Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ევროკავშირის დახმარებით ენერგოდანაკარგების აღმოსაფხვრელად ენგურჰესის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

12 ნოემბერი 2018

ენგურჰესი სამხრეთ კავკასიაში ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგურია. ექსპერტების შეფასებით, საქართველო წელიწადში 11.9 კილოვატსაათ ელექტროენერგიას მოიხმარს. ჰესი 1970 წელს აშენდა და „ვარდნილიჰესთან“ ერთად წლიურად 4 მლრდ. კილოვატსაათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რაც ქვეყნის მიერ ყოველწლიურად მოხმარებული ენერგიის თითქმის ნახევარია და დაახლოებით 2 მლნ. ადამიანის სამყოფია.

ჰესის მუშაობას თან გამოწვევებიც ახლავს. ყველაზე დიდი დაბრკოლება, რომლის წინაშეც ჰესი აღმოჩნდა, არის გვირაბი, რომლიდანაც წყალი ჟონავს და ამის გამო ყოველწლიურად დაახლოებით 150 000 ადამიანის სამყოფი 300 მლნ. კილოვატსაათი ენერგია იკარგება.

პრობლემის აღმოსაფხვრელად ევროკავშირმა და „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა“ (EBRD) ჯამში 35 მლნ. ევრო გამოყო. გრანტიდან 5 მლნ. ევრო ამორტიზებული გზის შეკეთებას მოხმარდება, რომელსაც მუშები სამუშაო ობიექტზე მისასვლელად ყოველდღე გაივლიან. ამასთან, პროექტის ერთ-ერთი მიზანი ჰესის ეფექტიანობის გაზრდაა - იგი დამატებით მთელი ქვეყნის მასშტაბით მთლიან წლიურ გამომუშავებას 2%-ით გაზრდის და ემისიებს მნიშვნელოვნად შეამცირებს. პროექტის მიზანია, საფუძველი ჩაუყაროს ჰიდროლოგიურ ინიციატივას, რომელშიც საჯარო და კერძო ჰესების ოპერატორები და დაინტერესებული მხარეები ჩაერთვებიან. ინიციატივა ხელს შეუწყობს მდინარის აუზის უკეთესად დაგეგმვასა და კოორდინაციას, ჰიდრომეტეოროლოგიური მონაცემების გაზიარებასა და ჰესების კლიმატგამძლე მენეჯმენტის საერთაშორისო პრაქტიკის მიღებას. პროექტის მშენებლობისა და ოპერირებისთვის EBRD-მა გარემოსდაცვითი სოციალური სტანდარტების მკაცრად დაცვა გადაწყვიტა.

ჰესის რეაბილიტაციის წინა ფაზა ენგურის თაღოვან კაშხალზე, წნევის გვირაბებზე, გენერატორებსა და დაღმავალ არხებზე სამუშაოებს მოიცავდა. შეიქმნა კახშხლის მისაყრდნობი ფარების სისტემა. ახლა, რეაბილიტაციის მეოთხე ეტაპზე უნდა შეკეთდეს 15-კილომეტრიანი გვირაბი, რომლითაც წყალი ენგურჰესიდან აფხაზეთში მდებარე აგრეგატებს მიეწოდება.

ფოტო: European Commission

გვირაბიდან წყის გაჟონვის გამო ენერგია იკარგება

რეაბილიტაციის მეოთხე ფაზა ყველაზე კომპლექსურია. გვირაბის შესაკეთებლად ჰესი სამი თვით უნდა გაჩერდეს.

ენგურჰესის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონია ამბობს, რომ თავდაპირველად სამუშაოები ჰესის იმ ნაწილებს ჩაუტარდება, რომლებიც გადაუდებელ ჩარევას საჭიროებს. მათი იდენტიფიცირება 2017 წლის თებერვალში ჩატარებული ინსპექციის დროს მოხდა. სავარაუდოდ, გვირაბის შეკეთება 2019 წელს დაიწყება.

„გაჟონვისა და უსწორმასწორო ზედაპირის გამო წნევა ეცემა და შედეგად ენერგიას ვკარგავთ. არსებობს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკებიც“, - ამბობს მებონია. მისი თქმით, ასევე პრობლემურია კაშხლის ფარებთან ლამის დაგროვება, რასაც მომავალი წლიდან მიხედავენ.  

მებონიას თქმით, რეაბილიტაციის მეოთხე ფაზისთვის 35 მლნ. ევრო გამოიყო, საიდანაც 28 მლნ. EBRD-ის სესხის ფარგლებში გაიცა, 7 მლნ. კი - ევროკავშირის გრანტის სახით (აქედან 5 მლნ. გზის შეკეთებისთვისაა გამიზნული, 2 მლნ. კი საკონსულტაციო მომსახურებისთვის).

ფოტო: European Commission

დაზიანებული გზა, როგორც დაბრკოლება

ენგურის ხიდიდან ჰესამდე 15-კილომეტრიანი გზა მიდის. ამ გზის გავლა ჰესის ასობით თანამშრომელს ყოველდღიურად უწევს სამსახურში მისასვლელად, რასაც ერთ საათს ანდომებენ. ამ გზის შეკეთება გვირაბის რეაბილიტაციისთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან დაზიანებული გზის გამო გადაადგილება მანქანებსაც უჭირთ.

„ახლა არა უშავს, როცა კარგი ამინდებია. როგორ შეიძლება, ამხელა წარმოებასთან ასეთი გზა იყოს?! ხალხი ყოველდღიურად დადის, ზუგდიდიდან, გალის რაიონის სოფლებიდან. ავტობუსიდან გადმოხვალ და მტვრიანი, ხელახლა დასაბანი ხარ“, - ამბობს ჯუმბერ მარხულია.

ჯუმბერი 22 წელია, ენგურჰესზე მუშაობს. თავიდან ზეინკალი იყო, ბოლო 18 წელია, რაც ცვლის უფროსია. გალის რაიონის სოფელ საბერიოში ცხოვრობს, სადაც დაიბადა და გაიზარდა.

ფოტო: European Commission

ქეთევან სოსელია მეაპარატეა, გენერატორების გასაციებლად გამოხდილი წყლის მიწოდებაზეა პასუხისმგებელი. გენერატორებამდე დღეში დაახლოებით 3-5 ტონამდე წყალს უშვებს. სამსახურში გალიდან დადის, ყოველ დილა-საღამოს ამ გზაზე უწევს სიარული.

„ძალიან შეწუხებული ვართ გზით, ერთი საათი გვინდა გზაში. კარგი გზა რომ იყოს, 15-20 წუთში შევძლებდით სამსახურში მოსვლას“, - ამბობს ის.

ფოტო: European Commission

ლევან მებონიას თქმით, ამ გზაზე 10-მდე სოფელია მიბმული. აფხაზეთის ტერიტორიაზე ჰესზე 700 ადგილობრივი მუშაობს, დაახლოებით 60 ადამიანი კი ყოველდღიურად ზუგდიდიდან დადის.

მისი თქმით, გზის შეკეთება ოქტომბერში დაიწყება და სამუშაოებზე დაახლოებით 80 ადგილობრივი დასაქმდება. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ევროკავშირმა მსგავსი პროექტისთვის გამოყო თანხა. 2015-2016 წლებში ევროკავშირმა 1.3 მლნ. ევროს ოდენობის გრანტი გამოყო 4-კილომეტრიანი გზის მონაკვეთის ასაშენებლად, რომელიც სოხუმიდან „ვარდნილი 1-მდე“ მიდის. ეს უკანასკნელი ენგურჰესის შემდეგ მეორე ჰესია, რომელიც ჰიდროელექტროსადგურიდან გამოსულ წყალს ხელმეორედ იყენებს. 

მებონია ამბობს, რომ მსგავსი ბეტონის გზა ენგურის ხიდთანაც აშენდება, რომელსაც მუშები ჰესის მიწისქვეშა სადგურში ჩასასვლელად იყენებენ.

მებონიას მონაცემებით, 2000-2016 წლებში ევროკავშირმა პროექტზე დაახლოებით 16.3 მლნ. ევრო დახარჯა. ევროკავშირის მიერ პროექტზე მთლიანობაში გამოყოფილი თანხა 23.3 მლნ. ევროს შეადგენს.

ფოტო: European Commission

მიწისქვეშა სადგური აფხაზეთში

ენგურჰესის კაშხალი წალენჯიხის რაიონში მდებარეობს. 15-კილომეტიანი გვირაბით აგრეგატებს წყალი მიწისქვეშა სადგურში მიეწოდება. ელექტოენერგიის გამომუშავებისთვის საჭირო ტურბინები და გენერატორები სწორედ აფხაზეთში, გალის რაიონში მდებარეობს.

ფოტო: European Commission

„15 კილომეტრზე არის კოლექტორი, სადაც 1 გვირაბი 5 ნაწილად იყოფა და წყალი ხუთივე ტურბინას მიეწოდება. თითოეული აგრეგატი 500-600 ტონაა. სწორედ აქ ხდება ელექტროენერგიის გამომუშავება და განაწილება. აქედან გამოშვებული წყალი გალის წყალსაცავში გადის, სადაც განლაგებულია ვარდნილჰეს 1. შემდეგ ამ ჰესიდან იწყება არხი, რომლითაც წყალი კასკადის შემდეგ სადგურებს მიეწოდება: ვარდნილჰეს 2-ს, ვარდნილჰეს 3-ს, ვარდნილჰეს 4-ს. სამწუხაროდ, ეს 3 ჰესი ჩაძირულია და ამ ეტაპზე არ მუშაობს“, - გვიხსნის გია ხუბუა, ენგურჰესის ტექნიკური დირექტორი.

ფოტო: European Commission

ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი

ენგურის თაღოვანი კაშხალი უნიკალური ტექნიკური და საინჟინრო ნაგებობების კომპლექსია. იგი სიმაღლით მსოფლიოში არსებული ბეტონის თაღოვანი კაშხლების ხუთეულშია.

„თხემის სიგრძე 800 მეტრამდეა, სიმაღლე - 271,5 მეტრი. ეს მიღწეულია ორმაგი თაღის მეშვეობით, რაც ნიშნავს იმას, რომ კაშხალი თაღოვანია ჰორიზონტალშიც და ვერტიკალშიც, რაც მისი მდგრადობის საშუალებას იძლევა“, - გვიხსნის „ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის“ დირექტორი ჯონი ჭანია.

„იმის გამო, რომ კაშხალი თაღოვანია, დაიზოგა სამშენებლო მასალა, ბეტონი. ეს რომ ყოფილიყო თაღოვან-გრავიტაციული ტიპის კაშხალი, მაშინ აქ 4 მლნ. კბ.მ. ბეტონის ნაცვლად დაგვჭირდებოდა 10-12 მლნ. კბ.მ. ბეტონი, რაც გაზრდიდა მშენებლობის ხანგრძლივობას, ხარჯებს და ა.შ.“, - ამბობს ჭანია. მშენებლობა 1961 წელს დაიწყო, 1978 წლიდან კი ჰესმა ელექტროენერგიის გამომუშავება დაიწყო. ქვეყნის ინდუსტრიული მემკვიდრეობის განვითარების მიზნით საქართველოს მთავრობამ მას 2015 წელს ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. 

ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგური უმჯობესდება - გარდა რეაბილიტაციისა, იგი პირველი ინდუსტრიული ძეგლი გახდება საქართველოში, სადაც სამუზეუმო-საინფორმაციო სივრცე და ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა. მათ შორის იქნება გადასახედი მოედნები, საბაგირო გზა, სამეცნიერო და აღმოჩენათა ცენტრი, ღია საკონცერტო სივრცე, სანაოსნო ინფრასტრუქტურა, ექსტრემალური ატრაქციები, ასევე საგამოფენო და საინსტალაციო სივრცეები.

ჰესი ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა, რამდენადაც იგი ელექტროენერგიის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა ქვეყანაში. უკვე რამდენიმე წელია, ევროკავშირი უზრუნველყოფს ამ წყაროს გამართულად მუშაობას.

მასალა მომზადებულია ევროკავშირის მხარდაჭერით EU4Energy ინიციატივის ფარგლებში. სტატიის შინაარსზე ერთპიროვნულად პასუხისმგებელია ავტორი და შინაარსი შეიძლება საერთოდ არ ასახავდეს ევროკავშირის მოსაზრებას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

24 მაისი
24 მაისი

„ყოველდღე ვტოვებთ სახლებს და სიკვდილზე მ ...

3 000-ზე მეტი მაღაროელი ამ დრომდე გაფიცულია. ეს გაფიცვა, გარდა მასშტაბისა, უპრეცედენტო იმითაც არის, რომ პროტესტი თვითორგ ...
24 მაისი
24 მაისი

გიორგი მიქაუტაძე უვადო მოსამართლედ დაინი ...

იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ დაინიშნა. მიქაუტაძის უვა ...
24 მაისი
24 მაისი

სულ სხვა ბიძინა

ოპერისა და ბალეტის თეატრში ბიძინა კვერნაძის 90 წლისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა ...როდესაც ბიძინა კვერნაძისადმი მიძ ...

მეტი

^