Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რიტუალური ორთაბრძოლები ცხოველებს შორის

27 დეკემბერი 2018

ცხოველთა შორის გამართული ორთაბრძოლები ყოველთვის განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, წლებია ამ საკითხთან დაკავშირებით არასწორი ინტერპრეტაციები არსებობს. დღესაც საკმაოდ ბევრი მიიჩნევს, რომ „როგორც კი შანსი მიეცემათ, ცხოველები ერთმანეთთან ჩხუბობენ“.

რა თქმა უნდა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება, პირიქით, ცხოველები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ბრძოლას თავი აარიდონ, რადგან ეს ძალიან დიდ რისკებთან არის დაკავშირებული მონაწილეებისათვის. მიუხედავად ამისა, არსებობს გარკვეული მოცემულობა, როდესაც რიტუალური ორთაბრძოლის გამართვა გარდაუვალი ხდება და ამას თავისი მიზეზები აქვს.

ცხოველთა რიტუალური ორთაბრძოლების სამი ძირითადი მიზეზი - საკვების, მდედრისა და ტერიტორიისთვის ბრძოლაა.

საკვებისათვის ბრძოლა ძირითადად მტაცებლებისათვისაა დამახასიათებელი, ეს ე.წ. რესურსზე დამოკიდებული კონკურენციის შემადგენელი ნაწილია. ამ ორთაბრძოლების მიზეზი, ცხადია, და შეიძლება წარმოიშვას როგორც სხვადასხვა სახეობებს შორის, ასევე ერთი სახეობის შიგნით. როდესაც რესურსი შეზღუდულია, ბრძოლა განსაკუთრებული სიმძაფრით ვითარდება, ხოლო თუ რესურსი საკმარისია, ბრძოლა შეიძლება საერთოდ არ შედგეს.

ზოგიერთ ცხოველებში, ბრძოლის მიზეზი შესაძლოა ტერიტორიის დასაკუთრება ან დაცვა იყოს. მაგალითად, ბულბულის მშვენიერი გალობა სწორედ ტერიტორიის დაცვაა, ასევე, ტერიტორიის დაცვაა სიამანგების (გიბონის ერთ-ერთი სახეობა) მაღალი მელოდიური ყვირილი.  

აღსანიშნავია, რომ რიტუალური ორთაბრძოლის დროს, თუკი დამარცხებული მოწინააღმდეგის უპირატესობას გრძნობს და გარბის, ბრძოლა ფატალურად იშვიათად მთავრდება. ასევე ხდება სხვადასხვა სახეობის შეტაკების დროსაც. მაგალითად, სერენგეტის ეროვნულ პარკში (ტანზანია) ერთხელ შევესწარით ძუ ლომისა და წყვილი ლეოპარდის  ბრძოლას. თვალყურს ვადევნებდით ლეოპარდების შეწყვილების წინა თამაშებს, ისინი ერთმანეთს დასდევდნენ, ეხახუნებოდნენ და ა.შ. ამ დროს გამოჩნდა ძუ ლომი, რომელიც ლეოპარდების უშუალო სიახლოვეს აღმოჩნდა და მაშინვე თავს დაესხა მათ. ბრძოლა რამდენიმე წამს გაგრძელდა, ერთი ლეოპარდი ხეზე ახტა, მეორე კი იქვე, კლდეზე მდებარე გამოქვაბულში შეხტა. გამარჯვებული ლომი წამოწვა, შემდეგ ახლომდებარე ბუჩქები მონიშნა და წავიდა (სავარაუდოდ, თავის პრაიდს დაუბრუნდა). 

ისმის ლოგიკური კითხვა - რატომ არ გამოიყენეს ლეოპარდებმა რიცხობრივი უპირატესობა?

ლეოპარდები სოლიტარული, არასოციალური ცხოველები არიან და მათ შეთანხმებული მოქმედება არ ახასიათებთ, ამიტომაც, ფიზიკურად უფრო დიდი და ძლიერი მეტოქის - ლომის დამარცხება ვერ შეძლეს.

სხვა საქმეა სოციალური ცხოველების ბრძოლა. კარგი სოციალური ორგანიზაციებისა და შეთანხმებული მოქმედების მეშვეობით, ისინი ხშირად იმარჯვებენ გაცილებით უფრო ძლიერ მეტოქეზე.

ამის კარგი მაგალითია ხალებიანი აფთრების ბრძოლა ლომების წინააღმდეგ. აფთრების სოციალური სტრუქტურა გაცილებით უფრო რთული, უკეთესად ორგანიზებულია, ვიდრე ლომებისა, რომლებიც ასევე სოციალური, მაგრამ ნაკლებად ორგანიზებული ცხოველები არიან. 

შეთანხმებული მოქმედება აფთრებს საშუალებას აძლევს წინააღმდეგობა გაუწიოს და ზოგჯერ დაამარცხოს კიდეც ფიზიკურად გაცილებით უფრო ძლიერი და უკეთესად შეირაღებული ლომი. 

კარგი სოციალური ორგანიზაცია და თავდასხმისას შეთანხმებული მოქმედება ახასიათებთ აფრიკულ მოხატულ ძაღლებსაც. ისინი არცთუ დიდი და ძლიერი ცხოველები არიან, თუმცა როგორც თავდასხმის, ისე თავდაცვის შემთხვევაში, შეთანხმებული მოქმედება ლომებთან და ლეოპარდებთან გამკლავების შესაძლებლობას აძლევთ.

შეთანხმებული მოქმედება და ფუნქციების სწორი გადანაწილება უპირატესობას აძლევს მგლებსაც,  ისეთი ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგაც კი, როგორებიც მურა დათვები არიან - ამ სახეობის ყველაზე დიდი წარმომადგენლის, ჩრდილოამერიკული გრიზლის ჩათვლით.

უამრავი სახეობისთვის რიტუალური ორთაბრძოლის გამართვა გამრავლების პერიოდშია დამახასიათებელი.

ამავდროულად, არც ისაა გამორიცხული, რომ ორთაბრძოლა ერთდროულად ორივე - (ტერიტორია და ძუ) აღნიშნული მიზეზის გამო შედგეს. ასეთი ფაქტები საკმაოდ ხშირია მტაცებლებში. მაგალითად, კატისებრების შემთხვევაში, ტერიტორიის განაწილებისას ერთი ხვადი რამდენიმე ძუს არეალს გადაფარავს. ხოლო, როდესაც ამ ტერიტორიაზე, ვთქვათ, სხვა ჯიქი, ანუ ლეოპარდი იჭრება, რიტუალური ორთაბრძოლა იმართება. ასეთ დროს დამარცხებული კარგავს ყველაფერს, გამარჯვებული კი - პირიქით.

ასევე, ხშირად, როდესაც რიტუალური ორთაბრძოლები მოწინააღმდეგეთა მხრიდან ძალის დემონსტრირებით იწყება, თუკი რომელიმე მხარე იგრძნობს, რომ უშანსოდაა, შესაძლოა ბრძოლის გარეშე დატოვოს ტერიტორია.

მაგალითად, ირმების შემთხვევაში, თუკი მოწინააღმდეგეს უფრო დიდი რქები, ანუ ბრძოლის იარაღი აქვს, შესაძლოა ბრძოლა აღარ შედგეს, რადგან პოტენციურმა დამარცხებულმა გაქცევით უშველოს თავს. რა თქმა უნდა, ამ ტიპის ქცევებიც რიტუალური ორთაბრძოლის ჩარჩოებში ჯდება - ეს არის ერთი ქცევის, ანუ რიტუალური ორთაბრძოლის სხვადასხვა ნაწილი. 

ზოგადად, ჩლიქოსნებში რიტუალური ორთაბრძოლები საკმაოდ ფართოდ არის გავრცელებული. ირმების შემთხვევაში ეს შემოდგომაზე, გამრავლების - „მყვირალობის“ პერიოდში ფიქსირდება. მოგეხსენებათ, მყვირალობის პერიოდში მამალი ხმამაღალი ყვირილით მოიხმობს ფურს, ამავდროულად კი, მოწინააღმდეგეებს აფრთხობს.

უშუალოდ ბრძოლის წინ, ირმები ერთმანეთის პირისპირ დგანან ან გარშემო უვლიან. თუკი არცერთი მათგანი არ დატოვებს ტერიტორიას, ორთაბრძოლა იწყება და ისინი რქებით ეჯახებიან ერთმანეთს. სწორედ დატოტვილი რქები წარმოადგენს ურთიერთობის გარკვევის ძირითად იარაღს. თვალსზედა წანაზარდების ძირითადი ფუნქციაც სწორედ რიტუალური ორთაბრძოლების დროს თვალების დაცვაა (მტაცებლისგან თავდასაცავად ირემი რქების გარდა ფეხებსაც იყენებს).

ასეთი ბრძოლის შედეგად გამარჯვებულ ირემს რჩება როგორც ტერიტორიაც და იქ მობინადრე ფურებთან შეწყვილების პრივილეგიაც.

რიტუალური ორთაბრძოლები იმართება მთის ჩლიქოსნებს შორისაც, რომელიც ორ ძირითად ჯგუფს: თხებს (კაპრები) და ცხვრებს (ოვისები) აერთიანებს. საინტერესოა, რომ ვიზუალურად მათ შორის განსხვავების დანახვა საკმაოდ ჭირს. მაგალითად, ლურჯ ცხვარს - ბარალს ოვისების ოჯახის წევრთათვის დამახასიათებელი გარეგნობა აქვს, თუმცა გენეტიკური ანალიზისა და ტაქსონომიური კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ის კაპრებს, ანუ თხებს განეკუთვნება. 

ამ ორ ჯგუფს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება სწორედ რიტუალურ ორთაბრძოლებში გამოიხატება:

ცხვრების შემთხევაში, მეტოქეები ერთმანეთს შორდებიან და შემდეგ გამოქანებით, ოთხივე ფეხზე მდგომნი, რქებით ეჯახებიან. ეს საშინელი სიძლიერის დარტყმაა, რომელსაც საკმაოდ მაღალი ხმა აქვს. სწორედ ასე, რამდენიმე დაჯახების შემდეგ, დამარცხებული შეტრიალდება და გარბის, გამარჯვებული კი, როგორც წესი, ერთ-ორ დარტყმას „მიაყოლებს“ და ორთაბრძოლაც სრულდება.

თუმცა, ირმებისგან განსხვავებით, ცხვრებსა და თხებს განსხვავებული  ტერიტორიული ქცევა ახასიათებთ  და დამარცხებულიც იმავე ტერიტორიაზე რჩება და ბედი სხვა მამრთან შეტაკებაში შეიძლება სცადოს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ასეთი ორთაბრძოლები საკმაოდ ხშირად იმართება.   

რაც შეეხება თხების რიტუალურ ორთაბრძოლებს - თხებიც რქებით ეჯახებიან ერთმანეთს, თუმცა ისინი ჯერ უკანა ფეხებზე დგებიან და მხოლოდ დაშვების მომენტში უტევენ მოწინააღმდეგეს. ეს საკმაოდ ეფექტური სანახაობაა და რამდენიმე დარტყმის შემდეგ, სიტუაცია ისევე შეიძლება განვითარდეს, როგორც ცხვრების შემთხვევაში.

აღსანიშნავია, რომ რიტუალური ბრძოლების შედეგად ცხოველები გარკვეულ ადგილს იკავებენ იერარქიაში, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული გამრავლებასთან - იერარქიულად რაც უფრო მაღლა დგას ცხოველი, მით უფრო მეტი უფლება აქვს მდედრზე.

გამრავლების პერიოდამდე ხარები ჯგუფებად ცხოვრობენ და დროის ამ მონაკვეთში მათი ორთაბრძოლები მხოლოდ „ვარჯიშის“ ხასიათს ატარებს.

ზოგადად, ჩლიქოსანთა უმრავლესობაში რიტუალური ორთაბრძოლები ძირითადად რქებით შერკინებაში გამოიხატება, მათ შორის ანტილოპა გნუს შემთხვევაშიც. თუმცა არსებობენ ანტილოპათა შედარებით პატარა სახეობები, რომლებიც უკანა ფეხზე მდგომნი წინა ფეხებით არკვევენ ურთიერთობას; მაგალითად, ანტილოპა გენერუკი, რომელიც კვებითაც ორ ფეხზე მდგომი იკვებება. ამასთანავე, არსებობენ სხვა ანტილოპებიც, რომლებსაც ანალოგიური ქცევით გამოირჩევიან.

ძალიან საინტერესო რიტუალური ორთაბრძოლა ახასიათებთ ჟირაფებს - გრძელი კისრიდან გამომდინარე, ერთმანეთის პირისპირ მდგომნი, გავაზე ურტყამენ თავს. მოტივაცია აქაც იგივეა - გამრავლების პერიოდში ბრძოლა მდედრთან შესაწყვილებლად.

განსაკუთრებით შთამბეჭდავია ორთაბრძოლები როგორც სპილოებს, ასევე მარტორქებს შორის. ასეთ დროს, სპილოები „საბრძოლო“ პოზას იღებენ, ერთმანეთს ეჯახებიან და ცდილობენ მეტოქე ეშვებით დააზიანონ. მათი ზომიდან და წონიდან გამომდინარე, რომელიც დაახლოებით 5-6 ტონას აღწევს, დაშავების საფრთხე გაცილებით მაღალია. მიუხედავად ამისა, ბრძოლის ლეტალურად დასრულების შანსი მცირეა.

ზოგადად, ცხოველებს შორის ორთაბრძოლების რიცხვი საკმაოდ დიდია, შესაბამისად, მაღალი სიკვდილიანობის შემთხვევაში, რიტუალური ორთაბრძოლები პოპულაციებისთვის წამგებიანი იქნებოდა და ყოველგვარ აზრს დაკარგავდა. ამიტომაც, გენეტიკურ დონეზე ცხოველებს გარკვეული „მუხრუჭები“ ჩამოუყალიბდათ.

რაც შეეხება მარტორქებს, მათი რიტუალური დაპირისპირებებიც გამრავლების პერიოდში იმართება. მანამდე, შესაძლოა შეგვხვდეს ძალის დემონსტრირება, პატარ-პატარა შეტაკებებიც, თუმცა გააფთრებით სწორედ გამრავლების პერიოდში იბრძვიან. მიიჩნევა, რომ ეს ორთაბრძოლები ცხოველს გარკვეულ სტიმულაციას აძლევს შეჯვარებისთვის, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია. ამიტომაც, არაერთ ზოოპარკში, მარტორქებისთვის სპეციალური მრგვალი ვოლიერია შექმნილი, სადაც იმართება კიდეც რიტუალური ორთაბრძოლა. მეტოქის დამარცხების შემდეგ გამარჯვებული მამრი ამავე ვოლიერში მდედრს დასდევს შესაწყვილებლად. სხვათა შორის, ამ მომენტში მამრის მიერ მდედრის მიმართ განხორციელებული დარტყმებიც შეიძლება ნახოთ.

ასეთი რამ დათვებს და ირბისებსაც ახასიათებთ, თუმცა, კონკრეტულად რა საფუძველი აქვს ამ ქცევას, ჯერჯერობით ბოლომდე შესწავლილი არ არის.

რიტუალური ორთაბრძოლების მხრივ განსაკუთრებით საინტერესო ძაღლისებრთა წარმომადგენლები არიან. ისინი ძალიან მაღალსოციალური ცხოველები არიან და მათ შორის დაპირისპირებები ნაკლებად არის დაკავშირებული გამრავლების პერიოდთან.

მაგალითად, აფრიკული მოხატული ძაღლები (მოხატული მგელი უფრო სწორია, რადგან ეს ცხოველი გვარის მიხედვით მგლებს განეკუთვნება) მონოგამები არიან. მათ მატრიარქატი აქვთ - ჰყავთ ლიდერი მდედრი, რომელსაც, თავის მხრივ, რამდენიმე რჩეული მამრი ჰყავს. ასეთ ჯგუფებში მამრების რაოდენობა გაცილებით აჭარბებს მდედრების რიცხოვნობას.

რაც შეეხება აფთრისებრ ძაღლებს, მათ ძალიან დაძაბული ორთაბრძოლები ახასიათებთ. მამრებს შორის ორთაბრძოლა მდედრის დასაკუთრებისათვის იმართება და გამარჯვების შემთხვევაში, იზრდება იმის ალბათობა, რომ მდედრი სწორედ მას აირჩევს. ხოლო, თუკი საქმე ტერიტორიის გადანაწილებაზე მიდგა, აქ უკვე მდედრები იბრძვიან.

რიტუალური ორთაბრძოლები მინიმუმამდეა დაყვანილი ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გავრცელებულ მგლებს შორის. მგლები მონოგამი ცხოველები არიან მათ შორის დაპირისპირება მხოლოდ და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ხდება. ვთქვათ, თუკი მგლების ორი ოჯახი არასასურველ ადგილას შეხვდა ერთმანეთს.

ამ დროს ალფა მამრები ერთმანეთის გარშემო მოძრაობენ და მოწინააღმდეგეს აფასებენ. ბრძოლის დასრულების შემდეგ კი დგება საოცრად საინტერესო მომენტი, როდესაც გამარჯვებული დომინირების პოზას იღებს და საკუთარ უპირატესობაში დარწმუნებული, სხეულის ყველაზე მოწყვლად ნაწილს - კისერს უშვერს დამარცხებულს.  

რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ მგლების ორთაბრძოლაც მსხვერპლით დამთავრდეს, თუმცა ბუნებაში ასეთი რამ იშვიათად ხდება და თუკი დამარცხებული დროულად დატოვებს ტერიტორიას, გამარჯვებული მგლისგან საფრთხე აღარ ემუქრება.

განვიხილოთ ლომიც, დიდი კატების ერთადერთი სოციალური წარმომადგენელი. როგორც იცით, ლომები პრაიდებად ცხოვრობენ, რომელშიც, წესისამებრ, მრავალ მდედრთან ერთად, მხოლოდ ერთი მამრია (თუ არ ჩავთვლით იმ ხვადებს, რომლებიც მამრ ლომთან ახლო ნათესაურ კავშირში შეიძლება იყვნენ, მაგ. ბოკვერები).  

ხშირია შემთხვევა, როდესაც ხვადი ლომები სხვისი ტერიტორიისა და პრაიდის ხელში ჩაგდებას ცდილობენ. საერთოდაც, საკვების შეზღუდულობიდან გამომდინარე, მტაცებლებში ტერიტორია გაცილებით ძვირად ფასობს, ვიდრე ჩლიქოსნებში. ეს ლომების ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი მოტივაციაა.

სხვა ცხოველებისგან განსხვავებით, ლომების რიტუალური ორთაბრძოლები დამარცხებულისთვის ტრაგიკულად სრულდება. ვთქვათ, თუკი მარტოხელა ლომმა გაიმარჯვა, ის ისაკუთრებს პრაიდს, ტერიტორიას და ხოცავს დამარცხებული ხვადის ბოკვერებს.

პრიმატებს შორის, რასაკვირველია, გამორჩეულია გორილა, რომელიც სოციალური ცხოველია და ჯგუფებად ცხოვრობს; მათთვის იერარქიაში მაღალი საფეხურის დაკავებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ყველა სოციალურ ცხოველში გამრავლების უპირატესობა მხოლოდ დომინანტ, ამ შემთხვევაში, ვერცხლისფერზურგიან მამრებს აქვთ. ამავე დროს, გორილებს გამრავლების სეზონი არ აქვთ, გამრავლება ყოველთვისაა შესაძლებელი, რადგან სხვადასხვა მდედრებს ესტრუსი სხვადასხვა დროს შეიძლება დაეწყოთ. ამიტომაც, მათი მთავარი ამოცანაა მუდმივად შეინარჩუნონ სტატუსი, რომ უზრუნველყოფილი ჰქონდეთ გამრავლებაში მონაწილეობა.

თუმცა, ორთაბრძოლებს ძალიან იშვიათად მართავენ, ძირითადად, სხვადასხვა ქცევას მიმართავენ, როგორიცაა მაგ. კბილების დემონსტრირება და მკერდზე მუშტების ბრაგუნი, რომელსაც ორთაბრძოლის დაწყებამდეც და მისი დასრულების შემდეგაც ვხედავთ. ბრძოლაზე მეტად, მთავარი ფუნქცია სწორედ ასეთ ქცევებს აქვს.

გორილებზე გაცილებით უფრო აგრესიული არიან შიმპანზეები, როგორც სხვა სახეობის მიმართ, ისე თავისივე თანამოძმეების მიმართ. რაც უფრო აგრესიულია შიმპანზე, მით უფრო მეტი ნაშიერის მამა ხდება, ანუ, უფრო წარმატებულია გამრავლების თვალსაზრისით და შესაბამისად, იერარქიაშიც მაღალი ადგილი უკავია.

ისიც ვთქვათ, რომ საკმაოდ მძაფრი რიტუალური ორთაბრძოლები ახასიათებთ დელფინებს - მამრები გაშმაგებით იბრძვიან მდედრთან შესაწყვილებლად და ამ ბრძოლის დროს, მოწინააღმდეგეს კბენენ კიდეც. სწორედ მეტოქეების მიერ დატოვებული ნაჭდევით ხდება შესაძლებელი კონკრეტული დელფინის ინდივიდუალური იდენტიფიკაცია.

საერთო ჯამში, რიტუალური ორთაბრძოლები პრაქტიკულად ყველა სახეობისთვის არის დამახასიათებელი, რადგან მდედრისთვის, გამრავლებისთვის ბრძოლა ნებისმიერი პოპულაციისათვის ერთ-ერთი მთავარი ქცევაა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 ივლისი
18 ივლისი

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ საქართველოს წინ ...

დღეს, 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ოფიციალურად გამოაცხადებს გადაწყვეტილებას საქმეზე: „ტელეკომპანია „ ...
13 ივლისი
13 ივლისი

დიღმის ტყე-პარკი კვლავ დასაცავია!

13-14 ივლისს დიღმის ტყე-პარკის დასაცავად აქცია იმართება. აქციის მიზანი დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე დაგეგმილი, „ორანჟერ ...
11 ივლისი
11 ივლისი

გვაქვს გრაფიკული ფორმითა...

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი მასპინძლობს მხატვარ დავით მაჭავარიანისა და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის პროექტს - „ ...

მეტი

^