Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თქვი - კონკურსი მოსწავლეებისთვის

29 მარტი 2019

გთავაზობთ „ლიბერალის“ კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ მეათე ბლოგპოსტს

ბლოგპოსტების კონკურსის პირველი ეტაპის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

16 წლის. თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე

„ბავშვები არიან, ხან იხუმრებენ, ხან იჩხუბებენ“...

„არა უშავს, რა მოხდა ისეთი, ვის არ მოგვსვლია“...

„მორიგდებიან თავისით“...

ეს ფრაზები მიტრიალებს თავში, როდესაც ბულინგზე ვფიქრობ.

გულგრილი ფრაზები, რომელთა წარმოთქმითაც ისინი, ვისაც შველა შეუძლია, ვინც ვალდებულიცაა დაეხმაროს,  თავიანთ უმოქმედობას ამართლებენ.

არადა,  ამის მიღმა, იქითა მხარეს, დგას ბავშვი, რომელმაც გაბედა, თქვა - „მტკენენ...“  „მირტყამენ...“ „დამცინიან...“ და შეეჯახა სიტყვების ამ  კედელს.

ვფიქრობ, სწორედ ეს გარემოება და უფროსების ამგვარი დამოკიდებულებაა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რაც აღრმავებს პრობლემას.

ბავშვები ითმენენ ჩაგვრას, მათ „ურჩევნიათ“ აიტანონ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა, დაცინვა, დამცირება, ცემა, შეურაცხყოფა, ტკივილი, ვიდრე გააცხადონ, თქვან, რაც აწუხებთ და გადალახონ ის ბარიერი და ზღვარი, რომელსაც სიტყვა ჩაშვება უქმნით.

ისინი თავს იკავებენ, რადგან არ უნდათ ამ ყველაფერთან ერთად ჩამშვების იარლიყი აიკრან.

ვფიქრობ ამ უცნაურ სიტყვას, რომელიც არაერთხელ გამიგონია, ვაკვირდები, ვუტრიალებ...

რა საინტერესოა, რომ  სიტყვები ჩაშვება, ჩამშვები სხვადასხვა შინაარსს შეიძლება ატარებდეს.

მაგალითად, ის ვინც ძალადობს, ვისაც არ სურს, ეშინია მისი საქციელი არ გაცხადდეს, ამ სიტყვას იყენებს როგორც შეურაცხყოფას და მაქსიმალურად უარყოფით დატვირთვას სძენს, რისი მეშვეობითაც სხვა ადამიანს უქრობს ხმის ამოღების სურვილს.

ამ სიტყვასაც იარაღად იყენებს, ფარად იფარებს, აშინებს სხვას და აძლიერებს საკუთარ ძალაუფლებას.

მისთვის კი, ვისაც ასე უწოდებენ, სიტყვა გამანადგურებელი ძალისაა, ფიზიკურად შეიძლება ამ სიტყვის ზემოქმედების განცდა. ჩიავდები და უსუსურდები მასთან პირისპირ დარჩენილი.

ჩამშვები - წარმოგიდგენიათ, რა საზარელი მოსასმენი იქნება ეს სიტყვა, გაგონილი კლასში, სხვების თანდასწრებით, ამოკითხული ჩათში, სხვების დამცინავი კომენტარებით შეზავებული.

ჩამშვებს იმას უწოდებენ, ვინც ძალით ვერ დაუპირისპირდა ძალას, ვინც სიტყვით არჩია თავის დაცვა, ვინც გაბედა და თქვა.

ნაკლები ძალა და სიმამაცე სჭირდება ამას? სულაც არა, იქნებ...მეტიც!

არადა, რა ცოტაა საჭირო იმისთვის, რომ ეს სიტყვიერი წინაღობა მოიხსნას, სიტყვას ეს განწყობა და ნალექი ჩამოშორდეს, განადგურების ნაცვლად გადარჩენის გზა აჩვენოს.

სიტყვა ჩაშვება, ხომ თავის „პირვანდელ“ აზრს მოკლებულია მაშინ, როდესაც საქმე ეხება თავდაცვას და თავდაცვის მიზნით  პრობლემის გაცხადებას. როგორ შეიძლება ბავშვი ჩაითვალოს რაიმეში „დამნაშავედ“ თავისი წუხილების გაზიარებისას?  

კიდევ ერთხელ და ცხადად: თავდაცვას არ შეიძლება დაერქვას ჩაშვება. თავდაცვა ვერ იქნება ჩაშვება. ვფიქრობ, ამ განსხვავების დანახვა უფლებების დაცვასა და ჩაშვებას შორის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩაშვება“  -  თქმით, გაცხადებით, პრობლემის აღიარებით მოგვარების მცდელობაა და სწორი რეაქციის შემთხვევაში სწორედ ამას შეუძლია სიტუაციის შეცვლა.

აუცილებელია ასევე, საზოგადოებამ გაიაზროს, რომ  ძალადობის ძალადობით აღმოფხვრა შეუძლებელია. მსმენია ფრაზები „დაგარტყამენ-დაარტყი“, „არ შეარჩინო“, ხოლო მაჰათმა განდი ამბობდა - ,,პრინციპს ,,თვალი თვალის წილ’’ მთელი სამყაროს დაბრმავება შეუძლია’’. იქნებ, ახლაა დრო, ყველა მიხვდეს, რომ განდი მართალი იყო, დროა ყველამ გაიაზროს, რომ ეს პრინციპი არ ამართლებს, არამედ ამწვავებს.

არც შესავალში ჩამოთვლილი ფრაზებით გამოსწორდება რაიმე.

უფროსებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩხუბი, ცემა, დაცინვა, მეორე ადამიანისთვის ტკივილის მიყენება არ შეიძლება იყოს ხუმრობა და როდესაც მჩაგვრელი ამით შეეცდება საქციელის გამართლებას, არ დაიჯეროთ, რადგან ხუმრობის მიზანი არა ვინმეს წყენინება, არამედ  ადამიანის გახალისებაა და თუ ვინმე წუხდება, ეს ვერაფრით იქნება სახუმარო.

ბულინგი არის პრობლემა, რომელიც უნდა მოგვარდეს მათი დახმარებით, რადგან უმეტესობა ბავშვებისა დამოუკიდებლად ვერაფერს გახდება. მნიშვნელოვანია მათ, ვისაც დახმარება შეუძლია, კარგად გააანალიზონ ამ პრობლემის სიღრმე და შეეცადნონ იპოვონ ორივე მხარისთვის (მჩაგვრელისა და ჩაგრულისთვის) მისაღები, მორგებული გამოსავალი.

კიდევ ერთი სიტყვა არ „მასვენებს“ ბულინგზე ფიქრისას. სიტყვა - მსხვერპლი.

უმეტესწილად ბულინგზე საუბრისას მსხვერპლად მხოლოდ ჩაგრულს მოიაზრებენ, მაშინ როდესაც მჩაგვრელიც მსხვერპლია. არასწორი აღზრდის, ოჯახური პრობლემების, სიყვარულის, ყურადღების ნაკლებობის მსხვერპლი, რადგან მშვიდ, სიყვარულითა და მზრუნველობით სავსე გარემოში გაზრდილი ბედნიერი  ადამიანი ხომ არასდროს მოისურვებს ამგვარად მოექცეს მეორე ადამიანს.

მე ვიცნობ ერთ პატარა ბიჭს. ის შეიძლებოდა გამხდარიყო ბულინგის მსხვერპლი, რომ არა მისი სიძლიერე, რომელიც არა ფიზიკურ ძალაში, არამედ შინაგან სიმტკიცეში გამოავლინა. მას არ შეეშინდა და  გაუზიარა თავისი ტკივილი ახლობელ ადამიანებს, გაუმართლა გარემოში და არსებული პრობლემა, გარკვეული ღონისძიებების გატარების შემდეგ, მოგვარდა. ახლა მას ამ მხრივ არანაირი საფრთხე აღარ ემუქრება, მაგრამ საფიქრალია, კიდევ რამდენ ბავშვს შეიძლება ჰქონდეს იგივე პრობლემა და არ ეყოს ძალა ამ ნაბიჯის გადასადგმელად.

თუ ამას კითხულობ და საკუთარ თავზე გიწვნევია, ის, რასაც უცხო სიტყვა „ბულინგით“ მოიხსენებენ, თუ ხშირად და ბევრჯერ, ძლიერად და ძალიან უტკენიათ შენთვის სიტყვით ან შეხებით, მოიკრიბე ძალები და...თქვი.

გაანდე სხვას, მოითხოვე დახმარება, დაიცავი საკუთარი თავი და სხვები.

იცოდე:

თავდაცვა არ არის ჩაშვება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

14 ივნისი
14 ივნისი

„გურულებმა სუნთლა გადარიენ ამერიკა!” - გ ...

მანჰეტენზე, ვესტ ვილიჯის ერთ-ერთი საჯარო სკოლის კედელზე, ამერიკაში საუკუნის წინ ჩამოსული ხუთი იმიგრანტის სახეა დახატული. ...
12 ივნისი
12 ივნისი

რას ნიშნავს საქართველოსთვის ჰოლანდიელები ...

„ლიბერალი“ გთავაზობთ ჰოლანდიის ლიბერალური პარტია D66-ის საერთაშორისო თანამშრომლობის განყოფილების საბჭოს წევრ ...
12 ივნისი
12 ივნისი

კლიმატის ცვლილება და მისი გენდერული თავი ...

მოუსმინეთ ნინო ჯანაშიას პოდკასტს:  „გამარჯობა, თქვენ უსმენთ ფემინსტრიმს ნინო ჯანაშიასთან ერთად. დღეს ვისაუბრ ...

მეტი

^