Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ტკივილად ქცეული შიში - კონკურსი მოსწავლეებისთვის

01 აპრილი 2019

გთავაზობთ „ლიბერალის“ კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ მეთხუთმეტე ბლოგპოსტს

ბლოგპოსტების კონკურსის პირველი ეტაპის გამარჯვებულები გამოვლინდნენ                                  

გორის რნ. სოფელ ყელქცეულის სსიპ ოთარ ჩხეიძის სახელობის საჯარო სკოლა. 17 წლის, XII კლასი.

ბავშვობაში დედა სკოლაში ზეთში შემწვარ ხაჭაპურებს მატანდა ხოლმე. სულ სხვანარად აცხობდა, ისე არა როგორ სხვები. თანაკლასელებს ყოველთვის ასე ვუხსნიდი იმის მიზეზს, თუ რატომ იყო ხაჭაპური ასეთი გემრიელი. ყველას ვუნაწილებდი და მე აღარაფერი მრჩებოდა. ვუყურებდი და მსიამოვნებდა, როგორ გემრიელად მიირთმევდნენ დედიკოს გამომცხვარ ხაჭაპურს. ეს იქით იყოს და სხვათაშორის, ჩემს კლასზე ლეგენდები დადიოდა. ყველაზე თბილი და მოსიყვარულე კლასიაო. ასეც იყო.  მუდამ მხარში ვედექით ერთმანეთს და გულწრფელად ვგულშემატკივრობდით. ჩემი კლასელების შემხედვარეს მეგონა ყველა ასე იყო. მაგრამ ვცედბოდი. ამას გვიან მივხვდი, როცა წამოვიზარდე და ყველაფრის დაკვირვება დავიწყე.

მინდა ერთ ბავშვზე მოგიყვეთ. ამ გოგონას მაია ერქვა (სახელი შეცვლილია) და ჩემზე ერთი წლით უფროსი იყო. მახსოვს, ბავშვობაში უფროსკლასელები მაშინებდნენ  მაია მოდის, დაიმალეო, მიყვებოდნენ მასზე გამოგონილ ამბებს, თითქოს ბავშვებს დასდევდა და თავში ურტყამდა, რვეულებს უხევდა და უჯღაბნიდა, კენჭებს ესროდა და საშინლად აწვალებდა. ეს ყველაფერი მაშინ ძალიან მაშინებდა, ამიტომ იყო ჩემთვის და სხვა ბევრი ჩემი თანატოლისთვის, მაია ყოველთვის შიშთან ასოცირდებოდა. დავინახავდით თუ არა გავურბოდით. მაშინ ვერ ვხვდებოდი რას ვაკეთებდი, ახლა კი მესმის მისი და ვფიქრობ, როგორ შეეძლო აეტანა ეს ყველაფერი. ის ხომ სულ პატარა, ნუგეშის გარეშე დარჩენილი, უდანაშაულო გოგონა იყო.

* * *

მუდამ დასცინოდნენ და ამცირებდნენ მისი გარეგნობის, ოჯახური მდგომარეობისა თუ სოციალური მდგომარეობოს გამო. ყველა ერიდებოდა მასთან მეგობრობას. კლასში არავინ ელაპარაკებოდა. არავინ ეხმარებოდა და არც არავინ ითხოვდა მისგან რაიმე სახის დახმარებას.

 მახსოვს ერთხელ სკოლაში ტელეფონი მოიტანა, ნათესავს უჩუქებია. მაშინ უნდა გენახათ როგორ ხარხარებდა მთელი კლასი. ეს რა არის, რანაირი ტელეფონია, ალბათ შეტყობინებასაც ვერ გზავნიო. ხან დასძახებდნენ ტელეფონი მოიპარე და ახლა "გვიმარიაჟებო". ალბათ გვატყუებს და მხოლოდ ხუფი დააქვს ჯიბითო. დასდევდნენ და მახინჯოს დასძახებდნენ თან. მუდამ თან დაჰყვებოდა მაიას თანატოლების ნაჩუქარი იარლიყი: მახინჯი ავადმყოფი. ვინ იცის რამდენჯერ ვატკინე გული მაშინ, როცა ვაიგნორებდი, ზურგს ვაქცევდი, არ ვუღიმოდი როცა შემომხედავდა. არ შევხებივარ არცერთხელ. მისთვის ეს უდიდესი ტრაგედია იქნებოდა. უდიდესი დანაკარგი ბედნიერი ბავშვობისა.

როგორ დავუმეგობრდი შიშს

დედამ ზეთში შემწვარი ხაჭაპური გამომატანა სკოლაში. ერთი სული მქონდა გამეხსნა და ბავშვებიც გამეხარებინა. მესამე გაკვეთილი გამოვიდა და მეც ზარის ხმას მივყევი უკან. ფანჯრიდან ვხედავ მაიას თანაკლასელებს. შოკოლადებითა და მარილიანი ჩხირებით სავსე ცელოფნები მოჰქონდათ, თან განიხილავდნენ როგორი გემრიელი იქნებოდა და როგორ ძალიან მოაშიათ სამმა გაკვეთილმა. მაიას ისე ჩაუარეს, თითქოს არც არსებობდესო. ალბათ მეც იმ დღეს დავინახე მაია. იმ დღეს შევამჩნიე და აღვიქვი როგორც თანატოლი. მის თვალებში ვკითხულობდი სევდას. ტკივილით იყო სავსე მისი მზერა, გაუღიმარი სახე. მე იმ წამს ვიგრძენი მაია. ვერც კი მივხვდი როგორ გადავდგი ჯერ ერთი, შემდეგ მეორე ნაბიჯი, როგორ ავუჩქარე სვლას და ორ წამში მის გვერდით ამოვყავი თავი.

- მაია... - ვთქვი და ხმა ვეღარ ამოვიღე. ახლა ვხვდები მისმა სევდამ დამადუმა. პასუხის ნიშნად შემომხედა. ასე მიყურებდა დიდხანს. მე არ ვიცოდი რა მეთქვა. ბოლოს როგორც იქნა ამოვღერღე.

- მე, ანუ ჩვენ, მე და ჩემს კლასელებს ხაჭაპური გვაქვს, დედამ გამოაცხო და ახლა გვინდოდა გვეჭამა და მე, უფრო სწორად ჩვენ გვინდოდა... წამოდი ვჭამოთ თორემ ძალიან მშია.

მერე გავუღიმე, გულწრფელად გავუღიმე და მოუთმენლად ველოდი საპასუხო, ტუჩის ნაზ მოძრაობას.

გამიღიმა.

         *  *  *

მაიამ თავი მოიკლა. ამით შეძრა სოფელი. გააღვიძა მიძინებული ხალხი. დაგვიმტკიცა თავისი არსებობა. არვიცი კიდევ რა ვუწოდო მის სიკვდილს. ეს დადუმება და თან ახმაურება იყო ხალხისა. ხალხის, რომელიც ვერ მიმხვდარიყო თავის დანაშაულს. მაია კი აღარ არის. გაქრა ისე, თითქოს არც უარსებია. გაიფანტა ჰაერში მისი, ერთადერთხელ დანახული მომღიმარი სახის ანარეკლი. ჩემშიც გაქრა მაია.

         *  *  *

ვინ ვართ ადამიანები და რა გვაძლევს სხვების ჩაგვრის, დამცირების საბაბს? რა ეშმაკი გვისახლდება სულში და გვიბიძგებს ბოროტებისაკენ. რა დაუშავებია მაიას თანაკლასელებისთვის? რით დაიმსახურა ასეთი სიცივე მათი მხრიდან? ხშირად ბავშვები ვერ ვაცნობიერებთ რა შეიძლება მოჰყვეს ჩვენს საქციელს, არც იმას ვფიქრობთ რამდენად სწორია ჩვენი ქმედება, რამდენად სამართლიანია. ამიტომ მგონია, ოჯახი უპირველესი ადგილია, სადაც ბავშვმა უნდა ისწავლოს როგორც საკუთარი თავის, ისე სხვისი ფასი. რასაც ოჯახში ხედავს იმას იმეორებს, სკოლაში, ქუჩაში, სამეგობრო წრეში. ოჯახი ის ადგილია, სადაც ადამიანში ყალიბდება პიროვნება, ამიტომ ოჯახს ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ენიჭება  ბავშვის სწორად აღზრდაში. ზოგადად ბავშვები ხომ ძალიან სხვანაირები არიან, გამორჩეულები. ისინი ისეთ რაღაცებს ამჩნევენ და იმახსოვრებენ, რასაც უფროსები არასდროს არ აკვირდებიან. ერთხელ, მხოლოდ ერთხელ მოსმენილი შეურაცხმყოფელი სიტყვაც კი, მიმართული ნებისმიერი ადამიანისკენ, ბავშვზე დიდ ზეგავლენას ახდენს. გონებაში ებეჭდება და სამუდამოდ რჩება მასში.

 არის სხვა ვარიანტიც, ხშირად ბავშვები ძალიან კარგ ოჯახებში იზრდებიან, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც ცდილობენ გამოავლინონ უპირატესობა და დაჩაქრონ სხვები. ჩემი აზრით, ამ დროს მჩაგვრელს  სჭირდება დახმარება. ხშირად ადამიანები საკუთარი შიშებისა და სისუსტის დასაფარად მჩაგვრელის ნიღაბს იყენებენ. ამოეფარებიან მას და გულში იკლავენ იმ ტკივილს, რომელიც აიძულებთ მათ ასე მოიქცნენ. ასეთი ადამიანები ხშირად თავად არიან ძალადობის მსხვერპლნი მასწავლებლის, მშობლის, ახლობლის, "მეგობრის", ან სულაც უცნობის მხრიდან.

 ბულინგი ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა დღევანდელ მსოფლიოში. სამწუხაროა, თუმცა იგი ყველგან არის. ჩვენს გარშემოა და ჩვენსავე ჰაერს სუნთქავს. ჩვენი, ადამიანების ვალდებულებაა არ დავიშუროთ არანაირი ძალა ბულინგის შესაჩერებლად. ერათადერთი უკენკურენტო იარაღი კი ცოდნაა. განათლება და შეგნება უმთავრესი პირობებია ბულინგის აღმოსაფხვრელად. საზოგადოება უნდა მივიდეს იმ დონემდე, რომ თავად მიხვდეს რა არის სწორი და რა არა. ასეთი საზოგადოება ასეთივე შვილებს აღზრდის და პრობლემაც თავისთავად გადაიჭრება. აუცილებელია ბავშვი აღიზარდოს მშვიდ გარემოში, სადაც ყველას გააჩნია უფლებები და მოვალეობები. სადაც ყველა თანასწორია და მნიშვნელობა არ აქვს სქესს, კანის ფერს, სოციალურ თუ ეკონომიკურ მდგომარეობას. გარემოში, სადაც მთავარი ადამიანობაა. ბავშვები ფაქიზი და სათუთი ფსიქიკის პატრონები არიან, ამიტომ მათი გონება ყველაფერს იმახსოვრებს. ილექება მათ ქვეცნობიერში და შესაბამისი შედეგი მოაქვს. ვალდებულნი ვართ, პასუხისმგებლობა ავიღოთ საკუთარ თავზე. ყველამ: მასწავლებელმა, მშობელმა, თანაკლასელმა, მეგობარმა და თუნდაც სრულიად უცნობმა. ერთიანი ძალისხმევით ყველაფრის გადალახვაა შესაძლებელი!

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

14 ივნისი
14 ივნისი

„გურულებმა სუნთლა გადარიენ ამერიკა!” - გ ...

მანჰეტენზე, ვესტ ვილიჯის ერთ-ერთი საჯარო სკოლის კედელზე, ამერიკაში საუკუნის წინ ჩამოსული ხუთი იმიგრანტის სახეა დახატული. ...
12 ივნისი
12 ივნისი

რას ნიშნავს საქართველოსთვის ჰოლანდიელები ...

„ლიბერალი“ გთავაზობთ ჰოლანდიის ლიბერალური პარტია D66-ის საერთაშორისო თანამშრომლობის განყოფილების საბჭოს წევრ ...
12 ივნისი
12 ივნისი

კლიმატის ცვლილება და მისი გენდერული თავი ...

მოუსმინეთ ნინო ჯანაშიას პოდკასტს:  „გამარჯობა, თქვენ უსმენთ ფემინსტრიმს ნინო ჯანაშიასთან ერთად. დღეს ვისაუბრ ...

მეტი

^