Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რაგბი ჩვენი თამაშია?

10 ნოემბერი 2018

“რაგბი ჩვენი თამაშია”, ხშირად გამიგია არა მარტო რაგბის მესვეურებისაგან, არამედ ჩვეულებრივი გულშემატკივრისგანაც. ცოტა, რომ ჩავუღრმავდეთ ამ წინადადებას, ის მის ავტორ - რაგბის კავშირამდე მიგვიყვანს და მის დათარიღებასაც შევძლებთ. დიახ დათარიღებას, რადგან მარკეტინგის საზომით (2014 – 2015 სეზონი) ეს წინადადება თუ იურულს არა, გვიან ცარცულ ხანას მაინც მიეკუთვნება. სამყაროში, სადაც სეზონურად იცვლება სლოგანები, რაგბიმ მეხსიერებაში ურღვევი სიტყვათწყობა ჩაგვიტოვა.

არქეოლოგიას წერაქვის შემდგომ ფუნჯით ჩვევია მუშაობა. მეც დავძაბავ გონებას, რომ მეხსიერებიდან მტვრის ფენა ავგავო, რათა „რაგბი ჩვენი თამაშია“ წინადადების სლოგნად გადაქცევის მიზეზი გაგაცნოთ.

რაგბის საქართველოში ჯერ კიდევ საბჭოთა ისტორია აქვს. თუ წარსულში უფრო შორს გავიხედავთ „ლელო ბურთიც“ შეიძლება მოგვაგონდეს, რომელსაც გულმხურვალე გურულები დღესაც თამაშობენ. კი, რაგბის აქვს ძველი ფესვები საქართველოში და ეს ფესვები მოგვდგამს, მაგრამ რაგბიმ, როგორც სპორტის სახეობამ თავისი ფორმა საქართველოს დამოუკიდებლობასთან ერთად მიიღო. მძიმე გზამ და, რაც მთავარია, მძიმე გამარჯვებებმა ისტორიული ოპონენტის რუსეთის და სპორტული ვიზავის რუმინეთის წინააღმდეგ სახელოვანი რაგბი მოგვიტანა XXI საუკუნის ათწლეულის დასასრულამდე. 2011 – 2012 წლებიდან კი იწყება იმ რაგბის განვითარება, რომელსაც დღეს ჩვენ ნაკრების თამაშობს. განსაკუთრებით კი ახალგაზრდული ნაკრებები. მას შემდეგ იწყება ნამდვილი წარმატებების ერა, როცა საქართველომ უკვე სისტემატიურად დაიწყო ჩრდილო ამერიკის წარმომადგენელთა დამარცხება, როცა „ერთა თასზე“ ზედიზედ გავიმარჯვეთ და ტურნირზე უკონკურენტოები გავხდით. ამას კიდევ ისიც დაემატა, რომ კუნძულელები: ტონგა, ფიჯი, სამოა უკვე არც თუ იშვიათად მარცხდებოდა ჩვენთან, ხოლო მანამდე მსოფლიო თასზე ორი მატჩის მოგება ყველაზე თამამ ოცნებებშიც კი დიდ გამბედაობას მოითხოვდა (2015 წლის მსოფლიო თასი).

კარგად, რომ დავთვალოთ საქართველოს რაგბის ეროვნულ ნაკლებს თითქმის ათწლეულის მანძილზე განვითარების აღმავალი ტრენდი ჰქონდა.

წარმატებას კი მოჰყვა მაყურებელი, მაყურებელი გახდა გულშემატკივარი და რაგბის არც თუ ისე მარტივი წესების აღქმა დაიწყო. რეალურად რაგბი ჩვენს თამაშად მაშინ იქცა, როცა წარმატებებმა გაგვანებივრა და სხვა სპორტებზე, ან სპორტზე განაწყენებულებს კარგი ალტერნატივა შემოგვთავაზა. თან ბრძოლის, ჭიდაობის ელემენტები ჟინის მოყვარულ ქართველებს ერთგვარად ეამათ მოედანზე ნამდვილი ომის ხილვა. და როგორც წესი, სწრაფადვე გამოჩნდა ჩვენს სუფრაზე, სადღეგრძელოებში, რამაც, თავის მხრივ, კიდევ უფრო გაუმარტივა რაგბის ჩვენს გონებაში შეღწევა.

აი ასე იქცა „რაგბი ჩვენი თამაშია“ სრულიად დამაჯერებელ ფრაზად და ლამის არგუმენტად იმისა თუ, რატომ არის რაგბი წარმატებული სპორტის სახეობა.

ეს წარმატების ფარდა კი ერთგვარად ფარავს ნამდვილ შინაარსს, რატომ არის, ან რატომ უნდა იყოს რაგბი ჩვენი თამაში. რაგბი როგორც სპორტის სახეობა ძალზე უნიკალურია თავისი საჭიროებებითა და მოთხოვნებით. რაგბის თამაში შეუძლებელია სპეციფიკური ცოდნის გარეშე, ფიზიკური მომზადების გარეშე, რაგბის ვერ მოიგებ გუნდის გარეშე. ცოდნა, ძალა, გუნდურობა - ეს რაგბის თამაშის ქვაკუთხედია. მორაგბე ვალდებულია, იცოდეს რაგბის წესები, რომ უცოდინრობით მატჩისას შეცდომის გამო გუნდი არ დააღალატოს. მორაგბე ფიზიკურად უნდა იყოს მზად მოწინაღმდეგესთან შეტაკებისთვის. მან თავისი პირადი ეგოიზმი გვერდზე უნდა გადადოს საერთო მიზნის მისაღწევად, ლელოს დასადებად. რადგან იშვიათი შემთხვევების გარდა, თითქმის შეუძლებელია შენი ლელოს ხაზიდან მოწინააღმდეგის ლელომდე ბურთი მარტომ მიიტანო. აღნიშნული კი თავის მხრივ მორაგბისგან შემდეგ თვისებებს მოითხოვს: სწავლის წყურვილს ახლის შეცნობის მიზნით, შრომის უნარს ფიზიკური სიძლიერის ასამაღლებლად და მენტალურ მდგრადობას პირადი ამბიციების გადასალახად.

ამ პრეტენზიული მოთხოვნებიდან გამომდინარე რაგბი ადამიანში ავითარებს მუდმივი შეცნობის უნარს, ფიზიკურ მომზადებას და გუნდურობის მთავარ წესს - პირადულის უკან გადადებას საერთო მიზნის მისაღწევად.

თუ ზოგადად სპორტს აღვიქვამთ, როგორც საზოგადოების ფორმირების ერთ-ერთ იარაღს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაგბის კავშირის ათწლეულობით სწორმა და მეთოდურმა შრომამ მოგვცა საშუალება, რაგბი გამოგვეყენებინა, როგორც კულტივატორი ზემოთ აღნიშნული თვისებებისა, რომლებიც, ჩემი ღრმა რწმენით, ასე აკლია დღევანდელ საზოგადოებას: მუდმივი შეცნობის უნარი, შრომის წყურვილი და, რაც მთავარია, საერთო მიზნისთვის “პირადულის” გვერდზე გადადება.

რაგბი, როგორც ცხოვრების წესი, როგორც საკუთარი თავის პოვნის საშუალება, როგორც ფიზიკურად და მენტალურად ჯანმრთელი თაობების გაზრდის იარაღი, შესაძლოა მნიშვნელოვანი გახდეს ჩვენი ქვეყნის სწორი განვითარების გზაზე. აქედან გამომდინარე „რაგბი ჩვენი თამაშია“, რადგან ის ჩვენ გვჭირდება.

სწორედ ამ ფასეულობებისა და აღნიშნული პერსპექტივის გამო შეიქმნა ორგანიზაცია აიპ საქართველოს რაგბის მხარდამჭერთა კლუბი, რომლის მიზანია რაგბის პოპულარიზაცია, სარაგბო ფასეულობების ხელშეწყობის მიზნით. ჩვენ, რაგბის კავშირთან ერთად მხარს ვუჭერთ ამ მისიას და ვიღებთ გარკვეულ პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე.

აღნიშნული მიზნის მისაღწევად საქართველოს რაგბის მხარდამჭერთა კლუბი მაქსიმალურად ცდილობს კლუბის წევრების რაოდენობის გაზრდას, რადგან მიგვაჩნია, რომ საქართველოს რაგბის მხარდამჭერთა კლუბი წარმოადგენს გარკვეულ სკოლას სწორი გულშემატკივრობისა და სარაგბო კულტურის ღრმად შესაცნობად. ამ მომენტისთვის კლუბში 170 ადამიანი ირიცხება. თითოეული მათგანი იხდის კლუბის წლიურ საწევროს, რადგან მათ იგრძნონ პასუხისმგებლობა იმ ორგანიზაციაზე, რომელშიც გაწევრიანდნენ და, შესაბამისად, ორგანიზაციასაც მოთხოვონ აღებული ვალდებულებების შესრულება.

გარდა იმისა, რომ კლუბი ცდილობს სარაგბო ფასეულობების მიტანას ფართო მასებამდე, ასევე ზრუნავს კლუბის წევრების ცხოვრების სხვადასხვა ასპექტზე. შემუშავებულია ორი ტიპის პაკეტი, საგულშემატკივრო და სოციალური. საგულშემატკივრო პაკეტის ფარგლებში გულშემატკივარი იღებს: კლუბის მაისურს, კლუბის წევრობის დამადასტურებელ მოწმობას, ბილეთს ნაკრების ყველა საშინაო მატჩზე, დროშას და პოსტერ „ლელოს“. რაც შეეხება სოციალურ პაკეტს, პაკეტში შედის 9 სხვადასხვა დარგის კომპანიაში საკმაოდ სოლიდური ფასდაკლებები, რომლითაც სარგებლობენ, როგორ კლუბის წევრები, ასევე მათი ოჯახის წევრები. ზაფხულის ტურისტული სეზონის განმავლობაში კლუბის წევრები ყოველთვიურად გადიან ქალაქგარეთ. ხოლო წელიწადში ორჯერ „დიდი შეკრების“ ფარგლებში კლუბი თავისი წევრებისთვის უფასო ექსკურსიას აწყობს.

კლუბის მისიიდან გამომდინარე, მხოლოდ წევრების რაოდენობის ზრდა და თამაშის დროს მათი სტადიონზე შეკრება საკმარისი არაა. სწორედ ამიტომ ორგანიზაცია ქმნის სოციალურ და მედიასაშუალებებს, რომ რაგბის ხმა მუდმივად ისმოდეს. კლუბმა შეძლო და ფეისბუქგვერდი ასი ათას მოწონებაზე აიყვანა, შეიქმნა ორი გადაცემა „გულშემატკივრის დრო“ და „სარაგბო რენტგენი“. ამუშავდა საიტი supporters.ge, რომელსაც გარდა იმისა, რომ ის საქართველოს რაგბის მხარდამჭერთა კლუბის ოფიციალური ვებგვერდია, აქვს ონლაინგამოცემისა და ვიდეო პორტალის დანიშნულებაც.

საქართველოს რაგბის მხარდამჭერთა კლუბი, გარდა საქართველოს რაგბის კავშირისა, მჭიდრო კავშირშია მომავალზე ორიენტირებულ ურთიერთობაში თავის გენერალურ სპონსორ „ლიდერბეთთან“ და მეგობარ კომპანიებთან, რომელთა რიცხვში შედის: ბილაინი, ჩემპიონთა აკადემია და კიდევ შედარებით უცნობი 7 კომპანია. ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად გავაფართოვოთ კეთილის მსურველთა წრე, რომ, ერთი მხრივ, ორგანიზაციამ, როგორც გულშემატკივართა კლუბმა, შეძლოს ფუნქციონირება, ხოლო, მეორე მხრივ, შევინარჩუნოთ და განვავითაროთ უკვე შექმნილი ან მომავალში შესაქმნელი “კონტენტები”.

2018-2019 წლების გეგმებში, სანამ უკვე არსებული ახალი იდეების განხორციელების შესაძლებლობა მოგვეცემა, კომპანიის მასშტაბების გაზრდა და გამყარებაც შედის. საქართველოს რაგბის მხარდამჭერთა კლუბი ძალას არ იშურებს მის წინაშე მდგარი საკითხების გადასაჭრელად და პოპულარიზაციის გზით მთავარი მისიის - ქართული რაგბის განვითარების ხელშესაწყობად. რაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენი ღრმა რწმენით ხელს შეუწყობს ქართული საზოგადოების, როგორც ჯანსაღი ერთობის საბოლოო ფორმირებას. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^