Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ახალი ქართული ლიტერატურის ტოპ 10 პერსონაჟი ქალი

01 თებერვალი 2019

დასაწყისშივე ვიტყვი, აქ არ შეგვხვდება არც შუშანიკი და არც ნესტან-დარეჯანი, რომელთა შესახებაც აქამდეც არაერთხელ გვისაუბრია. ქართული ლიტერატურის ტოპ 10 პერსონაჟი ქალი შედარებით „ახალი“ – XIX საუკუნისა და XX საუკუნის პირველის ნახევრის ქართული ლიტერატურიდან შევარჩიეთ.

ახლა კი უშუალოდ სიაზე გადავიდეთ:

#10 თავსაფრიანი დედაკაცი (ნიკო ლორთქიფანიძე – „თავსაფრიანი დედაკაცი“)

ამ შესანიშნავ მოთხრობაში წარმოდგენილია ქალი, ადამიანი, რომელსაც, როგორც წესი, ჩვეულებრივ უნდა ეცხოვრა; იცხოვრა კიდეც, გააჩინა შვილები, შეეძინა შვილიშვილები, ყველა უყვარდა, ყველას პატივს სცემდა, თუმცა - მანამ, სანამ ამ ჩვეულებრივ ცხოვრებაში ადამიანური უმადურობის კლასიკური გამოვლინება შეახსენებდა თავს.

ასეთი რამ ყოველთვის ხდება და ადამიანები მას სხვადასხვაგვარად პასუხობენ. თავსაფრიანმა დედაკაცმა ამ უმადურობას იმათ უპასუხა, რომ მისთვის ეს სიტუაცია შეუძლებელი აღმოჩნდა და გაერიდა – წავიდა იქიდან, სადაც ამ უმადურობას გადააწყდა. არადა, ერთი შეხედვით, უბრალოზე უბრალო ამბავი იყო – ერთ შვილიშვილს წინდა არ მოერგო და ბებიამ ეს წინდა სხვა შვილიშვილისთვის განიზრახა. სწორედ ამ დროს გაისმა გულის მომკვლელი ფრაზები:

„ – რა, დედა, შეგენანა განა ერთი წინდა?! გინდა მეორე შვილიც მოიმადლიერო!.. ნუთუ ამის საღირალ პატივს არ გცემთ?

წინდები ხელთ გავარდა. სიტყვა არ ამოუღია. შეისწორა თავსაფარი.

ქალიშვილმა შეამჩნია ქცევა და კიდევ დაუმატა:

- ტყუილს ვამბობ თუ?

ქალი ადგა, კალთები დაიბერტყა.

ბავშვი არ ცხრებოდა.

კაპასი შვილი:

- ნუ ტირი, ნუ ტირი, უკეთესს გიყიდი, რომ ბებიამ არ დაგამადლოს“.

და ეს სიტყვები: „შეგენანა“, „მოიმადლიერო“, „საღირალი პატივი“ - საკმარისი აღმოჩნდა იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ აღარავის სჭირდება, სრულიად ზედმეტია – „დიდი ხანია, ჩემ კაცთან უნდა წავსულიყავი“.

აკი წავიდა კიდეც, „თითქოს შემთხვევით ჩაუარა ქმრის საფლავს, დიდხანს არ შეჩერებულა, ერთი მიუჯდა, ხელი გადაუსვა ბალახში მიმალულ ქვას და მკაცრად უთხრა:

- ჰო, მოვალ, მოვალ... მოვალ, ჩემო ფილიპე“.

დადგება დრო და ვაკის ჩიხში მილიცია იპოვის მოხუცებული ქალის გვამს, რომელსაც აცვია დახეული შავი ხამი და ძველი წუღები, გულზე ჰკიდია თითბრის ჯვარი, მარჯვენა ხელის უსახელო თითზე აქვს ხმარებისაგან დალეული ნიშნობის ვერცხლის ბეჭედი, რომლის შინა გვერდზე ნახევრად წაშლილი ასოებისაგან ჩვენ ამოვიკითხეთ „ფილიპე“.

„მოხუცებისაგან ზოგიერთს გამოელევა მოსაზრების უნარი და მოქმედებს შეუგნებლად, მაგალითად, გაჰყვება გზას და მიდის და მიდის... ამას ჩვენში „მხარის შეცვლას“ უძახიან, მეცნიერებმა კი „მანიაკალური მდგომარეობა“ უწოდეს“ – ასეთია თავსაფრიანი დედაკაცის  ყველაზე ცინიკოსი შვილის დასკვნა. 

საბოლოოდ კი გვხვდება ავტორის დასკვნა – „დიდებული ადამიანები უძეგლოდ იკარგებიან“; თუმცა, რა თქმა უნდა, „თავსაფრიანი დედაკაცები“ უძეგლოდ არ იკარგებიან, ძეგლი მათ ლიტერატურამ დაუდგა!

დააკლიკეთ ბმულს და შემოგვიერთდით „ლიბერალის“ ლიტერატურულ კლუბში, ფეისბუქზე

#9 ოთარაანთ ქვრივი (ილია ჭავჭავაძე - „ოთარაანთ ქვრივი“)

ოთარაანთ ქვრივი ქართულ ლიტერატურაში განსაკუთრებული, დაუვიწყარი სახეა. ყველაფერთან ერთად, აუცილებლად ხაზგასასმელია მისი დამოკიდებულება ფულისადმი – „ფული რა არის, ხელის ჭუჭყია, ერთი თუმანი რა სათქმელია“, - ამბობს ოთარაანთ ქვრივი და ამტკიცებს კიდეც, როდესაც გზირს ერთი ქათამი არ შეარჩინა, თბილისამდე იარა, სასამართლოში ფული დახარჯა, მაგრამ ღირსება გადაირჩინა!

თუ გახსოვთ, ოთარაანთ ქვრივს ხუთი ქისა ჰქონდა:

„ერთს ამისთანა ქისას „საჭირნახულოს“ ეძახდა და შიგ ინახავდა სახარჯოს პურისა და ქერების სამკალად, მოსაზიდად და სალეწად. მეორე ქისას „ბარაქალა ქისას“ ეძახდა. ამაში ინახავდა სახარჯოს ვენახის სამუშაოსათვის. მესამე ქისას „საჯანაბო“ ერქვა. ამაში ინახავდა ფოსტის ფულსა და საბეგროსას, თუ ვინიცობაა სოფელი ოდესმე შეაწერდა. მეოთხე ქისაში ინახავდა მოჯამაგირის საჯამაგირო ფულსა. ამ ქისას ეძახდა: „მიეცი და მოგეცესო“. მეხუთე ქისაში ჰქონდა საშინაოდ სახარჯო და ღარიბთა გასაკითხი ფული. ამ მეხუთე ქისას ოთარაანთ ქვრივი ხან „ფარსიღას ქარვასლას“ ეძახდა, ხან „შიოს მარანსა“.

აქ კარგად ჩანს, როგორი სერიოზული მეურნეა ქვრივი ქალი, რომელიც მარტო ეწევა საქმეს და მარტო ზრდის შვილს, რომელზეც მზე და მთვარე ამოსდის. წარმოიდგინეთ, ეს არის უმკაცრესი ქალი, შეუვალი ციხესიმაგრე და ერთადერთი, რითაც ამ ციხის კარის გატეხვა შეიძლება, ერთადერთი სუსტი წერტილი, ესაა შვილისადმი სიყვარული. გიორგის დაღუპვით ოთარაანთ ქვრივიც იღუპება, ზუსტად ისე, როგორც ესმერალდას ცხედარზე გადაგებული კვაზიმოდო, ოთარაანთ ქვრივი:

„საფლავზედ გარდი-გარდმო გადაქცეულიყო, ფეხები აქეთ პირას მიწაზედ ებჯინა თითის წვერებითა და ორივე ხელი იქით პირას გადაეკიდნა, თითქო სდომებია მთელი საფლავი ქვითა და მკვდრით ერთის ხვევნით გულში ჩაეკრაო“.

#8 თამარ შერვაშიძე (კონსტანტინე გამსახურდია – „მთვარის მოტაცება“)

რა თქმა უნდა, „მთვარის მოტაცების“ მთავარი გმირი გარდაქმნის ის ეპოქაა, რომელმაც ადამიანების მთელი კლასი შეიწირა და მათ შორის იყო უმშვენიერესი ქალი, ვინც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა კონსტანტინე გამსახურდიაზე.

საუბარია მის პირველ მეუღლეზე, რებეკა ვაშაძეზე, რომელსაც მწერალი ხან რევის, ხან კი რევეკას უწოდებდა და ვის მიმართაც განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა. ეს კარგად ჩანს 1916 წელს, კონსტანტინე გამსახურდიას მიერ ჟენევიდან გამოგზავნილ ერთ-ერთ წერილში:

„ჩემო დაუვიწყარო რევა, მე ოდისეი ვარ, ქვეყნად სამგზავროდ გასული, შენ მარად ერთგული პენელოპე, მე ღირსიც არ ვარ შენი სიყვარულისა“.

ოდისევსისა და პენელოპეს სახე კარგად გამოხატავს უცხოეთში წასული მწერლისა და პენელოპესავით მომლოდინე რებეკა ვაშაძის სიყვარულს. მოგვიანებით, ეს დიდი გრძნობა თამარ შერვაშიძის სახედ იქცა, ქალისა, რომელიც ენგურმა მოიტაცა. ამ პასაჟში ავტორმა „ვეფხისტყაოსნის“ სახე ჩააქსოვა, გველის მიერ მოტაცებული ნესტანი – „ნახეს, მზისა შესაყრელად გამოეშვა მთვარე გველსა“. ზუსტად ასე, მთვარის, ანუ თამარის მოტაცება, იქცა კიდეც ამ რომანის მთავარი სახედ.

მოგეხსენებათ, „მთვარის მოტაცების“ შემდეგ, კონსტანტინე გამსახუდიას დაბრალდა ყველა „ცოდვა“, მათ შორის ქართული ნაციონალიზმი, კომუნისტების არმიღება და ა.შ. მაგრამ, ერთ-ერთი მთავარი „ცოდვა“ იყო, ვითომდა – „პორნოგრაფია ლიტერატურაში“, რასაც მწერალმა საკმაოდ თამამი პასუხი გასცა:

„ნამდვილი მწერლობა არასოდეს ყოფილა კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტის მოწაფეთათვის დაწერილი ქრესტომათია“.

საბოლოო ჯამში, ვიცით, როგორც დასრულდა ეს ყველაფერი, კონსტანტინე გამსახურდიამ თანამედროვეობის აღწერა მიატოვა და ისტორიულ რომანებზე დაიწყო მუშაობა, თუმცა, ბუნებრივია, თამარ შერვაშიძის სახე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო რომანის მთავარ სახედ დარჩა.

#7 შორენა კოლონკელიძე (კონსტანტინე გამსახურდია – „დიდოსტატის მარჯვენა“)

ქართული ლიტერატურის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სახე, რომელმაც, სხვათა შორის, არა მხოლოდ ლიტერატურაში, არამედ ონომასტიკაშიც სერიოზულად დაიმკვიდრა თავი, შორენა კოლონკელიძეა. არაერთ ქალს სწორედ კონსტანტინე გამსახურდიას პერსონაჟის გავლენით დაარქვეს სახელი.

მოგეხსენებათ, პირმშვენიერი შორენა თალაგვა კოლონკელიძის მხოლოდშობილი ქალია, რომელიც აკვანშივე დანიშნული ჰყავდა ჭიაბერს. მოგვიანებით, ჭიაბერი სახელმწიფოს მტრად იქნა შერაცხული და განადგურდა, შორენას კი ახალი საქმრო გამოუძებნეს – გირშელი.

თუმცა...

შორენა ულამაზესი ქალია, რომლის გარშემოც მამაკაცები ტრიალებენ, უპირველეს ყოვლისა: ჭიაბერი, გირშელი, მეფე გიორგი, რომელსაც შორენა შეუყვარდა და მისი ცოლად მოყვანაც კი განიზრახა და უტა, ანუ კონსტანტინე არსაკიძე, ლაზი ხუროთმოძღვარი, სვეტიცხოვლის ამშენებელი.

ალბათ გახსოვთ, უტას შორენას ძუძუმტეობას უთხრობდნენ, თუმცა მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ ეს ამბავი სიმართლე არ იყო, მათ შორის ორმხრივმა სიყვარულმა იფეთქა, რომელიც ტრაგიკულად დასრულდა – ვინმე ხუროთმოძღვარს, სვეტიცხოვლის ამშენებელსაც კი, არავინ შეარჩენდა მეფის მიერ თვალდადგმული ქალის სიყვარულს. ასეთი ეპოქაა, როდესაც სვეტიცხოვლის ამშენებელი და მეფე გიორგი, ორი სხვადასხვა ოდენობაა. მგონი ახლაც ასეა, რადგან რუსთაველი ვერაფრით დასახელდა მთავარ ქართველად, როგორც წესი, ყოველთვის მეფეები უსწრებენ წინ. ადრეც ასეთი წარმოდგენა ყოფილა...

საინტერესოა, რომ შორენას დასახასიათებლად ავტორმა ფაუნა გამოიყენა, ერთი მხრივ თავად კოლონკელიძის ქალს მიუჩინა ნებიერა, შორენას მიერ გაზრდილი შველი, მეორე მხრივ კი, აჩვენა, თუ რა გავლენა ჰქონდა ამ მშვენიერი ქალს ცხოველებზე, დაახლოებით ისეთი, როგორიც ყაისს „ლეილი და მაჯნუნიდან“, ან ავთანდილს „ვეფხისტყაოსანში“. საუბარია ორ ეპიზოდზე: როდესაც შორენამ იოლად მოათვინიერა დათვები და როდესაც ავაზამ არ ავნო მას.

„ფაქიზი იყო შორენა, როგორც ქერუბიმის ფრთენი და სევდიანი, როგორც ყინცვისის მჭმუნვარე ანგელოსი“, თუმცა, ამავდროულად, ის იყო სერიოზული ვაჟკაცობით გამოჩენილი ქალი.

ყველამ კარგად ვიცით შორენას ტრაგიკული აღსასრული. მონაზვნად აღკვეცილმა, მას შემდეგ, რაც მისი სიყვარულის დაღუპვის ამბავი გაიგო, პირჯვარი გადაიწერა და ქარაფიდან გადაეშვა:

„...და გადაეშვა ქარაფიდან შორენა. ჯერ ისე მხრებგაშლილი წავიდა ძირს, როგორც გაფრენილ ანგელოსებს ჰხატავდნენ ხოლმე ფრესკის ოსტატები. მერმე, დიდ მანძილზე სრბოლისას ორგზის გადატრიალდა ჰაერში და როცა კლდის ქიმზე დაეცა თავქვე, მიწამდის არ დაჰყოლია სული“.

ავტორმა შეძლო, რომ შორენა კოლონკელიძესთან, ამ უბრწყინვალეს სახესთან დაკავშირებული ყველაზე ტრაგიკული მომენტი საოცარი ძალით აესახა.

#6 თამრო (ილია ჭავჭავაძე – „გლახის ნაამბობი“)

ილია ჭავჭავაძის შესანიშნავი მოთხრობაში გაბრიელის, თამროსა და დათიკოს სასიყვარულო სამკუთხედს ვხვდებით. დათიკომ, რომელიც ქართული ლიტერატურის გამორჩეულად მზაკვარი პერსონაჟია, გლეხების სიყვარულს ყურადღება არ მიაქცია და მიუხედავად იმისა, რომ თითქოსდა გაბრიელი მისთვის ახლობელი ადამიანი იყო, საკუთარ ვნებას უარი არ უთხრა.

მოგეხსენებათ, ამ ვნებამ დიდი ტრაგედია დაატრიალა...

„– თამრო!.. შევკივლე მე კანკალით და თრთოლით.
– გაბრიელ!.. მომაძახა მე იმან და ზედ მკერდზედ ფერმიხდილი დამეცა.
– მამა რა მექნა, მამა? – შემომბღავლა საცოდავად.
– მოშორდა ამ წუთის-სოფელს. ერთი მითხარ, რამ მოგიყვანა აქა?
– მაგას ნუღარ მკითხავ! ნუ, ნუ მკითხავ!.. სტიროდა საწყალი, შენი თამრო დიდი
ხანია დამიწებულია. შენი თამრო მოკვდა.
– მაშ შენ ვინა ხარ? – დავიძახე თავზარდაცემულმა.
– ის თამრო აღარა ვარ. მე ეხლა ავლაბრის უნამუსო ვარ, შემიბრალე და დამიტირე მე ბედშავი!..
– უნამუსოო!..“

და აი, თანაგრძნობის, შებრალების, დატირების ნაცვლად, გაბრიელი ხელს კრავს თამროს და მკერდიდან ვითარცა გველს ისე იცილებს .

საოცარია არა?! გაბრიელს შურისძიება კი შეუძლია, მაგრამ „ავლაბრის უნამუსოს“ შებრალება და დატირება არა! ილიამ აქ განსაკუთრებული სიღრმით აჩვენა ის მორალური უფსკრული, რომელიც ადამიანების შორისაა, როცა დაჩაგრულს მეორე დაჩაგრულის შებრალება არ შეუძლია.

ყოველივე ეს მშვენივრადაა გამოხატული თამროს სახეში, რაც ილიამ განსაკუთრებული ტკივილისა და ტრაგედიის ნიშნით აღბეჭდა.

#5 ძიძია (ალექსანდრე ყაზბეგი – „ხევისბერი გოჩა“)

ძიძია სიყვარულის აბსოლუტური ძალაა, სიყვარულის ბირთვული აფეთქება, რომლის წინაშე ყველა და ყველაფერი უძლურია.

სიყვარულის ამბები მაშინ სხვაგვარად იყო. 16 წლისა გაიფურჩქნა, სისხლი აუდუღდა, გული სიყვარულისკენ მიელტვოდა... ამ ულამაზეს ქალს ბევრი შესტრფოდა, მოტაცებაც კი სურდათ, მაგრამ მისი ბედ-იღბალი გუგუა უნდა ყოფილიყო.

მოეწონა ძიძიას გუგუა, მაგრამ ეს არ ყოფილა ის სიყვარული, ადამიანს რომ ეწვევა ხოლმე. ძიძია სხვაგვარად ფიქრობდა, მოსწონდა თავისი გუგუა, საკუთარი სურვილით მიჰყვებოდა და არაერთი ღამე გაეთენებინა მასთან ჩქარა შეერთებაზე ფიქრში.

მაგრამ, იმ დღეს, როცა სახლსა და მეგობრებს უნდა გამოსთხოვებოდა, როცა ქალობაში პირველი ნაბიჯი უნდა შეედგა, გული როგორღაც აუკანკალდა და წარსული შენანდაო, ამბობს ავტორი, რითაც მიგვანიშნებს კიდეც, რომ მას არ სწვევია ნამდვილი, ყოვლისმომცველი სიყვარული, რომელიც ყველაფერს ამარცხებს.

არადა, მისდა საუბედუროდ, ასეთი სიყვარული იმავე დღეს ეწვია, თუმცა სხვა კაცის მიმართ. ის ერთადერთი, მისი და გუგუას ხელის მომკიდე – ონისე აღმოჩნდა! წარმოიდგინეთ რა გრძნობაზეა საუბარი, რომ ონისე, ვაჟკაცი კაცი, ყველაფერთან ერთად, სამშობლოს ღალატამდეც კი მიიყვანა და ათქმევინა – „მაცდურად მომხიბლა და მაცდურად დამღუპა, მშვიდობით ჩემო ვაჟკაცობავო“.

შემდეგში კი სცადა ონისემ დანაშაულის გამოსწორება, თუმცა ყველაფერი მაინც ტრაგიკულად დასრულდა, აი ძიძია კი, სიყვარულით სავსე ქალი, „იმ ღამიდგან, რაც ონისეს განშორდა, აღარავის უნახავსო“.

ავტორი ამბობს, ნამდვილი ამბავია, ერთი კაცი მომიყვაო... ძიძიას მსგავსად, სიყვარულისთვის დაბადებული ქალები რომ ნამდვილები არიან, აბა ამას რა დიდი მტკიცება უნდა?!  

#4 მარგო (მიხეილ ჯავახიშვილი – „ჯაყოს ხიზნები“)

მარგო ქართული ლიტერატურის ემა ბოვარია, ოღონდ ძალიან, ძალიან მძიმედ დახატული. ხატვის, გამოძერწვისა და ოსტატობის თვალსაზრისით, ამაზე ძლიერი პერსონაჟი რთული წარმოსადგენია, თუმცა ზოგჯერ საოცრად ამაზრზენი ხდება.

„ლოგინში მკვდარი“ მისი მეუღლე ენას უკიდებს, სათვალეს ხმარობს, ნამოურავალს იღლიამდე სწვდება, ნაკაცარია, ყველანაირად საცოდავი არსება. შესაბამისად, როგორც იმ კითხვაზე, რატომ არის მადამ ბოვარი „ასეთი“, არის პასუხი – იხილეთ მისი მეუღლე შარლი, პასუხი მარგოს შემთხვევაშიც იგივეა – იხილეთ თეიმურაზი! 

ნუშისთვალება ობოლი მარგო, ყაფლანიშვილების უკანასკნელი წარმომადგენელია, რომელსაც დაკვირვებული თვალი მყის შეატყობდა ნიჭსა და აღზრდას; სუფთა ტანისამოსი ეცვა, მარტივი, ბუნებრივი მიხრა-მოხრა ჰქონდა, თავდაჭერილი სიტყვა-პასუხი და ცუღლუტი არშიყობა იცოდა, ისიც მხოლოდ თვალებით.

ავტორი ამბობს, მარგო უსაქმობის ჭაობმა ჩაითრია და ჩასწუწნაო, ამ ყველაფერმა კი იმ სტიქიური ძალის არჩივობამდე მიიყვანა, რასაც ჯაყო ჰქვია.

გავიხსენოთ სცენა, როდესაც ერთ ღამეში ჯაყომ სამჯერ გააუპატიურა მარგო. გაუპატიურებიდან-გაუპატიურებამდე მარგო ნელ-ნელა პოულობს თავის თავსა და სიამოვნებას ამ უბედურებაში... ეს სცენა ქართული ლიტერატურის ამგვარ სცენათა მწვერვალია. არ მგონია ვინმემ ამაზე უკეთ შეძლოს ამ უბედურების აღწერა.

რა თქმა უნდა, მარგო ქართულ ლიტერატურაში სამუდამოდ დარჩება, როგორც ყველასგან გამორჩეულ პერსონაჟი, რომელიც, პრინციპში, იმდროინდელი საქართველოს სახე და ასეთი საქართველოსადმი ავტორის მიერ გამოთქმული საყვედურია.

#3 ლელა (ვაჟა-ფშაველა – „ბახტრიონი“)

უნათლესი პერსონაჟი, „ქალი ღიმილიანი“:

„ღიმილითა სთქვა ლელამა,
შუქი გამოჰხდა პირისა. 
საამურია საცქერლად
ვარზე ცვარები დილისა!
ქალი ჰგავს სამოთხის ყვავილს,
ნარწყავსა უკვდავებითა;
ხორცშესხმულს სიყვარულსა ჰგავს,
აუწყველს უწყავებითა“.

წარმოიდგინეთ, ასეთი ლამაზი, სათუთი, ნაზი, მამის მოყვარული ქალი საომრადაა მოსული და უარის მიღების შემდეგ ისეთ ოქროს სიტყვებს ამბობს, რაც ამ პერსონაჟის განსაკუთრებულობას უსვამს ხაზს:

„ვერ მიჰხვდით? პირდაპირ გეტყვით:
თათრებთან ომი მწადიან,
მინდა რო ჯავრი ვიყარო,
ბევრს სამ ავს საქმეს სჩადიან:
იკლებენ საქართველოსა,
მუმბარეზობით დადიან“.

ვერ დავმალავ, ლელა ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანი სახეა, როდესაც გავიგებ, რომ ქალს ლელა ჰქვია, დარწმუნებული ვარ, იდეალურად „მუშაობს“ ფრაზა – nomen est omen (სახელი ყველაფერს ნიშნავს), რადგან თუკი ადამიანს ლელა ჰქვია, იგი ვაჟა-ფშაველას მიერ დასმულ ხარისხის ნიშანს ატარებს.

საოცარია ამ ქალის შემართება, რომლითაც კვირიას ცბიერ გეგმაში მონაწილეობს და ჯარს მტრის კარს გაუღებს, რასაც ეწირება კიდეც. შემთხვევითი არ არის, რომ დაღუპულთა ჩამონათვალში პირველი სწორედ კვირიასა და ლელას სახელები გვხვდება:

„პირველ ობოლი კვირია,
სახე აქვ ნათელიანი;
მეორე ლელა ბაჩლელი,
ქალი ხელ-ფარტენიანი“.

ბუნებრივია, ლელა ქართული ლიტერატურის სიმაღლედ რჩება და კარგია, რომ მასზე ოპერაც დაიწერა, სახელი კი ასე დამკვიდრდა ქართულ ონომასტიკონში.

#2 სოფიო (ნიკოლოზ ბარათაშვილი – „ბედი ქართლისა“)

ბარათაშვილის პოემაში საქართველოს თავისუფლებას ორი გულშემატკივარი ჰყავს: სოლომონ ლიონიძე და მისი მეუღლე სოფიო.

ეს საოცარი ქალი ვერაფრით ნიღბავს თავის უკმაყოფილებას მეფე ირაკლის იმ არგუმენტებთან დაკავშირებით, რომლითაც მეუღლე ესაუბრება. ლიონიძე პასუხად სწორედ ამ ქალისგან იღებს იმ მთავარ სიტყვას, რომლითაც თავად უმასპინძლდებოდა მეფეს – თავისუფლება!

სოფიოს, რომლის სახეში თავად ნიკოლოზ ბარათაშვილი იმალება, არც პეტრეს ქალაქში გადასახლება და პრივილეგიები ხიბლავს. ის ამბობს ისტორიულ პასუხს:

"უწინამც დღე კი დამელევა მე!
უცხოობაში რაა სიამე,
სადაცა ვერ ვის იკარებს სული
და არს უთვისო, დაობლებული?
რა ხელ-ჰყრის პატივს ნაზი ბულბული,
გალიაშია დატყვეებული?
და ველად იგი, ამხანაგთ შორის,
ჭირსაც, ვით ლხინსა, ერთგვარ დამღერის!
ესრეთ რას არგებს კაცსაც დიდება,
თუ მოაკლდება თავისუფლება?“ 

ეს სამარადისო სიტყვები საქართველოს გასაგონად ითქვა – არაფერს აქვს ფასი, თუ მოაკლდება თავისუფლება!

თავისი მნიშვნელობით „ბედი ქართლისა“ უზარმაზარი პოემაა, სოფიოს გენიალური სახე კი არასდროს დაგვავიწყებს, რომ უპირველეს ყოვლისა, თავისუფლებას უნდა გავუფრთხილდეთ!

#1 აღაზა (ვაჟა-ფშაველა – „სტუმარ-მასპინძელი“)

თავისუფლება, როგორც მთავარი სიტყვა, პირდაპირ უკავშირდება ქართული ლიტერატურის ნომერ პირველ პერსონაჟ ქალს, აღაზას, რომელიც შინაგანი თავისუფლების უზარმაზარი გამოხატულებაა.

ვაჟა-ფშაველა, ჩვენი გენიოსი, თავის პოემებში ექსპერიმენტებს ატარებდა და ხან იმ ადამიანს პოულობდა, რომელიც ახალ ჭეშმარიტებას აღმოაჩნდა, ხან კი ქალს, რომელსაც ერთდროულად შეეძლო ქმრისა და ქმრის მეგობრის სიყვარული.

თავისუფლება იმისა, რომ დაიტირო მტერი, თავისუფლება – დაინახო და შეგიყვარდეს მტერი! ეს აბსოლუტურად წარმოუდგენელი თავისუფლებაა იმ სამყაროში, რომელიც მონობით არის მოცული.

ბარათაშვილმა რაც ეროვნულ თავისუფლებაზე თქვა, ვაჟამ ის პიროვნულ ჭრილში გადაიტანა:

„და წყაროს პირზე დიაცი,
ტურფა, ლამაზი, ქისტისა,
შუბლზე და მკერდზე წყალს ისხამს,
დროდადრო გული მისდისა.
ბევრი იტირა ჩუმადა,
თუმცა დროდადრო ჰკრთებოდა,
ზვიადაურის სიკვდილი
თვალებში ელანდებოდა.
სტიროდა, მაგრამ ტირილი
არ იყო, ეხათრებოდა:
ერთ მხრივ, ხათრი აქვს თემისა,
მეორით, ღმერთი აშინებს,
ქისტეთის მტრისა მოზარეს
თავს რისხვას გადმოადინებს“.

აღაზამ მშვენივრად იცის, რომ ზვიადაურის დატირება არ შეიძლება, მაგრამ არც გაჩერება შეუძლია. ქმარიც კი მოატყუა, დევები გამომედევნენო, მაგრამ სიმართლე კი ვერ თქვა, ვერ აღიარა – ზვიადაური ვიტირეო.

ცნობილია, რომ ვაჟა დიდხანს იყო გაჩერებული ჯოყოლას პასუხზე, ვერ წერდა, ვერ აგრძელებდა პოემას, სანამ არ მიაგნო ოქროს სიტყვებს:

„იტირე?! მადლი გიქნია,
მე რა გამგე ვარ მაგისა?
დიაცს მუდამაც უხდება
გლოვა ვაჟკაცის კარგისა“.

აღაზას მიერ ზვიადაურის დატირება ბევრისთვის, განსაკუთრებით კი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა ნაწილისთვის, დღემდე თავსატეხია. მათი ნაწილი ამბობს, რომ აქ სქესობრივი სიყვარულზე არაა საუბარი, თუმცა ვაჟა-ფშაველას სხვა პოემაც აქვს დაწერილი – „სისხლის ძიება“, სადაც აღაზას პარალელური სახე არსებობს და იქიდან ძალიან კარგად ჩანს, თუ რომელ სიყვარულზე წერს ჩვენი გენიოსი.

დასასრულ, გავიხსენოთ ნაწარმოების ფინალიც, სადაც მკვდრებს შორის ზავია ჩამოვარდნილი და აღაზა სიყვარულს უნაწილებს ჯოყოლასაც და ზვიადაურსაც, თუმცა, ეს უკვე არაა ის სიყვარული, რის გამოც კაცებმა შეიძლება ერთმანეთი დახოცონ...

გიყვარდეს მტერი შენიო, გვითხრა ქრისტემ, მაგრამ, როგორც ჩანს, ამისი არავის სჯერა ვაჟა-ფშაველას გარდა. ის სულ სხვა ტიპის მოაზროვნეა, სულ სხვა, გაცილებით შორეულ სამყაროში იხედება, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია.

როდესაც ასეთი გენიოსები იბადებიან, ისინი ვერც საქართველოში ეტევიან, ვერც მორალში, ვერც ქრისტიანობაში, იმიტომ რომ მათ თავიანთი სიმართლე და სათქმელი აქვთ. სწორედ ასეთი თავისუფლების სახეა აღაზა, ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი მთავარი მწვერვალი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

19 ივლისი
19 ივლისი

სასარგებლო პარაზიტები

კანის წლევანდელი კინოფესტივალის გამარჯვებული რეჟისორის, ბონგ ჯუნ ჰოს ფილმი „ამირანის“ ეკრანზე. კინომანებს მ ...
19 ივლისი
19 ივლისი

პირველი ქალი ევროკომისიის სათავეში

16 ივლისის საღამოს საბოლოო წერტილი დაესვა პროცესს, რომელმაც განსაკუთრებულად გაუცრუა იმედი ევროპულ ტაბლოიდურ გამოცემებს. ...
18 ივლისი
18 ივლისი

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ საქართველოს წინ ...

დღეს, 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ოფიციალურად გამოაცხადებს გადაწყვეტილებას საქმეზე: „ტელეკომპანია „ ...

მეტი

^