Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უსწავლელობისთვის გაწირული მოსწავლეები

19 თებერვალი 2019

წარმოიდგინეთ, ინგლისურის შესწავლა გადაწყვიტეთ და ერთ-ერთ ცენტრს "ლირნინ თუგეთერს" (სახელი გამოგონილია აქაც და ქვემოთაც) მიმართეთ. მენეჯერი გეუბნებათ, კვირაში სამი დღე საათ-ნახევარს იმეცადინებთ და ამა და ამ თანხას გადაიხდითო. ჯგუფში რამდენი ადამიანიაო, იკითხავთ ალბათ. ოცდაათიო, გიპასუხებთ მენეჯერი. 

რასაკვირველია, თქვენი ფეხი აღარ იქნება "ლირნინ თუგეთერში". მანდ რა უნდა ვისწავლოო, იფიქრებთ თქვენ და მართალიც იქნებით?!

ჰოდა, ერთი რიგითი საჯარო სკოლის ინგლისურის ლამზირა მასწავლებელი ჯადოქარი ხომ არაა, ოცდაათ მოსწავლეს სათანადოდ ასწავლოს კვირაში სამჯერ ორმოცდახუთ წუთში?!
კარგი. დავუშვათ, შეარჩიეთ სასურველრაოდენობიანი ჯგუფი "ინგლიშ ფოო ფუჩეს" ცენტრში, ფასმაც დაგაკმაყოფილათ და დაიწყეთ კიდეც სიარული. რამდენიმე კვირაში აღმოჩნდა, რომ თქვენ რაღაც საკითხი სათანადოდ ვერ აითვისეთ და ამისთვის დამატებით გჭირდებათ დრო. მაგრამ მასწავლებელი თქვენ ხომ არ დაგელოდებათ?! ის გეუბნებათ, რომ რაღაც პროგრამა აქვს, რომელიც დროის გარკვეულ მონაკვეთში უნდა გაიაროს და ამ პროგრამას ვერ ჩამორჩება...

თქვენ რას იზამთ? რასაკვირველია, დაანებებთ "ინგლიშ ფოო ფუჩეში" სიარულს თავს და მართალიც იქნებით.

ჰოდა, ლამზირა მასწავლებელი განა ჯადოქარია. მას ხომ ოცდაათ მოსწავლესთან ერთად პროგრამაც დროში გაწერილი აქვს და ეს პროგრამაც ამავდროულად საშინლად გაბერილი, გადატვირთულია.
მოდი, თავი დავანებოთ თქვენი ინგლისურის შესწავლის პერიპეტიებს და ახლა ლამზირა მასწავლებლის რომელიმე მოსწავლეს დავაკვირდეთ. მაგალითად, მერვეკლასელ რავილს.

როგორც უკვე ვიცით, რავილის კლასში 29 მოსწავლეა. იგი, ინგლისურის გარდა, კიდევ ათ საგანს სწავლობს. და ინგლისურისვე მსგავსად ყველა საგნის პროგრამა გადატვირთულია. საოცრად გადატვირთული. უგუნურად გადატვირთული. ყურადღებით რომ დააკვირდეს ადამიანი, მყისვე დარწმუნდება: დამპროგრამებელი უცოდინრობისთვის სწირავს რავილს.

(თუ ვერ დარწმუნდით, გაგახსენებთ, სულ ახლახან როგორ თქვით უარი ასეთ პირობებში მხოლოდ ერთი საგნის შესწავლაზე. რავილს კი ათი საგანი აქვს სასწავლი).

თქვენ გგონიათ, მხოლოდ ლამზირა მასწავლებელი წვალობს გადატვირთული პროგრამების გამო და აწვალებს თავის მოსწავლეებს? არა. ყველა მასწავლებელი ასეა. განვიხილოთ ისტორიის მასწავლებლის მდგომარეობა.

რა ისწავლება მერვე კლასის ისტორიაში? ყველაფერი, რა კონფლიქტიც კი მომხდარა მსოფლიოს ისტორიაში - დაწყებული უძველესი დროის სახელმწიფოებიდან, გაგრძელებული ანტიკური ხანის ქვეყნებითა და შუა საუკუნეების კონფლიქტებით, დამთავრებული მეოცე საუკუნის მსოფლიო ომებითა და წინააღმდეგობებით. ამასთან, ეს მოვლენები მოიცავს ყველა კონტინენტსა და მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან რეგიონს.

უფრო მეტი თავლსაჩინოებისთვის განვიხილოთ საფრანგეთის რევოლუციის მაგალითი. ეს პერიოდი - მართლაც უმნიშვნელოვანესი ევროპისა და მსოფლიოს ისტორიისთვის - გრძელდება ათი წლის განმავლობაში და ეთმობა ერთი გაკვეთილი.. ჰა და ჰა, მასწავლებელმა ორი გაკვეთილი დაუთმოს. სამს - ვეღარ, რადგან ამას ნაპოლეონის ეპოქა მოსდევს, იმას - სხვა და ა. შ. მოკლედ, ისტორიის მასწავლებელიც ლამზირა მასწავლებლის დღეშია. ერთი საკითხი სიღრმისეულად ვერ ამოუწურავს, მეორე მოსდგომია კარს...

ახლა განვიხილოთ, რა უნდა ისწავლოს რავილმა საფრანგეთის რევოლუციის შესახებ ამ ერთ, ჰა და ჰა, ორ გაკვეთილში. სახელმძღვანელოში ამისთვის დათმობილია სამი ფურცელი, თუ სწორად მახსოვს, და ამ სამ ფურცელში თავმოყრილია ყველაფერი საფრანგეთის რევოლუციის შესახებ: მიზეზები, საფრანგეთის საზოგადოების შემადგენლობა თავისი გენერალური შტატებით, დამფუძნებელი და ისე კრებები, ჟირონდისტები და იაკობინელები, მარატი და რობესპიერი, სამოქალაქო ომი და როიალისტები და უუუფ!.. დაიბენით ხომ?! რავილიც. ამას ემატება თარიღები, თარიღები… 14 ივლისი, 23 სექტემბერი, 1992, 93, ბრიუმერი, თერმიდორი

ყველა თემასა და საკითხში ასეთი ჯოჯოხეთი ტრიალებს. ამდენი და ამგვარი. არადა, რა დარჩება საუკეთესო შემთხვევაში ბავშვის გონებაში? დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ბევრი არაფერი.

თუ არ გჯერათ, გაიხსენეთ დიდგორის ომის თარიღი. (თუ ისტორიკოსი ბრძანდებით და ეს თქვენი პროფესიაა, მაშინ მწვერვალ მაკ-კინლის სიმაღლე გაიხსენეთ). გაგიჭირდათ? თუ სწრაფადვე უპასუხეთ?! პრინციპში, ეს საქართველოს ისტორიის ყველაზე ცნობილი თარიღია და გემახსოვრებოდათ… აბა, ბასიანის ბრძოლის თარიღი გაიხსენეთ!..

მივუბრუნდეთ რავილს, რომელიც, სამწუხაროდ, ჩამორჩა ტემპს. იქით მათემატიკაშიც ვერ აითვისა თავის დროზე ერთი საკითხი - სხვადასხვამნიშვნელიანი წილადების შეკრება და ნოდარ მასწავლებელი მას ხომ არ დაელოდებოდა?! პროგრამა მიდის და მიდის. უამრავი ამოცანა, მაგალითია. ნოდარი მასწავლებელიც ვერ ასწრებს საკლასო ოთახში მასალის სათანადოდ გავლას, მაგრამ ღმერთმა და დამპროგრამებლებმა ხომ ისეთი ჯადოსნური კონცეპტი (არ ვარ დარწმუნებული ამ სიტყვის შესაბამისობაში, მაგრამ იყოს!) მოუფიქრეს, როგორიცაა საშინაო დავალება… შინ გააკეთებენ… ბევრს აძლევს ნოდარი? ე.ი. ზრუნავს მოსწავლეებზე.

რავილი კი, საუკეთესო შემთხვევაში, ორ-სამ საგანს მისდევს, ხოლო დანარჩენებს ფორმალურადღა სწავლობს. მასწავლებლები კი ატენიან და ატენიან ტერმინებს, კონცეპტებს, პროგრამულ მასალებს, ვალიდურ ტექსტებსა თუ რელევანტურ შემაჯამებლებს.

რა ვქნათ, აბა?! როგორ გავანაწილოთ, მაგალითად, ისტორიის პროგრამა მერვე კლასში?

სანამ ამ შეკითხვას ვუპასუხებდეთ, მეათე კლასის ქართულსაც გადავხედოთ. როგორც იცით/გახსოვთ, ამ კლასში ძველი ქართული მწერლობა ისწავლება „ვეფხისტყაოსნის“ ჩათვლით. ეს პროგრამაც გადატვირთულია, ესეც მოსწრებაზეა, ჩატევაზე, მაგრამ საქმეს სხვა რამ ართულებს დამატებით. ამ კლასში ისწავლება ტექსტები, რომლის ლექსიკა და სინტაქსი იმდენად გაუგებარია მოსწავლეებისთვის, რომ ნახევარგვერდიან ტექსტს, რომელიც თავისთავად გენიალურია, ერთგვერდიანი განმარტებები ახლავს ხოლმე.

და ასე გრძელდება თვეების განმავლობაში. ნაცვლად იმისა, რომ ტექსტების დამუშავებისას აქცენტი კეთდებოდეს მთავარი იდეის გამოკვეთასა და დასკვნების გამოტანაზე, მთავარი და მეორეხარისხოვანი ინფორმაციის გამიჯვნასა და პერსონაჟის ქცევის მოტივების გააზრებაზე, მხატვრული ხერხების ეფექტსა და ნაწარმოების ფაბულაზე, მოსწავლეთა ძალისხმევის არაპროპორციულად დიდი ნაწილი ხმარდება ლექსიკისა და შინაარსის გაგებას.

სამწუხაროდ, არ გამოჩნდა ქართულ მწერლობაში ისეთი გაბედული ოსტატი, რომელიც თანამედროვე ენაზე მაღალმხატვრულად გამართავდა ჩვენს უძველეს შედევრებს და დავანებებდით თავს უადგილო კოკობზიკობას: ჩვენი მოსწავლეები ათასი წლის წინ დაწერილ ლიტერატურას სწავლობენო.

აბა, რავილს ჰკითხეთ! ან მანუჩარს. ან იამზეს.

…მივუბრუნდეთ საფრანგეთის რევოლუციასა და მერვე კლასში მისი სწავლების საკითხს. საფრანგეთის რევოლუციის შესწავლას უნდა დაეთმოს ოთხჯერ მეტი დრო. ეს დრო უნდა დაიტვირთოს საინტერესო და შემოქმედებითი დავალებებითა და აქტივობებით (გენერალური შტატების სხდომების მოდელირება, მეფის სიკვდილით დასჯის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა დებატების გაშუქება, ფრანგი გლეხების მენიუს ცვლილება 1785-95 წლებში…). შედეგად, ეს პერიოდი შესწავლილი იქნება სხვადასხვა პერსპექტივიდან, მრავალი ინტერპრეტაციით. შესაბამისად, მასწავლებელიც არსად იქნება გასაქცევი, რადგან, როგორც მიხვდებოდით, სხვა საკითხების ჩამონათვალი სახელმძღვანელოში შეიზღუდება.

ანუ თუკი დღეს მერვეკლასელი სწავლობს ოცდაათ საკითხს მსოფლიო ისტორიიდან, მომავალში შეისწავლის რვა საკითხს. ოღონდ საფუძვლიანად, საინტერესოდ. ამასთან, ამ პროცესში სხვადასხვა მზაობის მოსწავლესაც მიეცემა სრულად განვითარების საშუალება იმ ორიგინალური და დიფერენცირებული დავალებების მიწოდებით, რომლებიც მასწავლებლისა და სახელმძღვანელოს ავტორების მიერ იქნება შეთავაზებული.

მესმის, რომ ძნელია ასეთი გადაწყვეტილებების მიღება - განა ადვილია ოცდაათი მსოფლიო მნიშვნელობის საკითხიდან ოცდაორის გაწირვა?! (განა არ უნდა იცოდეს მოსწავლემ კონკისკადორები თუ ინგლისის რევოლუცია?! - შემოგვედავებიან მოსწავლეთა ცოდნის სიმწირით შეშფოთებულები). არადა, ცვლილება აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართული სკოლები კვლავ დიდხანს დარჩება ადგილად, სადაც მთავარი არა სწავლაა, არამედ მოსწავლეთა უსაფრთხოდ დაკავება ცხრიდან ორ საათამდე.

უნდა ვაღიაროთ, რომ მეტის მოლოდინი არც მშობლებს აქვთ. ისინი სრულიად პრაგმატულად უდგებიან საკითხს და მოთმინებით ელოდებიან თორმეტთაგან ბოლო ორ წელიწადს, როდესაც გაიჭირვებენ და უმაღლესი განათლებისთვის მოამზადებენ შვილებს.

ორ წელიწადში მოამზადებენ, აკი თორმეტი წელიწადი სკოლაში დაჰყავდათ ისინი?! სკოლებში, სადაც უსწავლელობისთვის იყვნენ განწირული. 

„განა მეტი უსწავლელობისთვის არ ვწირავთ ამით, აკი ინგლისის რევოლუცია უსწავლელი დარჩათ საფრანგეთის რევოლუციას გადაყოლილებსო!“ - განერვიულდება მომავალ თაობაზე ზრუნვით აღსავსე გულშემატკივარი. „კონკისკადორების საკითხი რომ შეხვდეს ისტორიის გამოცდაზე?“ - მხარს აუბამს დაეჭვებული მშობელიც.

მართლაც და, რა უნდა ჰქნას რავილმა, კონკისკადორების საკითხი რომ შეხვდეს გამოცდაზე?! არ უნდა შეხვდეს! ეროვნული გამოცდებიც ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ რაღაც ინფორმაციის დამახსოვრებას კი არ ამოწმებდეს, არამედ - გამოცდაზევე მიწოდებული ინფორმაციის ინტერპრეტაციის, იქიდან დასკვნის გაკეთების, ანალიზის უნარს. ამაში კი შედარებით უკეთესად იქნება გაწაფული საფრანგეთის რევოლუციასა და სხვა რჩეულ თემებზე თანგადაყოლის შედეგად.

(ზემოთ აღნიშული მოსაზრებები არ ეხება ფენომენალური უნარებით დაჯილდოებულ მოსწავლეებს, რომლებიც მართლაც რომ ადვილად და მაღალი ინეტერესით ითვისებენ ყველა საგანსა და საკითხს. ჩვენ მოსწავლეთა უმრავლესობაზე ვსაუბრობთ, რომელთა ტიპური წარმომადგენელია რავილი… წერილის მიმართ სკეპტიკურად განეწყობა, ე. წ. საბჭოური სკოლის ზოგიერთი აღზრდილი, ჩემი და ჩემზე უფროსი თაობის წარმომადგენლები, რომელთა აზრითაც, განათლება და სწავლა მათ დროს იყო, თუ იყო. მათ ვთხოვდი, გადაეხედათ რომელიმე საგნის მერვე კლასის სახელმძღვანელოსთვის - შეეფასებინათ, რამდენად ნაცნობი იქნებოდა მათთვის იქ განთავსებული ინფორმაცია).

რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენ, მასწავლებლებმა, სანამ დამპროგრამებლები პროგრამებს გადაალაგებენ და განტვირთავენ. დაფეთებულობის ზონიდან უნდა გამოვიდეთ. მივყვეთ გულდინჯად და ნება-ნება - ჩვენი მოსწავლეების სწავლის ტემპის შესაბამისად. ჩვენვე შევარჩიოთ დამპროგრამებლების მიერ შემოთავაზებულ საკითხთაგან, რომელია უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესო მოსწავლეთათვის და სწორედ ისინი გავიაროთ ღრმად, გამოწვლილვით, მრავალფეროვანი, დიფერენცირებული და შემოქმედებითი დავალებებით. ვერ მოასწრებენ მოსწავლეები ყველა საკითხის გავლას?! არა უშავს. კონკისკადორები მათ აღარ შეხვდებიან. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 მაისი
20 მაისი

ისარგებლე Trade-In აქციით და გადაცვალე შ ...

სამსუნგი გირჩევთ შეიძინოთ სამსუნგის სმარტფონები მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით! სამსუნგის ოფიციალური პარტნიორები ...
17 მაისი
17 მაისი

გზა ყველგან არის, მაგრამ ჩემთვის არსაით ...

17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. საქართველოში კი 2014 წლიდან პატრიარქის ილია მეორის ინი ...
17 მაისი
17 მაისი

თითქმის ტემპერირებული მესიანი

მარიამ ალექსიძის ათწლიანი ქორეოგრაფიული გარჯა თანამედროვე ქორეოგრაფიული ენის დასამკვიდრებლად როდესაც 2009 წელს, მოცეკვა ...

მეტი

^