას!

ბოლო პერიოდში ქართული მედია ფართოდ მოიცვა პანკისის ხეობიდან ქისტი ახალგაზრდების სირიასა და ერაყის შეიარაღებულ კონფლიქტში წასვლის თემამ. უხუცეს ქალთა საბჭო დიდი ხნით ადრე ცდილობდა სახელმწიფოსა და მედიის ყურადღების ამ პრობლემაზე მიპყრობას. დღეს ეს საკითხი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია არა მარტო ჩვენი კუთხისათვის, არამედ ყოველი მოქალაქისათვის.

მივმართავთ პანკისის ხეობაში მცხოვრებ ყველა დედას, უფრო იცნობდნენ მათ საურთიერთო გარემოს, ხელი შეუწყონ შვილებს მათი ინტერესების რეალიზაციაში, შეძლებისდაგვარად, მეტი დრო დაუთმონ შვილების პრობლემებს, უფრო მეტად დაუახლოვდნენ მათ, რათა ახალგაზრდებს არ მოუნდეთ საკუთარი ქვეყნისა და სამშობლოს მიტოვება. კავკასიელებისთვის სამშობლო და ოჯახი ყველაზე მტკიცე და ძლიერი ინსტიტუტია და სწორედ ამ სიმტკიცეზე დგას ჩვენი ქვეყანა. ...არ გვინდა, ეს პრობლემა უფრო მასშტაბური გახდეს და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოებას და სტაბილურობას საფრთხე შეექმნას", - ეს უხუცეს ქალთა მოწოდებაა.

უხუცეს ქალთა საბჭოს ერთ-ერთ აქტიური წევრი ეთერ ციხესაშვილია, რომელსაც დუისში პატარა საოჯახო სასტუმრო აქვს. ხუთი შვილის დედა, ათი შვილიშვილის ბებია და ერთი შვილთაშვილის დიდი ბებია საოჯახოსთან ერთად საზოგადოებრივი საქმიანობითაცაა დაკავებული. უხუცეს ქალთა საბჭოს წევრი ხეობელთაგან ერთ-ერთი გამონაკლისია, რომელიც სათქმელს რიდის გარეშე ამბობს.

ფერად-ფერადი ყვავილებით და ხასხასა გაზონებით მორთული ეზო, ხანგრძლივი, მომაბეზრებელი, ტალახიანი წვიმის მიუხედავად, სუფთად და მოვლილად გამოიყურება. შესასვლელიდან მარჯვნივ ჩადგმულ მოგრძო ფორმის სამზარეულოში ჭრელ თავსაფარში, გრძელ შავ კაბასა და თბილ ჩუსტებში გამოწყობილი ეთერი ჩვენთვის სადილს ამზადებს. საკვების შემოთავაზების პარალელურად ხეობის გასაჭირზე, ადგილობრივთა პრობლემებზე და მთავარ სატკივარზე - მებრძოლთა გადინებაზე - ემოციურად საუბრობს.

პანკისის ხეობიდან სირიაში ახალგაზრდების გადინების სტატისტიკის მოთხოვნით "ლიბერალმა" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა:

ოფიციალური თუ/და არაოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს რამდენი მოქალაქე იღებდა/იღებს სირიის სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობას 2011 წლიდან დღემდე? 

რამდენი მოქალაქე გაემგზავრა სირიაში (პირდაპირ ან თურქეთის გავლით) 2011 წლიდან დღემდე? 

ოფიციალური თუ/და არაოფიციალური ინფორმაციით, პანკისის ხეობაში მცხოვრები საქართველოს რამდენი მოქალაქე გაემგზავრა სირიაში და დაბრუნდა უკან 2011 წლიდან დღემდე?

ძალოვანი უწყებიდან პასუხად მიღებულ წერილში აღნიშნულია, რომ "შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში საქართველოს მოქალაქეების სირიაში საზღვრის კვეთის შესახებ მონაცემები არ ფიქსირდება. შესაბამისად შს სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას, მოგაწოდოთ თქვენ მიერ მოთხოვნილი სტატისტიკური მონაცემები"... 

სამოცი-სამოცდაათი - მოკლედ პასუხობს ჩვენს კითხვას სირიაში წასულთა მიახლოებითი რაოდენობის შესახებ ეთერ ციხესაშვილი.

ეთერი, ისევე როგორც ტრადიციული ისლამის სხვა მიმდევრები, ფუნდამენტალისტებთან შესაძლო დაპირისპირების საფრთხეს აშკარად გრძნობს, განსხვავებით ახმეტის რაიონის გამგებლის მოადგილისგან, - ახმეტის მუნიციპალიტეტის ხელისუფლებაში ხეობას თამაზ ქავთარაშვილი წარმოადგენს.

გამგებლის მოადგილე ფიქრობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს აკეთებს და შიდა დაპირისპირების საფრთხესაც სერიოზულად არ მიიჩნევს.

ჩვენ მას ვუყვებით სპეციალური რელიგიური სასწავლებლების, ე.წ. ჰუჟურების შესახებ, სადაც, ადგილობრივთა თქმით, არაბულ ენასა და ყურანს ბავშვებს ინტენსიურად ასწავლიან, ჰუჟურები კარგად დაფინანსებული დაწესებულებებია, სადაც არაბული ენის შესწავლისთვის ბავშვები ფინანსურ წახალისებასაც იღებენ. თავდაპირველად თამაზ ქავთარაშვილი პარალელს სხვადასხვა ენების შესწავლასთან ავლებს. "ინგლისურს რომ სწავლობენ ბავშვები, განა ეს ცუდია? - კითხვას სვამს ის. თუმცა მას შემდეგ, რაც დაფინანსების წყაროებზე ვკონკრეტდებით, გვეუბნება, რომ არც ჰუჟურების და არ მათი დაფინანსების შესახებ არაფერი იცის, და რომ ამ საკითხს შესაბამისი ორგანოები უნდა იძიებდნენ.

გამგებლის მოადგილისგან განსხვავებით ჰუჟურების შესახებ ყველა პანკისელი ლაპარაკობს, ბავშვები სკოლებსაც კი აცდენენ, რათა ყურანი და არაბული ენა ფუნდამენტური ისლამის ქადაგებების ფონზე შეისწავლონ.

ხეობაში მოსალოდნელი დაპირისპირების საფრთხის შესახებ საუბარს ყველა გაურბის - დუისელი იმამი სახლში არ არის, დასთანაა. დასთან სტუმრობის შემდეგ ირკვევა, რომ გული აწუხებს. ჯოყოლოს გამგებელი, წვიმიან, ბნელ ღამეში სანადიროდაა წასული. იმ სკოლის დირექტორი, რომლიდანაც სირიაში არასრულწლოვნები გაიპარნენ, მეზობელ სოფელში რძლის ოჯახშია გადასული - მისი რძალიც მოულოდნელად გახდა ავად...

რადიკალური ისლამის მიმდევრებს "ვაჰაბიტების" სახელითაც იცნობენ, თუმცა თავად ეს არ მოსწონთ და საკუთარ თავს ფუნდამენტალისტებს უწოდებენ. ისინი უკვე ხეობის მცხოვრებთა უმეტესობას შეადგენენ და ძირითადად ახალგაზრდები არიან. ზოგი ამბობს, რომ ისინი უხუცესთა საბჭოს არ აღიარებენ. ჯოყოლოს მეჩეთის იმამი კი აღნიშნავს, რომ უხუცესებს დიდ პატივს სცემენ. ფუდნამენტალისტებს თავიანთი შარიათის სასამართლო აქვთ. ისეც ხდება, რომ როდესაც მომჩივანს უხუცესთა განაჩენი არ მოსწონს, ფუნდამენტალისტთა სასამართლოს მიმართავს.

ფუნდამენტური ისლამის მიმდევრებს ცხოვრების მკაცრი წესით გამოარჩევთ - ტრადიციული დღესასწაულები, ზეიმები, ღონისძიებები, გართობა მათთვის მიუღებელია.

ეს ყველაზე მეტად თვალსაჩინოა სკოლებში. ბავშვები, რომლებიც რამდენიმე წლის წინ ყველა სასკოლო ღონისძიებაში, ოლიმპიადასა თუ შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ, ახლა ერთადერთი სურვილით ცხოვრობენ - გაიარონ გზა სამოთხეში მოსახვედრად, რასაც მათი წარმოდგენით, ყველანაირი ამქვეყნიური მისწრაფება უშლის ხელს.

ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების თქმით, განათლების სამინისტროს, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს, დეპუტატს მრავალი წერილით მიმართავენ, თუმცა ტრადიციული ბიუროკრატია საკუთარ პრინციპებს არც ასეთ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით ღალატობს.

ჯოყოლოს მეჩეთის იმამი

წვიმიანი ამინდის გამო, ატალახებულ ეზოში ბალახი ჩვეულებრივზე მწვანე ჩანს. დაბალი ღობით შემოსაზღვრული ნაკვეთი ერთი შეხედვით სკვერს უფრო ჰგავს, თუმცა იქვე მდებარე მარკეტის შუახნის გამყიდველისგან დანამდვილებით ვიგებთ, რომ სოფელ ჯოყოლოს მეჩეთი სწორედ აქ არის.

ერთსართულიანი შენობის შესასვლელთან პატარა ზომის ფეხსაცმელები უწესრიგოდ აწყვია. კარიდან იმამი გამოდის. ფანჯრებს უკან კი ფარდები ირხევა და ბავშვების სუნთქვით დაორთქლილი მინებიდან პატარა ჯოყოლოელები ყურანის სწავლების შეწყვეტის მიზეზის გარკვევას ცდილობენ.  

გიორგი გუმაშვილი 38 წლისაა, მოზრდილ შავ წვერში შიგადაშიგ ჭაღარა ურევია და სპორტული სამოსის შესაბამისი ტრანსპორტითაც გადაადგილდება - მეჩეთთან მისი შავი ველოსიპედი დგას. პანკისში საცხოვრებლად გროზნოდან, ჩეჩნეთის მეორე ომის შემდეგ გადმოვიდა. სამსახურს ხშირად იცვლიდა, ხან აქ მუშაობდა, ხან იქ. დღეს ჯოყოლოში, როგორც თავად ამბობს, სოფლურად ცხოვრობს.

იმამი გასულ წელს გახდა, განათლება არაბეთში არ მიუღია, არც არაბული იცის. ამბობს, რომ ფუნდამენტალისტებს მიაკუთვნებენ - "იმიტომ, რომ ჩვენ  მივდევთ ყურანს და ღმერთის მოციქულს. ეს ყველასთვის სწორი გზაა, ვისაც სამოთხე უნდა". ახლა ბავშვებს ლოცვას ასწავლის. გვიხსნის, რომ ყურანის სწავლება ღმერთისთვის დიდი მადლია და ვინც ღმერთის წიგნს სწავლობს, იმქვეყნიურ ცხოვრებაში ბევრს მოიგებს - "აქაც და ყველგანაც პატივისცემას, ურთიერთგაგებას, სიყვარულსა და სიკეთეს ვასწავლით. არ ვქურდობთ, არ ვლოთობთ, არ ვეწევით. სულის სიჯანსაღისთვის ვცხოვრობთ".

პარასკევობით ჯუმა ნამაზზე მეჩეთში ორმოცდაათ კაცამდე გროვდება. სარწმუნოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე აზრს არაბეთში განათლებამიღებულ ადგილობრივებს ეკითხებიან. იმამი ხეობაში გავრცელებულ ცნობას გვიდასტურებს, რომ არაბული ენის კარგად შესწავლის შემთხვევაში ბავშვებსა და მოზარდებს ახალისებენ, ზოგს ფული აქვს და ღმერთისთვის შემოწირულობას იღებენო.

იმამი მიიჩნევს, რომ ადამიანმა უნდა ისწავლოს, განვითარდეს და კარგი იქნება, თუკი ხეობას ამ მიმართულებით, თუნდაც რამდენიმე პროფესიული სასწავლებლის გახსნით, სახელმწიფო დაეხმარება, რადგან ადგილობრივებს უჭირთ და მოსახლეობის ნაწილი სამუშაოდ თურქეთში, გროზნოში ან უკრაინაში მიდის. მას არც სირიაში წასვლა მიაჩნია პრობლემად, თუმცა ამტკიცებს, რომ პანკისის ხეობიდან სირიაში ადამიანები ფულის გამო კი არა, რწმენის დასაცავად საბრძოლველად მიდიან - "ჩვენ ფულზე არ ვიყიდებით, რწმენას ფულის გამო არ ვყიდით და არ გამიგია, აქედან ვინმე ღმერთის გზაზე ფულის გამო წასულიყო. ჭორებს აგორებენ, თითქოს სირიაში აქედან აგზავნიან ხალხს. სოფელში მსგავსი არაფერი ხდება, ვისაც წასვლა უნდა თავისით იკვლევს გზას - ინტერნეტი, ტელეფონი ხომ არსებობს? ამას გარდა, ზოგი თურქეთში მიდის სამუშაოდ და იქ მეგობარი შეხვდება, მოკლედ ბევრი გზაა. ვერ გავიგე, რა ყელზე დაადგა ამ ხალხს ჯოყოლო?"

საუბრისას გიორგი გუმაშვილი მოულოდნელად იძაბება და აგრძელებს - "ის, რაც სირიაში ხდება საღვთო ომია და არა ტერორიზმი, ISIS რჯულისთვის იბრძვის. რაც ტელევიზიის მიერ გავრცელებულ მძიმე კადრებზეა ასახული, საღვთო ომის ნაწილია. ამერიკელებისთვისაც და ევროპელებისთვისაც ჩვენ ყოველთვის ტერორისტებად ვრჩებით. რასაც თვითონ აკეთებენ, ეგ არ არის ტერორი? საშინელებები მინახავს საკუთარი თვალით. როგორ იქცევიან ან ეგენი, ან რუსები რეებს აკეთებენ?! რა მაგათი საქმეა, ჩემს ოჯახში მოვიდნენ და მასწავლონ, როგორ უნდა ვიცხოვრო. ჩვენ მივდივართ ვინმესთან? დღეს თუ დემოკრატიაა, მე სხვების ცხოვრებას უნდა დავანებო თავი, სხვებმა კი - ჩემსას. თარხან ბათირაშვილს რაც შეეხება, მას ვიცნობ, მაგრამ ახლო ურთიერთობა არ მქონია, თუმცა კი ვიტყვი - ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს".

სოფელ ჯოყოლოს მეჩეთის იმამი წუხს, რომ მათ ტერორისტებად და წარსულში ჩარჩენილებად მოიხსენებენ. ასევე, კატეგორიულად უარყოფს, თითქოს მეჩეთში კაცის კვლას ქადაგებდნენ - "საქართველოს მიწა-წყალზე ვცხოვრობთ და აქაურ კანონებს ვიცავთ.  მხარში ვუდგავართ საქართველოს გაჭირვებაშიც და ლხინშიც. ნუ გგონიათ, ჩვენგან რაიმე საფრთხე მოდიოდეს. ისლამი საფრთხეს არ ქადაგებს, თუმცა არის წესები, რომ ჩვენი სინდისი და ნამუსი უნდა დავიცვათ", - ამბობს გიორგი გუმაშვილი.

საფრთხე  სახელმწიფოსთვის

ე.წ. "ისლამური სახელმწიფო", რომელიც ვრცელი ხალიფატის შექმნის (აღდგენის) ლოზუნგით სირიისა და ერაყის ტერიტორიებზე იბრძვის, ხოლო გლობალური მასშტაბით ტერორისტულ აქტებს ახორციელებს, უკვე შერაცხულია 21-ე საუკუნის უმთავრეს ცივილიზაციურ გამოწვევად. ამ ორგანიზაციის მეომრები გაუგონარი სისასტიკით გამოირჩევიან ისლამის სხვა მიმდინარეობების, ქრისტიანების, იეზიდების, ქურთების, იუდეველების, ანუ - ყველას მიმართ, ვინც კი მათ გზაზე შეხვდებათ.

"მკვლელებად და სადისტებად აქცევენ არა მხოლოდ ახალგაზრდებსა და მოზარდებს, არამედ ბავშვებსაც - თვითონ ავრცელებენ ვიდეოკადრებს, სადაც ათი წლის ბავშვი ცეცხლსასროლი იარაღით ადამიანს კლავს. იდეოლოგია, რომელსაც ისლამური სახელმწიფო ეფუძნება, ელემენტარული, პრიმიტიული კაცთმოძულეობაა", - გვეუბნება ივლიანე ხაინდრავა, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე.

ხაინდრავა წუხს, რომ  "იდეოლოგიის" გამავრცელებლებმა საქართველოშიც მოიკიდეს ფეხი. ისინი სირიასა და ერაყში საბრძოლველად საქართველოს ახალგაზრდა მოქალაქეების რეკრუტირებას ეწევიან. "პანკისის ხეობა ამ თვალსაზრისით განსაკუთრებულ კერას წარმოადგენს, რადგან გადაღმა - ჩრდილო კავკასიაა, სადაც ისლამურმა ფუნდამენტალიზმმა ღრმა ფესვები გაიდგა. ახლა იქ იკვეთება ტენდენცია შედარებით ლოკალური ფუნდამენტალისტური პროექტის - ე.წ. კავკასიის ემირატის - ისლამური სახელმწიფოს ტრანსრეგიონალურ პროექტში ინტეგრაციისა. ეს კი თანხვედრაში მოდის იმ პროცესთან, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა არეალში მოქმედ ისეთ ტერორისტული ორგანიზაციებს, როგორებიცაა "ალ-ქაიდა", "ბოკო ხარამი" და სხვა მრავალი, ისლამური სახელმწიფოს შავი დროშის ქვეშ აერთიანებს. ისინი ერთიანდებიან, რათა ებრძოლონ დანარჩენ მსოფლიოს და საქართველო აქ გამონაკლისს არ წარმოადგენს".

საფრთხეები, რომლებიც აქტუალურად არის მიჩნეული, მაგალითად, კანადაში (რომელიც მონაწილეობს ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციაში), მით უფრო აქტუალურია საქართველოსთვის, რომელიც ახლო აღმოსავლეთთან ახლოს მდებარეობს და ჩრდილო კავკასიას ემეზობლება.

უშიშროების საბჭოს მდივნისთვის განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ ისლამური სახელმწიფოს რიგებში საქართველოს მოქალაქეების რეკრუტირება და ბრძოლა გრძელდება.

"ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია ორი კითხვა, რომელიც თავის პასუხებს ელის:

შევძლებთ თუ არა ახალგაზრდების ისლამურ სახელმწიფოში გადინების შეჩერებას და შევძლებთ თუ არა, ზოგადად, აგრესიული რელიგიური მიმდინარეობების გავრცელების აღკვეთას საქართველოში? და რა უნდა დავუპირისპიროთ "იქიდან"  ახალი რეკრუტების მოსაპოვებლად, "დასასვენებლად" თუ სხვა მისიით დაბრუნებულ ჯიჰადისტებს?" - ხაინდავას აზრით, ამ კითხვებზე პასუხები მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს საფრთხის მასშტაბს.

"ISIS-ის შემადგენლობაში მყოფი ადამიანების საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში საქმე კარგად გაწვრთნილ ფანატიკოსთა ჯგუფთან გვექნება. ეს შეიძლება სერიოზულ პრობლემად იქცეს ჩვენი სამოქალაქო თავისუფლებისთვისაც. მდგომარეობას, ერთი მხრივ, სახელმწიფო ინსტიტუტების დღევანდელი სისუსტე, მეორე მხრივ კი, მუსლიმთა შევიწროების,  მათი უფლებების შელახვის გახშირებული შემთხვევები ართულებს. ასევე, არსებობს ამ ჯგუფების სხვა ადგილობრივ რელიგიურ თემებთან კონფლიქტის, ძალადობის ესკალაციის საფრთხე", - ამბობს გიგა ბოკერია, "ნაციონალური მოძრაობის" საგარეო საქმეთა ურთიერთობების მდივანი. ბოკერია, ხელისუფლებაში ყოფნის დროს  უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობდა.

ბოკერიას თქმით, ISIS სამხედრო საფრთხეა არა მარტო ასადის სასტიკი და სისხლიანი რეჟიმისთვის, არამედ საქართველოს მოკავშირე ერაყისთვისაც. "ისლამური სახელმწიფოს დეკლარირებული სამიზნეა ჩვენი მეზობელი და მოკავშირე თურქეთიც, ანუ სამხედრო დაპირისპირება საქართველოს საზღვრებიდან" არცთუ ისე შორს არის. 

უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი მიიჩნევს, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ამ სტრუქტურების არსებობა რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის "ლეგიტიმაციის" საფუძველი შეიძლება გახდეს. "ამ სტრუტურების და ჯგუფების მომძლავრება საქართველოში დაასუსტებს ან საერთოდ, სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს დასავლეთისგან საქართველოს პოლიტიკურ მხარდაჭერას".

მებრძოლების დაბრუნების საფრთხეზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით თევზაძეც საუბრობს. მისი აზრით, პანკისიდან ჯგუფების გასვლა ნაკლებად რთული პრობლემაა, რომლის მოხსნაც გააზრებული სახელმწიფო პოლიტიკის არსებობასა და პრობლემის მოხსნის პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული". სამწუხაროდ, არცერთის ნიშანი არ ჩანს. გაცილებით რთული იქნება ვითარება, როდესაც ეს ადამიანები დაბრუნებას დაიწყებენ. ის სოციალ-ეკონომიკური სივრცე, რომელიც აქ ხვდებათ, პრობლემის მოხსნის პოლიტიკური ნების უქონლობის ფონზე, ბევრად უფრო რთულ სიტუაციას შექმნის, ვიდრე ეს ორიათასიანებში იყო. მით უმეტეს, რომ ყველა იმ ინსტიტუტმა, რომელიც, ამ ვითარებაში, სიტუაციის დარეგულირების რეალურ ინსტრუმენტს წარმოადგენს, ბოლო ათი-თერთმეტი წლის მანძილზე ერთგვარი დეგრადაცია განიცადა. ეს ეხება ყველას, უშიშროების საბჭოს ჩათვლით", - ამბობს თევზაძე.

P.S. "2-3 ადამიანის გამო სკანდალს ნუ შევქმნით, ჩვენი სპეცსამსახურები ყველაფერს აკონტროლებენ…" - ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

"ვაღიარებ, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა, რომელიც ამ ბავშვს ამოწმებდა, ასე ვთქვათ, შეცდომა დაუშვა. გენინსპექცია მოიკვლევს. რამდენადაც მე ვიცი მოკვლევა  უკვე დასრულებულია და პოლიციელი მიიღებს ადმინისტრაციულ სასჯელს ჩვენი, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა დებულებით. ეს რა თქმა უნდა, არ ამართლებს მის საქციელს…" -  ვახტანგ გომელაური საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

P.P.S. 1 მაისს "კახეთის საინფორმაციო ცენტრმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც პანკისის ხეობიდან სირიაში კიდევ ერთი არასრულწლოვანი, ამჯერად სკოლის მოსწავლე გოგონა გაგზავნეს - "გადამოწმებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი გოგონა პანკისელ ახალგაზრდას მიათხოვეს, რომელიც წელიწადზე მეტია სირიაში, ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" მხარეს იბრძვის. შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ გოგონამ საქართველოს საზღვარი 2015 წლის 28 აპრილს კანონიერად, მშობლების თანხმობით გადაკვეთა".    

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 ივლისი
20 ივლისი

ზურიკელები, ლიმონები და მოთეთრო ბაირაღებ ...

ნოდარ დუმბაძის სახელობის მეორე საერთაშორისო  თეატრალური ფესტივალი - პერიფერიული მღელვარებანი და სამომავლო  პერ ...
19 ივლისი
19 ივლისი

ტყვია ბავშვების სისხლში - რას შეისწავლის ...

როგორია საქარრთველოში სისხლში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებული ვითარება ბავშვებში - ამ კითხვას გაერო-ის ბავშვთა ფონდი ...
18 ივლისი
18 ივლისი

რეპორტაჟი საბირქენდიდან - “ახალგაზრდები ...

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდში, სადაც ძირითადად ეთნიკური აზერბაიჯანელები ცხოვრობენ, რამდენიმე ჩაიხანაა. არც ...

მეტი

^