Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქალების სექსუალური შევიწროება - პრობლემა, რომელსაც კანონი არ იცნობს

24 ივლისი 2015

“ერთი კვირის წინ თბილისიდან ქალაქგარეთ მივდიოდი. ხუთი საათის სავალი გზა იყო. ამ ხუთი საათის განმავლობაში ორმოციოდე წლის კაცი ჩემთან შეხებას, ჩემი მესიჯების წაკითხვას, ტელეფონის ნომრის გამორთმევას ცდილობდა. ვუყვირე, მაგრამ არავის უცდია ჩემი დახმარება. ყოველი მგზავრობისას ვგრძნობ კაცების ხამ თვალებს, რომლებიც მზად არიან იძალადონ ჩემზე და ვგრძნობ, რომ ასეთ ვითარებაში არავინ დამეხმარება”, - ყვება ნათია ქარჩილაძე. ნათია 21 წლისაა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სწავლობს. ამ შემთხვევის გარდა, მას ბევრი ისტორია ახსენდება, თუ როგორ ცდილობდნენ საჯარო სივრცეში მის სექსუალურად შევიწროვებას:

“იყო შემთხვევა, როცა შუახნის მამაკაცი ჩემს უკანალზე შეხებას ცდილობდა. ერთხელ დაახლოებით 30-40 წლის კაცი მაწვებოდა, რომ მკერდზე შემხებოდა. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა მე და ჩემი სამი მეგობარი გოგო ბათუმის პლიაჟზე ვისხედით. ორი ახალგზარდა ბიჭი მოვიდა და ხუმრობით საბუთების წარდგენა და გაყოლა მოგვთხოვა. თავს არ გვანებებდნენ, ძალიან შეგვავიწროვეს. ამიტომ 112-ში დავრეკე. ოპერატორმა გვიპასუხა - "მერე ჩვენ რა გიყოთო". პოლიცია მაინც გამოვიძახე და როცა მოვიდნენ, დაგვცინეს - მაგისთვის ვინ უნდა დავიჭიროთო და წავიდნენ. მე კიდევ მინდოდა, რომ გავყოლოდი განყოფილებაში და საქმე ბოლომდე მიმეყვანა. პოლიციელებმა კი მიპასუხეს, რომ არ ღირდა ვითარების გამძაფრება”.

ნათიას მას შემდეგ პოლიციისთვის აღარ მიუმართავს, ცდილობს საკუთარი ძალებით გადაჭრას პრობლემა. მიიჩნევს, რომ სამართალდამცველები მამაკაცის მხრიდან ქალის სექსუალური შევიწროვების შემთხვევებს არასერიოზულად უდგებიან, რადგან მათთვის ასეთი შემთხვევები ნორმალურია და კანონდარღვევად არ მიიჩნევა:

“ირღვევა ჩემი პირადი სივრცე. ვგრძნობ ცხოველურ დამოკიდებულებას და ეს შეურაცხმყოფს როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად. ირღვევა ჩემი უფლებები და ყველაზე მთავარი ისაა, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია საზოგადოებაში. გაივლი ქუჩაში და ვიღაც ბიჭი რაღაცას მოგაძახებს უკან და შენც ბედნიერი უნდა იყო, რომ საპირისპირო სქესი შენ მიმართ ყურადღებას იჩენს”.

ზარიძე პატრულის თანამშრომელია და თბილისის მეტროში მუშაობს. მას საჯარო ტრანსპორტში ადამიანების მათი უფლებების შელახვისგან დაცვა ევალება, თუმცა არასოდეს სმენია მეტროში ქალების სექსუალური შევიწროვების ფაქტების შესახებ:

“არის შემთხვევები, როცა მგზავრი მთვრალია და იგინება, მაგრამ ქალისთვის მამაკაცს რომ შეურაცხყოფა მიეყენებინოს, არ მსმენია, არავის უთქვამს”.

რომან ქევხიშვილი ასევე პატრულის თანამშრომელია, რომელიც მეტროს კურირებს:

“ზედა და ქვედა ვესტიბიულებში პატრული მუშაობს. ამიტომ ჩვენთან მსგავსი ფაქტები არ ხდება”.

“ლიბერალთან” საუბრისას ვერც ავტობუსის კოტროლიორებიც იხსენებენ ქალების შევიწროვების ფაქტებს.

“ბოლო შემთხვევა წუხელ იყო. დაახლოებით საღამოს 11 საათზე ფეხით სახლისკენ მივდიოდი. ვიღაც ტიპი ამეტუზა უცებ და მეუბნება:

- ერთი გზა გვაქვს და ერთად ვიაროთ ბარემ.

- არა

- რატომ? ლამაზი გოგო ხარ!

ეს საერთოდ რა არგუმენტი იყო?! მაშინვე მეორე მხარეს გადავედი და ტრანსპორტის მოსვლას დაველოდე. სანამ მარშუტკა მოვიდა, ის ტიპი, რა თქმა უნდა, მელოდებოდა. ღამე ნაკლები ხალხი მოძრაობს ქუჩაში და დიდ გულზე არიან ხოლმე. ასეთი ტიპების წარმოდგენით, თუ პატიოსანი გოგო ხარ, ღამით გარეთ არ უნდა დადიოდე”, - ჰყვება ნუკა ზურაშვილი. მისი თქმით, მსგავს ფაქტებს იმდენად სისტემატური ხასიათი აქვს, რომ ამ გარემოებებს უკვე შეჩვეულია. თუმცა მსგავს სიტუაციებში საინტერესო ისაა, რომ ხშირად მგზავრები, გამვლელები ამჩნევენ რომ მსხვერპლი ხარ, მაგრამ რეაქცია არ აქვთ:

“ასეთ შემთხვევებს აღვიქვამ როგორც ჩემი უფლებების დარღვევას და ძალიან განვიცდი, ანუ გამოდის, რომ საღამოს თავისუფლად სეირნობის ან მშვიდი მგზავრობის უფლება არ გაქვს”.

უკვე დასრულდა “გადაკიდების კანონზე” მუშაობა და ამ დროისთვის ის საჯარო განხილვისთვის იუსტიციის სამინისტროს აქვს გამოტანილი. მუხლი შემდეგნაირადაა განმარტებული - არაკანონიერი თვალთვალი, განმეორებითი შევიწროება, დევნა, მუქარა, პირადი, სატელეფონო, ელექტორნული ან მესამე პირის მეშვეობით კომუნიკაციის დამყარება ან სხვა ქმედება, რომელიც მსხვერპლში მძიმე ფსიქოლოგიურ სტრესს და მის, მისი ახლობლის ან საკუთრების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს იწვევს და აიძულებს მსხვერპლს მნიშვნელოვნად შეცვალოს ცხოვრების წესი.

მსგავსი ქმედება ამ დრომდე დასჯადი არ იყო. კანონპროექტის მომზადებაზე “საფარის” იურისტი ბაია პატარაია მუშაობდა, თუმცა, მისი თქმით, ამ კანონი არ ითვალისწინებს ნათია ქარჩილაძის, ნუკა ზურაშვილის და სხვა ქალების შევიწროების შემთხვევებს:

„გადაკიდება, მაგალითად, განმეორებითი თვალთვალი, სისტემატური ხასიათის დანაშაულია. სექსუალური შევიწროება კი (საჯარო ტრანსპორტში არასასურველი და უხამსი შეხება) შეიძლება ერთჯერადად მოხდეს. გადაკიდების მუხლი უკვე დამუშავებულია და მალე პარლამეტს წარედგინება, ხოლო სექსუალური შევიწროების პროექტი ჯერ არ არსებობს“.

როგორც შსს-ში განმარტავენ, საქართველოს კანონმდებლობით ზემოთ ხსენებული შემთხვევები დასჯადი არაა. ქალები ცდილობენ არ ჩაიცვან სექსუალურად, თხოვონ სხვა ადამიანებს სახლში გაცილება და ერიდებიან ღამე ქუჩაში გამოსვლას. მათი უმეტესობა პოლიციას არ მიმართავს,

რადგან იმავე სექსისტურ დამოკიდებულებას, რისი მსხვერპლებიც თავად არიან, სამართალდამცველებისგან გრძნობენ. თუკი საქმეში პოლიცია ჩაერევა, მათ მოძალადის მიმართ მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილების უფლება აქვთ.

2014 წლის სექტემბერში „ქალთა საინფორმაციო ცენტრმა“ თბილისის მეტროს სადგურებში სექსუალური შევიწროების სწრაფი შეფასება ჩაატარა. გამოკითხვაში 200 ქალი მონაწილეობდა. მათგან 90-ს, ანუ 45%-ს მეტროში მგზავრობისას სხვადასხვა სახის სექსუალური შევიწროება განუცდია.

სექსუალური შევიწროების ფაქტზე რეაქცია არ ჰქონია გამოკითხულთა 78,9%-ს.

85.5% ამბობს, რომ მსგავს სიტუაციაში მათ არავინ დაეხმარა. პოლიციისთვის არცერთ მათგანს არ მიუმართავს.

„ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ წარმომადგენლების თქმით, სექსუალური შევიწროების შესახებ საზოგადოების ცნობიერება დაბალია და ამ პრობლემას სერიოზულ საფრთხედ ან პრობლემად არ აღიქვამენ. ამას ისიც მოწმობს, რომ სამართალდამცავი ორგანოებისთვის არცერთ რესპოდენტს მიუმართავს. კვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ამ პრობლემის შესახებ საჭიროა საზოგადოების ინფორმირება და კანონი, რომელიც სექსუალური ძალადობის ფაქტების გამოვლენასა და პრევენციას შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, მათი მტკიცებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში უსაფრთხოების დაცვის მეტი საშუალება უნდა არსებობდეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^