Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სასამართლო რეფორმა - ზაზუნა პლასტმასის ბორბალში

14 იანვარი 2019

სასამართლოს პრობლემებზე ჩვენზე გაცილებით დემოკრატიულ ქვეყნებშიც ლაპარაკობენ. აშშ-ში უზენაესი სასამართლოს მოსამართლის შერჩევის პროცესმა მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. აღმოსავლეთ ევროპაში მოსამართლეებსა და პოლიტიკოსებს შორის მიმდინარე მრავალწლიანი კონფლიქტი აუცილებლად მოხვდებოდა ყველაზე პასიური მკითხველის ყურადღების ცენტრშიც კი. საქართველოს სასამართლოებიც არ არის გამონაკლისი და სხვადასხვა დროს მეტ-ნაკლები ინტენსივობით შეგვახსენებს თავს ეს თემა არასამთავრობოების, სასამართლო განხილვის მონაწილეებისა და პოლიტიკოსების გამოსვლებში.

ამ ფონზე ჩნდება კითხვა, რატომ უნდა დაწერო სასამართლოზე კიდევ ერთი სტატია, როცა უკვე ამდენი დაიწერა? როცა მიუხედავად სასამართლო რეფორმებისა, ინსტიტუტის მიმართ ნდობა მაინც დაბალი რჩება? როცა პოსტკოლონიური სინდრომი იმდენად ძლიერია, რომ უკვე 30 წელია დამოუკიდებელ სახელმწიფოში ცხოვრობ, მაგრამ არც კი ელი სახელმწიფოსგან სამართლიანობას? როცა სამართლიანობის ძირითად პრინციპებზე არ არსებობს შეთანხმება - ერთისთვის სამართლიანია ძლიერის გამარჯვება, მეორე კი მხოლოდ საკუთარ გამარჯვებას აღიარებს სიკეთედ?

არაფრის დაწერას არ ვაპირებდი, მაგრამ დილას, როდესაც ფეისბუქზე მთავარ ნიუსად ამომიხტა “სააკაშვილის სასამართლოზე შუქი ჩაქრა” და მასთან ერთად გვერდი “მინდა ვენდო სასამართლოს” - გადავწყვიტე, კიდევ ერთხელ მეცადა. ამჯერად შორიდან შემეხედა პროცესებისათვის, რაც დღეს სასამართლოს შესახებ დისკუსიას განაპირობებს. დავიწყოთ მთავარი კითხვიდან: საერთოდ რაში გვჭირდება სასამართლო?

სასამართლოს გარეშე

გიფიქრიათ, რომ ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების უდიდესი ნაწილი კანონის მიღმა რჩება? მცირე დავები, კინკლაობა, შეთანხმებები, დაპირებები... ეს ყველაფერი შეიძლება კანონითაც რეგულირდებოდეს, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში ადამიანები უპირატესობას ანიჭებენ ასეთი პრობლემების ავტონომიურ მოგვარებას და არ თვლიან, რომ მომრიგებლად სასამართლოები უნდა ჩარიონ.

მაშ რისთვის არსებობს სასამართლო? - რა აიძულებს ადამიანებს მიმართონ სასამართლოს? კონტრაქტის სიძვირე? არა - ძვირიანი კონტრაქტების უდიდესი ნაწილი კერძო არბიტრაჟებითა და მედიაციით გვარდება და ასეთ საქმეებში მოსამართლის ჩარევა არავის უნდა.

საქმის პოლიტიკური სიმძაფრე? - რა თქმა უნდა, არა. ასეთი საქმეები ყოველთვის კანონის მიღმა „ირჩევა“ და მის „გარჩევაში“ მეტი ალბათობით პატრიარქს, რომელიმე მდიდარი ბიზნესმენის დაცვის უფროსს ან საქმის გამრჩევ კრიმინალს ჩართავენ, ვიდრე მოსამართლეს.

სასამართლოს განსახილველი საქმეების სია ძალიან მცირეა და მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ სახელმწიფო გარკვეულ ქცევას იმდენად მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ სურს, მხოლოდ თვითონ ჰქონდეს კონტროლი ასეთ საქმეებზე და გვაიძულებს სასამართლოში გამოცხადებას. ასეთი საქმეებია სისხლის სამართლის დანაშაულები, სახელმწიფოს მიერ 1984 წელს დადგენილი და მერე მრავალგზის გადაწერილი „სწორი ქცევის წესების“ დარღვევა და ზოგიერთ შემთხვევაში ოჯახური საკითხები.

დავთვალოთ სტატისტიკა (დამნაშავეები და ადმინისტრაციული სამართალდარღვევები) და აღმოვაჩენთ, რომ სასამართლო ჩვენი ამომრჩევლის (3.7 მილიონი) მხოლოდ 10-15%-ს ეხება და აქაც უდიდესი ნაწილი ავტოსატრანსპორტო შემთხვევებზე მოდის.

ანუ, აქვე რომ მოკლე დასკვნა გავაკეთოთ, თუ სისხლის სამართლის პროცესი სამართლიანი იქნება და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების განხილვა გამოსწორდება, თუ 10% კმაყოფილი იქნება სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმის უდიდესი ნაწილი გაკეთებულად ჩაითვლება. 

სამართლიანი სასამართლოს მოზაიკა

რა უნდა გვქონდეს იმისთვის, რომ სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს?

  • უნდა გვყავდეს საკმარისი რაოდენობით მოსამართლე. თუ მოსამართლეების რაოდენობა არსებული საქმეებისთვის საკმარისი არ არის, გადაწყვეტილების მიღების პროცესიც დროში იწელება და ზოგჯერ აზრსაც კარგავს. რამდენი მოსამართლე სჭირდება საქართველოს? უკანასკნელი კვლევის მიხედვით, რომელიც 2018 წელს გამოქვეყნდა, მოსამართლეთა გადატვირთულობის პრობლემის მოსახსნელად, არსებულ კორპუსს უნდა დაემატოს 70 მოსამართლე და რაოდენობა უნდა გაიზარდოს 450-მდე. ანუ, სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღების წინაპირობა 450 მოსამართლეა, რომელიც ჯერ არ გვყავს და საერთოდ არ ვიცით, რამდენი გვყავს, რადგან უვადოდ დანიშვნები ჯერ ახლა იწყება და რამდენ კანდიდატურას დაამტკიცებენ, ჯერ უცნობია.
  • მოსამართლეებს უნდა ჰქონდეთ სამუშაო პირობები. მოსამართლის საშუალო ხელფასი 5000 ლარია, რაც ნორმალურ სამსახურში დასაქმებულ იურისტსაც შეუძლია გამოიმუშაოს ნაკლები სტრესისა და ნერვიულობის პირობებში. სასამართლოს სჭირდება ბევრი დამხმარე და ამ მხრივაც გაჭირვებაა, არ არსებობს მოსამართლის თანაშემწედ დასაქმების ბევრი მსურველი. მსურველებს შორის უმეტესობა გამოუცდელია და სასამართლოებიც ნეპოტიზმით არიან დაავადებული. „უცხო“ არ აჰყავთ, ამდენი ბიძაშვილიც ფიზიკურად არ არის. სამუშაო პირობების აუცილებელი ნაწილია სოციალური სტატუსი. სასამართლოს მიმართ არსებული უნდობლობა კარგად გვიჩვენებს, რომ მაინცდამაინც საამაყო საქმედ არ ითვლება მოსამართლეობა. საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ ჩატარებული 2018 წლის კვლევა გვიჩვენებს, რომ 50%-ს სისტემა უსამართლო ჰგონია და 30%-ისთვის სასამართლოები ძალიან ცუდად მუშაობს.
  • მოსამართლეს უნდა ჰქონდეს სინდისი. მოსამართლე მართალი უნდა იყოს საკუთარი სინდისის წინაშე ყოველ კონკრეტულ საქმეში. მოსამართლე, რომელიც აშკარა ტყუილს მარტო იმიტომ მიიღებს მტკიცებულებად, რომ ტყუილის მთქმელი სახელმწიფოს წარმომადგენელია და ის მეტად იმსახურებს ანგარიშის გაწევას, უსინდისო მოსამართლეა. „გირჩის“ ლიდერის ადმინისტრაციული წესით დაკავება და მერე დაჯარიმება სწორედ ასეთი უსინდისობის მაგალითია. ყველამ იცოდა, რომ მოწმედ მოყვანილი ექვსი პოლიციის თანამშრომელი ცრუობდა, მაგრამ მოსამართლემ ტყუილი „დაიჯერა“.
  • მოსამართლე უნდა ახერხებდეს სამართლიანი გადაწყვეტილების დაცვას სახელმწიფოსგან, მსხვილი კერძო ინტერესებისგან, რელიგიური და პოლიტიკური მიკერძოებისგან. სხვა ტიპის მიკერძოებას აცილების პროცედურა ებრძვის და გამკლავება ადვილია, მაგრამ ამ ოთხს მხოლოდ სინდისის მქონე მაღალი მოტივაციის ადამიანი გაუმკლავდება. ასეთი „სინდისი“ დაბადებით არავის დაჰყვება, შეძენილი ღირებულებაა და ფორმირდება ოჯახში, თემში, სკოლაში და სამართლის შესწავლისას. მარტივ ფაქტს შევხედოთ - რამდენი ადამიანი სწავლობს პროფესიულ ეთიკას უმაღლეს სასწავლებელში? რამდენ მოქმედ იურისტს ესმის პროფესიული ეთიკის აზრი? ძალიან ცოტას. ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს უსინდისო და მიკერძოებული გადაწყვეტილებები, რასაც ხშირად კორუფციაც ემატება ხოლმე.
  • სამართლიანობის დასადგენად აუცილებელია „სიტყვის კაცი“ და კანონის დაცვით მოპოვებული მტკიცებულებები. მტკიცებულებების მოპოვებას ცოდნა უნდა და წერა-კითხვის უცოდინარი გამომძიებელი სამართლიანობის დადგენას ვერ დაეხმარება. გამოძიებას ვერც შიშველი ხელებით ჩაატარებ. აუცილებელია ლაბორატორიები და კარგი მოქალაქეები, პოლიციასთან თანამშრომლობის განწყობა და დაცულობის შეგრძნება. „სიტყვის კაცზე“ ბევრს აღარ დავწერ. წესით, მატყუარა ადამიანს კარისკენ უნდა მიუთითონ, მაგრამ ამ ქვეყანაში ჩვეულებრივ ამბად ითვლება ჩვენების რამდენჯერმე შეცვლა და ტყუილის თქმაც მაინცდამაინც დასაძრახი ამბავი არ არის.
  • პროკურატურა და გამოძიება ერთმანეთთან უნდა თანამშრომლობდნენ. ალბათ უცხო არ იქნება მკითხველისთვის, თუ ვიტყვით, რომ ამ ორი უწყების თანამშრომლები ერთმანეთთან დაპირისპირებული არიან, რაც ქვედა რგოლებში თანამშრომლობას შლის და გამოძიების პროცესს ასუსტებს. აქვეა პროფესიული მომზადების, ფინანსური და ტექნიკური აღჭურვის პრობლემებიც და შედეგად ვიღებთ უსუსურ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ბრალდებას, რაც სამართლიანობის განცდას არ ბადებს გარე დამკვირვებელში.
  • ადვოკატმა უნდა იცოდეს კანონი და ჰქონდეს სინდისი. კანონის არმცოდნე ადვოკატი ბევრია და ზოგიერთ მათგანს სტრასბურგის სასამართლოშიც კი უსაყვედურეს უცოდინრობის გამო. პროფესიული ეთიკის ნაწილში კი ეთიკის კომისიაში ადვოკატთა წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების ოდენობა სულ უფრო მატულობს. ანუ, აქაც რთულადაა საქმე.

ძველი და მივიწყებული რეცეპტები

სამართლიანი სასამართლოს შექმნა შესაძლებელია. უსამართლობა ყოველთვის იქნება, მაგრამ უფრო გამონაკლისის სახით. რა არის ამისთვის საჭირო?

  • მაქსიმალურად უნდა შემცირდეს სასამართლოს მიერ განსახილველი საქმეების რაოდენობა და მეტი საქმე წავიდეს არბიტრაჟში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთან არსებული ფინანსური დავების გადატანა არბიტრაჟებში;
  • უნდა გამარტივდეს პროცესები და სასამართლოსადმი მიმართვის წესები და შეიქმნას სპეციალური მოსამართლის ინსტიტუტი, რომელიც ასეთ მცირებიუჯეტიან საქმეებს განიხილავს. მსგავსი გამოცდილება მაგისტრატი მოსამართლის სახით უკვე არსებობს;
  • უცხოელი მოსამართლეები აპელაციაში!
  • მეტი საქმე ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით!

ჯადოქრობის იმედად ვერ ვიქნებით და ვერც რამე ერთი ზომა შექმნის სამართლიანობის წინაპირობას. „დამოუკიდებელ მოსამართლეზე“ ლაპარაკი ხაფანგია, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება ნიჰილიზმი და ჩიხი. დამოუკიდებელი მოსამართლე მარტო „კარგი ტიპი“ არ არის, შესაბამის ინსტიტუციურ გარემოშიც უნდა იყოს. ყველა ეს გაკვეთილი რეფორმის სხვადასხვა ეტაპზე ნასწავლი გვაქვს, მაგრამ რატომღაც ვივიწყებთ და ხელახლა ვცდილობთ შეცდომების გამეორებას.

მოსამართლეთა შერჩევის პროცესმა გვიჩვენა, რომ სასამართლოს შიგნით შეიქმნა კონსოლიდირებული ჯგუფი, რომელიც, თუ მოინდომებს, შეძლებს ყველა გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენას. სისტემა ჩაკეტილია და ამგვარ ზეწოლაზე ვერაფერს გავიგებთ, თუ ეს ჯგუფი სახელმწიფოსთან მჭიდრო ალიანსს შექმნის. თუმცა, ასეთი კონსოლიდაცია მაშინაც მოსალოდნელი იყო, როცა მოსამართლეების გრძელვადიან დანიშვნებს ვუჭერდით მხარს და ამგვარი განვითარება ერთ-ერთი რისკია, რასაც დამატებითი ზომებით უნდა ვუპასუხოთ. სწორედ ამ ზომებზე ფოკუსირება მგონია ახლა ყველაზე სწორი, რადგან სახელმწიფოში, სადაც საახალწლო სუფრაზე ჩხუბობენ პროკურატურისა და შსს-ს თანამშრომლები და სადაც მნიშვნელოვან სასამართლო საქმეზე შუქი ქრება, ცოტა მიამიტურია ერთი სამიზნე აირჩიო და იფიქრო, რომ ერთი გასაღები საკმარისი იქნება საუკუნეების მანძილზე ჩარაზული კარის გასახსნელად.

გიორგი მელაძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^