Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზარუჰის, რეიჩელის და ტბების ქალაქი

24 დეკემბერი 2018

ნინოწმინდაში მოსახლეობის 95% ეთნიკურად სომეხია. ქართული ენა ძალიან მცირე ნაწილმა იცის. ამის გამო, ქალაქს სულ უფრო მეტი ახალგაზრდა ტოვებს. მათი უმრავლესობა სწავლის გაგრძელებას ერევანში ამჯობინებს. ადგილობრივებისთვის სოფლის მეურნეობა შემოსავლის მთავარი წყაროა.

...

რეიჩელი ტექსასიდანაა. ჯავახეთის რეგიონში, სკოლებში, ეთნიკურად სომეხ მოსწავლეებს ინგლისურ ენას ასწავლის. რამდენიმე თვეა, რაც საქართველოში ცხოვრობს.

აღმოჩნდა, რომ ნინოწმინდის შესახებ ბევრი რამ იცის. ქალაქის დათვალიერებას მისი დახმარებით ვიწყებთ. გვიყვება, რომ თავიდან ყველას უკვირდა, რატომ გადაწყვიტა 23 წლის გოგომ ამერიკიდან საქართველოში ჩამოსვლა: „ხშირად მეკითხებოდნენ, ამხელა გზაზე მშობლებმა როგორ გამოგიშვესო”.

საქართველომდე რუსეთსა და ყაზახეთში ცხოვრობდა. ამბობს, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მუშაობა მისთვის საინტერესო გამოცდილებაა. ახალგაზრდებისთვის ინგლისური ენის სწავლების პარალელურად, თვითონ აქაურ კულტურასა და ენას სწავლობს. მისი თქმით, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონები გარკვეულწილად გარიყულია და საზოგადოებაში ინტეგრაცია მათთვის ენის ბარიერის გამოც რთულდება: „მარნეულში, აზერბაიჯანელ ახალგაზრდებთან ურთიერთობის დროსაც იგივე განცდა მქონდა. თითქოს ეს ადამიანები ცალკე, სხვებისგან შორს ცხოვრობდნენ”.

მიწა, როგორც გადამრჩენი

ჩვეულებრივ, ჯავახეთში ზამთარი მალე დგება. ზღვის დონიდან 1500-2200 მეტრზე ზამთარი ცივი და თოვლიანია. შემოდგომის დასრულებამდე, ყინულის ფენა ფარავს ხოლმე აქ მდებარე ულამაზეს ტბებსაც. თუმცა, წელს, ნოემბრის ბოლოს, უჩვეულოდ თბილი ამინდია. ნინოწმინდისკენ მიმავალ გზაზე, საღამოს ტბაში დაჭერილი კალმახები რამდენიმე ადგილობრივ ბიჭს, ჯოხზე წამოცმული, გასაყიდად აქვს გამოფენილი.

თევზით ტბისპირა სოფლების გზებზე ვაჭრობენ. ნინოწმინდასთან ახლოს სხვა სოფლებში ძირითადად, კარტოფილი მოჰყავთ და ყიდიან. საოჯახო ფერმებში ყველსა და რძის სხვა ნაწარმს ამზადებენ და საქართველოს სხვა კუთხეებიდან ჩამოსულ ვაჭრებს აბარებენ.

ნინოწმინდა ჯავახეთის რეგიონში ყველაზე პატარა ქალაქია, (მუნიციპალიტეტში დაახლოებით 24 ათასი მოსახლით). უმრავლესობა ეთნიკურად სომეხია, თუმცა ცხოვრობენ რუსები და ეკომიგრანტი ქართველებიც აჭარიდან.

ორსართულიანი შენობის ეზოში, თოკებზე გაფენილი სარეცხის ქვეშ ბავშვები თამაშობენ. იქვე ეზოში, ფიცრულთან ქალები კარტოფილის მოსავალს ახარისხებენ და ტომრებში ანაწილებენ.

ანჟელა 70 წელს გადაცილებულია. მთელი ცხოვრება ნინოწმინდაში გაატარა. ადრე გერმანული ენის თარჯიმნად მუშაობდა. ახლა პენსიონერია. იხსენებს, რომ ძირითადად, ერევანში უწევდა მუშაობა. ურჩევნია, რუსულად გვესაუბროს. ქართული ახალგაზრდებმა უფრო იციანო, გვეუბნება ღიმილით: „კარტოფილი,  ეს არის ჩვენი შემოსავალი. ვყიდით. აქ ყველა მიწაზე მუშაობს, სხვა საშუალება არაა”.

ნინოწმინდაში ბუნებრივი აირი ჯერ კიდევ არაა. წყალიც გრაფიკით აქვთ, მაგრამ ყველაზე მეტად სასმელი წყლის არარსებობა აწუხებთ.

ქალაქში ერთადერთი საბავშვო ბაღია, მოძველებული ინფრასტრუქტურით და არასაკმარისი ინვენტარით. სოფლებში კიდევ უფრო რთული სიტუაციაა, უმეტესობაში ბავშვებისთვის ბაღი არ არსებობს.

დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი შენობას გვათვალიერებინებს და გვიყვება, რა პირობებში უწევთ ყოფნა, როგორი რთულია ბავშვებთან მუშაობა და მათზე ზრუნვა, ისეთ გარემოში, სადაც საბჭოთა პერიოდის შემდეგ არაფერი შეცვლილა.

აღმზრდელებისა და ძიძების ხელფასი მხოლოდ 200 ლარია. მათთან სალაპარაკოდ 4 წლამდე ასაკის ბავშვების ოთახში შევდივართ. ხმაურია. ემილია ფაილევიანიანთან საუბარს ძლივს ვახერხებთ. მას ერთდროულად რამდენიმე ხელი უჭირავს, რამდენიმე აღსაზრდელი ტირის. შეუძლებელია იმის წარმოდგენა, როგორ ახერხებს ერთი აღმზრდელი ამდენი ბავშვის მეთვალყურეობას და მათზე ზრუნვას.

ბავშვებს ქართული ენის გაკვეთილებიც უტარდებათ. ამისთვის ორი აღმზრდელი ჰყავთ. ეკა ანთაძე 20 წელია ნინოწმინდაში ცხოვრობს და მუშაობს. ამბობს, რომ მისი ძალისხმევა უშედეგოა, რადგან ბაღის აღსაზრდელები ქართულ სკოლაში, როგორც წესი, არ შედიან: „აქ რასაც ვასწავლით, ავიწყდებათ. სახლშიც არავინ ელაპარაკებათ ქართულად, ამიტომ, მგონია, რომ დროის ფუჭი ხარჯვაა”.

ბავშვების ნაკურთხი ცხოვრება 

ტერიანის ქუჩაზე, დიდ სათამაშო მოედანზე ბავშვები ფრენბურთს თამაშობენ. ჩანთები მიწაზე უყრიათ. გარეთ, სპორტის გაკვეთილისთვის მშვენიერი ამინდია. ეს ნინოწმინდაში ყველაზე დიდი სომხურენოვანი საჯარო სკოლის ეზოა.

ამ ხმაურისა და ჟრიამულის ფონზე, სკოლის გვერდით დიდ, ქვის გალავნით შემორტყმულ შენობებს ვამჩნევთ, რომლის ცენტრიდანაც ეკლესიის გუმბათი მოჩანს: „ეგ ბავშვთა სახლია, არ მგონია, შიგნით შეგიშვან”, - გვეუბნება სპორტის მასწავლებელი და ბურთს ბავშვებს აწვდის.

ისევ ქუჩაზე გამოვდივართ და ბავშვების დიდ ჯგუფს ვამჩნევთ. შუახნის ქალთან ერთად, გალავანთან ჩერდებიან და მეორე მხრიდან რკინის კარის გაღებას ელოდებიან.

საპატრიარქოს „ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატი” ნინოწმინდაში 2004 წელს გაიხსნა. 180 ბავშვიდან, როგორც ცნობილია, ზოგს მშობელი არ ჰყავს, ზოგი სოციალურად დაუცველია, ნაწილი - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე. პანსიონატის ბაზაზევე შეიქმნა ქალაქში ერთადერთი ქართულენოვანი საჯარო სკოლა, სადაც მოსწავლეების 90% სწორედ ამ ინსტიტუციის მობინადრეა. სკოლაში არ გველაპარკებიან, არც ბავშვებთან შეხვედრის ნებას გვრთავენ.

პანსიონატიდან სკოლამდე დაახლოებით 10 წუთის მანძილია. მცირე მანძილის მიუხედავად, ბავშვები სკოლაში დამოუკიდებლად ვერ დადიან. ყოველ დილით, სპეციალური აღმზრდელი 10-მდე ბავშვთან ერთად სკოლის გზას ადგება, იქ ელოდება და შემდეგ, უკან მათთან ერთად ბრუნდება: „ეს ბავშვები რთულად აღსაზრდელები არიან, მარტოებს ვერ გავუშვებთ”, - გვეუბნება აღმზრდელი პანსიონატთან ლოდინის დროს და იქვე მდგარ ბავშვებზე მიგვანიშნებს: „აქ ისე უვლიან ამათ, საკუთარ სახლში მსგავსი საჭმელი არცერთ,არც კი დაესიზმრება”.

ფოტო: სანამ აღმზრდელი მაღაზიაშია, პანსიონატის ბავშვები გარეთ იცდიან

კარი მძიმედ იღება და იქიდან მონაზონი გამოდის: „ეკლესიური წესები ალბათ იცით. ნომერი დაგვიტოვეთ და მეუფისგან კურთხევა თუ ავიღეთ, დღესვე დაგირეკავთ. სხვანაირად ვერ შემოგიშვებთ”. ნომერს ვუტოვებთ და იქაურობას ვტოვებთ.

ნინოწმინდაში საპატრიარქოს ბავშვთა სახლზე საუბარს სხვა ადგილობრივები თავს არიდებენ და ხშირად გვეუბნებიან, რომ „მანდ რა ხდება, არავინ იცის”. ქალაქში უამრავი მითი არსებობს პანსიონატიდან გამოქცეული ბავშვების შესახებ.

„შიგნით ყველაფერი რომ წესრიგში იყოს, დამალვა და ამხელა გალავანი არ დასჭირდებოდათ“, - გვეუბნება ნინოწმინდელი ტაქსისტი.

სულ რაღაც სამი თვის წინ ბავშვებთან ლაპარაკის საშუალება არ მისცეს პანსიონატში მონიტორინგის მიზნით მისულ სახალხო დამცველის წარმომადგენლებსაც. ბავშვთა სახლის ადმინისტრაციამ მათ ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა.

საპატრიარქოს ბავშვთა სახლებში არსებული მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშებში ყოველწლიურად იწერება. ომბუდსმენი მთავრობას წლებია მოუწოდებს, რომ ეს პანსიონატები ბავშვებზე ზრუნვის სტანდარტების ქვეშ მოექცეს. დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი, რომელიც ბავშვების დიდი ინსტიტუციების დახურვას ითვალისწინებს, რელიგიური კონფესიის დაქვემდებარებაში არსებულ დაწესებულებებს ჯერჯერობით არ ეხება.

ცხადია, ნინოწმინდის პანსიონატიდან ჩვენთვის არავის დაურეკავს. ამიტომ, მეორე დღეს კიდევ ერთხელ მივედით გალავანთან. რკინის კარზე დიდი ხნის კაკუნის შემდეგ იმავე მონაზონმა ახლად გაღებული კარი სიტყვაუთქმელად მოგვიხურა. რაც ნიშნავდა, რომ ჩვენი სურვილი - ახლოს გვენახა, როგორ ცხოვრობენ ბავშვები გალავნის უკან, უშედეგოდ დასრულდა.

ახალგაზრდები თვითონ ცვლიან ქალაქის ცხოვრებას 

ნინოწმინდის ახალგაზრდული ცენტრის შესახებ რეიჩელისგან გავიგეთ. რეიჩელი აქ  თვითონაც დადის და ცენტრის თანამშრომლებს ეხმარება როგორც ინგლისური ენის გაკვეთილების ჩატარებაში, ასევე სხვა ღონისძიებების დაგეგმვაში.

ახალგაზრდული ცენტრი ნინოწმინდაში ერთადერთი ადგილია, სადაც სკოლის მოსწავლეებსა და ახალგაზრდებს შეკრება შეუძლიათ, ერთმანეთს იდეებს უზიარებენ, გენდერული თანასწორობისა და ტოლერანტობის შესახებ ღონისძიებებსა და აქციებს გეგმავენ, ინგლისურს სწავლობენ.

მერუჟი 21 წლისაა. სკოლა უკვე დაამთავრა და ერევანში დაუსწრებელ ფაკულტეტზე სწავლობს. ნინოწმინდის ახალგაზრდულ ცენტრთან კავშირი არ გაუწყვეტია და ახლა თვითონ ატარებს ტრენინგებსა და აქციებს.

„14 წლის ვიყავი, ამ ცენტრის შესახებ როცა გავიგე. სკოლაში ვიყავი, კლასელებმა მითხრეს, მოდი სკოლიდან გავიპაროთ, რაღაც ცენტრია და იქ გავატაროთ დროო. ასე აღმოვჩნდი პირველად აქ. გენდერულ თანასწორობაზეტრენინგი ტარდებოდა, დავინტერესდით და მას მერე დავდივარ”, - გვეუბნება მერუჟი, რომელიც გარკვეული პერიოდი ცენტრში ბავშვებს გიტარაზე დაკვრასაც ასწავლიდა.

წლების განმავლობაში ცენტრმა ქალაქში არაერთ ინიციატივას ჩაუყარა საფუძველი. აწყობდნენ აქციებს ადამიანის უფლებების შესახებ, ასევე მართავდნენ დასუფთავების აქციებს ქალაქში და ამით მაგალითს აძლევდნენ მოსახლეობას.

ცენტრის აქტივისტი, ლიანა ჯიბლაძე ამბობს, რომ ახალგაზრდული ცენტრი რომ არ ყოფილიყო, ალბათ, მთელი დღეები სკოლის მერე სახლში იჯდებოდა და მეტს ვერაფერს გააკეთებდა. ის სკოლის მოსწავლეა. თბილისში უცხო ენების ფაკულტეტზე ჩაბარებას აპირებს.

„მონაწილეობა მივიღე FLEX-ის პროგრამაში, მესამე ტურში გადავედი, მაისში გავიგებ წავალ თუ არა”,მ- ამბობს ლიანა.

ირინა კარსლიანი ცენტრში  „PITA”-ს პროგრამას ხელმძღვანელობს. ეს პროგრამა უკვე 3 წელია ნინოწმინდაში მუშაობს. სკოლის მოსწავლეების გარდა, 25 წლამდე ახალგაზრდებიც არიან ჩართული: „ამჟამად 40-50 ახალგაზრდა გვყავს და კიდევ სოფლებიდანაც არიან აქტივისტები”.

ირინა წუხს, რომ ძალიან რთულია სკოლებთან კომუნიკაცია. ცენტრს აქვს სპეციალური წერილი განათლების სამინისტროდან, რომლის მიხედვითაც, სკოლებში შესვლა და არასასწავლო საათებში ტრენინგების ჩატარება შეუძლიათ, მაგრამ სკოლის დირექტორები მაინც უარს ეუბნებიან.

“გვინდა, რომ მაგალითად, სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე შევიდეთ. გვინდა, მათ რაღაც ახალიც ვუთხრათ, ტრენინგი ჩავატაროთ, ვორქშოპები. აქ ფაქტობრივად, საბჭოთა კავშირი გრძელდება, იგივე მასწავლებლები, იგივე დირექტორები, არაფერი შეცვლილა”, - ამბობს ირინა.

ცენტრში ამბობენ, რომ გასულ წლებთან შედარებით ახალგაზრდებმა უკეთ იციან ქართული. სკოლას რომ ამთავრებენ, ბევრი სწავლას ერევანში აგრძელებს, ნაწილი კი თბილისში „1+4“ პროგრამით აბარებს (ამ პროგრამის საშუალებით, ეთნიკურად არაქართველი სტუდენტები პირველი 1 წელი ქართულს სწავლობენ).

ირინა მიიჩნევს, რომ ინტეგრაციისთვის ყველაზე მთავარი ურთიერთობაა, ვიდრე ენის ფორმალურად სწავლა. ის წუხს, რომ სამცხე-ჯავახეთი ჩაკეტილი სივრცეა და ამას სტერეოტიპებიც განაპირობებს - მშობლები შვილებს აიძულებენ ნინოწმინდაში დაბრუნდნენ და ოჯახი შექმნან, რადგან, მისი თქმით, მათ საზოგადოებაში სწავლაზე მნიშვნელოვნად, სამწუხაროდ, ეს მიიჩნევა.

ვინ განკარგავს ქალაქის ფულს?

ნინოწმინდაში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს თითქმის არავინ იცნობს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებზეც ბევრი არაფერი იციან. როგორც ამბობენ, ადგილობრივი ხელისუფლება არ ზრუნავს, რომ მოსახლეობა ქალაქის ცხოვრებაში იყოს ჩართული. 

ირინა კარსლიანი იხსენებს, რომ ახლად არჩეულ მერთან შეხვედრაც უნდოდათ, ბიუჯეტის განხილვაში მონაწილეობაც, მაგრამ ეს ვერ შეძლეს.

„ჩვენივე ინიციატივით, სოფლებში გამოკითხვები ჩავატარეთ და სამი ყველაზე მწვავე პრობლემით მივედით გამგეობაში. ვუთხარით, რაც ხალხს აწუხებს და ვკითხეთ, თუ როგორ ესახებათ მისი გადაჭრის გზები. გვიპასუხეს, ამ საკითხებზე ვმუშაობთო, მაგრამ მას შემდეგ სამი წელი გავიდა და ისინი კვლავ მუშაობენ".

დაზიანებული გზა, ბუნებრივი აირი და სასმელი წყალი - ეს ის სამი ყველაზე პრობლემური საკითხია, რაც ნინოწმინდელებს აწუხებთ. ამის ფონზე კი, ამბობენ, რომ საერთოდ არ იციან, სად მიდის ბიუჯეტი თანხა.

ადგილობრივ ხელისუფლებასთან კომუნიკაცია ჩვენც გაგვიჭირდა. ვიყავით გამგეობის შენობაში, მაგრამ გვითხრეს, რომ მერი არ იყო და ვერავინ დაგველაპარაკებოდა. მოგვიანებით, სატელეფონო ინტერვიუს აღებაც ვცადეთ, მაგრამ უშედეგოდ.

ნინოწმინდაში გამართულ დისკუსიაზეც მოვიწვიეთ მერიის წარმომადგენლები, მაგრამ დაპირების მიუხედავად, არავინ მოსულა.

ნინოწმინდის 2018 წლის ბიუჯეტი ერთ-ერთი ყველაზე მწირია სხვა მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის - 7 268 900 ლარი. ბიუჯეტის ნახევარზე მეტი - 4 498 000 ლარი ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე, რეაბილიტაციასა და ექსპლოატაციაზე იხარჯება, ამათგან ძირითადი თანხა კი სწორედ გზების და ხიდების შენებლობისთვისაა გამოყოფილი.

მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისთვის  453 ათასი ლარია გამოყოფილი.

თითქმის ამდენივეა სკოლამდელი განათლებისა  და ბაღების რეაბილიტაციისთვის (425 ათასი ლარი). აქ სულ 9 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, სადაც სკოლამდელ განათლებას 735 ბავშვი იღებს.

ფერმერი გოგოები და ტბის პირას გაზრდილი ზარუჰის ამბავი

სიამოვნებით წავიდოდი სადმე ტბისპირა სოფლის სახლში და დავისვენებდი, - ეს სურვილი ალბათ, ყველა ჩვენგანს ერთხელ მაინც გასჩენია. 

ჯავახეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე სოფელი სამება სწორედ ასეთი დასახლებაა - ზღვის დონიდან 2100 მეტრზე მდებარე ტბა მადატაფას გარშემო გაშენებული სახლებით, წინ და უკან მოსიარულე შინაური ბატებითა და ტბაზე, გადამფრენი ფრინველებით სავსე.

თუმცა, აქაურებისთვის  ეს ტბისპირა სოფელი მძიმე შრომასა და მკაცრ ზამთართან ასოცირდება. მადატაფას გორელოვკას თემის სამი სოფელი აკრავს გარშემო. სამება, ეფრემოვკა და ჟდანოვკა ძირითადად ეთნიკურად სომეხი მოსახლეობითაა დასახლებული. აქვე ცხოვრობენ აჭარიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტები.

სოფელი სამება სომხეთის საზღვრისპირა უკიდურესი სოფელია. სულ რაღაც 20-მდე ოჯახითა და 70-მდე მოსახლით. სოფელში შებინდებისას ჩამოვედით, მზე ნელ-ნელა გადადიოდა და ტბის ზედაპირიდან არეკლილი სხივები სოფელს წითლად ეფინებოდა.

პირველად ზარუჰი გავიცანით. 21 წლის გოგო, რომელიც ოჯახთან ერთად აქ ცხოვრობს. მხიარული და მიზანდასახული. დღე დედას და მამას სოფლის საქმეებში ეხმარება. ჰყავთ შინაური ფრინველები, ცხოველები: „მამამ ტრაქტორის ტარებაც მასწავლა. ამიტომ, როდესაც ჩემი მშობლები თივისთვის დადიან, მეც მივყვები და ვატარებ. საღამოს კი ქართულს ვმეცადინეობ. მინდა, რომ სოფლის ექთნად დავიწყო მუშაობა, ამიტომ ვსწავლობ”. 

ზარუჰისგან გამოსულებს სოფლის გზაზე სატვირთო მანქანა გვიჩერებს. საჭესთან მჯდომი ახალგაზრდა გოგო სოფლის მეორე ბოლოში მიყვანას გვთავაზობს.

26 წლის მარიანა საღამოს შემოვლაზე მიდის. მას და მის ოჯახს ფერმა აქვთ მოწყობილი, სადაც ათეულობით ძროხა ჰყავთ: „ძროხების წველა დასრულდა, მე უნდა დავხედო და რძე წამოვიღო, რომ სახლში ყველი ამოვიყვანოთ. თან მძღოლი ვარ”, - გვიხსნის მარიანა და როდესაც ქალების შრომაზე ვეკითხებით, გვპასუხობს, რომ „მათთან სხვანაირადაა...ჩვენ საოჯახო მეურნეობები გვაქვს, ქალის, კაცის საქმე აქ არ განსხვავდება. ოჯახში ვისაც რისი გაკეთება შეუძლია, მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებთ. ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ და ასე ვაკეთებთ საერთო საქმეს. სხვანაირად აქ ვერ გადავრჩებით. ზამთარი მკაცრი იცის, სხვა დასაქმების შესაძლებლობები არაა”.

ზამთარი აქ მართლაც მკაცრი იცის. პირველივე თოვლისას ტბა მთლიანად იყინება. ხანდახან იკეტება ნინოწმინდამდე და  სხვა სოფლებამდე მისასვლელი გზებიც, ამიტომ, ადგილობრივები მარაგს წინასწარ იგროვებენ. აქ იანვრის საშუალო ტემპერატურა  -5, -10°C-ია.

ტბა მადატაფა 2011 წლიდან ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ნაწილია. აქ წეროებზე და ხუჭუჭა ვარხვებზე დაკვირვებაა შესაძლებელი. აქვეა სომხური თოლიების უზარმაზარი კოლონები. ჯავახეთის ტბების ნაპირებზე,  ჭაობებში იშენებენ ბუდეებს ჭაობის მტაცებელი ფრინველები, ძელქორები და ველის კაკაჩები. ისინი ჯავახეთის ზეგნის ყველაზე ფართოდ გავრცელებული მტაცებლები არიან.

ამასთანავე, ჯავახეთის ზეგანი ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთ მთავარ ტრასას წარმოადგენს. ასეთია მადატაფაც. ჯავახეთში ბევრი მობუდარი წყლის ფრინველია, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ზამთარშიც აქ რჩება და გაყინული ტბებიდან სხვა ტბებზე ან მდინარეებზე ინაცვლებს. სეზონურად, განსაკუთრებით კი შემოდგომაზე, აქაურობა ნაირგვარი მტაცებელი წყლის თუ ჭაობის ფრინველით ივსება.

მასის მარკოსიანი რეინჯერად მუშაობს. იცავს თავისი და სხვა სოფლის ტბების ბიომრავალფეროვნებას.

„აქვე დავიბადე. ადრე მეც ვნადირობდი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ჩემი სოფლის ბუნება უნდა დავიცვა. ყველა კუთხე-კუნჭული ზეპირად ვიცი”, - გვეუბნება მასისი და სოფლის ცხოვრებაზე გვიყვება.

ამბობს, რომ მადატაფას გარშემო მდებარე სოფლებში, მოსახლოების მაქსიმუმ 5%-ია სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული, ოჯახების დანარჩენი ნაწილი სოფლის მეურნეობას მისდევს:„ოჯახში 7-8 ძროხა ყველას ჰყავს. ზოგი რძის ნაწარმს ყიდის, ზოგი პირდაპირ რძეს და ასე ვირჩენთ თავს”.


თვეზე მეტი გავიდა, რაც სოფელი სამება დავტოვეთ. პირველი თოვლი იქაურობას უკვე თეთრად დაფარავდა და სოფლის მცხოვრებლები, ფერმერი გოგოები, ზარუჰი და მისი ოჯახი, შემოდგომის შრომის შემდეგ ზამთრისთვის დაგროვილი მარაგით, სახლებში შეიყუჟებოდნენ. მზის ამოსვლისას კი მათ ფანჯრებში ახლა უკვე მოყინული მადატაფადან არეკლილი სხივები შეაღწევს.

--------------------------

სტატია მომზადებულია პროექტის, „ლიბერალი მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობისთვის", ფარგლებში. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" მონაწილეობითი დემოკრატიის პროგრამა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

22 ივნისი
22 ივნისი

რა იქნება შემდეგ?

ქართული ოცნება შვიდი წელი ცდილობდა ეთამაშა ნეოლიბერალიზმი ადამიანური სახით, მაგრამ პირველივე კრიზისულ ვითარებაში თვალები ...
19 ივნისი
19 ივნისი

სად ვიყავით ქალები ?!► ფემინსტრიმი

მოუსმინეთ სოფო კილასონიას პოდკასტს:  „...ეს მარტა როსლერის სამზარეულოში ფუსფუსის ხმაა. მაგრამ სადილს არ ამზა ...
14 ივნისი
14 ივნისი

„გურულებმა სუნთლა გადარიენ ამერიკა!” - გ ...

მანჰეტენზე, ვესტ ვილიჯის ერთ-ერთი საჯარო სკოლის კედელზე, ამერიკაში საუკუნის წინ ჩამოსული ხუთი იმიგრანტის სახეა დახატული. ...

მეტი

^