Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როცა ბიჭები ტირიან და გოგოები იბრძვიან

21 დეკემბერი 2018

თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო ფილმები კინემატოგრაფიულ „კოორდინატთა სისტემაში“

გინდა მარცხენა პოზიციიდან გათხარე, გინდა მარჯვნიდან, ფაქტია -  წლების განმავლობაში თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალმა თითქმის გავერანებულ და უჟანგბადოდ დარჩენილ კინემატოგრაფიულ გარემოში ყოველი წლის დეკემბრის რამდენიმე  დღე „ამირანში“, ლამის „ეკოლოგიურ თავშესაფრად“ აქცია. ეს არამხოლოდ იმიტომ, რომ ფესტივალის სხვადასხვა სექციაში მაყურებელს ევროპული კინოს მეინსტრიმლიდერების ან ანდერგრაუნდში საგანგებოდ ჩარჩენილ (რაც, ჩემი აზრით, ასევე მნიშვნელოვანია) რეჟისორთა ფილმების ნახვა შეუძლია. უფრო მნიშვნელოვანია საკონკურსო პროგრამაში მონაწილე ახალგაზრდა თაობის რეჟისორთა სათქმელი, სიმძაფრე და ხშირად, მათი შეუნიღბავ-შეუბრალებელი მზერა. 

ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში სწორედ ჯერ კიდევ გაუკვალავ კინემატოგრაფიულ ბილიკებზე მიმავალი, შეუცნობელ ლანდშაფტებს მონატრებული თუ ურბანულ გარემოში ჩაკარგული ახალგაზრდა რეჟისორების ფილმები ვნახეთ. ისიც უნდა ითქვას, რომ ხშირად თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე წარმატება და შესაბამისად, ოქრო-ვერცხლით მოვარაყებული „პრომეთე“, ერთგვარი ტრამპლინია მათთვის, ვინც შემდგომ უკვე საერთაშორისო კინემატოგრაფიულ აღიარებას მოიპოვებს.

ათ საკონკურსო ფილმს შორის ჟიურიმ საუკეთესოდ დაასახელა და „ოქროს პრომეთე“ საუკეთესო ფილმისათვის გადასცა ბელორუს რეჟისორს, დარია ჟუკს („ბროლის გედი“. ბელორუსი-გერმანია-აშშ-ს კოპროდუქცია); „ვერცხლის გედი“  საუკეთესო რეჟისორისათვის - პოლონურ ფილმს „მშვიდი ღამე“ (რეჟისორი, პიოტრ დომალევსკი). ჟიურიმ საგანგებოდ აღნიშნა  მსახიობ მარტინა აპოსტოლოვას მართლაც შესანიშნავი ნამუშევარი  ნადეჟდა კოსევას ფილმში „ირინა“ (ბულგარეთი).

წლევანდელი კინოფესტივალის ფარგლებში ფართოდ აღინიშნა ბალტიისპირეთის ქვეყნების დამოუკიდებლობის 100 წლისთავი. შესაბამისად, კინოთეატრ „ამირანში“ ლატვიური, ლიტვური და ესტონური კინოფილმების ჩვენება გაიმართა. სექციის Made in Germany-ის ფარგლებში კი მაყურებელს ახალი გერმანული ფილმების ნახვა შეეძლო. შვედეთის საელჩოსა და შვედეთის კინოს ინსტიტუტთან თანამშრომლობით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალმა ასევე საგანგებოდ აღინიშნა დიდი შვედი კინორეჟისორის, ინგმარ ბერგმანის 100 წლის იუბილე. ფესტივალზე უჩვენეს მისი გამორჩეული ფილმები - „პერსონა“, „შემდგომის სონატა“ და „მარწყვის მდელო“.

მნიშვნელოვანია სამი ქართული სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ჩვენება. საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობდა გიგიშა აბაშიძის „მეზობლები“, ხოლო არასაკონკურსო ჩვენებაში - თინათინ ყაჯრიშვილის „ჰორიზონტი“ და ნინო ჟვანიას „აღლუმი“. ისიც აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ ფილმით გაიხსნა წლევანდელი კინოფესტივალი.

სექციაში „რეჟისორი ფოკუსში“ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალმა უკრაინელ რეჟისორს, სერგეი ლოზნიცას უმასპინძლა, ხოლო  საგანგებო სტუმრის სტატუსით ფესტივალს სახელოვანი ბრიტანელი რეჟისორი პიტერ გრინუეი ეწვია. ორივე რეჟისორთან შეხვედრა, ცხადია, წლევანდელი თბილისური „კინოეკოლოგიის“ ერთ-ერთ მთავარ მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა დავუბრუნდეთ, მთავარს - საკონკურსო პროგრამას, რომელსაც გადატვირთული არასაკონკურსო პროგრამის გამო ყველაზე ნაკლები მაყურებელი ჰყავდა.

ადრი ფილმიდან "დონბასი". რეჟისორი: სერგეი ლოზნიცა

ფესტივალმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ სწორედ საკონკურსო პროგრამის ფილმები, როგორც წესი, მედიისა და კრიტიკოსთა ყურადღების მიღმა რჩება. გასაგებია, რომ ბერგმანი, ლოზნიცა და გრინუეი ალბათ უკეთეს ფილმებს გადაიღებდნენ და მათ შესახებ კრიტიკა გაცილებით მეტს ისაუბრებს, ვიდრე დამწყები და ახალგაზრდა ევროპელი რეჟისორების შესახებ. თუმცა უკეთესია, მომავალში მაინც,  ფოკუსი პრესამ და ტელევიზიამ სწორედ საკონკურსო ფილმებისკენ მიმართოს.

მაინც რომელი ფილმები გამოირჩეოდა კინემატოგრაფიულ „კოორდინატთა სისტემაში? რა თვალსაზრისით და ნიშნებით შეიძლება ისინი გამოვარჩიოთ? პირველ რიგში, ალბათ იმით, რომ მთავარი გმირები რეჟისორთა თაობას წარმოადგენენ; მათ განცდებს, მისწრაფებებს, ვნებებს, შეცდომებს, თუ გნებავთ სოციალურ სიშლეგეს... ანუ რეჟისორებისა და მათი მთავარი გმირების ერთგვარი იდენტიფიკაციით, რაც უცნაური სულაც არ არის.

მაგალითად, დარია ჟუკის ფილმის („ბროლის გედი“ ) მთავარი გმირი - ეველინა იურისტია, თუმცა ის ამერიკაში წასვლასა და იქ დიჯეის კარიერაზე ოცნებობს. 90-იანი წლების ბელორუსი, მინსკის უსახური კვარტლები და მისი სულისშემხუთველი ატმოსფერო ზუსტი დეპრესიული ნიშნებითაა აღწერილი. სხვათა შირის, სწორედ ეს გზა გაიარა რეჟისორმაც, რომელიც თავის დროზე მინსკში სწავლობდა და ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს. ცხადია, ფილმში იკითხება დასავლეთ-აღმოსავლეთის დაპირისპირების პოლიტიკური კონტექსტიც, რომელიც მაყურებელს შესაძლოა ზედმეტად მოძველებულად მოეჩენოს. თუმცა, მთავარი გმირის ვნება და მიზანსწრაფვა - შეცვალოს ცხოვრება, გარკვეულ სტერეოტიპებს მაინც ამსხვრევს.

ადრი ფილმიდან "ბროლის გედი". რეჟისორი: დარია ჟუკი

იტალიელი რეჟისორების, დამინო დინოჩენცოსა და ფაბიო დინოჩენცოს ფილმის - „ბიჭები ტირიან“, მთავარი გმირები ახალგაზრდები, მაგრამ ნაკლებად მიზანდასახული და უფრო მეტად ინფანტილური არიან. ისინი რომის ღარიბულ გარეუბანში ცხოვრობენ და „ტკბილ ცხოვრებაზე“ ოცნებობენ, თუმცა კრიმინალურ სამყაროში ჩაფლულებს, მათ არჩევანის საშუალება აღარ გააჩნიათ და ვერც აცნობიერებენ თავიანთი ქმედების შედეგებს. მიუხედავად  სოციალურ-კრიმინალური ექშენის მცდელობისა,  ფილმს აშკარად ეტყობა მატეო გარონეს „გომორას“ გავლენა, რაც შესაძლოა კომპლიმენტადაც შეიძლება იქნეს აღქმული.

„ვერცხლი პრომეთეს“ მფლობელის, პოლონელი რეჟისორის, პიოტრ დომალევსკის  "მშვიდი ღამის“ მთავარი გმირი, ადამიც ახალგაზრდა კაცია, რომელიც საზღვარგარეთ მუშაობს, თუმცა პოლონეთში საშობაო დღესასწაულზე ჩამოდის. ოჯახის წევრებთან გაუცხოება და შემდეგ უკვე მათთან კონფლიქტი ბევრ რამეზე მეტყველებს: შეცდომების არაღიარებაზე, ახლობელ ადამიანებთან  შეუძლებელ სულიერ კავშირსა და მშობლიურ ქალაქთან გაუცხოებაზე. პატრიარქალური სამყაროსა და ცივილიზაციის დაპირისპირება ფილმში საინტერესო ფსიქოლოგიური დეტალებითაა აღწერილი და  მსახიობთა კარგი ნამუშევრებითაც გვამახსოვრდება.

ადრი ფილმიდან "მშვიდი ღამე". რეჟისორი: პიოტრ დომალევსკი

ბელგიელი რეჟისორის, ლუკას დონტის „გოგონა“ ფესტივალის საკონკურსო პროგრამის ერთ-ერთი გამორჩეული ფილმია, რიმელიც ტრანსგენდერის პრობლემას უფრო ფსიქოლოგიური კუთხით წარმოაჩენს. 16 წლის ლარას ოცნება ბალერინობაზე მით უფრო მძაფრია, რაც უფრო მეტად აცნობიერებს, რომ საკუთარი სქესი მისთვის „ხელის შემშლელია“ და ამიტომ ექსტრემალურ გადაწვეტილებას იღებს. ერთი მხრივ, ფილმის  დახვეწილი ვიზუალური მხარე და, მეორე მხრივ, ნატურალიზმის სიჭარბე და სიმძაფრე, გარკვეულწილად  განაპირობებს, იმ წინააღმდეგობრივ შეფასებებს, რომლებიც  ფილმის მიმართ კრიტიკოსებს ჰქონდათ.

„დაჩაგრულ“ ფილმებს შორის კიდევ ერთი შეიძლება დავასახელოთ - რეჟისორ ნადეჟდა კოსევას „ირინა“, რომელიც ასევე „არამტირალა“ და მებრძოლი სულისკვეთების ახალგაზრდა ქალზე მოგვითხრობს. ირინა მიმტანად მუშაობს, თუმცა მას გარკვეული მიზეზებით სამსახურიდან ათავისუფლებენ. ამავდროულად, მისი ქმარი ავარიაში მოჰყვება და ხეიბარი ხდება. ფაქტობრივად, ირინას მთელი ოჯახის რჩენა უწევს და იძულებულია რთული გადაწვეტილება მიიღოს  - სუროგატი დედა გახდეს! თუმცა ეს სულაც არ ამსუბუქებს მის მდგომარეობას. მოკლედ, ნადეჟდა კოსევამ ნამდვილი სოციალური დრამა გადაიღო, რომელშიც მთავარ როლს შესანიშნავად ასრულებს მარტინა აპოსტოლოვა.

მოკლედ, კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამის ფილმები ძირითადად, ახალგაზრდა  გმირების ცხოვრებაში მომხდარ ძირეულ ცვლილებებს, ან  მათ ეგზისტენციურ არჩევანს ასახავენ. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მტირალა ბიჭები გამოსწორდებიან, ან თავიანთი უფლებებისთვის მებრძოლი ქალები გახდებიან უფრო გულჩვილი. მათი გზები კი შესაძლოა მომავალ ფესტივალზე გადაიკვეთოს. სხვათა შორის, 2019 წელს თბილისის კინოფესტივალს საიუბილეო, ოცი წელი შეუსრულდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^