Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ევროკავშირის მხარდაჭერა

04 დეკემბერი 2018

საქართველოში  მოსახლეობისთვის ერთ-ერთი უპირველი პრობლემა დასაქმებაა. ეს განსაკუთრებით ნათლად ჩანს რეგიონებში სადაც სამუშაო ადგილების ნაკლებობასთან ერთად კვალიფიციური კადრების დეფიციტიც არსებობს. განსაკუთრებული ხელშეწყობა კი პროფესიული განათლების მიმართულებას სჭირდება.

ამის საპასუხოდ ევროკავშირი საგრანტო პროექტებს აფინანსებს .

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქუთაისი)

2014 წელს ევროკავშირის პროექტის – „საქართველოში აგრობიზნესის ფორმალური და არაფორმალური პროფესიული განათლების განვითარების“ ფარგლებში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ჩეხურ არასამთავრობო ორგანიზაციას – „ადამიანი გაჭირვებაში“ (PIN) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამ თანამშრომლობის შედეგად, უმაღლეს სასწავლებელში ცვლილებების მთელი ჯაჭვი გატარდა: შემუშავდა უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ქვესტრატეგია, დაინერგა მოდულური პროფესიული პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის თანამედროვე მიდგომები, გადამზადდნენ როგორც ადმინისტრაციის თანამშრომლები, ასევე ლექტორები და მასწავლებლები, შემუშავდა  სახელმძღვანელო-გზამკვლევები მოდულური პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი პირებისათვის. ფაქტობრივად, მოხდა უნივერსიტეტის, როგორც პროფესიულ-ტექნიკური განათლებისა და პროფესიული მომზადების წამყვანი მიმწოდებლის, როლის გადახედვა და კერძო სექტორთან მისი თანამშრომლობის გაფართოება. ამ ყოველივემ, თავის მხრივ, დასაქმების სურვილის მქონე ახალგაზრდებისთვის იგი გაცილებით პერსპექტიული და მიმზიდველი გახადა.

როგორც უნივერსიტეტში აცხადებენ, თავდაპირველად, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, თანამშრომლობა აგრარულ ფაკულტეტთან დაიწყო, რადგან ეს ჩვენი ქვეყნის გამოწვევებს პასუხობდა სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების კუთხით. 2015 წელს, PIN-თან თანამშრომლობის შედეგად, აწსუ-მ მჭიდრო ურთიერთობა დააამყარა კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (ctc), PIN-ის პარტნიორ ორგანიზაციასთან.

მას შემდეგ, რაც გამოიკვეთა უნივერსიტეტის საჭიროებები პროფესიული პროგრამების განვითარების კუთხით, 2016 წელს, ctc-ის დახმარებით, უნივერსიტეტმა შეიმუშავა პროფესიული განათლების სუბსტრატეგია, რომელშიც ჩართულნი იყვნენ როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, ასევე ფაკულტეტების ადმინისტრაციის წარმომადგენლები. მათ მიერ მომზადდა პროფესიული განათლების სუბსტრატეგიის განსახორციელებელი სამოქმედო გეგმა და მონიტორინგის მატრიცა.

2016 წლისათვის კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრმა აწსუ-ს აკადემიური პერსონალისათვის ჩაატარა ტრენინგები შემდეგ თემებზე: ზრდასრულთა სწავლების მეთოდები და გამოყენებითი კვლევა სასწავლო დაწესებულებების მართვისათვის. ჯამში, კურსი გაიარა ადმინისტრაციის 25-მა წარმომადგენელმა, 30-მდე ლექტორმა და მასწავლებელმა. 2016 წლიდან უნივერსიტეტი ახორციელებს პროფესიულ პროგრამებს შემდეგი სპეციალობებისათვის:

  • საბაჟო საქმის სპეციალისტი;
  • სასტუმრო საქმის სპეციალისტი;
  • სარეკლამო აგენტი;
  • ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგი;
  • ბიბლიოთეკარი;
  • სისტემების ადმინისტრატორი;
  • ტანსაცმლის მხატვრული კონსტრუირების სპეციალისტი;
  • ფეხსაცმლისა და ტყავის აქსესუარების სპეციალისტი;
  • დეკორატიულ-გამოყენებითი ქსოვილების სპეციალისტი;
  • ავეჯის კონსტრუირების სპეციალისტი;
  • სატრანსპორტო ლოგისტიკის ოპერატორი.

პროფესიული პროგრამების დანერგვისა და განხორციელების პროცესში გამოიკვეთა ახალი საჭიროებები, კერძოდ: მოდულური პროგრამების რეკლამირება, ინფორმაციის გავრცელება დაინტერესებული პირებისათვის, დამსაქმებლებსა და საწარმოებთან კონტაქტების განვითარება, მათი ინფორმირებულობა უნივერსიტეტის შესაძლებლობების შესახებ, პროფესიული პროგრამების მასწავლებელთა კვალიფიკაციის ზრდა და მათი ტრენინგები, პროფესიული პროგრამების ადმინისტრირება ფინანსური და სასწავლო პროცესის მართვის კუთხით.

2017 წელს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, ქუთაისის მერიის, ERASMUS+-ის საქართველოს ეროვნული ოფისისა და PIN-ის მხარდაჭერით, გამართა მეორე საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „უმაღლესი განათლება – ახალი ტექნოლოგიები და ინოვაციები“, HENTI – 2017. კონფერენციაზე 10 სხვადასხვა სამეცნიერო სექცია იყო წარმოდგენილი. მათ შორის ერთი, სახელწოდებით „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება – პრობლემები და პერსპექტივები“, პროფესიულ სწავლებას დაეთმო.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის – „საქართველოში აგრობიზნესის ფორმალური და არაფორმალური პროფესიული განათლების განვითარება“ – მონაწილე.

მინდია ქარქაშაძე, 50 წლის

ფუტკრების მონახულება – ეს მისი ყოველდღიური საქმეა. დილით, სამსახურში წასვლამდე და შემდეგ, შინ დაბრუნებამდე აუცილებლად ჩამოუვლის ხოლმე თავის ფუტკრებს და დახედავს, ხომ ყველაფერი რიგზე აქვთ. მეფუტკრეობა მინდია ქარქაშაძის მთელი ცხოვრების საქმეა. საქმე და სიყვარული, რომელსაც ის უკვე 20-წელზე მეტია მისდევს.

მინდია თერჯოლის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო და საკონსულტაციო ცენტრის მთავარი სპეციალისტია. მისი ძირითადი საქმიანობა ფერმერების კონსულტირება, მათთვის მნიშვნელოვან საკითხებში დახმარების აღმოჩენა და სხვადასხვა პროგრამაზე ინფორმაციის მიწოდებაა. როგორც თავად ამბობს, მეფუტკრეობა მის ცხოვრებაში დიდი ხნის წინ გაჩნდა, 1997 წელს, როდესაც ამ საქმით პირველად დაინტერესდა და თავისი პირველი ფუტკრის ოჯახიც შეიძინა.

ყველაფერს გამოცდილების გაზიარებით და სხვებზე დაკვირვებით სწავლობდა – „ნელ-ნელა მივიწევდი წინო“. ფუტკრების სულ რამდენიმე ოჯახით მიღებული თაფლი კი, საკუთარ ოჯახსა და მეზობლებში მოიხმარებოდა. „სახლში შაქარს აღარც ვხმარობთ, მარტო თაფლი და თაფლი“ გვაქვსო, მეუბნება. ფუტკრის ოჯახის მოვლას ბევრი დრო და ყურადღება სჭირდება – „მუდმივად უნდა აკვირდებოდე, უნდა იზრუნო მათ პირობებზე, განვითარებაზე. ზამთარში ეს შრომა კიდევ უფრო მეტ დროს მოითხოვს, რადგან თუ ფუტკარს საჭირო პირობები არ შეუქმენი, ის შეიძლება დაიღუპოს. თუ სკაში სიცივე შედის, მაშინ ფუტკარს მეტი ენერგიის დახარჯვა უწევს და თაფლის ჭამაზე გადადის. ბარტყი თუ გადაუცივდა, დაიღუპება და ამას, მთელი ოჯახის განადგურება შეიძლება მოჰყვეს“, – მიხსნის დეტალებს.

როგორც აღმოჩნდა, ქარქაშაძეების ოჯახში მეფუტკრეობა საკმაოდ პოპულარული საქმეა. რამდენიმე წლის წინ ამ პროცესში მისი შვილებიც ჩაერთვნენ და სწორედ მისი ვაჟის მიერ დაარსებული პროექტით „ფუტკრების სამყარო“ მიიღეს მონაწილეობა ევროკავშირის პროგრამაში. პირველ ეტაპზე მოგებული თანხით 8 სხვადასხვა ტიპის სკის შეძენა შეძლეს. თითოეული სკა სხვადასხვა სახეობისაა და მათზე დაკვირვების შედეგად, მეფუტკრეობაში სრულიად ახლებური მიდგომის დანერგვის საშუალებას იძლევა. აი, მაგალითად, პენოპოლიურეთანის სკა, რომელსაც ევროპაში ვხვდებით, საქართველოში არც გამოიყენებოდა აქამდე. არადა, ამ მასალისგან დამზადებული სკა ფუტკრებზე ზრუნვის პროცესს გაცილებით ეფექტიანს ხდის.

ამას გარდა, მათ ამ დარგში მუშაობისთვის საჭირო ტრენინგები გაიარეს. ორგანიზაციის მიერ გამართული შეხვედრები კი, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მეფუტკრეები იღებენ მონაწილეობას, გამოცდილების გაზიარებისა და ახალი კონტაქტების დამყარების საშუალებას იძლევა. რაც ნებისმიერი საქმისა თუ ბიზნესისთვის, უპირობოდ აუცილებელი ფაქტორია. ასევე, პროექტის ფარგლებში, ჩამოსულები იყვნენ მეფუტკრეები პოლონეთიდან, უკრაინიდან, ინგლისიდან, ლიტვიდან და რუსეთიდან – „ამას არაფერი შეედრება, ახალი ხალხის და მათი გამოცდილების გაზიარების საშუალება რომ მოგვეცა. ევროკავშირის ეს პროექტი არ ყოფილა მხოლოდ ფინანსური დახმარება, ჩვენ მივიღეთ დიდი ცოდნა, ეს კი საქმეში ფასდაუდებელია“.

ახლა უკვე ფუტკრის 50 ოჯახი ჰყავთ. გეგმავენ, რომ ევროკავშირის პროექტებისა თუ ტრენინგების დახმარებით ყველა იმ ცოდნას დაეუფლონ, რაც მათი ნაწარმის საერთაშორისო სტანდარტებით წარმოებასა და ქვეყნის გარეთ გატანაში დაეხმარებათ.

„ზუსტად ამის კეთებას ვსწავლობთ, ამ ტრენინგებით პერსპექტივა დავინახეთ“, – მეუბნება მინდია.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის „საქართველოში აგრობიზნესის ფორმალური და არაფორმალური პროფესიული განათლების განვითარება“ ბენეფიციარი.

მირიან გოგებაშვილი, 22 წლის

„21-ის? არა, უკვე 22-ის ვარ და მალე 23-ის ვხვდები“, – მეუბნება მირიანი. მირიან გოგებაშვილი ქუთაისში ცხოვრობს. პროფესიით ისტორიკოსს, აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში სწავლისას დამატებით სპეციალობად ჟურნალისტიკა აურჩევია და მას შემდეგ, ეს პროფესია, შეიძლება ითქვას,  ამოჩემებულიც კი აქვს. ზუსტად იცის, რომ ბავშვობის ოცნებას აუცილებლად აისრულებს და ჟურნალისტი გახდება. ამ პროფესიაში ხომ ყველაზე მეტად მუდმივი თავგადასავლები ხიბლავს.

აქტიური ადამიანია. ამისათვის მისი ახლოს გაცნობა სულაც არაა საჭირო. უბრალოდ უნდა მოუსმინო, სად უმუშავია სტუდენტობის დროს და გაოცდე, როგორ შეიძლება სწავლა და მუშაობა ასე შეუთავსოს ადამიანმა ერთმანეთს. არასამთავრობო ორგანიზაციები, სტუდენტთა ლიგა, ქუთაისის მერიის ახალგაზრდული სამსახური – ეს ყველაფერი ჰობის დონეზე იყო, მოხალისედ მუშაობდა. ჰო, კიდევ ბანაკები, რომელიც ბაკურიანსა და ურეკში ეწყობოდა. „სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის ბანაკები იმართებოდა და მე სტუდენტების ჯგუფს ვირჩევდი ხოლმე, მათი ლიდერი ვიყავი“, მეუბნება სტუდენტობის გახსენებისას. „კი, სულ რაღაცას ვაკეთებდი, აი, მე-10 კლასის მეორე სემესტრიდან მოყოლებული, სულ“.

„რეალურად, ამ ქალაქში სამსახურის მოძებნა ძნელია. ან ძალიან ძლიერი უნდა იყო, რომ სხვას აჯობო, ან ყველაფერი ნაცნობობით ხდება, ალბათ როგორც ყველა პატარა ქალაქში. მერე შენც ეგრე იწყებ ფიქრს, რომ ხო, აქ არაფერი გამოვა. თან როდესაც საზოგადოებასთან ურთიერთობის პრობლემა გაქვს, მაშინ ხომ მით უმეტეს. უნარები არ გაქვს, ან გაქვს და ვერ ამჟღავნებ. საზოგადოებაში ტრიალი ამის დაძლევაში გეხმარება, მაგრამ ამას ყველა ვერ ახერხებს“. ერთხელ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციიდან დაუკავშირდნენ და ევროკავშირის დასაქმების პროექტზე უთხრეს, შესთავაზეს, რომ ეცადა. დასაწყისში მთელ ამ პროცესს ძალიან სკეპტიკურად უყურებდა. მეუბნება, რომ პროექტის წარმომადგენლებს ლამის ბრძოლა მოუწიათ იმისათვის, რომ არ დანებებულიყო:

„იცი, როგორ იყო, როცა იმედი გიცრუვდება და ხელის ჩაქნევა გინდა, ამ დროს კი ესენი გეუბნებიან – არა, გამოვა, გამოვა! 6 გასაუბრების მერე რომ არ გამოდის, გგონია, რომ ესე იგი არც გამოვა. თუმცა... გამოვიდა“.

დღეს მირიანი ქუთაისში „მაკდონალდში“ მუშაობს და, როგორც ამბობს, ყველაფრის კეთება უწევს – მომარაგებიდან დაწყებული, პროდუქტის დამზადებით და კლიენტის მომსახურებით დამთავრებული. „ევროკავშირის ეს პროექტი მარტო იმაში კი არ გეხმარება, რომ დასაქმდე და ფული გქონდეს, არამედ – სასურველი სამსახური მოძებნო და, რაც ყველაზე მთავარია, საკუთარი თავის პოვნა შეძლო“.

მირიანი თავისი აღებული ხელფასით მომავალი გეგმებისთვის ამზადებს ნიადაგს: რუსულში დაიწყო მომზადება, ინგლისურსაც არ ივიწყებს და გერმანულში A2-ის სერტიფიკატის აღება უნდა. მერე ისევ ევროკავშირის პროექტის ფარგლებში ტურიზმის მიმართულებით გაივლის რომელიმე ტრენინგს და... – „არ ვიცი, არ ვაპირებ სულ აქ ყოფნას. ჩემი ბავშვობის ოცნება ხომ ჟურნალისტობაა, ჰოდა,  „ომის ჟურნალისტობა“ მინდა. უკვე გავარკვიე, ამერიკაში არის ამის კურსები, ასე რომ... ვინ იცის, რა იქნება...“ – მეუბნება ბოლოს.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების ადვოკატირება და ლობირება“ ბენეფიციარი.

პატარა საცხობიდან დიდ ბიზნესამდე

როინ ბოლქვაძე, 41 წლის

„არა, იცით, როგორ იყო, ხილვადობა იყო ძალიან ცუდი. ზაფხულში ტურისტების დიდი ნაკადი კი მოძრაობს, მაგრამ ეს მაინც არ შველოდა საქმეს“, – მიყვება როინ ბოლქვაძე. როინი ქედაში, აჭარაში ცხოვრობს. ბათუმი-ხულო-ახალციხის საავტომობილო გზაზე, 53-ე კილომეტრზე პურის საცხობი აქვს, რომელიც 1994 წელს მამამისმა ააშენა. გზიდან ოდნავ მოშორებით მდგარი 90 კვადრატული მეტრის ფართობის საცხობი, ნაკლებად შესამჩნევი იყო ტურისტებისა და გამვლელებისათვის, რაც თავისთავად, ბიზნესზე ისახებოდა.

„ერთხელ, ჩემმა მეგობარმა ევროკავშირის პროექტის შესახებ მიამბო, რომელიც აჭარაში დასაქმებაზე ორიენტირებული განათლებისა და განვითარების სისტემის ამოქმედებას გულისხმობდა. მეც შევედი საიტზე, დავრეგისტრირდი და მართალი გითხრათ, მას მერე, ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა“, – მეუბნება როინი. ცვლილებების შესახებ მოყოლას მამის მიერ აშენებული საცხობით იწყებს – „ეხლა იცით, როგორია? სულ ვიტრინებია გარშემო, კედლის სამივე მხარეს. ხედავ უკვე გზიდან, აბა, რა… მას მერე გაყიდვებიც გაუმჯობესდა და ასე, 35%-ით მაინც გაიზარდა. თან ჩვენთან იცით, როგორაა, ზამთარში 3-4 თვე მაინც ყველა სახლშია გამოკეტილი და თავად აცხობს პურს, ტურისტიც ნაკლებია. ამიტომ ეს უფრო სეზონური ბიზნესი გახდა“. სამაგიეროდ, როინმა „მცირე საოჯახო მეწარმეობის გაძლიერების“ ტრენინგი გაიარა, რომელზეც მიკრო და მცირე ბიზნესის საფუძვლები, პროექტის წერა, ჯანსაღი კონკურენტუნარიანობა და სტრატეგიული დაფინანსება ისწავლა. „ბევრ ტრენინგზე დავდივარ, თან ეს ყველაფერი უფასოა. ძალიან შემეცნებითია და სწორედ ამ ტრენინგებმა უამრავი შესაძლებლობა დამანახა. მეგონა, რომ რაღაცები ვიცოდი და თურმე, ეეეე, სადა ყოფილხარ“, მეუბნება როინი.

ტრენინგების შემდეგ ახალი იდეები გაჩნდა – „პროექტის წერაც ვისწავლე და წინასწარი კვლევის ჩატარებაც. თურმე, თუ კვლევით არ დაიწყე, არაფერი გამოვა. ამ ტრენინგებზე დავინახე, რა და როგორ შემიძლია გავაკეთო და ისიც, რომ ბიზნესი ერთი დღის პრინციპით არ უნდა აკეთო“.

ახლა უკვე სხვა საქმეებიც აქვს. მაგალითად, –„აი, ერისტა, გაგიგიათ ოდესმე? ადგილობრივი, კუთხური საჭმელია, რომელსაც უკვე ძალიან დიდი ხანია აღარავინ აკეთებს. მე კი მისი წარმოება დავიწყე. დედაჩემი მეხმარება და კიდევ ორი ქალი გვყავს დასაქმებული. ნახევარფაბრიკატებს ვაწარმოებ და კიდევ, რესტორნის გაკეთება მინდა“.

მეუბნება, რომ ახლახან კვლევა ჩაატარა, ზუსტად იცის, რა თანხა დასჭირდება  და რომ ძალიან, ძალიან მაგრად იმუშავებს – ვეებერთელა მინდორში ვაზი უნდა დარგოს და იქვე, ხის ძველებური მარანიც გააკეთოს. აბა, ამდენ ტურისტს  წასასვლელი ხომ უნდა ჰქონდეს სადმე?!

არადა, თავის დროზე ბათუმში ისწავლა, ფიზიკა-მათემატიკის სკოლა-ინტერნატში და მერე საერთაშორისო სამართალი – ბათუმის უნივერსიტეტში. რაღაც დროის შემდეგ, უკან, ქედაში „მამის დასახმარებლად“ დაბრუნდა. მერე კი 7 წელი სადღაც იმუშავა და სულ იმას ამბობს – ნეტავ, აქამდე მცოდნოდა ეს ყველაფერი, 7 წელი იმ სამსახურს ხომ არ დავაკლავდი თავსო.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის „დასაქმებაზე ორიენტირებული განათლებისა და განვითარების სისტემის ამოქმედება აჭარაში“ ბენეფიციარი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^