Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ო, მეგობრებო-თ!

15 ნოემბერი 2018

მაესტრო დანიელ ორენის მიერ გამოძერწილ ბეთჰოვენს ოპერისა და ბალეტის თეატრში შეკრებილმა პუბლიკამ ოცწუთიანი ოვაცია მოუწყო  

დიდი ხანია, ოპერისა და ბალეტის თეატრი ასეთი გადაჭედილი არ მინახავს. ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის უკანასკნელი, მეცხრე სიმფონია (რე მინორი, op. 125), რომლის პრემიერაც ვენაში 1824  წელს გაიმართა და რომელმაც შემდგომში უდიდესი გარდატეხა მოახდინა მსოფლიო მუსიკის ისტორიაში, 14 ნოემბერს, მაესტრო დანიელ ორენის დირიჟრობით სწორედ მოლოდინით სავსე ოპერის თეატრში აჟღერდა. მაესტრო ორენის მიერ თეატრის ორკესტრთან, სოლისტებთან და გუნდთან ერთად „გამოძერწილი“ ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიის შესრულება ნამდვილად მოვლენად იქცა. ამაზე მეტყველებდა დაახლოებით ოცწუთიანი ოვაცია, რომელიც პუბლიკამ კონცერტის შემდეგ მაესტროსა და კონცერტის მონაწილეებს მოუწყო. 

რამდენიმე დღით ადრე შესრულებული ვერდის „რეკვიემი“ და უკვე ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიაც შეიძლება გავიაზროთ, როგორც თეატრის მუსიკალური დირექტორის, მაესტრო დანიელ ორენის ოპერის დასთან და ორკესტრთან თანამშრომლობის ახალი ეტაპი. სოლისტებიც -იანო ალიბეგაშვილი (სოპრანო),  ნინო სურგულაძე (მეცო-სოპრანო), არმაზ დარაშვილი (ტენორი), ლეგი იმედაშვილი (ბანი), გუნდის გაფართოებული შემადგენლობაც და ორკესტრიც მან ერთად შეკრა და დიდი მიზანიც დაუსახა - სიმფონიური მუსიკის მწვერვალად შერაცხული, მეცხრე სიმფონიის დაპყრობა რაც შეიძლება მოკლე დროში და რაც შეიძლება ნაკლები შემოქმედებითი დანაკარგებით.

ბეთჰოვენის მიერ სასიმღერო ტექსტად შერჩეული ფრიდრიხ შილერის ლექსი „სიხარულის ოდა“ ( An die Freude), რომელიც ფინალში ჟღერს, ფაქტობრივად მოწოდებაა შემდგომი თანამშრომლობისადმი და უკვე  საოპერო მწვერვალების დასაპყრობად. ერთ-ერთი ასეთი ჟიულ მასნეს „ვერტერია“, რომელიც თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ძალიან დიდი ხანია, არ დადგმულა.

Image may contain: 5 people, people on stage

რაშია მაესტრო დანიელ ორენის „მგრძნობიარე“დირიჟორობის“ საიდუმლო? რა ქმნის იმ ჯადოსნურ ფსიქო-მუსიკალურ მთლიანობას, რომლითაც მისი და ორკესტრის, მისი და გუნდის ურთიერთობა გამოირჩევა? საიდან იღებს შემოქმედებით ენერგიას, რომელსაც გადამდები სიხალისითა და შთაგონებით უნაწილებს ორკესტრისა თუ გუნდის წევრებს? პირველ რიგში, ეს მუსიკალური მასალის სიღმისეული წვდომითა და პარტიტურის გაცოცხლების საოცარი უნარით შეიძლება აიხსნას. 

მაესტრო დანიელ ორენი მუსიკას თითქოს ხელახლა ქმნის, ნოტებში დაბუდებულ ტემპსა და რიტმს სიცოცხლის ახალ იმპულსს აძლევს და ეს ყველაზე შთამბეჭდავად ვერდის ოპერების ინტერპეტაციისას გამოსდის. თუმცა ამჯერად სრულიად სხვა სირთულეები იყო დასაძლევი და პირველ რიგში, ბეჰთოვენის მეცხრე სიმფონიის საოცარ მასშტაბებსა და გრანდიოზულობას უკავშირდება.

სწორედ ეს გრანდიოზულობა, სიღრმე და უჩვეულო მუსიკალური სტრუქტურა განაპირობებს მეცხრე სიმფონიის შესრულების სირთულეს. მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც პერსონალური, სიღრმისეული და ფილოსოფიური წვდომაა, რითაც თავის დროზე გამოირჩეოდნენ ყველაზე დიდი დირიჟორები - ბრუნო ვალტერი, ოტო კლემპერერი, ვილჰელმ ფურტვენგლერი, ჰერბერტ ფონ კარაიანი, რიკარდო მუტი... გასაგებია, რომ ასეთი სახელების შემდეგ ძნელია არქეოლოგიური სამუშაოები ჩაატარო და რაიმე ახალიც გამოძებნო, ან  დაფარულ-დაშიფრული ამოხსნა... მაგრამ ყოველი ახალი ცდა ახალ შესაძლებლობებს იძლევა.

მაგალითად, გრანდიოზულ პირველ ნაწილშიც კი (Allegro) დანიელ ორენი არ კარგავს ოდნავ მიჩქმალულ ლირიკულ და ფსიქოლოგიურ შრეებს, რომლებსაც, როგორც წესი, დირიჟორები ვერ ამჩნევენ და რომელსაც უფრო ფაქიზად გააღრმავებს მესამე ნაწილში (Adagio molto e cantabile). ასევე შთამბეჭდავი იყო სიმებიანი ინსტრუმენტების სინქრონიზაცია და ხარისხი. საერთო სურათს ოდნავ აფუჭებდა ჩასაბერებისა და სასულეების აცდენა-ჩამორჩენები, თუმცა ეს უფრო „ფართოდ დახუჭული ყურების“ მქონე მელომანებს უფრო ეხებათ.

შესანიშნავად გაისარჯა და დაიხარჯა  გუნდიც. მშვენივრად ისმოდა სოლისტების ხმებიც. „ქეთო და კოტეს“ შემდეგ კიდევ ერთხელ სასიამოვნოდ გაგვაოცა ტენორმა არმაზ დარაშვილმა, რომელსაც კარგი პერსპექტივა აქვს. აღარაფერს ვამბობთ იანო ალიბეგაშვილისა და ნინო სურგულაძის ხმებისა და პროფესიონალიზმის შესახებ. ბოლო დღეს გახდა ცნობილი, რომ ბანის პარტიას ლეგი იმედაშვილი შეასრულებდა და მიუხედავად ცაიტნოტისა, მანაც მშვენივრად იმღერა. პირველ ვოკალურ ფრაზას მეოთხე ნაწილში (Presto) ხომ სწორედ ბანი იწყებს - “O, Freunde“…“ო, მეგობრებო!“.

ასე რომ, თეატრის მოწვეული მუსიკალური დირექტორის, მაესტრო დანიელ ორენის მორიგი და დროებითი „მოქცევა“ თბილისის ოპერაში, ვერდისა და ბეთჰოვენის დახმარებით, კიდევ ერთი მაგალითია, რას ნიშნავს სინამდვილეში დიდი გაქანებისა და მასშტაბის დირიჟორი. მომდევნო მოქცევის ჟამს კი მისი ინტერპრეტაციით უკვე მასნეს ოპრას „ვერტერს“ მოვუსმენთ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

17 აპრილი
17 აპრილი

ვცხოვრობდით ხელოვნებით

ქართველი საოპერო ვარსკვლავები - გიორგი გაგნიძე, ნანა ქავთარაშვილი და ვალერიან გამგებელი „ტოსკას“ თბილისურ პრ ...
17 აპრილი
17 აპრილი

გრიგოლ გეგელიას იდეალი

გრიგოლ გეგელია დაიბადა თბილისში. მამა, პროფესორი გიული გეგელია - მსოფლიოს არქიტექტურული აკადემიის აკადემიკოსი, საქართველ ...
17 აპრილი
17 აპრილი

როსღა გვეღირსოს ჩვენ აზერბაიჯანელი ან სო ...

ათ წელიწადში საქართველოს პრეზიდენტად უნდა ავირჩიოთ ეთნიკურად აზერბაიჯანელი (ან სომეხი) საქართველოს მოქალაქე. რა ნიშნავს ...

მეტი

^