Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საეჭვო „სინონიმები“

17 თებერვალი 2019

ბერლინის 69-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი - „ოქროს დათვი“ ნადავ ლაპიდის „სინონიმებს“ გადაეცა

ბერლინის წლევანდელ კინოფესტივალს ვერც ექსკლუზიურად მოპოვებულმა საკონკურსო ფილმებმა უშველა და ვერც ფესტივალის დირექტორის, ბატონ დიტერ კოსლიკის გულისამაჩუყებელმა ფინალურმა სპიჩმა საზეიმო დახურვის წინ მოწყობილ პრესკონფერენციაზე. დაჯილდოება ისე წარიმართა, რომ ბატონი კოსლიკი სცენაზეც არ ასულა, ხოლო ჟიურის თავმჯდომარემ, ჟულიეტ ბინოშმა  ცერემონიის ფინალში მას გიგანტური სათამაშო დათვი აჩუქა. თან მომავალი შეხვედრის იმედით დაემშვიდობა.

პოლიტიკურად საკმაოდ მძაფრი, მაგრამ მხატვრული თვალსაზრისით ძალიან სუსტი ფილმი „სინონიმები“, რომელიც ებრაელმა რეჟისორმა ნადავ ლაპიდიმ პარიზში გადაიღო, ჟიურიმ რატომღაც საუკეთესოდ მიიჩნია ფესტივალის მთავარი პრიზით - „ოქროს დათვით“ დააჯილდოვა. რასაც გამოკვეთილად ნეგატიური რეაქცია მოჰყვა ჟურნალისტებით სავსე კინოდარბაზში, სადაც დაჯილდოების საზეიმო ცერემონიას პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ. პარიზში ჩასული ახალგაზრდა კაცის ისტორია უფრო რეჟისორის სოციალურ-პოლიტიკური კომპლექსების დემონსტრაციაა, ვიდრე მთავარი გმირის ფრანგულ კულტურასთან იდენტობის მცდელობა.

არანაკლებ სკანდალური აღმოჩნდა „ვერცხლის დათვით“ (ჟიურის დიდი პრიზი) ფრანსუა ოზონის დაჯილდოება. აშკარად კონიუნქტურული და შეიძლება ითქვას უსუსური ფილმი „მადლობა ღმერთს  (ან „ღვთის მადლით", ასეც ითარგმნება), საკონკურსო ფილმებს შორის ჟურნალისტებმა ლამის ყველაზე ცუდად მონათლეს.

ალფრედ ბაუერის პრემია (კინემატოგრაფში  ახალი გზებისა და ძიებისათვის) გერმანელ რეჟისორს, ნორა ფინშელდტს გადაეცა ფილმისათვის „სისტემის მსხვრევა“, ხოლო „ვერცხლის დათვით“ საუკეთესო რეჟისურისთვის, ასევე გერმანელი რეჟისორი ანგელა შანელეკი დააჯილდოვეს ფილმისათვის „მე სახლში ვიყავი, მაგრამ...“ რაც სხვათა შორის, ჟურნალისტებმა ასევე ხმამაღლა გააპროტესტეს.

ფესტივალის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი, ჩინელი რეჟისორის ვანგ ხიაო სუაის „ასე დიდხანს, შვილო ჩემო" მხოლოდ გამარჯვებულ მსახიობთა „ამარა“ დატოვეს, რაც ერთგვარი ტაქტიკური ხრიკი იყო. „ვერცხლი დათვი“ საუკეთესო მსახიობი ქალისათვის ჟიურიმ იუნ მეის გადასცა, რომელიც მთავარ როლს თამაშობს ამ ფილმში. ისევე როგორც, ამავე ფილმში მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის „ვერცხლის დათვით“ დააჯილდოვეს ვანგ ცინ ჩუნი. ასე რომ, ჟიურის ვერავის მოედავებოდა, რომ ჩინური ფილმი დაიჩაგრა. არადა, სწორედ ასე იყო...

ჩემი აზრით, ფესტივალის საუკეთესო ფილმები ყოველგვარი პრიზების გარეშე დატოვეს. მაგალითად, “ღმერთი არსებობს და მისი სახელია პეტრუნია“, რომელიც მაკედონიელმა რეჟისორმა თეონა სტრუგარ მიტევსკამ გადაიღო და ავსტრიელი რეჟისორი ქალის, მარი კროიცერის „მიწა ჩემს ფეხქვეშ“, რომელმაც ასევე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

„ვერცხლის დათვით“ საუკეთესო სცენარისათვის დააჯილდოვეს კლაუდიო ჯოვანეზი, რობერტო სავიანო და მაურიციო ბრაუჩი, ფილმისათვის „ნეაპოლის პირანიები“, რომელიც ნეაპოლის მაფიის ბავშვებზე დამღუპველ გავლენას გვიჩვენებს. ასევე „ვერცხლის დათვი“  საუკეთესო მხატვრული ხერხებისა და გამოსახულებისთვის გადაეცა ნორვეგიელ ოპერატორს, რასმუს ვიდებაეკს ფილმისათვის „ცხენების ქურდობა“ (რეჟისორი ჰანს პეტერ მულანდი).

უკვე ცნობილია, რომ მომავალი, საიუბილეო 70-ე კინოფესტივალი 20 თებერვლიდან 1 მარტამდე გაიმართება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^