Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თემა, რომელიც ყველას გვეხება - კონკურსი მოსწავლეებისთვის

21 მარტი 2019

სსიპ დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშავერას საჯარო სკოლა 15 წლის. მე-10 კლასი

გთავაზობთ „ლიბერალის“ კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ მერვე ბლოგპოსტს

ბლოგპოსტების კონკურსის პირველი ეტაპის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ბულინგი  დღესდღეობით ერთ-ერთ მწვავე პრობლემას წარმოადგენს, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში. იგი თითქმის ყოველი ეპოქის თანმდევ მოვლენას წარმოადგენს. თუმცა, პრობლემა განსაკუთრებით ბოლო წლებში გამწვავდა.

ბულინგი არის ძალადობის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც ხშირად გვხვდება ოჯახში, სამუშაო ადგილებსა და განსაკუთრებით სკოლებში. არსებობს ბულინგის რამდენიმე ტიპი:

ფიზიკური (დარტყმა, ხელის/წიხლის კვრა ან სხეულის სხვა დაზიანება);

ვერბალური ( დამცინავი სახელით მიმართვა, სიტყვიერი შეურაცხყოფა, ჰომოფობიური და რასისტული გამონათქვამები);

ფარული/შენიღბული ბულინგი (მოძალადე „ჩაგრული“ პერსონის ზურგს უკან მოქმედებს, რათა საფრთხე შეუქმნას მის რეპუტაციას და დაამციროს საზოგადოების წინაშე);

 კიბერბულინგი (ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, ფარული ან აშკარა დაშინების მიზნით განხორციელებული ქმედება).

ბულინგის  მოტივაცია, ბულინგის ტიპების მსგავსად, სხვადასხვაგვარია, რაც გულისხმობს შურისძიებას, კონკურენციას, მიუღებლობას, ლიდერისადმი მორჩილებას და სხვ.

ბავშვი, რომელიც არის მსხვერპლი, სხვებთან შედარებით უფრო პატარა და სუსტია. აშინებს ყოველგვარი კონფლიქტი თანატოლებს შორის, საფრთხის გაჩენის შემთხვევაში კი ტირის.  სკოლაში ყოფნისას ცდილობს მოერიდოს ხმაურიან თავშეყრის ადგილებს და შეუმჩნევლად დარჩეს კლასში.

ხოლო ბავშვს, რომელიც არის მჩაგვრელი, საპირისპირო თვისებები ახასიათებს. ის მუდმივად ცდილობს უფროსად და ძლიერად გამოიყურებოდეს. ხშირად ეუხეშება მასწავლებელს, მშობლებსა და საკუთარ და-ძმას. ასეთ ბავშვებს თვითშეფასების პრობლემა აქვთ და თავიანთ გარემოში სოციალური უპირატესობის მოპოვებას ცდილობენ.

ძალადობის მსხვერპლი მეც ვყოფილვარ. ათი  წლის ვიყავი, როცა ქუჩაში მივდიოდი და მოულოდნელად ორმა უფროსმა ბიჭმა გამაჩერა. გზის გაგრძელება ვცადე, მაგრამ ისინი ამის საშუალებას არ მაძლევდნენ. გზის ნაპირზე ქვიშა გროვად ეყარა. ხელი მკრეს და შიგნით ჩამაგდეს. ერთმა წიხლი ამომარტყა, მეორე კითხვებზე პასუხის გაცემას მაიძულებდა. ვტიროდი, მაგრამ თავს მაინც არ მანებებდნენ. ასე გააგრძელა დაახლოებით ორი საათის განმავლობაში. კანკალმა და შიშმა ამიტანა. ბოლოს ისინიც წავიდნენ. ამასობაში მე ცეკვაზე დამაგვიანდა. სახლში რომ დავბრუნდი დედას მომხდარის შესახებ ვერაფერი ვუთხარი. ამ შემთხვევამ ჩემზე უარყოფითად იმოქმედა. დიდი ხნის განმავლობაში მეშინოდა გარეთ მარტო გასვლის. მას შემდეგ მსგავსი რამ აღარ გადამხდენია. თავის დაცვა ვისწავლე. ახლა კი როდესაც მსგავსი ფაქტის შემსწრე ვხდები, აუცილებლად ვრეაგირებ და ვცდილობ სიტუაციის გამოსწორებას. მით უმეტეს, თუ ეს ბავშვებს ეხება, ვცდილობ მათ ავუხსნა, რომ ადამიანის ჩაგვრა დაუშვებელია და უკეთესი იქნება, თუ ისინი მეტ სითბოსა და სიყვარულს გამოიჩენენ ერთმანეთის მიმართ. ჩემს რჩევა-დარიგებას ბევრჯერ უმოქმედია პატარებზე და მათი ჩხუბი ზოგჯერ ჩახუტებითა და ურთიერთპატივისცემის გრძნობის გაღვივებითაც დასრულებულა.

ბულინგი რომ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, ამას ცხადყოფს არაერთი საერთაშორისო კვლევა, შესაბამისად, იზრდება ინტერესი და ყურადღება ამ ფენომენის მიმართ. საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობის კვლევა 2007-2008 წლებში ჩატარდა. გამოკვლევის თანახმად, ბავშვთა 80% განიცდიდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას. ბულინგის ასეთი მაღალი მაჩვენებელი შეიძლება განპირობებული იყოს იმითაც, რომ ეს მოვლენა დიდი ხნის მანძილზე უფროსების მხრიდან მნიშვნელოვან პრობლემად არ აღიქმებოდა. მათმა მიდგომამ - „ბავშვები ერთობიან და მერე რა მოხდა“ - ხელი შეუწყო აღნიშნული პრობლემის გამწვავებას. უკანასკნელ წლებში მანდატურის ინსტიტუტის შემოღებამ სკოლებში გარკვეული დოზით მართლაც შეამცირა ძალადობის შემთხვევები. თუმცა, პრობლემა აქტუალურობას დღესაც ინარჩუნებს. იგი საკმაოდ სერიოზული და მძიმე შედეგების მომტანია. ძალადობის მსხვერპლი ბავშვი შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში ვერ განიკურნოს ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტრავმებისგან, განიცდიდეს მუდმივ შიშს, შფოთვას, დამცირებას, მოჭარბებულ აგრესიასა თუ თვითშეფასების დაქვეითებას, რაც ნორმალური ფსიქიკის დეფორმაციის საფუძველი შეიძლება გახდეს.

ჩემი აზრით, საჭიროა გარკვეული სასკოლო რეფორმებისა და პრევენციული ღონისძიებების გატარება. ასევე საჭიროა სკოლებში ძალადობის უწყვეტი მონიტორინგი. მიზანშეწონილია, ფსიქოლოგების როლის გაზრდა სკოლის ცხოვრებაში და მათი გადამზადება. მათ უნდა შეეძლოთ ადეკვატური მხარდაჭერის გაწევა ძალადობის მსხვერპლთათვის. რაც შეეხება მშობლის როლს პრობლემის აღმოფხვრაში, მან უნდა შთააგონოს ბავშვს, რომ ძალადობას ძალადობითვე არ უნდა უპასუხოს და ასწავლოს, როგორ გასცეს ძალადობრივ ქმედებას შესაბამისი პასუხი. ბავშვები უფროსების მზრუნველობის ქვეშ გაცილებით მეტ დროს ატარებენ საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ამიტომ მათი მოვალეობაა, აღზრდის საშუალებით, უზრუნველყონ ბავშვის პასუხისმგებლობით აღსავსე ადამიანად ჩამოყალიბება, რომელიც იხელმძღვანელებს ისეთი ფასეულობებით, როგორიცაა არაძალადობრივი ცხოვრება, გენდერული თანასწორობა, დისკრიმინაციასთან ბრძოლა, მიმტევებლობა და ურთიერთპატივისცემა. ამასთან ერთად, საზოგადოებამ უნდა აღკვეთოს ბულინგის ყველანაირი გამოვლინება და გადაჭრით უნდა უთხრას „არა“ ძალადობას!

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^