Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როცა ზოოპარკი აღარ გვაქვს

29 ივლისი 2015

ზოოპარკის დაახლოებით 2/3 განადგურებულია. ქვედა ნაწილში ვოლიერების აღდგენა გამორიცხულია. ვცდილობთ გავასუფთავოთ, წესრიგში მოვიყვანოთ ის, რაც გადარჩა, მათ შორის კარგი ვოლიერები,  ცხოველები, მოკლედ, მთლად წყალწაღებულებიც არ ვართ.

ძირითადი გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია, ვგულისხმობ ლაფის გატანას. თუმცა ჯერ კიდევ საკმაოდ ბევრი რამ არის გასაკეთებელი - ყველაფერი დასასუფთავებელია, ასფალტის საფარიც დაზიანებულია, გამხმარი ტალახი მოსაშორებელია, გასაწმენდია მთლიანად ამორტიზებული და ლაფით სავსე პრიმატებისა და მტაცებლების ვოლიერი. ზაფხულია და დაავადებების გავრცელების გარკვეული რისკებიც არსებობს. განადგურებულია მთელი აღჭურვილობა, ფაქტობრივად აღარაფერი დაგვრჩა.

ამ ეტაპზე სამუშაოებში მხოლოდ ზოოპარკის თანამშრომლები არიან ჩართული. იმედი გვაქვს, რომ მერიაც დაგვეხმარება. გვჭირდება მცირე ტექნიკა: პატარა ზომის ტრაქტორები, სარწყავი მანქანები და ასე შემდეგ. სხვაგვარად შეუძლებელია. სამუშაო ძალიან ბევრია, საჭიროა დამატებითი ხელები.

ზედაპირული დათვლით ზარალი სამ მილიონ-ნახევარ ლარს აღწევს, ისიც ცხოველების საბალანსო ღირებულების გათვალისწინებით, რაშიც ძირითადად ტრანსპორტირების ხარჯებია გათვალისწინებული და არა ცხოველების ღირებულება. თუკი ცხოველების ღირებულებას გენეტიკური ან კონსერვაციული ფასეულობის მიხედვით დავითვლით, საუბარი უკვე ათეულობით მილიონზე იქნება. მხოლოდ ქოჩორა გიბონის ასეთი ფასი, რომელიც ევროპის ზოოპარკებშიც კი ძალიან ცოტა ჰყავთ, ძალიან მაღალია.

დრო ფაქტობრივად არ გვაქვს. ძალიან ბევრ ცხოველს და პირველ რიგში ბეჰემოტს სასწრაფოდ სჭირდება ახალი ვოლიერი. ამ ცხოველისთვის ზამთარში აუცილებელია თბილი წყლით სავსე დახურული აუზი. ის კი სტიქიის შედეგად განადგურდა. ცხოველის ტრანსპორტირება საკმაოდ რთული საკითხია, თანაც ახლო-მახლო ზოოპარკებში ამის შესაძლებლობა არ არის. ერთადერთი გამოსავალი ახალი ვოლიერის აშენებაა. პირველ რიგში ამას ვითხოვთ.

ახალი ვოლიერია საჭირო ნიანგებისთვისაც, რომლებიც ახლა პინგვინის ვოლიერში იმყოფებიან. თბილი წყალი მათაც სჭირდებათ. მისახედია მარტორქის შენობა, სითბო მისთვისაც აუცილებელია. ეს იმ ცხოველების ჩამონათვალია, რომლებიც პირველ რიგში უნდა გადავიდნენ ახალ ვოლიერებში.

ზოოპარკი ქალაქისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილი იყო. ამაზე სტუმრების რაოდენობაც მეტყველებდა. ცუდ ამინდშიც კი საკმაოდ დიდი რაოდენობით ადამიანი გვსტუმრობდა. ხალხს უყვარდა ზოოპარკი. ეს მათ იმ მძიმე დღეებში გვერდში დგომით დაგვანახეს კიდეც.

ზოოპარკი უნდა აღდგეს, ის მაინც გაიხსნას, რაც დღეისთვის გადარჩენილია. პარალელურად კი ახალ ადგილმდებარეობაზეც უნდა ვიფიქროთ. ამ მიმართულებით სხვადასხვა დონორებთან ვმუშაობთ, ყველანი მოტივირებულნი არიან.

არაერთხელ დაისვა შეკითხვა, არსებობდა თუ არა ევაკუაციის გეგმა. ამაზე კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა - როდესაც მოვლენები ასეთი სისწრაფით ვითარდება, ამ დროს ევაკუაციის ვერანაირი გეგმა ვერ იმუშავებს. დრო რომ გვქონოდა და რამდენიმე საათით ადრე მიგვეღო ინფორმაცია, გარკვეული ზომების მიღება შესაძლებელი იქნებოდა. გასაგებია, რომ რთულია, თუმცა მოსაწესრიგებელია ადრეული შეტყობინების სისტემები.

სტიქიის ღამეს სხვა ტიპის პრობლემებიც შეიქმნა - სამართალდამცველები არ იცნობდნენ ზოოპარკის თანამშრომლებს. ასეთი შემთხვევებისას მათთვის სათითაოდ უნდა დამერეკა. ასევე, მოდიოდა გაურკვეველი ინფორმაციაც, ერთი და იგივე მკვდარი ვეფხვის შესახებ ცნობა 2-დღიანი ინტერვალით 2-ჯერ მივიღეთ. შესაბამისად, ამან გამოიწვია შეცდომა დახოცილი ცხოველების რაოდენობასთან დაკავშირებით. ერთი ასეთი განცხადებაც მოვისმინე, რომ თურმე დახოცილი ცხოველები ტერიტორიიდან ჩვენ უნდა გაგვეყვანა. შემდეგ დღეებში ამ ტიპის პრობლემები თითქმის აღმოიფხვრა, თუმცა სტიქიის პირველ დღეს გარკვეულ არეულობას ჰქონდა ადგილი.

ამ ვითარებით ზოგიერთმა ადამიანმა ბოროტად ისარგებლა და მღვრიე წყალში თევზის დაჭერას შეეცადა. კონკრეტულად ვგულისხმობ კამპანიას - უნდა არსებობდეს თუ არა ზოოპარკი. პირველ რიგში თუნდაც გადარჩენილი ცხოველების შველა იყო საჭირო.  რატომღაც ეს ადამიანები ამ საქმით არ დაკავებულან, ცხოველების გადარჩენის პრეტენზია კი ჰქონდათ. ასეთ დროს ასეთ საქციელსა და მოროდიორობას შორის განსხვავებას ვერ ვხედავ -  ადამიანი ქურდობით ეცდები ხეირის მიღებას თუ სხვა მეთოდით, ამაში დიდი განსხვავება არ არის. საკმაოდ რთული იყო ამ ყველაფრის ყურება. ვცდილობდით, მსგავსი ტიპის ბრალდებებზე ნაკლებად გვეპასუხა, თუმცა ისიც შეუძლებელი იყო, რომ მათზე რეაქცია არ გვქონოდა.

ძალიან სამწუხაროა, რომ აღარ არსებობს პრიმატების განყოფილება, აქ მხოლოდ და მხოლოდ ლემურების ვოლიერი დაგვრჩა. მთლიანად განადგურებულია ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ფართო განყოფილება - მტაცებლების განყოფილება.

გვყავდა ცხოველები, რომლებიც თბილისის ზოოპარკის სახეს წარმოადგენდნენ, რომლებთანაც განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა. თითოეული მათგანი ჩამოყალიბებული ინდივიდი იყო, თავისი ქცევა, ხასიათი ჰქონდა. მომხდარი ემოციურად ძალიან მძიმე იყო ზოოპარკის თითოეული თანამშრომლისთვის.

საკმაოდ ტრაგიკულია კარაკულასა და შუმბას ისტორია. მათი ვოლიერი ისეთ მდგომარეობაშია, მის აღდგენას მგონი არანაირი აზრი აღარ აქვს. რაც შეეხება შუმბას, ის თავისი ვოლიერის გვერდით იპოვეს მკვდარი. შორს არ იყო წასული. საწყალი კარაკულა კი ერთ-ერთი მანქანის სახურავზე ვნახეთ. ის ახლა თავს კარგად გრძნობს. შუმბა ჩვენი ზოოპარკის სიმბოლო იყო და მისი ფიტულის სახით შენარჩუნება გადავწყვიტეთ.

რა მოხდა რეალურად, ამაზე პასუხს ვეტერინარული დათვალიერება გაგვცემს. შუმბას გვამი ჯერჯერობით გაყინულია. გარკვეული დროა საჭირო, რომ გალღვეს და შემდეგ ექსპერტიზა ჩავუტაროთ. არ გვინდა შეცდომა დავუშვათ და ვინმეს დაუფიქრებლად დავდოთ ბრალი. 

დაბოლოს, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენ გვერდით იდგა და ჩვენთან ერთად ზრუნავდა გადარჩენილ ცხოველებსა თუ ზოოპარკის იმიჯზე, რისი შელახვის მცდელობაც არაერთხელ იყო სხვადსხვა აბსურდული ბრალდებებით. სწორედ ასეთი ხალხის გვერდში დგომა გვაძლევს მოტივაციას და ძალას, რომ ჩვენს თავზე დატეხილ უბედურებას გავუმკლავდეთ და უკეთესი ზოოპარკი აღვადგინოთ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^