Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მიხაილ ბულგაკოვი - სატანის მასპინძელი საბჭოთა კავშირში

06 მარტი 2019

მწერალი, დრამატურგი, თეატრის რეჟისორი და მსახიობი – მიხაილ ბულგაკოვი კიევში, 1891 წელს, პროფესორი მამისა და პროგიმნაზიის მასწავლებლის ოჯახში დაიბადა. მომავალი მწერალი ოჯახში პირველი შვილი იყო, შემდეგში მშობლებს 3 ვაჟი და 3 ქალიშვილი შეეძინათ.

მიხაილის ბიძები (დედის ძმები) პროფესიით ექიმები იყვნენ და მათი გავლენით, ახალგაზრდა ბულგაკოვმა ექიმობა გადაწყვიტა. კიევის პირველი გიმნაზიის დასრულების შემდეგ კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე ჩააბარა, 7 წელი ისწავლა (ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, აკადემიური შვებულების აღება მოუხდა) და სასწავლებელი წარჩინებით დაასრულა.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სამედიცინო კომისიამ დაიწუნა და ფლოტში, სამედიცინო სამსახურში ჩარიცხვაზე უარი უთხრეს. ამის გამო, თავად ჩაეწერა მოხალისედ წითელი ჯვრის ჰოსპიტალში.

დააკლიკეთ ბმულს და შემოგვიერთდით „ლიბერალის“ ლიტერატურულ კლუბში, ფეისბუქზე

მიხაილ ბულგაკოვს საპირისპირო სქესის წარმომადგენლები დიდად უყვარდა და მათში დიდი პოპულარობითაც სარგებლობდა. სხვადასხვა დროს სამი ცოლი ჰყავდა – როდესაც ვინმე შეუყვარდება, არაფრად მიაჩნდა ის ფაქტი, რომ ოჯახი უკვე შექმნილი ჰქონდა. სამივეჯერ ისე იქორწინა, რომ მის ცხოვრებაში იმ დროს სხვა ქალიც იყო. საერთოდაც, ბულგაკოვი წადილის, გაქანების კაცი იყო, მხოლოდ სურვილი იყო საკმარისი, რომ არაფერზე დაეხია უკან, არც ფულის ყადრი იცოდა და ზოგადად, ამ კუთხით გამორჩეული პიროვნება იყო.

პირველი ცოლი, ტატიანა ლაპე 1913 წელს შეირთო. სხვათა შორის, ამ ქალმა მასზე საოცრად საინტერესო მოგონებები დაგვიტოვა, რომლებიდანაც ვიგებთ, რომ ტატიანას მამამისი ყოველთვიურად 50 მანეთს უგზავნიდა, რაც პატარა ფული არ იყო, მაგრამ წყვილს თანხა არასდროს ჰყოფნიდა, რადგან, როგორც აღვნიშნეთ, ბულგაკოვი უყაირათო მფლანგველი იყო, უკანასკნელი მანეთი ტაქსით მგზავრობაში შეეძლო დაეხარჯა, ისე, რომ წამით არ დაფიქრდებოდა ოჯახის საჭიროებებსა და „თვის ბოლომდე გაძლებაზე“.

პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას, რამდენიმე თვე ფრონტისპირა ზონაში, საველე ექიმად იმსახურა. შემდეგ სოფელში განამწესეს, ბოლოს კი ვიაზმაში ექიმობდა. 1917 წელს მომხდარმა შემთხვევამ მის ცხოვრებაში სამუდამოდ დატოვა კვალი – ოპერაციისას აღმოჩნდა, რომ პაციენტს დიფტერია სჭირდა. ბულგაკოვმა ანტიდიფტერიული წამალი მიიღო, რამაც რეაქცია მისცა და საშინელი ალერგია გამოიწვია. მიხაილი საშინელი ტკივილს განიცდიდა, რომელთა გასაყუჩებლად მორფინის გამოყენება დაიწყო. ამან მისი დამოკიდებულება გამოიწვია და მთელი ცხოვრების განმავლობაში, სხვადასხვა პერიოდულობით, მორფინს მოიხმარდა.

1918 წლიდან ბულგაკოვი კიევში დამკვიდრდა და ექიმ-ვენეროლოგად დაიწყო მუშაობა. სამოქალაქო ომის დროს, კიევის დასაცავად, მოხალისედ ჩაეწერა ოფიცერთა კორპუსში. მოგვიანებით, უკრაინის სახალხო რესპუბლიკის არმიაში გაიწვიეს, რის შემდეგაც წითელ ჯვარში მსახურობდა, ბოლოს და ბოლოს კი სამხრეთ რუსეთის შეიარაღებულ ჯარებში აღმოჩნდა. თუმცა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, უცხოეთში მოუწია გამგზავრება.

სხვათა შორის, ამ პერიოდს ემთხვევა მისი პირველი ცდები ლიტერატურაში. საკუთარი თავი პირველად დრამატურგიაში მოსინჯა და შემდგომში ეს მისი ცხოვრების საქმედ იქცა – თავს დრამატურგად მიიჩნევდა. მიუხედავად ამისა, მსოფლიო სახელი არა დრამატურგიით, არამედ მისი მთავარი, ბრწყინვალე რომანით მოიპოვა, თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ მის რომანებში ხშირია დრამატული ეპიზოდები, რითაც ძალიან წააგავს დოსტოევსკის.  

ბულგაკოვი მოსკოვში პირველად 1917 წელს ჩავიდა, სადაც ბიძა, ცნობილი გინეკოლოგი – პოკროვსკი მოინახულა. სწორედ ეს კაცი გახლავთ მწერლის ცნობილი ნაწარმოების „ძაღლის გულის“ პერსონაჟის – პროფესორ ფილიპ პრეობრაჟენსკის პროტოტიპი.

1921 წლიდან მწერალი საბოლოოდ დამკვიდრდა საბჭოთა კავშირის დედაქალაქში და თანამშრომლობა დაიწყო გაზეთებთან: „გუდოკი“, „რაბოჩი“, ჟურნალი – „სამედიცინო მუშაკი“, „როსსია“ და ა.შ. რამდენიმე ნაწარმოები გაზეთ „Накануне“-ში გამოაქვეყნა. გაზეთი ბერლინში გამოიცემოდა და ბუნებრივია, ბულგაკოვის ეს ნაბიჯი საბჭოთა კავშირში კარგ ტონად არ მიიჩნეოდა. თუმცა, მიხაილი, ამ თვალსაზრისით, სრულიად უშიშარი კაცი იყო. 1922-1926 წლებში ბულგაკოვი ჟურნალისტად მუშაობდა და „გუდოკში“ მისი 120-ზე მეტი რეპორტაჟი, ნარკვევი, თუ ფელეტონი დაიბეჭდა. 1923 წელს კი რუსეთის მწერალთა კავშირში გაწევრდა.

რიგით მეორე, დიდი სასიყვარულო აფეთქება მწერლის ცხოვრებაში 1924 წელს მოხდა, როდესაც უცხოეთიდან ახლად დაბრუნებული ლუბოვ ბელოზერსკაია გაიცნო და მიუხედავად იმისა, რომ ამ მომენტში ცოლი ჰყავდა, მათი რომანი ქორწინებით დასრულდა. საინტერსოა ისიც, რომ მის მიერ მიტოვებული ქალები ბულგაკოვს ყოველთვის თბილად იგონებდნენ. როგორც ჩანს, ეს საოცრად გალანტური კაცი, ამ საქმეშიც განსაკუთრებული კლასით გამოირჩეოდა.

დიდი ამბები დატრიალდა მის თავს 1926 წელს, როდესაც ОГПУ-მ (სამძებრო ორგანომ) მწერლის სახლში ჩხრეკა ჩაატარა და ორი ლიტერატურული ძეგლი ამოიღო – ბულგაკოვის დღიური, რომელიც საკმაოდ გულწრფელი და საშიში დოკუმენტი იყო და რომანი „ძაღლის გული“. ორი ნაწარმოებიდან მხოლოდ დღიური დაუბრუნეს და ბულგაკოვმა ის მალევე გაანადგურა. თუმცა, საბედნიეროდ, დღიურის ასლი ლუბიანკაზე, უშიშროების სამსახურის ცენტრალურ ოფისში ინახებოდა... ასე გადარჩა დოკუმენტი, რომელიც მწერლის ცხოვრების არაერთ საინტერესო ამბავს ინახავს.

1926 წლის ოქტომბრიდან, მოსკოვის სამხატვრო თეატრში (МХАТ) ბულგაკოვის ბრწყინვალე პიესა – „ტურბინების დღეების“ დადგმა დაიწყეს. ამბობენ, რომ ამ პიესას სტალინი 15-ჯერ დაესწრო. ვერ გეტყვით რამდენად შეესაბამება ეს ცნობა სიმართლეს, თუმცა ფაქტია, რომ სტალინს ბულგაკოვი მოსწონდა და ერთი-ორჯერ უთქვამს კიდეც, ჩემი საყვარელი მწერალიაო. ბუნებრივია, ამით ყველას გააკვირვებდა, რადგან ბულგაკოვი არასდროს ყოფილა საბჭოთა კავშირში მოწონებული მწერალი. ამას ისიც ადასტურებს, რომ მის ნაწარმოებებს ხშირად კრძალავდნენ. გარკვეული დროის განმავლობაში, თვით „ტურბინების დღეებიც“ კი აკრძალული იყო და მისი დადგმა მხოლოდ სტალინის ნებართვის შემდეგ განაახლეს.

სხვათა შორის, ამბობენ, გამოსვლებში სტალინს ნათქვამი აქვს, რომ „ტურბინების დღეები“ ანტისაბჭოთა ნაწარმოებია და, რა თქმა უნდა, ბულგაკოვი ჩვენი მწერალი არ არისო. მიუხედავად ამისა, როდესაც 1930 წლის მარტში ბულგაკოვმა მთავრობას წერილი მისწერა – ან უცხოეთში გამიშვით, ან МХАТ-ში მუშაობის საშუალება მომეცითო, ამას პასუხად მოჰყვა ის, რომ სახლში ტელეფონი გაუყვანეს, რომელზეც ამხანაგმა სტალინმა დაურეკა და ურჩია, МХАТ-ში მუშაობა ითხოვეო.

საინტერესოა, რომ 1930-იანი წლებიდან, ბულგაკოვს, როგორც მწერალს, „წესიერი“ ცხოვრებით არ უცხოვრია. თქვენ წარმოიდგინეთ, თავად დათვალა, რომ მასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული 301 რეცენზიიდან, მხოლოდ 3 იყო დადებითი! ანუ, ერთ დადებით რეცენზიაზე – 100 უარყოფითი მოდიოდა, რომელთა უკანაც სერიოზული კრიტიკოსები იდგნენ, მათგან მაიაკოვსკისა და შკლოვსკის დასახელებაც კმარა...

ამ პერიოდს ემთხვევა უმნიშვნელოვანესი მოვლენა ბულგაკოვის ცხოვრებაში – მწერალმა ელენა შილოვსკაია გაიცნო და მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანი დაოჯახებული იყო, წყვილს შორის სიყვარულმა იფეთქა. 1932 წელს ბულგაკოვმა ელენა ცოლად შეირთო. სწორედ ეს საოცარი ქალი გახდა მისი მესამე მეუღლე და ალბათ მწერლის მთავარი გულშემატკივარიც, რადგან სწორედ ელენამ იხსნა „ოსტატი და მარგარიტა“ უშიშროების სამსახურებისგან. მწერლის გარდაცვალებიდან 26 წლის შემდეგ კი გამოსცა კიდეც!

რომ არა ეს ქალი, მსოფლიო ვერასდროს გაიცნობდა ბულგაკოვს, ვინაიდან ამ მთავარი რომანის გარეშე, ბულგაკოვი მსოფლიო დიდებას ვერ მოიპოვებდა!

ელენა ბულგაკოვასთანაა დაკავშირებული კიდევ ერთი საინტერესო მომენტი. დღეს მწერლის საფლავზე დგას ძეგლი, რომელსაც გოლგოთას უწოდებენ. როგორც აღმოჩნდა, თავის დროზე „გოლგოთა“ გოგოლის საფლავზე იდგა, თუმცა, მისი რეკონსტრუქციის შემდეგ, ძეგლს გადაგდებას უპირებდნენ. სწორედ ელენამ შეიძინა „გოლგოთა“ და მიხაილის საფლავზე დაადგმევინა. ვისაც „ოსტატი და მარგარიტა“ წაუკითხავს, მისთვის, რა თქმა უნდა, გასაგებია, თუ რა ალუზიაა მწერლის მეუღლის გადაწყვეტილებაში.

ამას გარდა, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი მიხაილ ბულგაკოვის ცხოვრებიდან, როდესაც ის და ბორის პასტერნაკი პირველად შეხვდნენ ერთმანეთს. ეს იმ სუფრასთან მოხდა, სადაც პასტერნაკმა ქართული პოეზიის თარგმანები წაიკითხა, რაც ძალიან მოსწონებია ბულგაკოვს... ორი გენიოსი მალევე დაახლოვდა და მაშინ, როდესაც პასტერნაკმა ბულგაკოვის სადღეგრძელოს შესმა გადაწყვიტა, თანამესუფრეებმა შეაწყვეტინეს – ჯერ ვიკენტი ვიკენტის ძე ვერესაევის სადღეგრძელო უნდა ითქვასო! 

და მაშინ, პასტერნაკმა თქვა ისტორიული სიტყვები, ვერესაევი დიდი და ცნობილი ადამიანია, მაგრამ იგი კანონიერი ადამიანია. მე მინდა დავლიო ბულგაკოვის სადღეგრძელო, რადგან იგი კანონს მიღმა მდგომი ადამიანიაო.

„კანონს მიღმა მდგომი ადამიანი“ 1940 წელს თირკმლის უკმარისობით 48 წლის ასაკში გარდაიცვალა...

„ოსტატი და მარგარიტა“

რომანი, რომელმაც მიხაილ ბულგაკოვს მსოფლიო დიდება მოუტანა, ე.წ. დაუსრულებელ ნაწარმოებს მიეკუთვნება. მწერალმა რომანის წერა 1920-იანი წლების ბოლოს დაიწყო და მასზე სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა. ბულგაკოვის გარდაცვალებიდან 26 წლის შემდეგ, მისმა ქვრივმა ელენა ბულგაკოვამ ნაწარმოების რედაქტირება და გამოცემა ითავა.

„ოსტატი და მარგარიტას“ თავდაპირველი ვერსია, რომლის სათაურადაც ავტორი ხან „ინჟინრის ჩლიქს“, ხან კი „შავ მაგს“ მოიაზრებდა, ბულგაკოვმა 1930 წელს გაანადგურა. ოსტატი, როგორც პილატე პონტოელზე დაწერილი რომანის ავტორი, ბულგაკოვის ნაწარმოებში მოგვიანებით გამოჩნდა.

საბოლოო სათაური „ოსტატი და მარგარიტა“ რომანმა 1937 წელს მიიღო. ნაწარმოების მოკლე ვერსია, პირველად, ჟურნალ „მოსკოვში“ 1966-1967 წლებში დაიბეჭდა. წიგნის სახით კი პარიზში, რუსულ ენაზე, „YMCA Press“-მა გამოსცა. საინტერესოა, რომ ამ გამომცემლობის წიგნები საბჭოთა კავშირში აკრძალული იყო.

ბულგაკოვის ბოლო რომანის სრული ვერსია საბჭოთა კავშირში 1973 წელს გამოჩნდა – წიგნი 30 ათასიანი ტირაჟით, „Художественная литература“-მ გამოსცა. სხვათა შორის, „ოსტატი და მარგარიტას“ ხელში ჩასაგდებად დიდი ბრძოლა იყო გამართული, რადგან იშვიათად მოიძებნებოდნენ ადამიანები, ვინც წიგნი მოიხელთა.

რომანში მოქმედება მაისის ერთ მშვენიერ დღეს იწყება, როდესაც ორი მოსკოველი ლიტერატორი, მოსკოვის უდიდესი ლიტერატურული ასოციაციის – „მოსსოლიტის“ თავმჯდომარე მიხაილ ალექსანდროვიჩ ბერლიოზი და მისი თანამგზავრი – პოეტი ივან ბეზდომნი (უსახლკარო) პატრიარქის ტბორებთან სეირნობდნენ. სწორედ აქ უახლოვდებათ კაცი, რომელიც ძალიან ჰგავს უცხოელს და იწყება საუბარი ქრისტეზე. უცხოელი რატომღაც იმ შეხვედრას იხსენებს, რომელიც იუდეის პროკურატორის – პილატე პონტოელის აივანზე, პილატესა და ქრისტეს შორის გაიმართა და ამბობს, რომ შორეულ წარსულში გამართულ დიალოგს თავად ესწრებოდა.

ლიტერატორებმა არ იციან, რომ მათ წინაშეა ვოლანდი, ანუ ეშმაკი, რომელიც საბჭოთა დედაქალაქში თავის ამალასთან ერთად ჩამოვიდა და მალევე დიდ ამბებს დაატრიალებს, მათ შორის იქნება დიდი თამაშობები, მისტიფიკაციები, შავი მაგიის სეანსი და ა.შ.

თქვენ წარმოიდგინეთ, საბჭოთა კავშირში არსებულ ათეიზმზე ესაუბრებიან და ღმერთის არარსებობაში არწმუნებენ სატანას, რომელზეც, როგორც ბულგაკოვი წერს, „მნიშვნელოვანმა ცნობამ მართლაც ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა. ძრწოლით ახედა სახლებს, თითქოს შიშობდა, ყოველ ფანჯარაში წყვილ-წყვილი ათეისტი არ დაენახა“.

უცხოელთან შეხვედრა რუსი ლიტერატორებისთვის საბედისწერო აღმოჩნდება – ერთი მხრივ, იმიტომ, რომ ანუშკამ უკვე იყიდა ზეთი და არამცთუ იყიდა, დაეღვარა კიდეც. ივან ბეზდომნი კი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ამოჰყოფს თავს.

ეს უკანასკნელი სწორედ იქ გაიცნობს ოსტატს, რომელმაც პილატე პონტოელის შესახებ რომანი დაწერა, ნაწარმოების გამო კი მოსკოვის სალიტერატურო სამყაროს შეასკდა. ოსტატი წვავს ხელნაწერს, მაგრამ, როგორც შემდეგ აღმოჩნდება, ეს შეუძლებელია, რადგან – ხელნაწერები არ იწვიან! ეს ცნობილი ფრაზა სწორედ ამ შესანიშნავი რომანიდან მოდის.

რაღა თქმა უნდა, როგორც ფაუსტს – გრეტხენი, ოსტატსაც ჰყავს საყვარელი ქალი, 30 წლის გათხოვილი მარგარიტა, მისი საიდუმლო მეუღლე, რომელიც მზადაა, სულიც კი მიჰყიდოს ეშმაკს, ოღონდ გაუჩინარებული ოსტატი იხილოს.

საერთოდ, როგორც ლიტერატურას ახასიათებს, ასეთი ზრახვები ყოველთვის პოულობს გამოძახილს. მარგარიტას ოცნებაც ახდება, ოღონდ მანამდე, სატანის წვეულების დედოფლის როლის შესრულება მოუწევს. ბოლოს და ბოლოს, ვოლანდის დახმარებით, ოსტატი და მარგარიტა კვლავაც შეიყრებიან და მიიღებენ ოსტატის ნაწარმოების იმ ხელნაწერს, რომელიც დამწვარი ეგონათ.

ბუნებრივია, მიხაილ ბულგაკოვის რომანის შინაარსის უფრო ღრმად განხილვას არ მოვყვებით, თუმცა, ფაქტია, რომ მწერალმა კარგად იცოდა – ეს მისი უკანასკნელი რომანი იქნებოდა! აკი გამოუვიდა კიდეც ისეთი, როგორიც მისი გაქანების ავტორს ეკადრებოდა – ასეთი თანამედროვე წიგნი იშვიათად მეგულება ლიტერატურაში, სადაც სატანა, თავად ბოროტება – სიკეთის, სამართლიანობის მთავარ მსახურად გვევლინება. გასაგებია, რომ ასეთი რამის გამოქვეყნება სრულიად წარმოუდგენელი იქნებოდა 30-40-იან წლებში, მაშინ, როცა ეს რომანი იწერებოდა.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ „ოსტატი და მარგარიტა“ ფაუსტური ნაწარმოებია, მაგრამ ისეთი კუთხით არის დაწერილი, რისი მიგნებაც გენიალურ გოეთესაც კი გაუჭირდებოდა. მიუხედავად ამისა, ეს მაინც არის, ე.წ. „უმეგობრო“ ნაწარმოები, მსოფლიო ლიტერატურიდან მას ვერაფერს შეადარებ.

საინტერესოა, რომ რომანზე მუშაობისას, 30-იან წლებში, ავტორს 160 გვერდი ჰქონდა დაწერილი და მათში არც ოსტატი და არც მარგარიტა არ ფიგურირებდნენ. თუმცა, მოქმედება აქაც პატრიარქის ტბორებთან იწყებოდა.

როგორც ვთქვით, 1930 წელს ბულგაკოვმა მთელი მასალა გაანადგურა, 1932 წელს კი ხელახლა დაიწყო მუშაობა რომანზე, თანაც ისე, რომ ზუსტად იცოდა – ნაწარმოები მის სიცოცხლეში ვერ გამოიცემოდა! ეს რომანი შთამომავლობისთვის იწერებოდა...

რომანის პირველ ვერსიაში თხრობა შედარებით მშრალი, დაახლოებით, „ძაღლის გულის“ მსგავსი უნდა ყოფილიყო, თუმცა, შემდგომში, მასში გაჩნდა ავტორისეული ლირიზმი და შესანიშნავი მუსიკალური ხერხი – კონტრაქპუნქტი, როდესაც ორი სიუჟეტი ცალ-ცალკე მიმდინარეობს და ბოლოში იკვეთება, ანუ, როდესაც, ე.წ. მოსკოვის შემადგენლობა და იერუსალიმის შემადგენლობა ერთ წერტილში აღმოჩნდება...

როგორც ცნობილია, გოეთეს „ფაუსტით“ გატაცებულმა ბულგაკოვმა ვიკენტი ვერესეევისთვის მიწერილ ერთ-ერთ წერილში აღნიშნა, წლების წინ განადგურებულმა რომანმა არ მომასვენა და ხელახლა ვიწყებ მასზე მუშაობასო. თირკმლის უკმარისობით დატანჯულ ბულგაკოვს, რომელიც მორფინს მოიხმარდა, ცოლი ეხმარებოდა – მწერალი კარნახობდა, ელენა ბულგაკოვა კი მის ნააზრევს იწერდა.

სიკვდილამდე ხუთი თვით ადრე, მიხაილ ბულგაკოვმა დაწერა ანდერძი, რომლის მიხედვით, ხელნაწერზე ზრუნვა მის მემკვიდრეს – ელენა სერგეევნა ბულგაკოვას ევალებოდა. რედაქტირების დროს, მას რიგ ადგილებში პატარა უზუსტობები გაეპარა, მაგალითად, ვოლანდის ბერეტის ფერი სხვადასხვა ადგილას სხვადასხვაგვარადაა მოხსენიებული, მაგრამ ეს არ არის გასაკვირი. ვერგილიუსის „ენეიდაშიც“ არის ადგილები, სადაც ტროის ცხენი ხან მუხისგან არის დამზადებული, ხან ნაძვისგან. მაგრამ, ბუნებრივია, ვერც ვოლანდის ბერეტის ფერი და ვერც ტროის ცხენის მასალა ნამდვილ ტექსტზე, მით უმეტეს, მკითხველზე ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენდა...

აქვე ვახსენოთ ისიც, თუ რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა რომანის უცხოეთში გამოცემას, რამაც ავტორს მსოფლიო სახელი და დიდება მოუტანა – ამის გამო, საბჭოთა კავშირშიც იძულებულნი გახდნენ, სრული ტექსტი გამოეცათ. დღესდღეობით, ეს რომანი რუსეთში ყველაზე პოპულარულია და მთელ რიგ ინტერნეტ-გამოკითხვებში უსწრებს ტოლსტოისა და დოსტოევსკის ნაწარმოებებსაც კი. მასზე დისერტაციები იწერება მთელი მსოფლიოს მასშტაბით და დღემდე სერიოზული შესწავლის ობიექტია.

დასასრულ, ვახსენოთ ისიც, რომ „ოსტატი და მარგარიტა“ მრავალგზის არის ეკრანიზებული, როგორც საბჭოთა კავშირსა და რუსეთში, ასევე უცხოეთშიც, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმეში არაერთი ნიჭიერი ადამიანი მონაწილეობდა, ვერცერთმა ეკრანიზაციამ ვერ დატოვა ის შთაბეჭდილება, რასაც ეს გენიალური ნაწარმოები იმსახურებდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

14 ივნისი
14 ივნისი

„გურულებმა სუნთლა გადარიენ ამერიკა!” - გ ...

მანჰეტენზე, ვესტ ვილიჯის ერთ-ერთი საჯარო სკოლის კედელზე, ამერიკაში საუკუნის წინ ჩამოსული ხუთი იმიგრანტის სახეა დახატული. ...
12 ივნისი
12 ივნისი

რას ნიშნავს საქართველოსთვის ჰოლანდიელები ...

„ლიბერალი“ გთავაზობთ ჰოლანდიის ლიბერალური პარტია D66-ის საერთაშორისო თანამშრომლობის განყოფილების საბჭოს წევრ ...
12 ივნისი
12 ივნისი

კლიმატის ცვლილება და მისი გენდერული თავი ...

მოუსმინეთ ნინო ჯანაშიას პოდკასტს:  „გამარჯობა, თქვენ უსმენთ ფემინსტრიმს ნინო ჯანაშიასთან ერთად. დღეს ვისაუბრ ...

მეტი

^