Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

Berlinale: შიმშილი, სიშლეგე და დანაწევრებული გვამები... 70-იანი წლების შლაგერების თანხლებით

13 თებერვალი 2019

ბერლინის კინოფესტივალზე აგნეშკა ჰოლანდის, ფატი აკინისა და მარი კროიცერის ფილმები უჩვენეს

დაახლოებით თხუთმეტი წლის წინათ, როდესაც გერმანიაში დაბადებული თურქი რეჟისორის, ფატი აკინის ფილმი - „კედლის პირისპირ“  ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე „ოქროს დათვით“ დააჯილდოვეს, კრიტიკოსები ლამის „ახალი ფასბინდერის“ დაბადების შესახებ ალაპარაკდნენ. მისი გაზვიადებული და რადიკალური კინემატოგრაფი, რომელიც უფრო ხშირად იგავურ ფორმას ეყრდნობოდა, შემდგომშიც კარგად ფასდებოდა, თანაც ძალიან კარგ ფესტივალებზე: კანში, ვენეციისა თუ კარლოვი ვარში.

თავის ახალ ფილმში, რომლის სახელწოდებაა „ოქროს ხელთათმანი“, ფატი აკინი, ბედის ირონიით, სწორედ რაინერ ვერნერ ფასბინდერის მიერ 70-იანი წლებში ასახულ გერმანიას ციტირებს. უფრო მეტიც, ფასბინდერის გროტესკს კიდევ უფრო რადიკალურ ფერებს უმატებს. ამის გამო ყველაფერი გადაჭარბებული, უფრო საზარელი და ზედმეტად კონცენტრირებული გამოდის.

"ოქროს ხელთათმანი" - რეჟისორი: ფატი აკინი

ფილმს საფუძვლად კრიმინალური ქრონიკა უდევს, რომელიც 70-იანი წლების ჰამბურგში ლუმპენების, მეძავებისა და ნაცისტების საყვარელი ლუდის ბარის - „ოქროს ხელთათმანის“ მუდმივ კლიენტებს გვაცნობს.  კრიმინალი, ლოთი და იმპოტენტი ფრიც ჰონკა (ძალიან კარგი ახალგაზრდა მსახიობი იონას დასლერი) ბებერ მეძავებს საკუთარ ბინაში ეპატიჟება და ათრობს. შემდეგ კი უშედეგოდ, უფრო ზუსტად სოსისების „დახმარებით“ აუპატიურებს და ხოცავს. გვამებს ანაკუწებს და კომბლესავით „ჭერში აწყობს“, ხოლო გვამებით გამოწვეულ საშინელ სუნს გვერდით მცხოვრები ბერძენი ემიგრატი ოჯახის აყროლებულ კერძებს აბრალებს.

სისასტიკის, პერვერსიებისა და ძალადობის პაროდირების ჩვენებით ფატი აკინი არა მხოლოდ გერმანულ ექსპრესიონისტულ კინოს, კრიმინალურ სერიალებს და ფასბინდერს იმეორებს, არამედ ირიბად ტარანტინოსა და ლარს ფონ ტრიერსაც ბაძავს. რაც, ჩემი აზრით, ცოტა უხერხულად და უფრო უნიჭოდ გამოსდის. მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ მას არ შეუძლია, ან ვერ ახერხებს მოძებნოს სწორი, გასაგები და ზუსტი ინტონაცია რეალობასა და მხატვრულ სახეს შორის.

ფილმში არის ეპიზოდებიც, რომლებიც ძალიან სასაცილო და შთამბეჭდავად გროტესკულია. მაგალითად, ბარის კლიენტების დიალოგები ან ზოგადად, ბარის ატმოსფერო ძალიან შთამბეჭდავია. ყველაზე სასტიკ ეპიზოდებში, გვამების დანაკუწებისას ფრიც ჰონკა ფირსაკრავზე 70-იანი წლების შლაგერებს რთავს და ამითაც უცნაურ ესთეტიკურ სიამოვნებას იღებს. ძნელია ჟიურის განწყობის წინასწარ გამოცნობა, მაგრამ კრიტიკა რადიკალურად გაიყო - ზოგი ფილმით აღფრთოვანებულია და „ოქროს დათვის“ მთავარ პრეტენდენტად მიიჩნევს, სხვები კი წერენ, რომ „ფატი აკინის ფილმის უბრალოდ, კატასტროფული, ნატურალისტური და თვითმიზნურია“.

ასევე ვნებათა ღელვა (ამჯერად უკვე პოლიტიკური) გამოიწვია პოლონელი რეჟისორის, აგნეშკა ჰოლანდის ფილმმა „მისტერ ჯონსი“. გასაგები მიზეზების გამო ყველაზე მეტად მაინც რუსი კრიტიკოსები გაღიზიანდნენ, რომლებმაც 140-წუთიან, ძალიან დრამატულ და ცხადია, ოდნავ პოლიტიზებულ ფილმში, საბჭოთა ტოტალიტარული წარსული ისევ რეჟისორის „გაზვიადებულ ფანტაზიას“ დააბრალეს. თუმცა მიზეზი მაინც უკრაინა აღმოჩნდა, რადგან ფილმის დაახლოებით ორი მესამედი სწორედ იქ არის გადაღებული და შეულამაზებლად ასახავს „გოლოდომორის“ შემზარავ სცენებს.

"მისტერ ჯონსი" - რეჟისორი აგნეშკა ჰოლანდი

30-იანი წლების ბოლოს ბრიტანელი ჟურნალისტი გარეტ ჯონსი (ჯეიმს ნორტონი) საბჭოთა კავშირში ჩამოდის და სტალინისგან უშედეგოდ ცდილობს ინტერვიუს აღებას. უკრაინაში ის ჩუმად, მატარებლით მიემგზავრება, სადაც არა მხოლოდ საზარელი შიმშილობის მომსწრე ხდება (როდესაც შიმშილით დაოსებული ადამიანები ზამთარში პირდაპირ ქუჩაში ყრიან), არამედ ბავშთა შორის კანიბალიზმისაც! ფილმის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ეპიზოდია, როდესაც ხორბლით დატვირთულ სატვირთო ვაგონებს მოსკოვში აგზავნიან, ხალხი კი უზარმაზარ რიგებში დგას და პურს ითხოვს. გრძელი, შავ-თეთრი კადრი მთავრდება სტალინის გიგანტური პორტრეტით, რომელსაც ხელში ოქროსფერი პურის თავთავები უჭირავს.

გაღიზიანების არანაკლები მიზეზი ალბათ აღმოჩნდა ჰოლანდის ფილმში მწერალ ჯორჯ ორუელის გამოჩენაც, რომელიც დაწვრილებით საბჭოთა ტოტალიტარიზმის შესახებ  სწორედ გარეტ ჯონსისგან შეიტყობს. ფილმში ასევე მოყვანილია არაერთი ციტატა რომანიდან „ცხოველთა ფერმა“, რომელიც ღორების ფერმის ჩვენებით იწყება და მთავრდება.

სრულიად სხვა, არაპოლიტიკურ, უფრო ზუსტად კი სექსუალური ფორმის ნევროზებს გვიჩვენებს ავსტრიელი რეჟისორი-ქალი მარი კროიცერი ფილმში „მიწა ჩემ ფეხქვეშ“. ლოლასა (ვალერი პაჩნერის ეს აქტიორული გარჯა-ნამუშევარი ჯერჯერობით საუკეთესოა ფესტივალზე) და მისი შეფის, ელისის (მაივე ჰანის ჰორბიგერი) სექსუალური კავშირი და ცალკე ლოლას დის, კონის ფსიქოლოგიური პრობლემები გადაჯაჭვულია თანამედროვე ქალის კარიერის, სექსუალური თავისუფლებისა და აშკარად დამქანცველი შრომის რეჟიმის თემებთან.

„მიწა ჩემს ფეხქვეშ“ - რეჟისორი:მარი კროიცერი

რეჟისორი გვიჩვენებს ლამის ზღვრამდე მიყვანილ და ფსიქოზური პრობლემებით დაღდასმულ თანამედროვე ქალებს, რომელთაც ზედმეტად დიდი ფასი გაიღეს თავისუფლებისათვის. როსტოკი და ვენა დასავლეთის ის ორი ქალაქია (გერმანია და ავსტრია), სადაც ფილმის მოქმედება ხდება და სადაც ქალებს ერთი შეხედვით ყველაზე კარგი შანსი აქვთ კარიერული წინსვლისათვის, თუმცა ფსიქოლოგიური და სექსუალური ტრავმები კარიერასაც ანადგურებს და სექსუალურ თავისუფლებასაც. და საბოლოოდ, ფინალური კათარზისი ვეღარაფერს შველის!

ბერლინალეს მომდევნო დღეებში კანადელი დენი კოტეს, ფრანგი ანდრე ტეშინეს, იტალიელი კლაუდიო ჯოვანეზისა და ესპანელი რეჟისორი იზაბელ კოიშეტის ფილმებს უჩვენებენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

24 მაისი
24 მაისი

„ყოველდღე ვტოვებთ სახლებს და სიკვდილზე მ ...

3 000-ზე მეტი მაღაროელი ამ დრომდე გაფიცულია. ეს გაფიცვა, გარდა მასშტაბისა, უპრეცედენტო იმითაც არის, რომ პროტესტი თვითორგ ...
24 მაისი
24 მაისი

გიორგი მიქაუტაძე უვადო მოსამართლედ დაინი ...

იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ დაინიშნა. მიქაუტაძის უვა ...
24 მაისი
24 მაისი

სულ სხვა ბიძინა

ოპერისა და ბალეტის თეატრში ბიძინა კვერნაძის 90 წლისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა ...როდესაც ბიძინა კვერნაძისადმი მიძ ...

მეტი

^