Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უნივერსიტეტის მმართველობის უნივერსალური სისტემის შესახებ

25 თებერვალი 2019

წერილები მომავლიდან

Universal System of the University Governance - USUG[1]

მსოფლიოში 28 ათასზე მეტი უნივერსიტეტია, რომლის რანჟირებასაც ახორციელებს ვებომეტრიქსი და ყველა ამ უნივერსიტეტს ხელმძღვანელი პირი და ამა თუ იმ ფორმით წარმოდგენილი კოლეგიალური ორგანოები გააჩნია. წამყვანი უნივერსიტეტების პირველი ასეული ქვეყნების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება: აშშ - 58 უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი - 7; ავსტრალია - 6; კანადა - 5; ჩინეთი - 4; გერმანია და შვეიცარია - 3; დანია და ბელგია თითოეული ქვეყნიდან - 2 და თითო უნივერსიტეტი ჰონკონგი, იაპონია, ნორვეგია, სინგაპური, ბრაზილია, ტაივანი, ფინეთი. მრავალფეროვანია უნივერსიტეტთა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები, სუბსიდირების ფორმები და წყაროები, სტუდენტთა მიღების კრიტერიუმები და ასევე შიდა-საუნივერსიტეტო რეგულაციები.

თამამად შეიძლება დავასკვნათ, რომ თანამედროვე მსოფლიოში არ არსებობს უნივერსიტეტის შემადგენელი სტრუქტურული თუ ფუნქციური ერთეულების გადაწყვეტილებების ტიპური მიკუთვნებისა და მიღების წესების ერთიანი, უნივერსალური ფორმულები, ასევე არ არსებობს საუნივერსიტეტო მმართველობის ერთიანი, უნივერსალური მოდელი რომელსაც მსოფლიოში არსებული უნივერსიტეტების კვალიფიციური უმრავლესობა გაიზიარებდა და განახორციელებდა მის იმპლემენტაციას.

წინამდებარე წერილი განპირობებულია საქართველოსა და მრავალი საზღვარგარეთის ქვეყნის სინამდვილეში შექმნილი რეალობით და იმ მტკივნეული გარემოებებით, რომლებმაც თავი იჩინა ამ ქვეყნების სხვადასხვა უნივერსიტეტ(ებ)ში და ვლინდება, როგორც:

  • უნივერსიტეტებში ,,სისტემის არგამზიარებელ და განსხვავებული აზრის მქონე’’ პირთა მიმართ შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტით;
  • სწრაფ და საუნივერსიტეტო წრეებთან (პროფესორები, სტუდენტები) განხილვის გარეშე განხორციელებულ სტრუქტურულ-ინსტიტუციურ ცვლილებებში-რესტრუქტურიზაში;
  • სტუდენტთა უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევაში;
  • დაინტერესებულ პირთათვის ინფორმაციის მიუწვდომლობაში და გამჭვირვალობის დარღვევაში;
  • უნივერსიტეტის მიერ მის წესდებაში დეკლარირებული ძირითადი პრინციპების უგულვებელყოფაში.

ზემოხსენებულმა გარემოებებმა კულმინაციას მიაღწიეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (საქართველო), მიმდინარე (2019) წლის თებერვლის თვეში ბიზნესის სკოლის (ფაკულტეტის) გაუქმებით, გარკვეული თანამდებობების რესტრუქტურიზაციის მოტივით და სტუდენტებისათვის ინფორმაციის არმიწოდებით, ამ ფაკულტეტის სტუდენტებმა დაიწყეს შიმშილობა.

ბოლო წლების განმავლობაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წინააღმდეგ საქართველოს სასამართლოებში არაერთი საქმეა განხილული, სადაც უნივერსიტეტმა ვერ შეძლო სამართლებრივად დაესაბუთებინა საკუთარი პოზიცია და წააგო სამართლებრივი დავა. წააგო დავა პროფესორებთან, რომლებსაც ათავისუფლებდა რეალურად ერთი ადამიანი, უნივერსიტეტის რექტორი, განსხვავებული მოსაზრებების გამო, სხვადასხვა სპეციალურად შეთხზული საფუძვლებით. ათავისუფლებდა აკადემიურ თანამდებობაზე არჩეულ პირებს ისე, რომ საამისოდ არჩეული კოლეგიალური ორგანოს - აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებებიც კი არ არსებობს, ოქმებზე ხომ საუბარიც ზედმეტია.

არსებული მმართველობის სისტემა, ფორმები და შედეგები, რომლებიც დღევანდელ დღეს გვაქვს საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში, ხელს უწყობს უნივერსიტეტებს, ჰქონდეთ მკაფიო ვერტიკალური, პრაქტიკულად ერთ- ან ორპიროვნული მმართველობა (რექტორი, კანცლერი), რომლებიც ლეგიტიმაციის პრაქტიკულად არ არსებობის პირობებშიც კი რთულად შესაცვლელნი არიან.

მაგალითის სახით განვიხილოთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მმართველობითი სტრუქტურა და პრობლემური საკითხები:

სტუდენტები ირჩევენ სტუდენტური თვითმმართველობის წევრებს; უნივერსიტეტის ფაკულტეტის ყველა აკადემიური პროფესორისგან შედგება ფაკულტეტის საბჭო, სადაც ამავდროულად შედიან სტუდენტური თვითმმართველობის წევრები, ფაკულტეტის საბჭო ირჩევს თავისი წევრებიდან პროფესორებს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მუხლ(ებ)ი 11-13:

,,უნივერსიტეტის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა აკადემიური საბჭო, რომლის წევრებიც აირჩევიან ფაკულტეტების საბჭოების აკადემიური პერსონალის ყველა წევრისა და ფაკულტეტის საბჭოს წევრ სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ უნივერსიტეტში დადგენილი წესით პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით. 2. აკადემიური საბჭოს წევრი აირჩევა 4 წლის ვადით.

უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში თითოეულ ფაკულტეტს ჰყავს 2 წარმომადგენელი. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი მაინც.

აკადემიური საბჭოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი მაინც, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმს ხელს აწერს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი.’’

რას ნიშნავს პრაქტიკაში ზემომოცემული ამონარიდი?

იმას, რომ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო შედგება თითოეული ფაკულტეტიდან 2 წარმომადგენლისგან - მიუხედავად ფაკულტეტზე არსებული პროფესორებისა თუ სტუდენტების რაოდენობისა, რაც ნიშნავს, რომ თუ უნივერსიტეტში გვაქვს მაგალითად ერთი ფაკულტეტი 10 პროფესორითა და 100 სტუდენტით და მეორე ფაკულტეტი 100 პროფესორით და 5 000 სტუდენტით, მასაც 2 პროფესორის არჩევის უფლება აქვს აკადემიურ საბჭოში, რაც სამართლიანობისა და მმართველობით ორგანოებში პირთა პროპორციული გადანაწილების პრინციპებს ეწინააღმდეგება.

როგორც ვიცით, ზემოხსენებულ და მსგავს მოდელებში აკადემიური საბჭო ღებულობს გადაწყვეტილებას სტრუქტურული ცვლილებების, მათ შორის, რეორგანიზაციის საკითხებზე. ვთქვათ, გადაწყვეტილება ეხება ერთ-ერთი ფაკულტეტის გაუქმებას, სადაც 5 000 სტუდენტი სწავლობს. მოცემულ მოდელის მიხედვით:

აკადემიური საბჭო გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, ანუ 6 ადამიანის შემთხვევაში 3 ადამიანი. ამავდროულად გადაწყვეტილება მიღებულია, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრე წევრთა უმრავლესობა. 3 ადამიანის პირობებში ეს არის 2 ადამიანი. თუ ჩვენს მაგალითში გვყავს სამი ფაკულტეტიდან ორ-ორი ადამიანი = 6 ადამიანს, გამოდის, რომ მხოლოდ ერთი ფაკულტეტიდან წარმოდგენილ 2 ადამიანს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ საერთოდ გაუქმდეს სხვა (განსახილველ შემთხვევაში, ილიას უნივერსიტეტში ბიზნესის ფაკულტეტი), თან იმ პირობებში, როდესაც ამ ფაკულტეტის არც ერთი წარმომადგენელი არ ესწრებოდა აკადემიური საბჭოს სხდომას.

მნიშვნელოვანია, რომ აკადემიური საბჭოს სხდომებს ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის რექტორი, რომელიც ამავდროულად არის ამ საბჭოს თავმჯდომარე.

ზემოხსენებული მაგალითი წარმოადგენს დაახლოებით იმ სცენარის ილუსტრაციას, რომელსაც ადგილი ჰქონდა ილიას უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის გაუქმებასთან დაკავშირებით და რაც ასევე ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის (რესტრუქტურიზაციის მოტივით) გაუქმების საფუძველს წარმოადგენდა.

როგორი უნდა იყოს საუნივერსიტეტო მმართველობის სისტემა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ფურცელზე, თითქოს, ერთი შეხედვით დემოკრატიულობის და მმართველობითი ბალანსის მაგალითია, რეალურად იყოს ქმედითი, სამართლიანი და, რაც მთავარია, კონკურენტული და უკეთესი უმაღლესი განათლების, უკეთესი საუნივერსიტეტო მენეჯმენტის უზრუნველმყოფი?

ასეთი სისტემის შექმნისათვის აუცილებელია სწორად განისაზღვროს სისტემაში არსებული მონაწილეები. ეს მონაწილეები, მიუხედავად თუ რომელ ქვეყანაშია უნივერსიტეტი, კერძოა ის თუ საჯარო, შეგვიძლია განზოგადებული სახით ჩამოვთვალოთ. ესენი არიან: სტუდენტები, პროფესორები, კურსდამთავრებულები, დამფინანსებლები, დამსაქმებლები, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და დამხმარე პერსონალი.

მაშინ, როდესაც რაიმე სისტემის სამართლებრივ-სტრუქტურულ აგებულებას ახორციელებ და საჭიროა განისაზღვროს ამ სისტემის ავკარგიანობა, სისტემის შემქმნელი ამ სისტემის ჩამოყალიბებას ახორციელებს ე.წ. პრინციპიდან ,,რომ მას აქვს სრული კანონშემოქმედებითი თავისუფლება’’. ეს პრინციპი ხელს უწყობს ცნებათა თავისუფალ ოპერირებასა და გამოყენებას და არ არის შეზღუდული მის განხორციელებასთან დაკავშირებული პრობლემებით.

სისტემაში არსებული მონაწილეები არიან პირები, რომლებიც პირდაპირ კავშირში არიან სისტემასთან, განსახილველ შემთხვევაში - უნივერსიტეტთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ზემოხსენებული პირის კეთილსინდისიერ ინტერესს წარმოადგენს სისტემის წარმატება, ანუ უნივერსიტეტის წარმატება. სისტემის ხელმძღვანელი პირ(ებ)ი და ორგანოები ემსახურებიან სისტემის წარმატებას, ისინი არჩეულ უნდა იქნან სისტემის მონაწილეთა მიერ და ანგარიშვალდებულნი არიან მის წინაშე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მონაწილეებს შეეძლოთ ამ პირთა როგორც არჩევა, ისე გადარჩევა, უნდობლობის გამოცხადება და გამოწვევა.

რას ნიშნავს ეს?

ეს იმას ნიშნავს, რომ სისტემის მმართველი ერთეულების ლეგიტიმაცია პირდაპირ დაკავშირებულია ამ ერთეულების კომპლექტაციის წესზე. ეს არ ნიშნავს, რომ ერთეულების წარმატებულობა პირდაპირ კავშირშია კომპლექტაციის წესზე.

იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იქნას მმართველობით ერთეულთა მაქსიმალური ლეგიტიმაცია, სამართლიანი გადანაწილებისა და წარმომადგენლობის პრინციპები, გთავაზობთ შემდეგ მოდელს:

  1. Universal System of the University Governance (USUG) - აუცილებელია საუნივერსიტეტო სისტემაში მონაწილე თითოეული პირისათვის (შრომითი ან/და სწავლის ან/და სხვა ხელშეკრულების დადების დროს) განისაზღვროს/შეიქმნას ელექტრონული, როლზე ორიენტირებული პროფილური სისტემა, რომელიც ამ პირებს შესაძლებლობას მისცემს, მონაწილეობა მიიღოს საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ელექტრონული სისტემა უნდა იყოს აწყობილი წინასწარ განსაზღვრული როლური კუთვნილებისა და შესაბამისი ნებართვებისა და რესურსების მიმართ წვდომითი უფლებების მინიჭების პრინციპით, რაც იმას გულისხმობს, რომ როდესაც სისტემის მონაწილეს ენიჭება გარკვეული როლი, მაგალითად: სტუდენტი, პროფესორი, დეკანი, ცენტრის დირექტორი, და ა.შ. მას ეძლევა ამ როლისათვის განსაზღვრულ რესურსებზე წვდომა და იგი აღიჭურვება შესაბამისი უფლებებით. მაგალითად, პროფესორის შემთხვევაში, მის პროფილთან დაკავშირებული უფლებები იქნება წარადგინოს საკუთარი კანდიდატურა სხვადასხვა არჩევით თანამდებობებზე, მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, ვირტუალური სხდომის დარბაზში შესვლის უფლება, სტუდენტებთან ვირტუალური საკლასო ოთახი, შეფასებების საუწყისო სისტემა და მრავალ სხვა რესურსზე წვდომა, რომელიც დაკავშირებულია ზემოხსენებულ როლთან. საუნივერსიტეტო ცხოვრების განუყოფელ ნაწილს შეადგენს არჩევნები, რომლის დროსაც უნდა ხორციელდებოდეს არჩევით როლებზე როგორც საკუთარი კანდიდატური წარდგენა, ასევე უშუალოდ არჩევა. ზემოხსენებულიდან ორივე უნდა ხორციელდებოდეს ბლოკჩეინის გამოყენებით, რაც უზრუნველყოფს საარჩევნო სისტემის მწყობრ ფუნქციონირებასა და აღრიცხვიანობასთან დაკავშირებული საკითხების სწრაფ გადაწყვეტას.
  2. აუცილებელია, რომ უნივერსიტეტში აქტიურ სტუდენტთა გარკვეულ რაოდენობასთან დაკავშირებული იყოს უნივერსიტეტში აუცილებელ პროფესორთა რიცხვი. შეგვიძლია პირობითად მაგალითის ფარგლებში ავიღოთ, რომ 50 (აქტიურ) სტუდენტზე სულ მცირე უნივერსიტეტს უნდა ყავდეს 1 პროფესორი (ასისტენტ პროფესორი, ასოცირებული პროფესორი ან სრული პროფესორი); რაც 10 000 (აქტიურ) სტუდენტზე 200 პროფესორს გულისხმობს.
  3. აუცილებელია საუნივერსიტეტო სივრცეში არსებული ყველა არჩევნებისათვის ბლოკჩეინზე დაფუძნებული საარჩევნო გარემოს შექმნა და იმპლემენტაცია, რომელიც, ერთის მხრივ, უზრუნველყოფს არჩევნებში მონაწილეობის სიმარტივეს, მეორეს მხრივ - უზრუნველყოფს ხმათა აღრიცხვის სიმარტივესა და სიზუსტეს და ამავდროულად ზოგავს ფინანსურ და სხვა მატერიალურ რესურსს.
  4. სტუდენტური თვითმმართველობები იმ ფორმით, რა ფორმითაც არსებობენ დღევანდელ საუნივერსიტეტო სივრცეში, უნდა გაუქმდნენ და ჩანაცვლებულ იქნან სხვადასხვა კლუბებით/საზოგადოებებით, რომელთა დაფინანსება დამოკიდებულია მათ მიერ შექმნილ პროექტებზე და არ გულისხმობს მყარად განსაზღვრულ ანდა პროცენტულ დაფინანსებას საუნივერსიტეტო ბიუჯეტიდან.
  5. უნივერსიტეტის მმართველობა უნდა იქნას გადანაწილებული შემდეგ სტრუქტურულ და მმართველობით რგოლებზე:
  • ფაკულტეტის საბჭო;
  • დეკანთა საბჭო;
  • აკადემიური საბჭო;
  • წარმომადგენლობითი საბჭო;
  • რექტორი;
  • კურსდამთავრებულთა კლუბი;
  • სამეურვეო საბჭო.

გადანაწილება ისე უნდა განხორციელდეს, რომ სისტემის მონაწილე პირებმა შეძლონ მასში აქტიური მონაწილეობის მიღება და მათ არჩევანზე იყოს დამოკიდებული სისტემის ფორმირება.

  1. აუცილებელია, რომ ფაკულტეტის საბჭოში სტუდენტთა არჩევა ხორციელდებოდეს პირდაპირი წესით და არ იყოს ის დაკავშირებული თვითმმართველობის წევრთა არჩევასთან, ხოლო შემდგომ თვითმმართველობის მიერ ფაკულტეტებზე წევრთა გადანაწილებასთან. პირდაპირი არჩევნების წესით, ვაკანტური ადგილის არსებობის შემთხვევაში ფაკულტეტზე რეგისტრირებულ სტუდენტებს შეეძლებათ როგორც საკუთარი კანდიდატურის წამოყენება, ისე არჩევნებში მონაწილეობის მიღება, რაც უზრუნველყოფს კონკურენციას არჩევნებში მონაწილე სტუდენტთა შორის და არ იქნება დაკავშირებული ერთხელ განხორციელებულ არჩევანთან, რომელსაც დღევანდელ დღეს ადგილი აქვს საჯარო უნივერსიტეტებში თვითმმართველობის სახით.
  2. ფაკულტეტების საბჭოების შემადგენლობაში უნდა შედიოდნენ ფაკულტეტზე მომუშავე ყველა პროფესორი, ხოლო შემადგენლობის სულ მცირე 1/3-ს უნდა შეადგენდენ სტუდენტები. ფაკულტეტის სხდომები უნდა იყოს ღია, ფაკულტეტზე რეგისტრირებული ნებისმიერი სტუდენტისათვის და ხელმისაწვდომი, როგორც პირდაპირი სტრიმინგის საშუალებით, ისე ჩაწერილი ფორმით.
  3. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს რაოდენობა უნდა იყოს დინამიური და დამოკიდებული სამართლიანი პროპორციის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა იყოს დაკავშირებული ფაკულტეტებზე არსებული პროფესორებისა და რეგისტრირებული სტუდენტების რაოდენობასთან. ეს გამორიცხავს შემთხვევას, რომ ორი სხვადასხვა ფაკულტეტიდან, სადაც ერთ ფაკულტეტზე 10 პროფესორია და 100 სტუდენტი, ხოლო მეორეზე - 250 პროფესორი და 10 000 სტუდენტი, აკადემიურ საბჭოში წარმოდგენილი იქნება თანაბრად 2-2 ადამიანი. ეს ეწინააღმდეგება სამართლიანი და პროპორციული გადანაწილების პრინციპს. თუ წარმოვიდგენთ, რომ უნივერსიტეტის შემოსავლის წყაროა მხოლოდ სტუდენტის მიერ გადახდილი სწავლის საფასური (ამ მაგალითის ფარგლებში), ხოლო ის შეადგენს მაგალითისთვის 2250 ლარს და, უნივერსიტეტს, როგორ ზემოხსენებულ მაგალითში განვიხილეთ,აქვს მხოლოდ ორი ფაკულტეტი. 10100 სტუდენტის მიერ გადაიხდება წელიწადში 22,725,000, საიდანაც პირველი ფაკულტეტიდან მიღებული შემოსავალია 225000 ლარი, ხოლო მეორე ფაკულტეტიდან 22,500.000 ანუ პირველი ფაკულტეტის შემოსავალი შეადგენს 1%-ს. დღევანდელ დღეს არსებული სისტემის მიხედვით, უნივერსიტეტის სტუდენტთა 1%-იანი მოცულობის ფაკულტეტიდან აკადემიურ საბჭოში არსებულ წევრებს შეუძლიათ განსაზღვრონ,უნივერსიტეტის იმ ფაკულტეტის გაუქმება (როგორც ეს ამ მაგალითში გვაქვს), სადაც სწავლობს დანარჩენი 99% სტუდენტებისა და რომელსაც შემოაქვს უნივერსიტეტის ბიუჯეტში შემოსავლის 99%. როგორც ვხედავთ, დღეს არსებულ მოდელში სრულებით დარღვეულია სამართლებრივი და პროპორციული გადანაწილების პრინციპები.
  4. აკადემიურ საბჭოში პროფესორთა რაოდენობასთან მიმართებით უნდა განისაზღვროს ფაკულტეტიდან საბჭოში ასარჩევ პირთა მინიმალური რაოდენობა, რაც ფაკულტეტებისათვის, სადაც პროფესორთა რაოდენობა 10-ზე ნაკლებია, უნდა იყოს არანაკლებ 3 პროფესორი. ფაკულტეტზე პროფესორთა რაოდენობის მატებასთან ერთად, უნდა იზრდებოდეს აკადემიურ საბჭოში ასარჩევ პირთა რაოდენობაც. თითოეულ 10 პროფესორზე 2 პროფესორის ოდენობით. გთავაზობთ შემდეგ ცხრილს:


ცხრილში A ხაზში მოცემულია ფაკულტეტზე არსებული პროფესორების რიცხვი, რომელიც უნდა იყოს დამრგვალებული, მაგალითისთვის თუ ფაკულტეტზე 16 პროფესორია დამრგვალება იქნება 20 პროფესორისკენ და აკადემიურ საბჭოში ასარჩევ პროფესორთა რაოდენობა იქნება 5, ხოლო თუ 14 პროფესორია, მაშინ დამრგვალება იქნება 10 პროფესორისკენ და ასარჩევ პროფესორთა რაოდენობა იქნება 3. იმ შემთხვევაში, თუ პროფესორთა რაოდენობა ფაკულტეტზე 15-ია, მაშინ აირჩევა ცხრილში არსებულ გრაფებს შორის შუალედური რიცხვი, მაგალითად 15 პროფესორის შემთხვევაში ეს იქნება 4 პროფესორი. როგორც ვხედავთ, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოში შემავალ პროფესორთა რაოდენობა 200 პროფესორის შემთხვევაში 41 პროფესორს შეადგენს. იმ მაგალითის პირობებში, რომელიც გვქონდა ზევით აღწერილი 10 პროფესორიან ფაკულტეტისა და 200 პროფესორიან ფაკულტეტის შემთხვევაში, რომელზეც 10 000 სტუდენტი სწავლობს, აკადემიურ საბჭოში შემოთავაზებული მოდელის მიხედვით გვეყოლება 3 წარმომადგენელი პირველი ფაკულტეტიდან და 41 წარმომადგენელი მეორე ფაკულტეტიდან, რაც სამართლიანია და პროპორციული გადანაწილების პრინციპის შესაბამისი.               

  1. უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს კომპლექტაცია და არჩევის წესი. წარმომადგენლობითი საბჭო უნდა წარმოადგენდეს საუნივერსიტეტო სისტემის ყველა რგოლს-მონაწილეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი კომპლექტაცია უნდა განხორციელდეს პროფესორებისგან, სტუდენტებისგან, უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისგან (მიუხედავად იმისა, ამ თანამდებობაზე დასაქმებულია თუ არა უნივერსიტეტის პროფესორი ან/და სტუდენტი), დამსაქმებლებისგან, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებისგან, უნივერსიტეტში მომუშავე დამხმარე და სხვა თანამდებობაზე (კონტრაქტით მომუშავე პირებისგან). მხოლოდ ზემოხსენებულ პირთა წარმომადგენლობაზე დაფუძნებული საბჭო იქნება რეალურად წარმომადგენლობითი და შეძლებს წარმოადგინოს უნივერსიტეტის სხვადასხვა მონაწილეების ხმა და მოსაზრება. ასეთი საბჭოს შემქნა და შემდგომ მისი მუშაობა, ერთი შეხედვით, შესაძლებელია ძალიან რთულად განსახორციელებელი მოგვეჩვენოს, მაგრამ, თანამედროვე რეალობაში, ეს არც ისე რთულია. საბჭოს სხდომები უნდა ხორციელდებოდეს ონლაინ პლატფორმაზე, კენჭისყრა ბლოკჩეინზე დაფუძნებული ტექნოლოგიის გამოყენებით, რომელიც ინტეგრირებული იქნება საბჭოს ვირტუალური სხდომის დარბაზში. სხდომის განხორციელებისათვის არავითარი დამატებითი ფინანსური თუ სხვა მატერიალური რესურსი არ არის საჭირო, გარდა თავდაპირველი ინვესტირებისა სხდომათა ვირტუალური დარბაზის შექმნასა და იმპლემენტაციაში.
  • საბჭოში სტუდენტთა მინიმალური რაოდენობა არ უნდა წარმოადგენდეს საბჭოს შემადგენლობის 1/3-ზე ნაკლებს. სტუდენტთა არჩევისას მნიშვნელოვანია, რომ წარმომადგენლობით საბჭოში არ იქნანა არჩეულნი ის სტუდენტები, რომლებიც არჩეულნი არიან ფაკულტეტის საბჭოში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი ამავდროულად არ  იყოს აკადემიური საბჭოს წევრი.

ფაკულტეტებიდან საბჭოში ასარჩევ პირთა რაოდენობა უნდა იყოს იგივე ცხრილზე დაფუძნებული, რაც შემოთავაზებულ იქნა აკადემიურ საბჭოში ასარჩევ პირთა რაოდენობასთან დაკავშირებით.

თითოეული საუნივერსიტეტო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირი (ფაკულტეტი, კვლევითი ინსტიტუტი, ლაბორატორია, ცენტრი, კლუბი და ა.შ.) ამავდროულად ავტომატურად უნდა იყოს წარმომადგენლობითი საბჭოს წევრიც. ამ შემთხვევაში იგი არ აირჩევა, არამედ ხელმძღვანელობითი საქმიანობისა და თანამდებობიდან გამომდინარე ავტომატურად ხდება წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი.

მოცემულ მოდელში ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ერთი შეხედვით კონფლიქტური სიტუაციები: როდესაც პროფესორი არჩეულ იქნა წარმომადგენლობით საბჭოში, ხოლო შემდგომ ასევე გახდა რომელიმე სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირი, მაგალითად დეკანი, ან ცენტრის დირექტორი, ან ბიბლიოთეკის დირექტორი და ა.შ. მმართველობის სამართლიანი და პროპორციული გადანაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მას უნდა ჰქონდეს ნაერთი ხმის უფლება, რაც იმას ნიშნავს, რომ მას უნდა ჰქონდეს ხმის უფლება როგორც პროფესორს და როგორც ცენტრის დირექტორს, ანუ ამ შემთხვევაში ორი ხმის უფლება, რაც მარტივად არის გადაჭრადი ონლაინ არსებული სხდომის დარბაზის მეშვეობით, როდესაც თითოეული მონაწილე ავტორიზაციას ახორციელებს და შედის სისტემაში, მის პირად პროფილთან მიბმულია ყველა ის სამუშაო როლი, რომელიც აქვს განსაზღვრული ამ პირს, მაგალითად, პროფესორის როლი, ცენტრის ხელმძღვანელის როლი. შესაბამისად კენჭისყრის დროს მას მომხრე-წინააღმდეგი-თავის შეიკავა ღილაკები აქტიური ექნება თითოეული ამ როლისათვის, რაც შესაძლებლობას მისცემს კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღოს, ნიებისმიერი მასთან ასოცირებული როლის გამოყენებით. ასევე მას შეეძლება სხვადასხვა გადაწყვეტილება მიიღოს, როგორც პროფესორმა მხარი დაუჭიროს ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, და როგორც ცენტრის დირექტორმა, მაგალითად, არ დაუჭიროს მხარი იგივე გადაწყვეტილებას. ზემოაღნიშნული სისტემა და ხმათა დაკავშირება როლებთან ეფუძნება საუნივერსიტეტო სისტემის მმართველობის სამართლიანი და პროპორციული გადანაწილების პრინციპებს.

  1. წარმომადგენლობით საბჭოში ხმის უფლება უნდა ჰქონდეთ ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც უნივერსიტეტში დასაქმებულნი არიან სხვადასხვა მოწვეულ ან/და დამხმარე თანამდებობებზე ხელშეკრულებით. დღევანდელ დღეს არსებული სისტემა საშუალებას ართმევს ამ ადამიანებს, მონაწილეობა მიიღონ საუნივერსიტეტო სისტემაში გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ეს ადამიანები დასაქმებულნი არიან უნივერსიტეტის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებში. წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნების დროს მათ უნდა ჰქონდეთ საშუალება, აირჩიონ საკუთარი წარმომადგენელი საბჭოში. არჩევნები უნდა იყოს დაკავშირებული ამ სტრუქტურულ ერთეულში დასაქმებულ პირთა რაოდენობასთან.  

გთავაზობთ პროპორციის განმსაზღვრელ ცხრილს:

როგორც ვხედავთ, ამა თუ იმ სტრუქტურულ ერთეულში დასაქმებულმა 10-მა ადამიანმა შესაძლებელია აირჩიოს ერთი პირი, რომელიც წარმოადგენს მათ ინტერესებსა და ხმას წარმომადგენლობით საბჭოში, რაც სამართლიანია და ემსახურება საუნივერსიტეტო მმართველობითი სისტემის დაბალანსებული გადანაწილების პრინციპს.

  1. კურსდამთავრებულთა კლუბი/ასოციაცია საუნივერსიტეტო სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლია. ვინაიდან კურსდამთავრებულები წარმოადგენენ უნივერსიტეტს დამსაქმებლებთან და საზოგადოების სხვადასხვა მონაწილე პირებთან. მათ აუცილებლად უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ მონაწილეობა მიიღონ საუნივერსიტეტო სისტემის ფორმირებასა და ცვლილებების განხორციელებაში, ასევე მის განვითარებაში. კლუბის წევრთა რაოდენობა დაკავშირებულია ყოველწლიურ ზრდასთან, შესაბამისად არ იქნება სამართლებრივად გამართული წევრთა რაოდენობიდან გამომდინარე წარმომადგენლობით საბჭოში ასარჩევ პირთა რაოდენობის განსაზღვრა, არც ის იქნება სამართლიანი, თუ ამ კლუბს მხოლოდ ერთი ხმა ექნება წარმომადგენლობით საბჭოში და ეს ხმა ექნება ამ კლუბის ხელმძღვანელს. სამართლიანია კლუბს ჰქონდეს მინიმალური პროცენტული ზღვარი საერთო რაოდენობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგელობის მინიმუმ 10%-ს უნდა წარმოადგენდეს ზემოაღნიშნული კლუბი. 
  2. შესაძლებელია, რომ თითოეული კურსდამთავრებულს ჰქონდეს არჩევნებში პირდაპირი წესით მონაწილეობის მიღების საშუალება. ამის უარყოფითი მხარე გვევლინება იმაში, რომ კურსდამთავრებულთა რაოდენობრივ ზრდასთან ერთად შემცირდება თითოეული ხმის პროცენტული წონა. ამიტომ, რეკომენდაციის სახით, ვთავაზობ კლუბს, შეიმუშავოს წარმომადგენლობაზე დაფუძნებული მოდელი, რომელიც გულისხმობს კლუბის საბჭოს არსებობას, რომლის წევრებსაც შეეძლებათ წარმომადგენლობითი საბჭოსა და რექტორის არჩევნებში მონაწილეობის მიღება. ასეთი საბჭოს არსებობის აუცილებლობა ასევე კარგად ჩანს მაგალითიდან, რომელზეც საუბარი გვექნება მოგვიანებით (იხ. ცხრილი 7.).  
  3. სამეურვეო საბჭო. საუნივერსიტეტო სისტემის უმნიშვნელოვანესი მონაწილეა დამსაქმებელი და ის ადამიანები თუ ორგანიზაციები, რომლებიც უნივერსიტეტის სუბსიდირებას ახორციელებენ სხვადასხვა, მათ შორის, საგრანტო ფორმითა და შემოწირულობების სახით. კურსდამთავრებულთა კლუბის მსგავსად, აუცილებელია, რომ ისინი სამეურვეო საბჭოში იყვნენ წარმოდგენილნი. მათი წარმომადგენლობა ასევე უნდა ეფუძნებოდეს საერთო რაოდენობაში მინიმალურ პროცენტულ 10%-იან მაჩვენებელს.
  4. რექტორი. დღევანდელ დღეს უნივერსიტეტის რექტორი აირჩევა აკადემიური საბჭოს მიერ, ანუ რეალურად მოქმედ სისტემაში 6 ადამიანისგან შემდგარ აკადემიური საბჭოს პირობებში (ილიაუნის მაგალითი) რექტორი შეიძლება არჩეულ იქნას მხოლოდ ოთხი ადამიანის მიერ (აკადემიური საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობა), იმ პირობებში, როდესაც მან უნდა წარმოადგინოს უნივერსიტეტი ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, დადოს გარიგებები და ა.შ. ილიაუნის მაგალითზე, რექტორი წარმოადგენს 20 000-ზე მეტ პირს (სისტემის მონაწილეებს) და იგი შეიძლება არჩეულ იქნას მხოლოდ 4 ადამიანის მიერ. ზემოხსენებული მაგალითი წარმოადგენს საუნივერსიტეტო სისტემის არასამართლიანი და მმართველობითი გადანაწილების არაპროპორციულობის ნათელ მაგალითს, სადაც უგულვებელყოფილია სისტემის მონაწილე პირთა სამართლებრივი ინტერესები, რაც პირდაპირ კავშირშია ძალაუფლების მონოპოლიზაციის ხელშეწყობასთან და იმ არაგამჭვირვალე რეალობასთან, რომელიც, ჩემი აზრით, დღევანდელ დღეს გვაქვს როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე სხვა უნივერსიტეტებში, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვარგარეთაც.
  5. რექტორის არჩევნები უნდა განხორციელდეს ისე, რომ სისტემის მონაწილე თითოეულ პირს შეეძლოს მასში მონაწილეობის მიღება და საკუთარი ხმის დაფიქსირება. შესაძლებელია კი ეს? რა თქმა უნდა, შესაძლებელია და ამისათვის არ არის აუცილებელი დიდი ფინანსურ-მატერიალური ან/და ორგანიზაციული რესურსი, როგორც ეს შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. იხ USUG.

უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მონაწილე პირთა ხმათა შემადგენლობის განსაზღვრის მოდელი:

მოდით, რეალური მაგალითის პირობებში ვნახოთ, როგორ იმუშავებს USUG ელექტრონული მოდელი.

მაგალითისთვის, უნივერსიტეტში სხვადასხვა საფეხურზე და ფაკულტეტზე რეგისტრირებულია 10000 სტუდენტი, ამათგან 3670 სტუდენტი A ფაკულტეტზე; 5170 B ფაკულტეტზე და 1160 სტუდენტი C ფაკულტეტზე. როგორც ზევით აღვნიშნეთ, თითოეულ ფაკულტეტზე დაახლოებით 50 სტუდენტზე მინიმუმ ერთი პროფესორი უნდა იყოს. რაც იმას გულისხმობს, რომ მოცემულ მაგალითში პროფესორთა რაოდენობა პირობითია, ვინაიდან საჭიროებს დამრგვალებას და მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ყველა სტუდენტი (არა მხოლოდ აქტიური).

უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოში, ჩვენი მაგალითის პირობებში, არის 34 დამსაქმებელი, 12 ფონდის წარმომადგენელი და 3 დამოუკიდებელი მეცენატი. სულ 49 ადამიანი. კურსდამთავრებულთა კლუბში - 8 612 კურსდამთავრებული. სულ უნივერსიტეტში არის 27 სტრუქტურული ერთეული, შესაბამისად ამ სტრუქტურული ერთეულის 27 ხელმძღვანელი. მოწვეული, დამხმარე და სხვა პერსონალი, რომელთაც გაფორმებული აქვს ხელშეკრულება, სულ 392 ადამიანი. როგორ უნდა განხორციელდეს რექტორის არჩევნები?

წარმოვიდგინოთ, რომ მაგალითად არჩევნებში მონაწილეობა მიიღო სულ 5904-მა სტუდენტმა და 77-მა პროფესორმა, საიდანაც:

ასევე: სამეთვალყურეო საბჭოს 32-მა წევრმა, 677-მა კურსდამთავრებულმა, სტრუქტურული ერთეულის 15-მა ხელმძღვანელმა და 212-მა ხელშეკრულებით მომუშავე პირმა:

ჩვენი მაგალითის შემთხვევაში არჩევნებში მონაწილეთა ხმათა პროცენტული მაჩვენებელი შემდეგია:


ზემოხსენებული მოდელის დანერგვით, უნივერსიტეტების მმართველობა იქნება სამართლიანი და მმართველობის პროპორციული გადანაწილების პრინციპზე დაფუძნებული.იმისათვის, რომ არჩევნები ჩატარებულად იქნას ჩათვლილი, აუცილებელია, რომ მონაწილეობა მიიღოს სულ მცირე 30%-მა საერთო პროცენტული მაჩვენებლიდან.

  1. აუცილებელია, რომ არსებობდეს არჩეული პირებისა თუ ორგანოების მიმართ უნდობლობის გამოცხადების შესაძლებლობა/დათხოვნა/გადარჩევა. რაც იმას გულისხმობს, რომ ვადაზე ადრე ნებისმიერი არჩეული პირის მიმართ შესაძლებელია უნდობლობის გამოცხადება და გამოწვევა - იმპიჩმენტი.
  2. იმპიჩმენტის ინიცირებასთან დაკავშირებით უნდა მოქმედებდეს ამა თუ იმ არჩევნების ჩატარების ნამდვილობისათვის დაწესებული აუცილებელი მინიმალური პროცენტული ზღვარი. რექტორის მაგალითზე ეს იქნება საუნივერსიტეტო სისტემის მონაწილეთა საერთო პროცენტული მაჩვენებლის (30%) ნახევარი ანუ 15%, რაც იმას გულისხმობს, რომ იმპიჩმენტის წამოწყების უფლება აქვს ჯგუფს, რომლის ხმათა საერთო წონა 15%-ზე მეტი იქნება. იმპიჩმენტის წარმატებით დასრულებისათვის საკმარისი უნდა იყოს იმ ხმათა რაოდენობა, რაც განსაზღვრულია არჩევნების ჩატარების ნამდვილობისათვის, ანუ საერთო ხმათა წონის 30%.
  3. ასევე, იმპიჩმენტის წესი უნდა მოქმედებდეს წარმომადგენლობით საბჭოში არსებულ წევრთა გამოწვევასთან დაკავშირებით.

საუნივერსიტეტო სისტემა, რომელიც დაფუძნებული იქნება ზემოხსენებულ პრინციპებსა და მდგომარეობებზე, შეგვიძლია მივიჩნიოთ, სისტემად, რომლის მმართველობაც გადანაწილებულია. ასეთი სისტემის დანერგვისათვის საჭიროა, მხოლოდ მონაწილე პირთა სურვილი. ნებისმიერი, დღეს არსებული საუნივერსიტეტო სისტემა შესაძლებელია შეიცვალოს თვით ამ სისტემაში მონაწილე პირების მიერ, ცვლილების რეალური სურვილის შემთხვევაში, რაც შემდგომ ასახვას ჰპოვებს საკანონმდებლო დონეზე და საუნივერსიტეტო წესდებებში.

იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას ქვეყანაში საუნივერსიტეტო სისტემის სრულყოფა/განვითარება და საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ყველა მონაწილე პირის უფლებებისა და ინტერესების გათვალისწინება, აუცილებელია შესაბამისი ცვლილებები შევიდეს ქვეყნების კანონმდებლობაში, ასევე საკანონმდებლო დონეზე მოეთხოვოს უნივერსიტეტებს, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ონლაინ სხდომის დარბაზის გამოყენება და ბლოკჩეინზე დაფუძნებული საარჩევნო სისტემის დანერგვა, თითოეული მონაწილისათვის პროფილის როლური ნებართვების მინიჭება. ზემოხსენებულის გარეშე წარმოუდგენელია რეალური გამჭვირვალობა საუნივერსიტეტო გადაწყვეტილებების პროცესში და მათში სისტემის წევრთა რეალური მონაწილეობა.

გიორგი გ. თუმანიშვილი - სამართლის დოქტორი, პროფესორი.


[1] USUG-ის ძირითადი მდგომარეობანი, ჩამოყალიბებული ავტორის (გიორგი გ. თუმანიშვილი) მიერ ამ წერილში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^