Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რიუნოსკე აკუტაგავა - დრაკონის შვილი, რომელიც არ უნდა დაბადებულიყო

21 თებერვალი 2019

მსოფლიო ლიტერატურის იაპონური თანავარსკვლავედის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი, ყველაზე ელვარე და ცნობილი, ყველაზე დიდი იაპონელი მწერალი - რიუნოსკე აკუტაგავა, ძველი იაპონური კალენდრის მიხედვით, დრაკონის წელიწადში, დრაკონის თვეში და დრაკონის საათს დაიბადა (1892 წლის 1 მარტი). მისი სახელიც აქედან მოდის, რიუნოსკე - დრაკონის შვილს ნიშნავს.

რიუნოსკე ხელმოკლე ოჯახში დაიბადა. დედამისი 30 წელს იყო გადაცილებული, მამა - 40-ს. იმ პერიოდში, იაპონიაში მიიჩნეოდა, რომ ასეთ ასაკში შვილის შეძენა ტრაგედიის ნიშანს ატარებდა და არასასურველი იყო. ამიტომაც, ოჯახმა გაითამაშა, თითქოს ბავშვი მათ კი არ შეეძინათ, არამედ ვიღაცამ „კართან დაუტოვა“.

ცხრა თვის რომ შესრულდა, რიუნოსკემ დედა დაკარგა. (ამ მოვლენამდე 1 წლით ადრე, მომავალი მწერლის და დაიღუპა; როგორც ჩანს, დედა საკუთარ თავს სდებდა ბრალს, ამ ნიადაგზე კი, სულიერი აშლილობით, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე).

ამ ტრაგიკული მოვლენის შემდეგ, როგორც იაპონური წესი და კანონი მოითხოვდა, სრულ ოჯახში, ბიძამისთან გადაიყვანეს. ასე იქცა რიუნოსკე ნიიხარა რიუნოსკე აკუტაგავად.

დააკლიკეთ ბმულს და შემოგვიერთდით „ლიბერალის“ ლიტერატურულ კლუბში, ფეისბუქზე

ორგზის მიტოვებული რიუნოსკე ტოკიოს პრეფექტურის სამშენებლო ნაწილის უფროსის ოჯახში აღმოჩნდა. ეს იყო ინტელიგენტ იაპონელთა ოჯახი, სადაც დიდ პატივს სცემდნენ ტრადიციებს. ამ ოჯახში მშვენივრად იცნობდნენ შუა საუკუნეების პოეზიასა და მხატვრობას; ეს ყველაფერი აკუტაგავამ ბავშვობიდანვე შეითვისა.

საგულისხმოა, რომ ეს ის ეპოქაა, როდესაც სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა იაპონიის ვესტერნიზაცია, რაც, ბუნებრივია, ადგილობრივ და ევროპულ კულტურებს შორის დაპირისპირებას წარმოშობდა.

მომავალი მწერალი სწავლა-განათლებას სერიოზულად ეკიდებოდა. ტოკიოს მუნიციპალურ საშუალო სკოლაში საუკეთესო მოსწავლე იყო, 1910 წელს კი ინგლისური ენისა და ლიტერატურის შესასწავლად კოლეჯში, ლიტერატურულ განყოფილებაზე ჩააბარა. 1913 წელს ტოკიოს საიმპერატორო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ინგლისური ლიტერატურის განყოფილების სტუდენტი გახდა. სწორედ იქ დაუახლოვდა მომავალ მწერლებს, კუმე მასაოს, კან კიკუტის, იუძო იამამოტოს. ეს ახალგაზრდები სერიოზულად იყვნენ გატაცებული დასავლური ლიტერატურით, შესანიშნავად იცნობდნენ მას და ხშირადაც კამათობდნენ.

მიუხედავად ამისა, უნივერსიტეტმა ვერ გაამართლა აკუტაგავას იმედები - ლექციები მოსაწყენი იყო და საერთოდ არ ღირდა მათზე დასწრება. ასე, რომ, მსოფლიოში ცნობილი არაერთი მწერლის მსგავსად, რიუნოსკემაც მიატოვა უნივერსიტეტში სწავლა. სამაგიეროდ, ბრწყინვალე თვითგანათლება მიიღო და შესანიშნავად იცნობდა როგორც იაპონურ, ასევე, ევროპულ კულტურას. ასეთი განსწავლული მწერალი არა მხოლოდ იაპონურ, არამედ მსოფლიო ლიტერატურაშიც იშვიათია.

შაბათს, 23 თებერვალს, 18:00 საათზე, ეროვნულ ბიბლიოთეკაში გიწვევთ ლევან ბერძენიშვილის ახალი წიგნის წარდგენაზე

უნივერსიტეტის შემდეგ, აკუტაგავამ მეგობრებთან ერთად „ახალი ხელოვნების სკოლა“ ჩამოაყალიბა და ჟურნალ „სინსეტეს“ გამოცემა დაიწყო. მეგობართა ჯგუფი ნატურალიზმის წინააღმდეგ იბრძოდა. მისი პირველი მოთხრობები, მათ შორის „რასიომონის კარიბჭე“ და „ცხვირი“ სწორედ ამ ჟურნალში გამოქვეყნდა. ამ ნაწარმოებებით, ეს უაღრესად ნიჭიერი კაცი მთელმა იაპონიამ გაიცნო. საინტერესოა ისიც, რომ „ცხვირი“ გოგოლისეული „ცხვირის“ იაპონური ვარიანტია. საერთოდაც, აკუტაგავას იმდენად უყვარდა და ისე კარგად იცნობდა რუსულ ლიტერატურას, რომ ერთ მოთხრობაში ტოლსტოი და ტურგენევი პერსონაჟებად გამოიყვანა. მის შემოქმედებაში ხშირია რემინისცენცია ისეთი მწერლის ნაწარმოებებიდან, როგორიცაა დოსტოევსკი.

რიუნოსკე აკუტაგავას განსაკუთრებული ტალანტი მის პირველსავე მოთხრობებში გამოჩნდა. პერფექციონისტი, უდახვეწილესი მწერალი, სრულიად განუმეორებელია სტილის თვალსაზრისით - არათუ იაპონურ, არამედ მსოფლიო ლიტერატურაშიც იშვიათია მწერალი, რომელსაც სტილის ასეთი გრძნობა ჰქონდა.

მწერალი თავის წინამორბედად ნაცუმე სოსეკის მიიჩნევდა, თუმცა ფაქტია, რომ აკუტაგავამ ბევრად გადააჭარბა საკუთარ სენსეის.

სიყვარულში უცნაური ბედი აღმოაჩნდა - პირველი ქალი, რომელიც შეიყვარა, ბიძის ოჯახმა არ შეართვევინა ცოლად; სხვა ქალთან აკუტაგავას სამი შვილი შეეძინა: ერთი მათგანი მსახიობი გამოვიდა, მეორე კომპოზიტორი, მესამე შვილი კი 1945 წელს, ომში დაიღუპა.

მრავალფეროვანი იყო აკუტაგავას ლიტერატურული ინტერესები, მწერალს ადამიანის, რელიგიის, მარტოობის, მორალის, ჭეშმარიტების საკითხები აინტერესებდა. უდახვეწილესი სტილის ავტორი საოცრად ლაკონიური ენით წერდა და ორ-სამი სიტყვით ისეთი ხატის შექმნა შეეძლო, რომ მომენტალურად შეამჩნევდით იაპონური პოეზიის გავლენას. ეს კაცი ახერხებდა და ისედაც საოცრად ტევად იაპონურ პროზას, უფრო მეტად კუმშავდა - სულ რამდენიმე სიტყვით შეეძლო ეთქვა აზრი, რის გადმოსაცემადაც სხვას რომანი დასჭირდებოდა.

მართალია, აკუტაგავას რომანი არ დაუწერია, მაგრამ მისი თუნდაც ერთ-ერთი მოთხრობა - „უსიერ ტყეში“ ისეთ მწვერვალად რჩება, არ მგონია, ოდესმე ვინმემ შეძლოს და მსგავს სიმაღლეს შეწვდეს. 

სხვათა შორის, აკირა კუროსავა იხსენებდა, რომ როდესაც აკუტაგავას ნაწარმოებზე დაყრდნობით, ლეგენდარულ ფილმს იღებდა (მოგეხსენებათ, მოთხრობაში სხვადასხვა მთხრობელი მკვლელობის საკუთარ ვერსიას ჰყვება), მსახიობები ინდივიდუალურად მიდიოდნენ მასთან და ეკითხებოდნენ, მკვლელობის რომელი ვერსია იყო სინამდვილესთან ყველაზე ახლოს. რეჟისორის თქმით, თითოეულ მსახიობს „საიდუმლოდ“ ანდობდა, რომ სწორედ მისი ვერსია იყო სწორი. შესაძლოა, ესეცაა ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც გამოვიდა ეს ფილმი ასეთი კონგენიალური!

„რასიომონის კარიბჭე“, „უსიერ ტყეში“, „ნანკინელი ქრისტე“ და სხვა მოთხრობებმა ავტორს უკვდავება არა მხოლოდ იაპონიაში, არამედ მთელ მსოფლიოში მოუტანა. მოგვიანებით, მის შემოქმედებაში ღრმა სოციალურ-პოლიტიკურ პრობლემებსაც ვხვდებით, რაც მოთხრობებში ძირითადად მწერლის ავტობიოგრაფიული მომენტებით არის ასახული - საკმაოდ ხშირად, თავად ავტორი ხდება ნაწარმოებების მოქმედი გმირი.

და, აი, აკუტაგავას ცხოვრებაში იწყება ეტაპი, როდესაც მას ყოვლისმომცველი შიში ეუფლება - შიში იმისა, რომ არ გაიზიაროს მშობელი დედის ბედი და არ დაკარგოს ლიტერატურული ტალანტი, უკვე მოპოვებული სიმაღლე. საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერმა მიიყვანა კიდეც თვითმკვლელობამდე.

ჩვენი თანამემამულე გრიგოლ ჩხარტიშვილი ანუ რუსი მწერალი ბორის აკუნინი, რომელიც იაპონიის სპეციალისტია და ყველაფერთან ერთად, შესანიშნავი ნაშრომის - „მწერალი და თვითმკვლელობის“ ავტორია, აკუტაგავაზე წერს:

„იაპონური ლიტერატურის კლასიკოსი. სიყრმიდანვე იტაცებდა სიცოცხლის ნებაყოფლობით დასრულების იდეა. ახალგაზრდობაში ცდაც კი ჩაატარა: ყელზე თოკი მოიჭირა და წამზომს ადევნებდა თვალს, რადგან აინტერესებდა, რამდენ ხანს გრძელდება სიკვდილის პროცესი. ერთი წუთისა და ოცი წამის შემდეგ, როცა გონებამ უკვე დაბინდვა დაიწყო, მწერალმა პროცესი შეწყვიტა: სიკვდილის ეს ხერხი არ მოეწონა. [...] საკუთარი ცხოვრება ჯოჯოხეთად წარმოედგინა. ჯოჯოხეთი მან თავისი შემოქმედების ერთ-ერთ მაგისტრალურ თემად აქცია. მთელი ცხოვრების მანძილზე ორი რამ აშინებდა: შეშლილობა და შემოქმედებითი უნაყოფობა. ბოლო წლებში შიში აკვიატებულ იდეად ექცა, თუმცა გონების სიცხადეს ინარჩუნებდა და ნაყოფიერადაც მუშაობდა. ნერვულმა დაძაბულობამ გამოიწვია ჯანმრთელობის რღვევა, უძილობა, მზარდი გადაღლილობა. აკუტაგავამ ვერონალის სასიკვდილო დოზა მიიღო.“

აკუტაგავას თვითმკვლელობამ იაპონური სამყარო მსოფლიოს ნაწილად აქცია; ამ სიკვდილმა დაადასტურა, რომ იაპონური კულტურა მსოფლიო კულტურის შემადგენელი ნაწილია, აკუტაგავა კი ამ კულტურის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი წარმომადგენელი.

კაცი, რომელმაც ასეთი ფრაზაც კი თქვა - „ღმერთებს, საუბედუროდ, არ შეუძლიათ, ჩვენსავით მოიკლან თავი“, მუდმივად ოცნებობდა თავისუფლებაზე, წერდა თავისუფლებაზე და მისი აზრით, ამ თავისუფლების ყველაზე დიდი გამოვლინება სწორედ თვითმკვლელობა იყო. ამას კი აკუტაგავა იმ ესთეტიკური აზრით ამართლებდა, რომ ადამიანის მთელი ცხოვრება ბოდლერის ერთ სტრიქონადაც კი არ ღირს.

„ცხოვრება იდიოტისა“

„ცხოვრება იდიოტისა“ აკუტაგავას სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნდა. ნაწარმოები ორმოცდაათი მიკრო-ნოველისგან შედგება და ძენ-ბუდისტურ კოანებს მოგვაგონებს. ფაქტობრივად, პროზაული ჰაიკუებია, ანუ პროზის ფორმით გადმოცემული პოეზია. ნაწარმოები, რომლითაც მწერალი სულს გვიხსნის, მთელი მისი შემოქმედების, იაპონური კულტურის და მე ვიტყოდი - ზოგადად ადამიანის გასაღებია. 

მოგეხსენებათ, XX საუკუნეს არაერთი დიდი აღმოჩენა უკავშირდება, მათ შორის ფროიდის მიერ აღმოჩენილი „ოიდიპოსის კომპლექსი“, რომელსაც ანტიკურობა დაედო საფუძვლად, მაგრამ, ამავე დროს, უნდა ვთქვათ, რომ XX საუკუნე, გარკვეულწილად, ადამიანის სულის ხელახლა აღმოჩენის საუკუნეცაა - აკუტაგავამ ისეთი გულწრფელი, ისეთი პატიოსანი აღსარება გვითხრა, რასაც ჩვენ არ ვიყავით მიჩვეული!

ჩვენ წაგვიკითხავს ჟან-ჟაკ რუსოს აღსარება, რომელიც შემაძრწუნებელია თავისი გულწრფელობით; ჩვენ ასევე წაგვიკითხავს ლევ ტოლსტოის დღიურები, შემაშფოთებელი თავისი სინამდვილით, მაგრამ, არც ერთი არ არის ისეთი ტრაგიკული, როგორიც აკუტაგავას აღსარება - „ცხოვრება იდიოტისა“, რომელსაც დიდი დოზით ვერონალით თვითმკვლელობის აქტი ახლავს! აკუტაგავამ ლიტერატურაში ნებელობითი აქტი შემოიტანა - თვითმკვლელობა ლიტერატურასთან დააკავშირა და ახლა, ეს ძეგლი და მწერლის ბიოგრაფია ცალ-ცალკე აღარ და ვეღარ განიხილება. ბუნებრივია, ეს უნიკალური შემთხვევაა, სხვა ასეთი გამოცდილება არ არსებობს, მეორე ასეთი ნაწარმოები არავის დაუწერია...

„ცხოვრება იდიოტისა“ იმდენად მჭიდროდაა დაწერილი, იმდენად ცოტა სიტყვითაა მოთხრობილი უამრავი რამ, რომ აკუტაგავა, ერთგვარად, რუსთაველის ფორმულის - „გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი“ იდეალურ შემსრულებლად გვევლინება.

საოცარია, მაგრამ ფაქტია - ამ კაცმა მთელი თავის ცხოვრება ნახევარ საათში წასაკითხ ტექსტში მოაქცია! მთელი ცხოვრება ამ ნახევარ საათშია ჩატეული, რადგან, ნახევარი საათის შემდეგ ეს ცხოვრება დამთავრდება. ეს არ არის უბრალო ტექსტი, ეს სუიციდალური ტექსტია, რომელიც მიბმულია ნებელობით აქტთან, თვითმკვლელობასთან. ამიტომაც, სხვა ვერასდროს დაწერს „ცხოვრება იდიოტისას“.

დიახ, მწერალი დამარცხდა ცხოვრებასთან ბრძოლაში, მაგრამ იქ, სადაც დამარცხდა აკუტაგავა, უნდა ვიგულისხმოთ ისიც, რომ გაიმარჯვა ტექსტმა, რომელიც ავტორის დაცემასა და დამარცხებას აღწერს.

რა თქმა უნდა, ამ ნაბიჯის გადადგმა მხოლოდ ძლიერ პიროვნებას შეეძლო, დრაკონის შვილი ცხოვრებიდან სისუსტის კი არა, სიძლიერის გამო მიდის! ნაწარმოებში, პირველიდან უკანასკნელ სიტყვამდე იგრძნობა დეპრესიის, ადამიანის განწირულობის მთელი უფსკრული; არადა, ავტორი კითხულობს დასავლელ ავტორებს, ცდილობს, რომ ცხოვრება პერსონაჟების ფილოსოფიით, მათი ცხოვრების წესით, აზროვნებით დაიბრუნოს, მაგრამ საშინლად იტანჯება, რადგან ეს შეუძლებელია. ანუ, ევროპული კომპენდიუმი სიბრძნისა, ევროპული ლიტერატურა, ევროპული ფილოსოფია არ არის საკმარისი იმისთვის, რომ იაპონელი კაცი ცოცხალი დარჩეს...  

გადადგა ნაბიჯები, რომელიც ცოდვად გეჩვენება, გაკიცხო საკუთარი თავი, დატანჯო და კედელთან მიაყენო საკუთარი სინდისი, იოცნებო თავისუფლებაზე, როდესაც საკუთარ თავს ჰყავხარ დატყვევებული, ეს ნიშნავს იყო რიუნოსკე აკუტაგავა და წერდე...

ის წერს ბოლო მომენტშიც, მაშინაც კი, როცა სიცოცხლემ აზრი დაკარგა; კაცმა რომ თქვას, აკუტაგავა მკვდარია, როდესაც საშინელი ძალის ამ ტექსტს წერს! მკვდარი, მაგრამ თავისუფალი, რადგან მისი აზრით არ არსებობს თავისუფლების გამოხატულების უფრო დიდი ნაბიჯი, ვიდრე თვითმკვლელობაა.

საინტერესოა ისიც, რომ თვითმკვლელს არასდროს დაუტოვებია სამედიცინო ხასიათის ისეთი ზუსტი ჩანაწერები, როგორც აკუტაგავამ დატოვა. მახსენდება ისეთი საშინელება, როგორიც ფლობერის მიერ დარიშხანით მადამ ბოვარის მოკვდინებაა, ის ნატურალიზმი, რომლითაც ეს სიკვდილია აღწერილი, ის გრძნობა, რომელიც ამ დროს მკითხველს ეუფლება.

ბუნებრივია, აკუტაგავა, რომელიც მთელი ცხოვრება ნატურალიზმს ებრძოდა, ნატურალისტურად ვერ აღწერდა იმას, რაც მის გარშემო ხდებოდა, ის აღწერს მისი სულის ბიოგრაფიას და ჩვენ ვხედავთ, რომ „ცხოვრება იდიოტისა“ ძალიან, ძალიან ჰგავს ყველა იმ ადამიანის ცხოვრებას, რომელსაც ჩვენს ახლოს უცხოვრია და თავი მოუკლავს. მაგალითად, „ცხოვრება იდიოტისა“ ერთგვარი გასაღებია გალაკტიონის თვითმკვლელობის გასაგებად...  

ერთხელ კამიუმ თქვა, რომ თუკი ადამიანის სული გაიხვრიტა, ის აუცილებლად დაიცლება. იმ ქვესათაურების მხოლოდ დასახელებაც კი, რომლებიც აკუტაგავას ამ ნაწარმოებში გვხვდება: ეპოქა, დედა, ოჯახი, ტოკიო, მე - საკმარისია გავიგოთ, თუ სად და როდის გაიხვრიტა მწერლის სული.

და ეს ყველაფერი იწყება „წიგნის მაღაზიის მეორე სართულზე. იგი, ოცი წლის ჭაბუკი, თაროებთან მიდგმულ კიბეზე იდგა და ახალ წიგნებს ათვალიერებდა: მოპასანი, ბოდლერი, სტრინდბერგი, იბსენი, შოუ, ტოლსტოი...

ამასობაში ბინდბუნდი ჩამოწვა. ჭაბუკი მაინც დაჟინებით განაგრძობდა ყდებზე წარწერების კითხვას. მის წინ მთელი „საუკუნის დასასრული“ იყო: ნიცშე, ვერლენი, ძმები გონკურები, დოსტოევსკი, ჰაუტმანი, ფლობერი...

ძლივსღა არჩევდა გვარებს. წიგნები გაუჩინარდა ბნელში. ჭაბუკი ბოლოს გაბეზრდა და ის იყო ძირს ჩამოსვლა დააპირა, რომ ზუსტად მის ზემოთ უთალფაქო ელექტრონათურა აინთო. კიბიდან გადმოხედა მაღაზიის მოსამსახურეებს და მუშტრებს, რომლებიც თაროებშუა დაბორალობდნენ. ყველა უცნაურად პატარა და უსუსური ჩანდა.“

იგი ერთხანს კიბიდან დაჰყურებდა უმწეო ქმნილებებს და სწორედ მაშინ გაიფიქრა თავისი ცხოვრების მთავარი ფიქრი - „ადამიანის მთელი ცხოვრება ბოდლერის ერთ სტრიქონადაც არ ღირს…“

მაქსიმა, რომ ადამიანის ცხოვრება ხელოვნებას ვერ ეჯიბრება, ხელოვნების იმ უპირატესობის აღიარებაა, რის გამოც მოკვდა აკუტაგავა და დარჩა მისი ტექსტი. სიცოცხლეზე ძვირფასი აღმოჩნდა ხელოვნება, აკუტაგავას ფრაზა - „ადამიანის მთელი ცხოვრება ბოდლერის ერთ სტრიქონადაც არ ღირს“, ნიშნავს, რომ ადამიანის მთელი ცხოვრება აკუტაგავას ერთ ნაწარმოებად არ ღირს! აკუტაგავას ცხოვრება მეტია, ვიდრე ცხოვრება ადამიანისა, რომელსაც მისი მისწრაფებების გამო იდიოტად აღიქვამდნენ. ეს დოსტოევსკის „იდიოტია“, ესაა „დონ კიხოტი“, ესაა რიუნოსკე აკუტაგავა, კაცი რომელიც არ უნდა დაბადებულიყო, რადგან მისნაირები არ იბადებიან! თუმცა, დაიბადა და რადგან დაიბადა, ჩუმად უნდა წასულიყო! არც ასე მოხდა - კარი გაიჯახუნა და ამ გაჯახუნებას ჰქვია - „ცხოვრება იდიოტისა“.

„კალმიანი ხელი უთრთოდა. ნერწყვმა უმწეო ბავშვივით დაუწყო დენა. გონება ნათელი ჰქონდა მხოლოდ გამოღვიძების შემდეგ, დაძინებას კი უამრავი ვერონალით ახერხებდა. და გონებასაც სულ ნახევარი ან ერთი საათით თუ უბრუნდებოდა ჩვეული ძალა. აუწყველ და ამოუხაპავ სიბნელეში მიიზლაზნებოდა დრო. თითქოს წვრილ მახვილზე იყო დაყრდნობილი, რომელსაც ალესილი პირი გადასტეხოდა.“

ეს ყველაფერი 1927 წლის ივნისში დაიწერა და ამის შემდეგ, ივლისის ერთ მშვენიერ დღეს, აკუტაგავამ იმდენი ვერონალი დალია, საიდანაც აღარ არსებობს გამოფხიზლება.

აკუტაგავა - ადამიანი დამარცხდა...

არადა, ზოგადად, როდესაც მწერალს სხვების თვითმკვლელობაზე ესაუბრებიან, პასუხად ისმის, რომ ეს არ შეიძლება, ეს დამარცხებაა. აკი მაიაკოვსკიმაც თქვა ესენინზე - ვაჟკაცობა სიცოცხლის შენარჩუნებაა, თორემ თავის მოკვლას რა უნდაო... შემდეგ კი თვითონაც სუიციდით დაასრულა...

მაგრამ, აკუტაგავას სიკვდილი, ეს არ არის ჩვენი სიკვდილი, ეს არ არის ჩვენი ტრაგედია, ეს იაპონური სიკვდილია, იაპონური ტრაგედიაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს სიკვდილი სიცოცხლეზე მნიშვნელოვანია!

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

24 მაისი
24 მაისი

„ყოველდღე ვტოვებთ სახლებს და სიკვდილზე მ ...

3 000-ზე მეტი მაღაროელი ამ დრომდე გაფიცულია. ეს გაფიცვა, გარდა მასშტაბისა, უპრეცედენტო იმითაც არის, რომ პროტესტი თვითორგ ...
24 მაისი
24 მაისი

გიორგი მიქაუტაძე უვადო მოსამართლედ დაინი ...

იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ დაინიშნა. მიქაუტაძის უვა ...
24 მაისი
24 მაისი

სულ სხვა ბიძინა

ოპერისა და ბალეტის თეატრში ბიძინა კვერნაძის 90 წლისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა ...როდესაც ბიძინა კვერნაძისადმი მიძ ...

მეტი

^