Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გამოსავალი სატრანსპორტო ჩიხიდან

21 იანვარი 2019

ახალი წლის დასაწყისში საქართველოს მოქალაქეების ყურადღება რუსთავისკენ გადაერთო, სადაც მოქალაქეების ნაწილმა  რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსით მგზავრობის ფასის 50 თეთრით გაძვირება გააპროტესტა. სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდა, როცა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ აქციის მონაწილეებთან ერთად, რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსიში გაზრდილი ტარიფის, ორი ლარის, აღმნიშვნელი ფურცელი ჩამოხსნა და საქარე მინასთან ძველი ტარიფის აღმნიშვნელი ფურცელი დადო, რასაც მგზავრებისა და  მძღოლების დაპირისპირება მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ მძღოლებმა მერიას ერთი თვით ადრე აცნობეს იმის შესახებ, რომ ტარიფის გაზრდას აპირებდნენ. საქართველოს ქალაქების ყოველდღიური რეალობის ნაწილია - დაზარალებული მოსახლეობა, მძღოლები და დაბნეული ადგილობრივი ხელისუფლება, როცა საქმე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურებასა და ფასებს ეხება. ეს მოჯადოებული წრე, ყოველ წელს კიდევ უფრო იკვრება და იქიდან გამოსავლის მოძიება კიდევ უფრო რთული ხდება. როგორც საქალაქთაშორისო, ისე ურბანული ტრანსპორტის მოწესრიგება, მისი დაფარვისა და მოსამსახურების ხარისხის გაზრდა თვითდინებაზეა მიშვებული და ქაოსი, უსაფრთხოებისა და კომფორტის დაბალი ხარისხი ყოველდღიური რეალობა ხდება.

დემოგრაფიული თვალსაზრისით რუსთავი საქართველოში ერთ-ერთი მზარდი ქალაქია, და მოსახლეობის დიდი ნაწილი დასაქმების თუ განათლების მიღების მიზნით ყოველდღიურად თბილისში ჩადის. მათი გადაადგილების ძირითადი საშუალება, თუ არ ჩავთვლით კერძო ავტომობილს, სამარშრუტო ტაქსი და დღეში ერთხელ მოძრავი რკინიგზის მატარებელია, რომლის ბაქანი დანგრეულია, მოსაცდელი მოუწესრიგებელი  და ამიტომ მოსახლეობა მას ფაქტობრივად არ იყენებს. არავის აქვს პასუხი კითხვაზე, რატომ არ მოახდინა რკინიგზის დეპარტამენტმა აღნიშნული ბაქნის, სადგურის მოწესრიგება, მაშინ, როცა მოთხოვნილება ასეთ ტრანსპორტზე რუსთავში ყოველდღე მატულობს. პასუხი მარტივია, უბრალოდ ქვეყანას არ გააჩნია ტრანსპორტის პოლიტიკა და მისი დერეგულაცია უკვე  რეგიონებს, ქალაქებსა და მცირედ დასახლებულ დაბებს განვითარების პერსპექტივასაც უკარგავს.

რუსთავი, როგორც საქართველოს სხვა ქალაქები, გადაადგილებაზე მზარდ მოთხოვნას ვერ შეხვდა შესაბამისი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურითა და მომსახურების ხარისხით. დღეისდღეობით, ქალაქებში მუნიციპალიტეტების კომპეტენციები ძირითადად მოსაკრებლების შეგროვებით, სატრანსპორტო და სატარიფო ზედამხედველობით შემოიფარგლება. მათ უმრავლესობას არ გააჩნია ურბანული ტრანსპორტის განვითარების საშუალო და გრძელვადიანი გეგმები და ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან მსგავსი გეგმების შემუშავებისა და დამტკიცების საკანონმდებლო მოთხოვნა არ არსებობს. შესაბამისად, არ არსებობს ფინანსური რესურსების მოზიდვისა და ადგილობრივი კადრების ტექნიკური კომპეტენციის გაზრდის შესაძლებლობა.

სატრანსპორტო ქაოსის შედეგია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების ხარისხის ვარდნა, რაც სატრანსპორტო სფეროს დერეგულაციამ და ხშირ შემთხვევაში არაეფექტურმა დეცენტრალიზაციამ გამოიწვია. მუნიციპალიტეტებს აქვთ ძალიან მწირი საბიუჯეტო მხარდაჭერა და ფინანსებზე წვდომა, რათა განაახლონ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. არ არსებობს ტრანსპორტის სფეროში მოკლევადიანი და გრძელვადიანი დაგეგმვის პრაქტიკა, სახეზეა კოორდინაციის არაეფექტურობა ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის. თუ ჩვენ გვინდა ამ პრობლემების მოგვარება, პირველ რიგში უნდა მოიხსნას ინსტიტუციონალური და ფინანსური ბარიერები და გაიზარდოს მუნიციპალიტეტების შესაძლებლობები ტრანსპორტთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების სფეროში. რუსთავის მაგალითმა კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახა, რომ სახეზეა ქალაქებისა და ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების თანაშრომლობის ნაკლებობა, რათა შეიქმნას საზოგადოებრივი ტრანსპორტის ეფექტური სისტემა და მოხდეს დაფინანსების მოზიდვა. მუნიციპალიტეტები ძირითადად დამოკიდებული არიან ცენტრალური ხელისუფლების დაფინანსებაზე, მათი ბიუჯეტის მხოლოდ  10%-მდე შეადგენს მათი საკუთარი შემოსავლები, რომლებიც მოიცავს ადგილობრივი გადასახადებიდან, ნებართვებიდან მიღებულ თანხებს და მოსაკრებლებს. ამავდროულად, საქართველოში მოსახლეობის 70%-ზე მეტს არ ჰყავს კერძო ავტომობილი, ხოლო 40%-ს რომც ჰყავდეს, ტარება მაინც არ შეუძლია და საზოგადოებრივ ტრანსპორტზეა დამოკიდებული.  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, დონორების დახმარება და ბიუჯეტის დაფინანსება საერთაშორისო მაგისტრალებთან ერთად  მოხმარდეს ქალაქებში არსებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის აღდგენას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებასა და  საქალაქთაშორისო გადაადგილების მოწესრიგებას.

რკინიგზის სადგურის მოწესრიგება, შემადგენლობის გაზრდა და თბილისიდან რუსთავის მიმართულებით ავტობუსების სწრაფი გადაადგილების დერეფნების მოწყობა უნდა იქცეს პრობლემის მოგვარების რეალური გზად, როგორც რუსთავისთვის, ისე საქართველოს სხვა ქალაქებისთვის. შექმნილი ვითარება მოითხოვს, რომ ცენტრალურმა ხელისუფლებამ, ადგილობრივ თვითმმართველობებს ტრანსპორტის განვითარების ხელშესაწყობად მიზნობრივი პროექტების მეშვეობით უნდა გადაუნაწილოს გადასახადებიდან, მაგალითად, საწვავისა და ავტომობილის გადასახადებიდან მიღებული შემოსავლები. იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს წვდომა და გადაადგილება საქართველოს ქალაქებსა და ურბანულ დასახლებებში, მთავრობამ უნდა დაამტკიცოს უცხოელ გამოცდილ სპეციალისტებთან ერთად მომზადებული ურბანული ტრანსპორტის ეროვნული სტრატეგია და პოლიტიკის ჩარჩოდოკუმენტი. აღნიშნული ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტებს, განავითარონ მდგრადი შიდა დაფინანსების წყაროები საგზაო ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებისთვის, როგორიცაა პარკინგის, საგზაო ჯარიმებითა და სხვა ადგილობრივი აქტივობებიდან მიღებული შემოსავლები. მხოლოდ, ამ გზით არის შესაძლებელი დუბლირებული მარშრუტების, მომსახურების ხარვეზების, ნაკლები რაოდენობის საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და მომსახურების ცვალებადი ფასებით გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრა. სხვა შემთხვევაში, ჩვენ განწირული ვართ ახალი კონფლიქტისთვის, სადაც დაზარალებული დარჩება როგორც მომხმარებელი, ისე ამ სერვისის მიმწოდებელი კომპანია თუ კერძო პირი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^