Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფემინსტრიმი ► რამდენიმე შტრიხი რევაზ ინანიშვილის ქალი პერსონაჟების შესახებ

23 იანვარი 2019

მოუსმინეთ თეონა ბექიშვილის პოდკასტს

„აღმატებით ხარისხში და მტკიცებულებითი ფორმით წერა რომ ეჭვსა და ღიმილს იწვევს, კარგა ხანია, ვიცი, მაგრამ, როდესაც საქმე რევაზ ინანიშვილს ეხება, სხვანაირად არ შემიძლია. ეს ის ავტორია, რომელიც ქართულ მწერლობაში ყველაზე მეტად მიყვარს და ამ ყველაზე მეტად სიყვარულის ერთ-ერთი მიზეზი მისი ქალი პერსონაჟებია.

არცერთ მწერალს ამდენი და ასე სიყვარულით არ უწერია ქალებზე. რევაზ ინანიშვილის ქალი პერსონაჟების პალიტრა იმდენად მრავალგვარია, ერთი პატარა პოდკასტი კი არა, დიდი სამეცნიერო შრომაც ვერ დაიტევს.

აქ არიან დედები, რომლებიც უფრო საიმედონი არიან, ვიდრე - მამები, ამიტომ შვილები უფრო მოელიან მათ დაბრუნებას. აქ ისეთი დედებიც არიან, შვილები რომ უკვე დაუზრდიათ და ახლა ერთი უმწეო ფარნით ხელში დგანან ჯიუტად დარწმუნებულები, რომ ამით შვილს გზას უნათებენ; აქ არიან, ბებოები, ზამთრისა და ბამბაზიის სუნით, დაკოჟრილი ხელებით, ხანდახან საკუთარ დაუნახავად ჩანაცრილ სილამაზეს რომ მისტირიან და თამამად დგებიან თანამედროვეობის მხარეს: დაიწვას ის დრო, დაიწვა კიდევაც, ერთ ისეთ კოცნად არა ღირს, ახლა რომ ტელევიზორში კოცნიან ერთმანეთსო. აქ არიან გოგოები, სულ სხვადსხვა ფიქრებითა და საზრუნავით, სხვადასხვა ხასიათით, გარეგნობით. აქ არიან ქალებიც, საკმაოდ სექსუალური ქცევით, ქვრივები, პატარა გოგოები, სტუდენტები... თუ არ გავჩერდი, კიდევ დიდხანს შეიძლება ჩამოთვლა!

მართალია, ვბრაზობ ხოლმე, როცა რევაზ ინანიშვილს საბავშვო მწერლად ისე მოიხსენიებენ, თითქოს სადიდო უზარმაზარი ლიტერატურა არ დაეტოვებინოს, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ თუ რამე გვაბადია ქართველებს ბავშვების სულიერი აღზრდისათვის, მათ გადასარჩენად და ძალადობის მოჯადოებული წრიდან გამოსაყვანად, უპირველესი რეზო ინანიშვილის საბავშვო მოთხრობებია.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გოგო-პერსონაჟები, რადგან მათი სიმცირე ყველგან საგრძნობია და ჰარმონიული აღზრდისთვის აუცილებელია, ისინიც ჩანდნენ, ისინიც მოქმედებდნენ და ამხნევებდნენ პატარა მკითხველებს. ერთი გოგონაა, რომელსაც ღამე შეუყვარდება, მოთხრობიდან თითქმის ასეთივე სათაურით: „გოგონა, ღამე რომ შეუყვარდა“. ამ გოგონას განსხვავებული ხედვა, ბუნებისადმი საოცარი ნდობა და ფანტაზიის უნარი აქვს, ეს პერსონაჟი მის ტოლა ბავშვებს უამრავ რამეში დაეხმარება. დააძლევინებს ღამის შიშს, წაახალისებს, განუვითარდეთ ან არ დაკარგონ ფანტაზიის უნარი, ადამიანი ხომ ერთადერთი არსებაა, რომელსაც მოფიქრება და წარმოდგენა შეუძლია. შეაჩვევს განსხვავებულ ადამიანებს და დაანახვებს მშვენიერებას, რომლის აღქმასაც ასევე სწავლება სჭირდება.

ფემინსტრიმი ► ქალი ღმერთია

„დედაზე მე ისეთი რა უნდა ვთქვა, მაგრამ ჩემი მოსაყოლი მაინც უნდა მოვყვე“, - იწყებს თავის ერთ მოთხრობას დედაზე რევაზ ინანიშვილი... მეც ასე ვარ. რევაზ ინანიშვილზე მე ისეთი რა უნდა მეთქვა, თუმცა ყველაზე მეტად რისი თქმაც მინდოდა, ისაა, რომ მეოცე საუკუნის ყველაზე დიდ ქართველ ჰუმანისტს ქალებთან მიმართებაშიც ეტყობა ჰუმანიზმი. რეზო ინანიშვილი ეპიკურ, ფართო ტილოებს არ ხატავს, ცხოვრებას აღწერს, თავისი ყოველდღიურობით, თავისი პატარა ამბებით, რადგან ცხოვრება სწორედ ესაა.  

საგმირო საქმეებზე ქალს ვინ მიუშვებდა, ამიტომ ისინი ლიტერატურაშიც ნაკლებად ჩანდნენ. რევაზ ინანიშვილთან კი ისეთივე მრავალგვარი როლები აქვთ, როგორც ცხოვრებაში და საბედნიეროდ, იმდენი, რომ მათი კლასიფიკაცია ჭირს. უფრო სწორად, ჭირს იმიტომ, რომ სიყვარულით, ცოდნით, თანაგრძნობით დაწერილი პერსონაჟები არ ექცევიან ტიპურ კლასიფიკაციაში. თითოეული მათგანი ისევე ერთადერთი და განუმეორებელია, როგორც ზოგადად ადამიანი.

რადგან პოდკასტი იყო ჩასაწერი, მაინც შევეცადე კლასიფიკაციას. მაგალითად ავიღე „ლარა“ - დიდებისთვის დაწერილი მოთხრობა, თუმცა ჩემი ნება რომ იყოს უფროსკლასელთა სავალდებულო ნაწარმოებთა ნუსხაში შევიტანდი - და საბავშვო მოთხრობებიდან „მეიარაღის გოგონას ამბავი“.

ფემინსტრიმი ► გამოსამშვიდობებელი წერილი ოთარააანთ ქვრივს

ორივეგან გოგო შვილი წყვეტს ძალადობრივ ჯაჭვს, რომელიც მამათა უგუნურობის გამო გაბმულა. ლარას მამა საბჭოთა ჯალათია, რომელსაც აღარაფერი შველის, რომელიც საკუთარ ბოროტებაში უნდა ამოიხრჩოს, მაგრამ მთავარია, არ გაგრძელდეს მისი სულისკვეთება ან არ გადავიდეს მამის მძიმე პასუხისმგებლობა შვილზე. ლარა უმადური მამისადმი საოცარი თავდადებით, თავშეკავებულობით და თითქოს საკუთარი სახელივით ევროპული, ოდნავ დისტანცირებული, ძალიან საქმიანი, მაგრამ კეთილშობილური ქცევით ახერხებს, მამამისის ბოროტების მთლიანად არიდებას. ხვდები, რომ ეს მძიმე მემკვიდრეობა არც მასზე და არც შვილზე, ჟულიენზე, არ გადადის. ისინი სრულიად სუფთანი დგანან საზოგადოების წინაშე.

ასევე საინტერესოა მეიარაღის გოგონას ამბავი, რომლის მამაც ბოროტმოქმედი არაა, მაგრამ მჭედელია, საბრძოლო იარაღებს აკეთებს და მაინც ბოროტებას ემსახურება. თანაც მეუღლის სიკვდილით მასში ჩამკვდარია სიხარულის სურვილი. მაგრამ პატარა გოგონა ყვავილების მეშვეობით მოახერხებს ისევ გააღიმოს მამა,  საბრძოლო იარაღების ნაცვლად საყოფაცხოვრებო იარაღების კეთებაზე გადაიყვანოს, სიცოცხლის ხალისი დაუბრუნოს. ეს არის მშვენიერებით, როგორც სიკეთის უტყუარი ფორმით ადამიანის გადარჩენის ლამაზი ზღაპარი, რომელსაც ქართველი ბავშვები აუცილებლად უნდა კითხულობდნენ.

ფემინსტრიმი ► ფრთხილად საკითხავი („ვეფხისტყაოსანი“ და გენდერული სტერეოტიპები)

აი, შევეცადე, რაღაც როლები გამერკვია, ადგილები და ფუნქციები აღმომეჩინა და მაშინვე მივხვდი... მთავარი დამეკარგა  - უბრალოება და ბუნებრიობა, რომლითაც ისინი აღიწერებიან. რეზო ინანიშვილი ყოველგვარი კლიშეს, სტიგმის, როლური მოდელის გარეშე აღწერს უმაგრეს ქალებს, აღწერს არა შემფასებლის პოზიციიდან, არამედ თანაგრძნობით. ქალებისადმი მისი სიყვარული, ინტერესი და სამართლიანი დამოკიდებულება მისივე ჰუმანიზმის ბუნებრივი ნაწილია, ზედმეტ განსჯას ვერ იხდენს და ამიტომ, თუ გვინდა უკეთესი საზოგადოება შევქმნათ, სადაც ქალებიც უკეთ იქნებიან, ბავშვებიც, ცხოველებიც და საერთოდ, ნაკლები იქნება ჩაგვრა და ბოროტება, რაც შეიძლება ხშირად უნდა ვაკითხოთ რევაზ ინანიშვილი. 

დააკლიკეთ ბმულს და შემოუერთდით ფემინსტრიმს

--------------------------------------------------------------------------------------

ქალთა ფონდი საქართველოში და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი წარმოგიდგენთ პროექტს  “ფემინსტრიმი”. პროექტის მიზანია ქართულ მედიასივრცეში ახალი სადისკუსიო ნიშის გაძლიერება ფემინისტური აუდიო პოდკასტების შექმნის გზით.

პოდკასტები ყოველ ოთხშაბათს ფემინსტრიმის  Facebook  გვერდზე და „ლიბერალზე" გამოქვეყნდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

24 მაისი
24 მაისი

გიორგი მიქაუტაძე უვადო მოსამართლედ დაინი ...

იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ დაინიშნა. მიქაუტაძის უვა ...
24 მაისი
24 მაისი

სულ სხვა ბიძინა

ოპერისა და ბალეტის თეატრში ბიძინა კვერნაძის 90 წლისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა ...როდესაც ბიძინა კვერნაძისადმი მიძ ...
24 მაისი
24 მაისი

„როცა ვარდი ყვავის, ბაღი მისიას ასრულებს ...

ს.ს. - როგორია თქვენთვის წარმატებული ადამიანი? გ.ე. - წარმატებული ადამიანი - აბსურდის ადამიანია, მოთამაშე ადამიანი: ...

მეტი

^