Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ეს არ არის რეფორმა, ვითომ აკეთებ და რეალურად არაფერს აკეთებ - ტაბატაძე განათლების სფეროში ცვლილებებზე

12 თებერვალი 2019

რა ინსტრუმენტია გამოცდა და როგორი გამოცდები ტარდებოდა ჩვენთან ზოგადი განათლების დამამთავრებელ საფეხურზე?

ეს არის მარტივი შეფასების ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება გამოიყენო სხვადასხვა მიზნით. გააჩნია რა დანიშნულებას და მიზანს დაუსახავ. კარგიც არის და ცუდიც, აქვს მინუსებიც და პლიუსებიც.

იმის თქმა, რომ გამოცდები განათლების ხარისხს აფუჭებს და ან, პირიქით, ეს კარგი ინსტრუმენტია ხარისხის გასაუმჯობესებლად, გაზვიადებულია.

ჩვენი გამოცდები არაფრისმომცემი იყო. დღეს გამოცდების გაუქმების მოწინააღდეგეები ამბობენ, რომ ამ გამოცდების წყალობით ბავშვები რაღაც ცოდნას იღებდნენ, წიგნს შლიდნენ. შეიძლება რაღაც პერიოდი მოსწავლეები შლიდნენ წიგნს, მაგრამ ცოდნის მიღების თვალსაზრისით არაფრისმომცემი იყო.

ამ სისტემაში სახელმწიფო ხარჯავდა ფულს. ყველაზე მეტს ხარჯავდნენ მშობლები. ისინი ამ ფულს არასწორი მიმართულებით ხარჯავდნენ.

უმაღლეს განათლებაში დახარჯული თანხის 70%-ს შინამეურნეობები იხდიან. სახელმწიფო 30%-ით მონაწილეობს.

ისეთი სისტემა უნდა შეიქმნას, რომ მშობლებისა და სახელმწიფოს მიერ გაღებული თანხა ეფექტური იყოს.

ხშირად ამბობენ, რომ პრობლემა დაფინანსებაა, მაგრამ ამ მცირე დაფინანსების პირობებშიც კი, ჩემი აზრით, პრობლემა ამ თანხების ეფექტური განკარგვაა.

2012 წლიდან 2019 წლამდე განათლების ბიუჯეტი ძალიან გაიზარდა. მილიარდს გადააჭარბა, მაგრამ ხარისხზე ვერ იმოქმედა. რადგან უფრო მეტი ფული ცუდ სისტემაში ჩაიდო, რომელიც ხარისხიან განათლებას ვერ იძლევა.

თქვენ თქვით, რომ ის, რაც სამინისტროს მხრიდან პრეზენტაციების სახით მოისმინეთ, რეფორმა არ არის. დაინახეთ თუ არა გაჟღერებული ცვლილებების კავშირი განათლების ხარისხის ზრდასთან?

ის, რომ ის 8 გამოცდა არაფრის მომცემი იყო, ამაზე საზოგადოება თანხმდებოდა. ჩემთვის მიუღებელია, როცა ამბობენ, რომ ახლა სასწავლო პროცესი უფრო ხარისხიანი გახდება. დაუშვათ, გავაუქმე გამოცდები. ავტომატურად დადგება ხარისხიანი განათლება? ეს ნიშნავს, რომ სწავლება ეროვნული გეგმის შესაბამისად ხდება? რა თქმა უნდა, ასე გამოცდების გაუქმებით ვერ მივიღებთ ხარისხიან განათლებას, ეს არ არის რეფორმა. ეს მარტივი გზაა - ვითომ აკეთებ და რეალურად არაფერს აკეთებ.

რეფორმაზე როცა ვსაუბრობთ, უნდა ვიცოდეთ პასუხი კითხვებზე - რა ხდება სკოლებში? როგორ აკეთებ ეროვნული სასწავლო გეგმის რეფორმას? როგორ აკეთებენ მასწავლებელთა კომპეტენციის ზრდის რეფორმას? როგორ ზრდიან სასკოლო განათლებისა და სასკოლო შეფასების ფუნქციას? - ამ კომპონენტებზე საუბარი არ ყოფილა. ითქვა, რომ კრედიტების დაგროვების სქემა გაუქმდება, აქაც გაუქმებაზე წავიდა ლაპარაკი და არა იმაზე, რა პრობლემაც ჰქონდა. სქემაში ჩამოთვლილი აქტივობები ცუდი კი არ არის, პრობლემა სხვა რამე იყო -  ეს აქტივობები ცენტრმა კი არ უნდა დაუკვეთოს და ბიუროკრატიული მექანიზმით შეამოწმოს (ეს არ იმუშავებს), უნდა შეიქმნას სისტემა, რომელიც სკოლის კულტურის ნაწილად აქცევს ამას. 

მე არ მჯერა, რომ რაღაც ფუნქციების მინიჭებით სკოლებში დაიწყება კორუფცია. რა თქმა უნდა, ინდივიდუალური შემთხვევები იქნება, მაგრამ ყველაფრის გაკონტროლების მექანიზმი არსებობს. აქ სამინისტრომ უნდა აამუშაოს გარკვეული მექანიზმები. 

რა მექნიზმებს გულისხმობთ?

ეს მექანიზმებად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ  გამოცდები სულ კი არ გაუქმდეს, რაღაც მექანიზმი შეიქმნას, რომლებიც მას გააკონტროლებს, დააბალანსებს სასკოლო ნიშნებს. ყველა სკოლაში შეფასებები თანაბრად სწორი ვერ იქნება, მაგრამ რაღაც სისტემები არსებობს, რომლებიც უნიფიცირებულად დააბალანსებს სასკოლო შეფასებას.

თუ დავინახავთ, რომ მათემატიკაში სკოლაში სულ 9 და 10 იწერება, მერე უნიფიცირებული შეფასებით ვხედავთ, რომ ცუდად ფუნქციონირებენ მივხვდებით, რომ იქ პრობლემებია.

ემხრობით თუ არა სკოლის შედეგების შესაფასებლად/შესამოწმებლად რაიმე ინსტრუმენტის შემოსვლას?

კი ბატონო, ეს შეიძლება არ იყოს 8 გამოცდა, მაგრამ იყოს ერთი და მოიცავდეს სხვადასხვა საგნობრივ კომპონენტებს.

არსებობს სხვადასხვა სისტემა და უნდა გამოვიგონოთ ისეთი, როგორიც ჩვენ მოგვერგება.

უმაღლეს სასწავლებლებში ჩვენ გვაქვს დაახლოებით ადგილების 25%, რომელიც არ ივსება და ამ 25%-ისთვის ვატარებთ გამოცდებს. გვაქვს ადგილები, სადაც კონკურენცია არ არის. რატომ ვატარებთ იქ გამოცდებს? ძალიან მარტივია დიფერენციაცია.

უნივერსიტეტებმა შიგნით ერთ პროგრამაზე შეიძლება თქვას, რომ აქ დიდი კონკურსი არ აქვს და თქვას, რომ აქ მიიღებს ყველას, ვისაც აქვს ატესტატი, რომლის საშუალო ქულა 7,5-ზე მაღალია, ან მას დამატებითი გამოცდა არ სჭირდება მისაღებად. სტუდენტი, რომელიც ფიქრობს, რომ ეს მისაღებია, არ აბარებს გამოცდას და ატესტატით მიდის; თუ ფიქრობს რომ მიუღებელია, მაშინ ირჩევს პროგრამას, რომელსაც სხვა მოთხოვნები აქვს.

ამ დიფერენცირებულ სისტემაში მივიღეთ, რომ ვიღაცას ჩავრიცხავთ მხოლოდ სასკოლო ნიშნებით, ვიღაცას - სასკოლო და + გამოცდა, ვიღაცას შეიძლება ხუთი გამოცდა ჰქონდეს, რადგან კონკურენცია მაღალია.

რა დატვრთვა ექნება სკოლის შედეგებს უმაღლესში მიღების ეტაპზე, იმ სისტემის მიხედვით, რომელიც სამინისტრომ შემოგვთავაზა, არ ჩანს.

კი, სკოლის ფუნქცია და მნიშვნელობა უმაღლესში განათლების მისაღებად ისევ არ არსებობს, შესაბამისად, რასაც ოპონენტები ამბობენ სწორია. არანაირი ბერკეტი იმისა, რომ მაღალ კლასებში სკოლების ორიენტირი იქნება სასწავლო გეგმა, არ არსებობს, იმიტომ, რომ იქ მიღებულ ნიშნებსა და განათლებას უმაღლეს სასწავლებელში მისაღებად ისევ არ აქვს მნიშვნელობა.

რა მექანიზმები არსებობს ამისთვის?

ავტორიზაცია-აკრედიტაციის მექანიზმები. დღესდღეობით საქართველოში გვაქვს კერძო სკოლების ავტორიზაციის მექანიზმი და საჯარო სკოლების ავტორიზაციის მექანიზმი მუდმივად გადაწეულია. რადგან სახელმწიფოსგან არ აქვთ მხარდაჭერა, აღარც ამოწმებენ.

ამის გარეშე რაიმე რეფორმაზე საუბარი სასკოლო დონეზე წარმოუდგენელია. გარანტირებულად უნდა თქვა, როგორ უნდა უზრუნველყოს მან ის, რომ ხელმძღვანელი იყოს მაღალი დონის. იმიტომ, რომ ეს ხშირად პოლიტიკური საკითხია - სამინისტროს შეიძლება სურვილი ჰქონდეს, მაგრამ ვერ ახერხებს, რომ სკოლის დირექტორი შეირჩეს არა ლოიალობის, არამედ პროფესიული კუთხით. როგორ უზრუნველყოს, რომ რეგიონებშიც გვყავდეს მაღალი დონის დირექტორები. სკოლების ხელმძღვანელებზე არავინ საუბრობს.

მეორე კომპონენტი - სასწავლო გეგმა, რომელიც თითქოს იცვლება, მაგრამ რეალურად არ იცვლება და არ ერგება იმ რეალურ სიტუაციას, როცა შენ შეიძლება გყავდეს უფრო მცირე და ბევრად კვალიფიციური მასწავლებლების არმია.

რას ვაკეთებ, როცა საათებზეა მიბმული ხელფასი და როცა მასწავლებელი შეიძლება გაკვეთილის მიღმა ბევრ საქმეს აკეთებდეს. როცა ამბობ, რომ მხოლოდ გაკვეთილს ანაზღაურებ - არც კლვევას, არც პროფესიულ განვითარებას არაფერს არ აანაზღაურებ. ამ კუთხითაც ერთი წინადადება არ გაგვიგია, რომ სახელფასო პოლიტიკა შეიცვლება.

იქნება თუ არა გამოცდები მასწავლებლების სკოლიდან გაშვების საშუალება და რა მოხდება მათი ადგილების გამოთავისუფლების თვალსაზრისით - ამაზე არავინ საუბრობს.

კარგი გამოთავისუფლდა ეს ადგილები? ვინ ანაცვლებს? გვყავს კი უკეთესი კორპუსი მომავალი მასწავლებლების?

მასწავლებელთა მოსამზადებელ პროგრამებზე, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო დაფინანსებაა, კონკურენცია არ არსებობს. ამ პროგრამაზე იმდენი განაცხადია, რამდენი ადგილიც არის გამოყოფილი.

კონკურენტული კადრები ამ პროფესიაში არ მოდიან. ფინეთს რომ ვედრებით, იქ 120 ადგილზე ჰელსინკის უნივერსიტეტში ათასობით განაცხადია.

ვინ ასწავლიან? რა პროგრამები გვაქვს? ასწავლიან საკმაოდ დაბალი დონის პროფესურა. სუსტი პროგრამით ვამთავრებინებთ უნივერსიტეტს და სკოლაში, სადაც უნდა მოხდეს მათი პროფესიული განვითარება, ხვდება სკოლის დირექტორი, რომელიც ვერ ზრუნავს ამ პროცესზე.

როგორ აფასებთ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში შესულ ცვლილებას, კერძოდ, კრედიტების დაგროვების სისტემის გაუქმებას ? 

მნიშვნელოვანია, რომ ბიუროკრატიული მექანიზმები სკოლას ეხსნება და, შესაბამისად, შედეგის არმქონე რაღაცები აღარ გაკეთდება. რაც ცუდი არ არის, თუმცა თუ პროფესიული განვითარება სასკოლო კულტურაში არ გადავიდა, შედეგი არ იქნება.

მეორე კომპონენტი, რაც გაჟღერდა, ეს არის ტრენინგები - ტრენინგები კარგია, მაგრამ არ არის პანაცეა. ტრენინგების მთელი სისტემა იყო შექმნილი და ამან პროფგანვითარების კუთხით დიდი შედეგი ვერ მოიტანა. მარტივი საერთაშორისო კვლევები აჩვენებს, რომ გარე ტრენინგებს აქვს მცირე ეფექტი და პროფესიული განვითარების ეფექტი სასკოლო დონეზე ყოველდღიურ რეჟიმში ჩანს. ამიტომ აქეთ უნდა წავიდეს აქცენტი.

2020 წლიდან, სამინისტროს გეგმის მიხედვით, სკოლის როლი მასწავლებელთა პროფესიული განვითარებაში იზრდება. გამოცდაჩაბარებული მასწავლებლის კარიერულ და პროფესიულ ცხოვრებაზე სკოლა და პედაგოგი ერთად დაიწყებენ ზრუნვას.

მაშინ უნდა მითხრა, როგორ აპირებენ სკოლის დირექტორების რეფორმას, სკოლის ხელმძღვანელის გარეშე ამას ვერ გააკეთებენ. კარგი სკოლის დირექტორი ამათი დახმარების გარეშე შეძლებს ამ სისტემის განვითარებას. შექმნის სისტემას, რომ მასწავლებელი ყოველდღიურად შიგნით ვითარდებოდეს. უნდა ხდებოდეს ასეთი სკოლის დირექტორების მოზიდვა და წახალისება, თორემ დღესაც არიან ასეთები. 

---

დღესაც მცდარი აღქმაა, რომ სკოლებს და დირექტორებს არჩევნების პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვთ. განსაკუთრებით ადგილობრივ და რეგიონალურ დონეზე ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს ხელიდან არ გაუშვას სკოლის დირექტორების მართვის ბერკეტი. ცდილობს, რომ სკოლის დირექტორები იყვნენ მათდამი ლოიალური.

2007 წელს ლოტოტრონის დროს იყო ძლიერი წინააღმდეგობა ადგილობრივი ხელისუფლებისგან.

შესაბამისად, დირექტორები აღარ უყურებენ, რომ სასწავლო პროცესი მართონ, არამედ ზრუნავენ, როგორ დაალაგონ კომუნიკაცია ადგილობრივ ხელისუფლებასთან და როგორ დაალაგონ ფინანსური მხარე, რომ საციხოდ არ გაიხადონ საქმე. ცუდი სასწავლო პროცესის გამო, მათ არავინ გაათავისუფლებს, მაგრამ თუ მათი გათავისუფლება მოუნდათ, ფინანსებს მიადგებიან. ეს იცის ყველამ.

უნარების ტესტი რომ არასავალდებულო გახდა, ამაზე რას ფიქრობთ?  

სამინისტროს არ ჰქონდა დამაჯერებელი ლოგიკა, რატომ არ არის სავალდებულო უნარების ტესტი.

საუბარი იყო იმაზე, ბევრს ხარჯავენ რეპეტიტორებშიო, თუმცა აღმოჩნდა, რომ ინგლისურში უფრო დიდი იყო განსხვავება.

თუ ჩარიცხვისას უნარების შედეგების წილი იყო დიდი, ეს უნდა შეგვემცირებინა.

რატომ არის არასავალდებულო თუნდაც ინგლისური, ამის არგუმენტები ვერ თქვა სამინისტრომ.

ერთია, რა ვერ დაასაბუთა სამინსტრომ, როგორია თქვენი აზრი?

ვფიქრობ, რომ ინგლისური უფრო პრობლემურია. აქცენტი უნარების გამოცდის გაუმჯობესებაზე უნდა გაკეთებულიყო. დამატებოდა სხვადასხვა კომპონენტი, რომ მეტი უნარები შეგვემოწმებინა.

ჩემთვის მიუღებელია ინგლისურის დატოვება, რომელიც უფრო სერიოზული პრობლემაა.

აბიტურიენტს, რომელიც არ იყო მომზადებული, შანსი ჩაბარების უნარების ტესტის გამო უმცირდებოდა - ეს იყო არგუმენტი. თქვენი აზრით, შესაძლებელი იყო თუ არა ამ ტესტის ისეთი მოდიფიცირება, რომ საგანაგებო მომზადება საჭირო აღარ ყოფილიყო? 

მე ღრმად არ გამიანალიზებია ეს დისპროპორცია, რამდენად არსებობდა ტესტის პრობლემა. თუ ტექნიკის არქონა იყო პრობლემა, მაშინ ისეთი ტესტი უნდა დადო, რომ ტექნიკას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდეს და ყველა ბავშვს მისცე შესაძლებლობა, რომ უნარების ტესტი არ იყოს სიახლე და ბოლო ორი წელი სასკოლო დონეზე ასეთი ტესტების შევსების გამოცდილება უნდა მიიღონ.

მანამდე, ვიდრე სკოლები ისე გაძლიერდება, რომ ხარისხიანი განათლების მიცემა უზრუნველყონ, როგორ უნდა მოვახერხოთ, რომ ბავშვებს, რომლებსაც შესაძლებობა არ აქვთ და იმის გამო, რომ ვერ ემზადებიან, კონკურენტუნარიანები არ არიან, შეძლონ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელება?

აქ ბევრი პრობლემა იყრის თავს და მხოლოდ გამოცდების სისტემით ამას ვერ მოაგვარებ.

უმაღლესში ჩაბარების პრობლემა არ დგას, საუბარია. რამდენად შრომის ბაზარზე ორიენტირებულ და კარგ ფაკულტეტებზე აქვთ წვდომა. ეს წვდომა არ აქვთ და ვერც ამ სისტემით ვერ ექნებათ.

რომც ჰქონდეთ წვდომა, დარწმუნებული ვართ, რომ ისწავლიან და ასე გადაწყდება მათი პრობლემები? მაგალითად შევქმენით კვოტირების მექანიზმები, ექნებათ ფინანსები, თუ ვერ მოიპოვეს გრანტი? როგორ ვუზრუნველყოფთ მათ ქალაქში ცხოვრებას, რომელიც გაცილებით ძვირი ჯდება, ვიდრე სწავლის გადასახადი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

17 აპრილი
17 აპრილი

ვცხოვრობდით ხელოვნებით

ქართველი საოპერო ვარსკვლავები - გიორგი გაგნიძე, ნანა ქავთარაშვილი და ვალერიან გამგებელი „ტოსკას“ თბილისურ პრ ...
17 აპრილი
17 აპრილი

გრიგოლ გეგელიას იდეალი

გრიგოლ გეგელია დაიბადა თბილისში. მამა, პროფესორი გიული გეგელია - მსოფლიოს არქიტექტურული აკადემიის აკადემიკოსი, საქართველ ...
17 აპრილი
17 აპრილი

როსღა გვეღირსოს ჩვენ აზერბაიჯანელი ან სო ...

ათ წელიწადში საქართველოს პრეზიდენტად უნდა ავირჩიოთ ეთნიკურად აზერბაიჯანელი (ან სომეხი) საქართველოს მოქალაქე. რა ნიშნავს ...

მეტი

^