Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კამოს ბოლო გასეირნება

10 ივნისი 2015

„ჩემი არქივის გადათვალიერებისას წავაწყდი 1922 წლის მიმოწერას ამხანაგი კამოს ტრაგიკული სიკვდილის გარემოებების შესახებ. ვფიქრობ, ეს ინფორმაცია საკმაოდ საინტერესო შეიძლება იყოს, ამიტომ გიგზავნით მას, რათა შესაბამისმა ადგილობრივმა ორგანიზაციებმა გამოიყენონ“.

1941 წლის 8 ივნისს, ვსევოლოდ მერკულოვმა „სრულიად საიდუმლოს“ ლიტერით გამზადებულ კორესპონდენციას კიდევ ერთხელ გადაავლო თვალი და მცირე ყოყმანის შემდეგ ამხანაგ რაფავასადმი განკუთვნილ წერილს საკუთარი ხელით დაუმატა -„თუკი ეს საერთოდ საჭირო იქნება“.

საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილის ზურგს უკან ხუმრობდნენ ხოლმე - „ბერიას თავი მერკულოვის მხრებზე დგასო“. ჩრდილში მომუშავე, საიმედო მეწყვილეს ყნოსვა არ ღალატობდა - თბილისიდან მათი გადმოსვლის შემდეგ ბევრი არაფერი შეცვლილიყო. იმის მიუხედავად, რომ უკვე ყველას მივიწყებული ჰქონდა, როგორ მიაფარეს თვალს პუშკინის სკვერიდან კამოს ძეგლი და რევოლუციის რაინდის სახელი მხოლოდ დიდი მთავრის ყოფილ ქუჩას და პიკანტურ ზეპირსიტყვიერებას შერჩენოდა, შეთქმულების თეორიებით დახუნძლული ვერსიების საფუძვლად ქცეული - ელბაქიძის დაღმართზე მომხდარი ავტოკატასტროფის დეტალების თუნდაც მცირე დოზით გაჟონვა მართლაც არავის სჭირდებოდა.

თანამედროვე თბილისში კამოს სახელი ბოლოს ტრადიციული ოხუნჯობის სტილში ყოფილი ელბაქიძის დაღმართის თავზე, ყოფილი რეპუბლიკის მოედანზე, ველოსიპედის უკვე განთქმული სკულპტურის გამოჩენისას ამოტივტივდა. უნებლიე დამთხვევის გამო, ავტომობილებით გადატენილი თბილისის ქუჩების ფონზე „ძველებს“ ენთუზიასტი ველოსიპედისტი კამო გაახსენდათ, ქალაქური ფოლკის რწმუნებით, ცარიელ ქუჩაში მიმავალი თბილისში მოძრავმა ერთადერთმა საბარგო მანქანამ რომ გაიტანა.

დროთა განმავლობაში ისტორიული პერსონაჟები „იფიტებიან“ და ხშირად მათზე ცოდნა კომიკურ ელფერს იღებს. დღეს მოქალაქეების უმრავლესობას კამოს სახელი ან არაფერს ეუბნება, ან მას სტალინის ძმად და მეგობრად იცნობენ, რომელიც უკვე კარიერის სიმაღლეებზე ასულ სოსოს, სიმთვრალისას ამხანაგ კობასთან ერთად გადატანილი თავგადასავლების შესახებ გულახდილი ლაყბობით პრობლემებს უქმნიდა და უბედური შემთხვევის ინსცენირებით გულგრილად მოაშორებინა ხელქვეითებს.

1922 წელს საქართველოს სსრ საგანგებო კომისიის ეკონომიკური განყოფილების რწმუნებულის, ვსევოლოდ მერკულოვის მიერ რატომღაც შინ გადანახული სამსახურებრივი დოკუმენტები - ძიების მასალები კამოს დაღუპვის შესახებ - საბოლოოდ მარქსიზმ-ლენინიზმის საკავშირო ინსტიტუტის თბილისის ფილიალის არქივს ჩაჰბარდა. მხოლოდ დღეს თუ შევძლებთ ცალი თვალით მაინც ჩავიხედოთ რიგითი მოქალაქეებისაგან დაფარულ დეტალებში, ვცადოთ გავერკვეთ, რისი მსხვერპლი გახდა ამხანაგი კამო, კაცი რომელიც, როგორც დაღუპვის შემდეგ თანამებრძოლები გულისტკივილით შენიშნავდნენ, ზღვას გადაურჩა და წვეთმა დაახრჩო.

14 ივლისი კამომ მთელი დღე ველოგადარბენაში გაატარა - დილით რუსთაველის პროსპექტზე ამაღლებულ-საზეიმო ვითარებაში შეავსო საქართველოს კომპარტიის ტფილისის კომიტეტის საწევრო ანკეტა, საიდანაც ორჯონიკიძის ქუჩაზე, რკინიგზის სამმართველოს ამიერკავკასიის საბაჟო ოლქში დაბრუნდა და კვლავ საყვედურებით აავსო თანამშრომლები აპარატის ძველი ბიუროკრატებით გავსებისა და უინიციატივობის გამო.

საღამოსკენ კამო კვლავ ცენტრში - ტროცკის ქუჩაზე საქართველოს ჩეკაში გაეშურა - სიძის, ჩეკას მრისხანე თავმჯდომარის, კოტე ცინცაძის სანახავად. სამსახურის სპეციფიკის და სამოქალაქო ომისდროინდელი მდიდარი გამოცდილების გამო, კამო საქართველოს ჩეკაშიც შინაური კაცი იყო. ლეგენდარულ კონსპირატორს, ტერორისტსა და დივერსანტს ახლა უკუამოცანა ჰქონდა გადასაჭრელი - ამიერკავკასიაში სამხრეთიდან და ზღვიდან დიდ ნაკადად მომდინარე კონტრაბანდის ქსელები უნდა გაენეიტრალებინა, რაც „რევოლუციის ფხიზელ თვალთან“, ჩეკას აპარატთან ერთად უნდა დაეგეგმა.

საღამოს 11 საათამდე კამო ფრონტელ მეგობართან, ცნობილ ჩეკისტ - გიორგი ათარბეგოვთან ერთად უკვე მის სახლში, ტროცკის (დღევანდელი ინგოროყვას) ქუჩა #3-ში ათანხმებდა გეგმებს. აქედან კი დამღლელი დღის ბოლოს შინ - მამიდის ოჯახში უნდა დაბრუნებულიყო დიდი მთავრის (უზნაძის) ქუჩაზე.

ბარეულში დაბადებული კოლა (ნიკოლოზ) დავითის ძე დვალი კარგი, გამოცდილი შოფერი იყო - პროფესიული კურსები 1920 წელს დაასრულა კავკასიის ოლქის გზათა სამმართველოში, თუმცა სტაჟი უფრო ძველი ჰქონდა - პირველად 1914 წელს, თურქეთის ფრონტზე მიუჯდა მანქანის საჭეს. საქართველოს ოკუპაცია-გასაბჭოების შემდეგ საჭირო სპეცი უკვე მოსკოვში აღმოჩნდა და იქაც „მოსტრანსში“ მუშაობისას აიმაღლა კვალიფიკაცია. თბილისში დაბრუნებული კი იმ დროისათვის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი და პრესტიჟული „ლოკომობილით“ დაატარებდა თბილისის აღმასკომისა და საბჭოს უფროსობას - ლადო დუმბაძესა და ვასიკო წივწივაძეს.

14 ივლისს რაღაც ბედად სახკომსაბჭოს გარაჟში თავისუფალი მანქანა არ აღმოჩნდა და კოლა იძულებული გახდა გვიან ღამემდე ევლო აღმა-დაღმა თბილისის ქუჩებში. თორმეტის ნახევარზე ყოფილი მეფისნაცვლის სასახლის ეზოში განთავსებული გარაჟი იკეტებოდა. დვალმა გადაწყვიტა გზად პლეხანოვის პროსპექტზე ვეტცელის სასტუმროსთან მეგობარ მძღოლ-ავტომექანიკოსთან გაევლო. მანქანა ბოლოს წლინახევრის წინ შეერემონტებინათ და უკვე ხელახალი შემოწმების დრო მოდიოდა.

ფოტო: საქართველოს ეროვნული არქივი

მექანიკოსთან მცირე საუბრის შემდეგ, 12-ის ნახევრისათვის, დვალმა ვერის ხიდი უკან მოიტოვა, ვერის დაღმართის ბოლოს, ცირკთან შეჯგუფულ უსაქმურებს როგორც კი გასცდა, მკვეთრ მოსახვევში მესამე სიჩქარე ჩართო და სიგნალი მისცა - რამდენიმე წამში „ლოკომობილის“ მძლავრი ფარების შუქი დიდი სიჩქარით მომავალი, უფარნო ველოსიპედისტის ფიგურას მიებჯინა, რომელიც აშკარად დაიბნა და საჭე აერია. დვალმა მკვეთრად მოუხვია მარჯვნივ, ტროტუარისკენ და მუხრუჭს დააწვა, თუმცა გვიანი იყო. ველოსიპედისტმაც ინსტინქტურად საჭე მარცხნივ აიღო, მანქანის მარცხენა ფრთამ ველოსიპედის წინა ბორბალი ჩაითრია და მისი მძღოლი ქვაფენილზე, ტრამვაის რელსებში მოისროლა.

დვალის ყვირილზე ცირკთან მდგომებმა, ქუჩის ზემო ნაწილში მომავალმა გამვლელებმა და მორიგე მილიციონერმა მოირბინეს, გასისხლიანებული უცნობი მანქანაში ჩააწვინეს და სამიოდე წუთში მიხეილის სავადმყოფოში მიქანდნენ. თუმცა გვიან ღამეს, მორიგე ექიმი სადღაც გამძვრალიყო. მძიმედ დაშავებული და უგონოდ მყოფი დაზარალებულის ჭრილობების დამუშავება ფელდშერმა დაიწყო.

კოლა მხოლოდ მაშინ მიხვდა, რამხელა შარში გაება, როდესაც მილიციონერმა უკვე მომაკვდავი უცნობის პირადი ნივთების გასინჯვა დაიწყო - #205156 ნომერ პარტბილეთში არაფრისმთქმელი სახელის - სიმონ ივანეს ძე პეტროვის გასწვრივ ყველასთვის ცნობილი სახელი - `კამო~ - იყო მიწერილი. სასწრაფო სატელეფონო ზარის შემდეგ საავადმყოფოში კოტე ცინცაძე მივიდა, ენერგიული განკარგულებები გასცა და დეტალების გამორკვევას შეუდგა. დვალი ადგილზე სიტყვიერად დაკითხეს, შემდეგ მილიციის უახლოეს განყოფილებაში ოქმი შეუდგინეს და მისდა გასაკვირად გაუშვეს მორიგ დაკითხვებზე ჩეკაში გამოცხადების პირობით.

კამოს ცხედარი მუშათა სასახლეში გადაასვენეს. 18 ივლისს საღამოს მისი ნეშტი პუშკინის სკვერში, შადრევნის სიახლოვეს გაჭრილ სამარხში ჩაუშვეს. საფლავი ყოფილ „ერევანსკის მოედანთან“ 1907 წელს მისი მეთაურობით სახელოვანი „ექსის“ მოსაგონებლად შეარჩიეს. დაკრძალვას ერთი უცნაურობაც გამოარჩევდა - ქალაქის ბოლშევიკმა მამებმა მასებს მოუწოდეს, ყვავილებისა და გვირგვინებისთვის გამიზნული ფული კამოს სახელობის ბავშვთა სახლისათვის გადაედოთ.

როგორც ახლობლები იხსენებდნენ, განსვენებული ზოგჯერ ოხუნჯობდა ხოლმე - ნეტავ მოვკვდე და მერე გავცოცხლდე, რომ ვნახო, მართლა ისე ვუყვარვარ თუ არა მეგობრებს, როგორც მე ისინიო. 19 ივლისის „კომუნისტის" ფურცლებზე დაბეჭდილ დაკრძალვის რეპორტაჟში ჩასმული მთავარი ბოლშევიკების დაღრეჯილი სახეები ნამდვილად დაარწმუნებდა მკითხველს, რომ საქართველოს და ამიერკავკასიის კომპარტიის ლიდერები ღრმად იყვნენ შეძრული უძველესი მებრძოლი ამხანაგის ასე უბრალო დაღუპვით.

„კომუნისტს“ თავისი წილი ნეკროლოგი კოლა დვალმაც გაუგზავნა, სადაც ირწმუნებოდა რომ თავის მართლებას არ აპირებდა და ბოდიშსაც იხდიდა მისთვის უცნობი გმირი რევოლუციონერის უნებური მკვლელობის გამო. ტრაგიკული ფაქტის შემთხვევითობასა და მძღოლის უბრალოებაში, რომელსაც თვალით არასოდეს ენახა ამხანაგი კამო და არანაირი პირადი ანგარიშები არ შეიძლებოდა ჰქონოდა, მკითხველს ისიც არწმუნებდა, რომ კამოს ძველი ამხანაგები, ერთი მხრივ, მისი პერსონის ლეგენდარულობის ხაზგასასმელად და, მეორე მხრივ, ოდნავ უხერხული სიტუაციის ასახსნელად გამოსათხოვარ სიტყვებში ხმამაღლა აცხადებდნენ, რომ კამოს ნამდვილი სახელი და გვარი მხოლოდ საგაზეთო ნეკროლოგებით შეიტყვეს.

პირადად კამოს სიძის - ამხანაგ კოტესა და საგანგებო კომისიისათვის სენტიმენტები საკმარისი არ იყო. მერკულოვმა დვალი საფუძვლიანად დაკრძალვის დღეს, 18 ივლისს, დაკითხა, თუმცა ტრაგედიის მიზეზი მაინც ბანალური ჩანდა - ვერის დაღმართის ბოლო მონაკვეთში, გზის მარჯვენა მხარეს (მტკვრის სანაპიროსკენ) ქვაფენილი დაზიანებული იყო, რის გამოც კამო დაღმართში საპირისპირო ზოლზე ეშვებოდა, სადაც დვალი თავის ხაზზე მოძრაობდა. „ლოკომობილის“ მძლავრი ძრავა სხვა მარკის მანქანებისაგან განსხვავებით ხმაურით არ გამოირჩეოდა, თუმცა ძლიერი საყვირი და წინა ფარების მძლავრი შუქი ჰქონდა. ამ უკანასკნელმა მკვეთრ მოსახვევში მის საპირისპიროდ მოძრავი ისედაც ცალთვალა კამო (ცალი თვალი მას 1907 წელს, თბილისში ბომბის დამზადებისას დაუზიანდა) დააბნია და მან შეჯახების აცილება ვერ შეძლო. დამატებითი ფაქტორებიც გამორიცხული იყო. ორთავე მძღოლი აბსოლუტურად ფხიზელი იყო - დვალი ვერ მოახერხებდა სიმთვრალის დაფარვას, ხოლო კამო კი ვეგეტარიანელი გახლდათ და ალკოჰოლსაც ბავშვობიდან არ ეკარებოდა.

მერკულოვმა დასკვნა 22 ივლისის საღამოს დაასრულა - კამოს პირადი დოკუმენტებისა და საქმეში არსებული მიმოწერის მამია ორახელაშვილისთვის (რომელიც პარტისტორიის განვითარებას უძღვებოდა) გადაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო მილიციის განყოფილებიდან კამოს დაჭეჭყილი ველოსიპედი რევოლუციის ახლადდაარსებულ მუზეუმს გადაულოცა. თუმცა იმ ღამეს საქართველოს ჩეკას მშვიდი ძილი არ ეღირსა - თბილისი მორიგმა სკანდალმა, უკვე აშკარა პოლიტიკურმა მკვლელობამ აალაპარაკა.

კამოს ტრაგიკული აღსასრულის სცენის მოქმედი გმირების ბედი საბჭოთა რეჟიმისთვის ჩვეული ლოგიკით განვითარდა. დვალის უფროსობა - ლადო დუმბაძე და ვასილ წივწივაძე, ასევე კამოს სიძე, კოტე ცინცაძე 1926 წლიდან სტალინის „აპარატჩიკულ“ რეჟიმს დაუპირისპირდნენ და ტროცკის ბანაკში გადავიდნენ, რის გამოც საკუთარი პირმშოს - რეპრესიული აპარატის სიმძიმე საკუთარ ზურგზე გამოსცადეს. ლადო დუმბაძე ბანაკში, კოტე ცინცაძე კი გადასახლებაში გარდაიცვალნენ 1930-იანი წლების დასაწყისში. წივწივაძემ „მოინანია“ და დააბრუნეს, თუმცა 1937 წელს უბოდიშოდ ჩაავლეს ხელი და როგორც „გამოუსწორებელი ტროცკისტი" თბილისში დახვრიტეს.

ნიკოლოზ დვალს, 1937 წლის 14 ნოემბერს, თბილისში „ტროიკამ“ დახვრეტის განაჩენი გამოუტანა. ბრალდება სტანდარტული და არაფრისმთქმელი, „კონტრრევოლუციური ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა“ იყო; ოქმს ხელს სამეულის თავმჯდომარე - ავქსენტი რაფავაც აწერდა. ძნელი სათქმელია ან მაშინ, ან 1941 წელს, მერკულოვის გადმოგზავნილი დოკუმენტების გადათვალიერებისას გაიხსენებდა თუ არა იგი დვალის ვინაობას და 1922 წელს, ან როგორ იმოქმედებდა მის განაჩენზე ძველი შემთხვევის ამოტივტივება, იმ დროს - „1937-ში“, როდესაც კამოს და - ჯავაირა ხუტულაშვილიც სასწაულით გადაურჩა დაპატიმრებას და მინიმუმ გადასახლებას.

მერკულოვის და რაფავას ჯერი სტალინის სიკვდილის შემდეგ, ბერიას გარემოცვაზე ნადირობისას დადგა - პირველი 1953 წლის 23 დეკემბერს მოსკოვში დახვრიტეს, მეორე - 1955 წლის 19 სექტემბერს თბილისში.

„მიწა იცინის, უხარია, როდესაც ცოცხალი ზედ დავდივარ“ - ეს კამოს საყვარელი ფრაზა იყო. რამდენიმე წლის წინ, პუშკინის სკვერში რეკონსტრუქციისას კამოს უკანასკნელი მიწისქვეშა თავშესაფრის კვალიც წაიშალა და დღეს ზედ სხვები დადიან ღიმილიანი სახეებით.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...
18 თებერვალი
18 თებერვალი

დიქტატურის სიტკბო სიმწარისა

წარმოგიდგენთ რეცენზიას წიგნისა „დიქტატურის გემო"
11 თებერვალი
11 თებერვალი

თანამედროვე ეპოქის ურჩხულები

მიუხედავად იმისა, რომ ეს სქელტანიანი წიგნი, „დიქტატურის გემო“, კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე საშინელ ეპოქასა და დ ...

მეტი

^