Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფემინსტრიმი ► პორნოგრაფია და ეროტიკა პოპკულტურაში

01 ნოემბერი 2018

მოუსმინეთ ნუკრი ტაბიძის პოდკასტს: 

„რა განსხვავებაა პორნოგრაფიას და ეროტიკას შორის?

ამ კითხვაზე დასაბუთებული პასუხის გაცემა დღეს ძალიან ძნელია. მოძველებული განმარტებით, პორნოგრაფიაში ადამიანების გენიტალიებს ვხედავთ, ხოლო ეროტიკაში - არა. დღეს ეს განმარტება არ გამოგვადგება, იმიტომ რომ გენიტალიების ნახვა ბევრ საავტორო ფილმსა თუ სერიალშია შესაძლებელი.

თუმცა არის რაღაც ტექსტუალური ელემენტი, რომელიც საშუალებას გვაძლევს პორნოგრაფია და ეროტიკა ერთმანეთისგან გავარჩიოთ. ამისთვის საკმარისია, წარმოვიდგინოთ ყველაზე „კლიშე“ პორნოფილმის სცენარი: დაკუნთული ხელოსანი კაცი რაღაცის შესაკეთებლად მოდის, მას კარს პენუარში გამოწყობილი ქალი უღებს და რემდენიმე სრულიად არაფრისმომცემი დიალოგის შემდეგ ცუდად შესრულებულ, უხეშ სექსს ვუყურებთ. განათება, კამერა, ხმა, დიალოგი, ყველაფერი ნაცნობია, შეიძლება არც გვინახავს არასდროს, მაგრამ ზუსტად ასეთი წარმოგვედგინა პორნო! 

დააკლიკეთ ბმულს და შემოუერთდით ფემინსტრიმს

პროცესიც შესაბამისია - დამამცირებელი სიტყვები ქალების მიმართ, დაქვემდებარებული პოზები, კაცი ყველაფერს აკონტროლებს. პრინციპში, ყველაფერს საკუთარი ორგაზმის გარდა. კი მაგრამ, ხომ არსებობს სხვანაირი პორნოც? ნამდვილად არსებობს, უფრო მეტიც - პოპკულტურა, პოლიტიკა, ისტორია თუ ყოველდღიურობა - არავინ და არაფერი არ არსებობს, რის შესახებაც პორნოფილმს ვერ იპოვით. თქვენ წარმოიდგინეთ, არსებობს ფემინისტური და ქვიარპორნოც კი. ფემინისტური პორნოს კარგი მაგალითი ერიკა ლასტის ფილმებია. გარდა იმისა, რომ ამ ფილმების შინაარსი და ვიზუალი ბევრად უფრო თანასწორი, ურთიერთსიამოვნებაზე ორიენტირებული ადამიანების, სენსუალურ გამოცდილებას ასახავს, მისი დასაქმების პოლიტიკაც შესაბამისია. მსახიობებს კარგად უხდიან და ექცევიან. ანალოგიურად კარგი მაგალითია ქუეერპორნ.ტვ, რომელიც ჰეტერო (მხოლოდ ქალისა და კაცის) გამოცდილების გარდა, ძალიან მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს. მეინსტრიმ პორნოსგან კი ის განასხვავებს, რომ, მაგალითად, ლესბოსელების სექსი ჰეტეროსექსუალი კაცისთვის დადგმული მასკარადი არაა. რას ვგულისხმობ ამ მასკარადში, როცა ყველა ფილმი - მათ შორის, პორნო ფილმი ისედაც სცენარის მიხედვითაა დადგმული. ნამდვილად! თუმცა ცენტრალურია, ვინ მოიაზრება აუდიტორიად და ვისი მზერის საამებლად არის ის დადგმული.

კიდევ ერთი, რაც პოპულარულ და ყველაზე გავრცელებულ პორნოგრაფიას ახასიათებს, მისი ხედვის ობიექტია. მზერა ყოველთვის ქალისკენაა მიმართული. თუმცა, თუ კარგად დააკვირდებით, ძალიან იშვიათად ვხედავთ მთლიან ქალს. ის ხან მისი ანუსია, ხან მკერდი, ხან ვაგინა, ხან პირი და ხან საერთოდ არაფერი ხმის გარდა. უფრო მეტიც, სპეციალური კატეგორიაც კი არსებობს, რომელსაც POV (მზერის მიმართულება) ჰქვია, სადაც მის პარტნიორს (ყოველთვის კაცს) არც კი ვხედავთ, თუმცა „მისი თვალებით ვუყურებთ“.

ძალიან ხშირად გამიგია კაცებისგან: გეები არა, მაგრამ აი ლესბოსელები მევასება, ორ ქალს რა ჯობია?! ეს, ერთი შეხედვით, კეთილგანწყობილი დამოკიდებულება პორნოზე გაზრდილი ბიჭის ჰომოფობიური ფანტაზიაა და მეტი არაფერი. ლესბოსური სექსის სცენები პორნოში ზუსტადაც იმიტომ იქმნება, რომ კაცმა თავი მათ ნაწილად და პატრონად იგრძნოს. ერთი დამორჩილებული ქალი კარგია, ორი - კიდევ უკეთესი! - აი ასეთი მარტივია პორნოს ფორმულა. ის კაცები, ვისაც გეები ეზიზღებათ, მაგრამ ლესბი პორნო მოსწონთ - ჩვეულებრივი უიღბლო და დაბოღმილი ბიჭები არიან, რომლებსაც საზოგადოებამ სექსის შესახებ მხოლოდ ერთი წარმოდგენა შეუქმნა: სექსი, ისევე როგორც ყველა ურთიერთობა ქალთან, მასზე კაცის გამარჯვებით უნდა დასრულდეს.

საქართველოში სიტუაცია კიდევ უფრო უარესადაა, რადგან, გარდა იმისა, რომ კაცებს (და ქალებსაც) სექსი უნდათ, მუდმივად ზიზღს და სურვილს შორის უწევთ გახლეჩა. თუ სექსი და ქალები სიბინძურეა და სიყვარულისგან შორს დგას, ის სადმე გარეთ უნდა გაიტანო, ოჯახიდან, სხეულიდან, სიყვარულისგან გარეთ. ზუსტად ასეც ხდება ხშირად, თუმცა, რაც უფრო მეტად იჭრება პორნო და ეროტიკა სხვადასხვა არხებით ბიჭების ცხოვრებაში, მით უფრო მეტად იბნევიან. მათი არაადეკვატური წარმოდგენები სექსის პროცესზე, სექსუალობაზე, სხეულზე სადღაც მათი რეალური ემოციებისგან და სხეულისგან შორს არსებობს.

და ქალები? კი, ქალებიც უყურებენ პორნოგრაფიას, უფრო მეტიც, სპეციალური კატეგორიებიც კი არსებობს ქალებისთვის. ბაზარი ქალების ეროტიკული ფანტაზიების შექმნას და მართვასაც სწავლობს ნელ-ნელა. და მაშინ იქნებ ერიკა ლასტი, ე.წ. ფემინისტური პორნოც მეტი არაფერია, თუ არა კიდევ ერთი საბაზრო სეგმენტის ათვისების მიზნით შექმნილი პროდუქტი? მოდი, დავაარსოთ პორნოფილმების კომპანია პოლიტიკურად კორექტული ქალებისთვის! სხვა თუ არაფერი, თუ კარგად უხდიან პორნოში დასაქმებულ მსახიობებს და თუ მისი შინაარსი და გამოსახულება ქალების არა დამცირებას და დანაწევრებას, არამედ სხვადასხვა სხეულების წარმოჩენას და სიამოვნების მიღებას ემსახურება, რა პრობლემა შეიძლება გვქონდეს ასეთ პორნოგრაფიასთან? ან რით განსხვავდება ის ნებისმიერი სხვა საქმისგან, მაგ., მასაჟისტის, პარიკმახერის ან აკრობატის პროფესიისგან?

ფემინისტების რაღაც ნაწილი გეტყოდათ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, სექსის კომერციალიზება და გაყიდვა უკვე ცუდად აისახება ქალების მდგომარეობაზე იმიტომ, რომ სექსუალურ მომსახურებას ძირითადად ქალები ყიდიან, კაცები კი მოიხმარენ და პორნოგრაფია ამ ურთიერთობას (მომხმარებლის და მიმწოდებლის) კიდევ უფრო ამყარებს. პოპულარულ პორნოში, გარდა რასისტული, ქალებისთვის დამამცირებელი შინაარსების და გამოსახულებებისა, ვხვდებით ბავშვების ექსპლუატაციის საფრთხესაც. თუმცა, აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ არასრულწლოვნების ექსპლუატაციის საფრთხე პორნოს შედეგი არაა. იგივე პრობლემა უფრო დიდი მასშტაბით დგას დიდ ქარხნებში. თუ პორნოგრაფიაში არალეგალური მაინც არის 18 წლამდე ადამიანების გადაღება და უმკაცრესი სასჯელი არსებობს თუნდაც უნებლიეთ მსგავსი მასალის შენახვა/გავრცელებაზე, არავინ აკონტროლებს რა ასაკის ბავშვმა შეკერა „ეიჩ ენდ ემის“ მაისური ან „ნაიკის“ ფეხსაცმელები, რომელიც ყველას თავმომწონედ გვაცვია.

თუმცა პორნოგრაფიას მიუძღვის წვლილი პედოფილური ტენდენციების გამყარებაში. მაშინაც კი, როცა ყველა პორნოს +18 აწერია, მაკიაჟის და ათასი მაქინაციის წყალობით ქალები ძალიან, ძალიან ახალგაზრდად გამოიყურებიან. წარწერებიც კი გვხვდება „თინეიჯერი, რომელიც არ ჰგავს 18 წლისას“. ერთი სიტყვით ვიღებთ ფორმულას: ბავშვურობა=ქალობა=სექსუალურობა. ასეთი ფორმულა, გარდა პედოფილიის წახალისებისა, ქალის სექსუალობას ბავშვურობასთან და მუდმივ ახალგაზრდობასთან  და გამხდარ, თეთრ, უთმო სხეულთან აიგივებს. შედეგად კი კოსმეტიკის, გაახალგაზრდავების, თმის და კანის გაღიავების რასისტული და სექსისტული კორპორაციები იგებენ. რას ვშვებით ჩვენ ამ დროს? ვმასტურბირებთ და თავს ვიმშვიდებთ!

მიუხედავად ამისა, დღეს პორნოგრაფიაზე და კომეციულ სექსზე საუბრისას, ძირითადი პრობლემა მაინც ჩვენი კონსერვატიული, ქალთმოძულე და სხეულისმოძულე დამოკიდებულება მგონია. პირველ რიგში, მინდა გავმიჯნო პორნოგრაფია და კომერციული სექსის სხვა ფორმები, მაგ.სექსსამუშაო. სექსსამუშაო იმდენად უფრო დიდი თემაა ამ პოდკასტში საერთოდ არ შევეხები, ამასთან პორნოგრაფია და სექსსამუშაო კანონით ძალიან განსხვავებულად რეგულირდება. თუ სექსშრომა აკრძალულია მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. პორნოგრაფია ბევრ ქვეყანაში ისეთივე ბიზნესია თავისი რეგულაციებით, როგორც ნებისმიერი სხვა წარმოება. გავრცელებაც განსხვავებულია, ასოცირებული საფრთხეებიცა და მასში ჩართული ადამიანებიც ძალიან მრავალფეროვანი და განსხვავებულია. შესაბამისად, აქ მხოლოდ პორნოგრაფიაზე ვკონცენტრირდები.

ერთი რამ ზუსტად ვიცი: პორნოგრაფიას ვერც ავკრძალავთ და ვერც მოვიშორებთ თავიდან. ის მინიმუმ იმ მომენტიდან არსებობს რაღაც ფორმით, როცა ადამიანმა ხატვა დაიწყო. თუნდაც ძველ ტილოებს შეხედეთ. რით განსხვავდება შიშველი მახას ტილო ფლეიბოის ჟურნალის გარეკანისგან, გარდა რამდენიმე საუკუნოვანი ტექნოლოგიური განვითარებისა? ე.წ. კლასიკური დასავლური მხატვრობა თავიდან ბოლომდე სავსეა მამაკაცის მზერის საამებლად გაშიშვლებული ქალების გამოსახულებებით. ამას ხელოვნებაში „ნიუს“ ეძახიან, თუმცა ნიუ განსხვავდება სიშიშვლისგან. ნიუ, როგორც ხელოვნების დარგი, კი არ აშიშვლებს, კონკრეტული მიზნის გამო (კაცის ინტერესის) ძალიან სპეციფიკურად ხატავს ქალის სხეულს. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ თუ ზეთის საღებავებით შესრულებული ტილო ან ძვირადღირებული კამერით გადაღებული ფოტოს მიღმა პროფესიონალი არტისტი დგას, პორნოგრაფიის შემქმნელი, როგორც წესი, რამდენიმე გაჭირვებული მსახიობი და საეჭვო წარსულის მქონე გადამღები ჯგუფია. თუმცა, როგორც ისტორია გვაჩვენებს, ეროტიკული კინოებიც ხდება ხელოვნების შედევრები. საინტერესოა, რა აზრის არიან ამის შესახებ სექსის კომერციალიზაციის მოწინააღმდები. რა არის საბოლოოდ პრობლემა? კამერის წინაშე ფულის სანაცვლოდ სექსი თუ შექმნილი ფილმის/ნახატის/ფოტოს მხატვრული ღირებულება? თუ პრობლემა მეორეა, მაშინ არც მეტი, არც ნაკლები, კლასიზმზე და ესთეტიკურ ნორმებზე უნდა გადავიტანოთ დისკუსია და სექსი არც არაფერ შუაში არ ყოფილა.

ჩემი აზრით, სექსის კომერციალიზების არგუმენტი საერთოდ მოკლებულია ყველანაირ საღ აზრს, თუ მას გენდერულ პერსპექტივაში არ განვიხილავთ. ჩვენი ცხოვრება ისედაც თავიდან ბოლომდე რაღაც ფორმით შრომის, ენერგიის, სხეულის, აზრების გაყიდვას გულისხმობს. კომერციალიზებულია ზრუნვაც - ავადმყოფზე, მოხუცზე, ბავშვზე და სხვა. თანაგრძნობაც (ფსიქოლოგის მომსახურებისას), დასვენება (მაგ. მომსახურების სფეროში ჩართული ნებისმიერი აქტორის გავლით). პრობლემა ისაა, თუ რა პირობებში სრულდება შრომა და არა შრომის შინაარსი. არცერთი ჩამოთვლილი პროფესია არც უღირსია, არც დამამცირებელი, და არც არაპატიოსანი თავისი შინაარსით. თუმცა, საზოგადოებრივი, ეკონომიკური და პოლიტიკური პირობები შეიძლება მათ ასეთად განიხილავდეს ან აქცევდეს.

ანალოგიური პასუხი მაქვს კრიტიკაზე, რომ, როგორც წესი, სექსის და პორნოს გამყიდველები ქალები არიან, კაცები კი მომხმარებლები. იგივე სიტუაცია გვაქვს ზრუნვის პროფესიების და არაანაზღაურებადი შრომის შემთხვევაშიც, თუმცა, როცა ამ პრობლემაზე ვსაუბრობთ, გამოსავალს პირობების გაუმჯობესებაში, დამოკიდებულებების ცვლილებაში, კაცების მეტ ჩართულობაში, სახელმწიფოს მხრიდან დახმარებაში  ვხედავთ და არა შრომის უფრო მეტ სტიგმატიზებაში.

მართალი ხართ, არავინ ოცნებობს, გამოვიდეს პორნოვარსკვლავი, ისევე როგორც არავინ ოცნებობს, რომ ცხოვრება სხვისი საფენების გამოცვლაში გაატაროს. მაშინაც კი, როცა პორნოინდუსტრიაში ადამიანი იძულებით არ ერთვება, შეიძლება მას ხშირად სხვა გამოსავალი არ ჰქონდეს ფინანსური მიზეზების გამო. მაგრამ იგივე შეიძლება ითქვას დამლაგებლის, მძღოლის, ძიძის და უამრავ დაბალანაზღაურებად პროფესიაზე. თუ ამ პროფესიების შემთხვევაში გამოსავალი შრომის პირობების გაუმჯობესებაა, ახლა სწორედ პორნომსახიობის შრომით პირობებზე, ინდუსტრიაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესაძლებლობებზე და ანაზღაურებაზე უნდა ვსაუბრობდეთ და არა სექსის კომერციულობის მორალურობაზე. სხვა თუ არაფერი ჩვენ ხომ არ ვსვამთ კითხვას რამდენად დამამცირებელია მაღაროელის პროფესია და უნდა გაუქმდეს თუ არა ის საერთოდ?ანალოგიურად  პორნოგრაფიის აკრძალვა, პორნოგრაფიაზე სრულიად უარის თქმა და მით უმეტეს, ამ პროფესიის და სფეროს უღირს აქტივობად შერაცხვა, ისევ ამ სფეროში დასაქმებულ ქალებს უქმნის ეკონომიკურ და ფიზიკურ საფრთხეებს. ასევე, მცდარი მგონია იმის დაშვებაც, რომ პორნოფილმში მონაწილეობა აუცილებლად ნეგატიური გამოცდილება უნდა იყოს მსახიობისთვის. პროფესიების დახარისხება ინტელექტუალურ და ნაკლებინტელექტუალურად, პრესტიჟულად და ნაკლებ პრესტიჟულად, მისაღებად და უღირსად, იმ სისტემის ნაწილია, რომელმაც ზრუნვის, ქალებთან ასოცირებული და ნაკლები ფინანსური მოგების პროფესიები (მაგ. ძიძის, მასწავლებლის და ა.შ.) დააკნინა ეკონომიკურადაც და კულტურულადაც, სხვა რესურსების ამთვისებელ და კაცებთან და მოგებასთან ასოცირებულ პროფესიებთან (მაგ, მენეჯერი ან ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი) შედარებით.

რაც შეეხება სოციალურ გავლენას, კულტურა ასახავს და ქმნის საზოგადოებრივ წარმოდგენებს. განსაკუთრებით კი პოპულარული კულტურა. როცა სამყაროში ქალები ყველაზე დიდი ჩაგრული ჯგუფია, ქალთმოძულეობა აისახება პოპულარულ კულტურაშიც და მეორე მხრივ, კიდევ უფრო მეტად მყარდება ჩაგვრის მექანიზმები. კულტურის გარდაქმნა საზოგადოების გარდაქმნის პარალელური პროცესია და პორნოგრაფიას, ვფიქრობ, აქვს ამგვარი გარდაქმნის პოტენციალი.

პორნოგრაფიამ ერთგვარი პარალალური სექსის რეალობა შექმნა. პორნოს შთაგონება სექსია - რეალური ადამიანების სექსი. ამასთან, პორნოსგან ვსწავლობთ, როგორ უნდა გვქონდეს სექსი. როგორი დადგმული ან ბუნებრივიც არ უნდა მოგვეჩვენოს თითოეული პორნოფილმი, ბუნებრიობა სულაც არ არის აუცილებელი კრიტერიუმი მის შესაფასებლად. იმიტომ, რომ ჩვენი სექსიც არ არის ბუნებრივი. ის ცდისა და შეცდომის გზით, პორნოგრაფიის, მეგობრების, მოსმენილის, გაგონილის, კარგ შემთხვევაში - მშობლების ან მასწავლებლებისგან კარგად ახსნილის, შემთხვევითი გამოცდილებების, ფანტაზიების, პოპულარული კულტურის და მრავალი სხვა კომპონენტით მართული ქცევაა. შესაბამისად, პრობლემა პორნოგრაფიაში კი არ არის, არამედ, სექსის ტაბუირებაში, იმ ჩაგვრის სისტემებში, რომელიც სექსის შესახებ ძალადობრივ წარმოდგენებს გვიქმნის. ამ სისტემების გარდაქმნა და პორნოგრაფიასთან ერთად სხვა საგანმანათლებლო თუ კულტურული პროდუქტების შექმნა ჩვენს სექსუალურ გამოცდილებასაც და პორნოგრაფიის ხარისხსაც ნამდვილად გააუმჯობესებდა."

--------------------------------------------------------------------------------------

ქალთა ფონდი საქართველოში და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი წარმოგიდგენთ პროექტს  “ფემინსტრიმი”. პროექტის მიზანია ქართულ მედიასივრცეში ახალი სადისკუსიო ნიშის გაძლიერება ფემინისტური აუდიო პოდკასტების შექმნის გზით.

პოდკასტების ყოველ ოთხშაბათს ფემინსტრიმის  Facebook  გვერდზე და „ლიბერალზე" გამოქვეყნდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

15 ნოემბერი
15 ნოემბერი

ო, მეგობრებო-თ!

მაესტრო დანიელ ორენის მიერ გამოძერწილ ბეთჰოვენს ოპერისა და ბალეტის თეატრში შეკრებილმა პუბლიკამ ოცწუთიანი ოვაცია მოუწყო&n ...
14 ნოემბერი
14 ნოემბერი

Shoplifters - შეკითხვები პასუხებად

რამდენიმე დღის წინ საქართველოს ანდრეი ზვიაგინცევი სტუმრობდა. რუსი რეჟისორი მაყურებელს „ამირანში“ შეხვდა და მ ...
14 ნოემბერი
14 ნოემბერი

ფემინსტრიმი ► ობიექტივიზაცია - ჩაგვრის ს ...

მოუსმინეთ ნანა გობეჯიშვილის პოდკასტს: „წინა პოდკასტში ვისაუბრეთ, ფემინიზმის შესახებ, როგორ უკავშირდება ის ვეგანობ ...

მეტი

^