Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვლადიმირ ნაბოკოვი - „პეპლებზე მონადირე“

15 აპრილი 2019

ვლადიმირ ვლადიმირის ძე ნაბოკოვი, რომელიც, სხვათა შორის, ცნობილი იყო ფსევდონიმით - ვლადიმირ სირინი, 1899 წლის 22 აპრილს, სანკტ-პეტერბურგში დაიბადა. მწერალი, პოეტი, მთარგმნელი, ლიტერატურათმცოდნე და თქვენ წარმოიდგინეთ - ენტომოლოგი, ორი დიდი ლიტერატურის (რუსული და ამერიკული) სიამაყეა.

მწერლის მამა, ვლადიმირ დიმიტრის ძე ნაბოკოვი, ცნობილი პოლიტიკოსი, კონსტიტუციურ-დემოკრატიული (კადეტების) პარტიის ერთ-ერთი ლიდერი იყო; დედა - ელენა ივანოვნა რუკავიშნიკოვა კი უმდიდრესი ოქროს მრეწველის ქალიშვილი.

ცხოვრების პირველი წლები ნაბოკოვმა კომფორტსა და სიმდიდრეში გაატარა. არისტოკრატთა ოჯახში, რომელშიც მწერალი დაიბადა, სამ ენაზე: რუსულად, ინგლისურად და ფრანგულად საუბრობდნენ. მომავალი მწერალი სამივე ენას ბავშვობიდანვე დაეუფლა და თან იმდენად კარგად, რომ სამივე ენაზე შეეძლო წერა. როგორც თავად ამბობდა, ინგლისურად უფრო ადრე ისწავლა კითხვა, ვიდრე რუსულად.

დააკლიკეთ ბმულს და შემოგვიერთდით „ლიბერალის“ ლიტერატურულ კლუბში, ფეისბუქზე

სწავლა ტენიშევის სასწავლებელში დაიწყო. ამ პერიოდში ნაბოკოვი გამოიყურებოდა, როგორც ძალიან მხიარული ახალგაზრდა კაცი, რომელიც თავისი შარმითა და არაჩვეულებრივი მგრძნობიარობით ყველაზე ახდენდა გავლენას. 1916 წელს ბაბუისგან მემკვიდრეობით დიდი ქონება მიიღო. მალევე საკუთარი ხარჯითა და საკუთარი გვარით პირველი პოეტური კრებული გამოსცა. საინტერესოა, რომ შემდგომში, ამ კრებულს ემიჯნებოდა და ხელახლა აღარ გამოუქვეყნებია.

„ოქტომბრის რევოლუციის“ გამო ნაბოკოვი ყირიმში გადავიდა, სადაც პირველ ლიტერატურულ წარმატებასაც მიაღწია - მისი ნამუშევრები გაზეთ „იალტის ხმაში“ იბეჭდებოდა. ამავე პერიოდში, 1918 წელს, გამოქვეყნდა ნაბოკოვისა და მისი თანაკლასელის - ანდრეი ბალაშოვის ერთობლივი პოეტური კრებული - „ორი გზა“, რომელშიც 12 ლექსის ავტორი ნაბოკოვი იყო, 8-ისა კი - ბალაშოვი. მომავალში, როდესაც ნაბოკოვი ამ წიგნს ახსენებდა, თანაავტორს აღარ ასახელებდა, რადგან ეშინოდა, მისთვის ზიანი არ მიეყენებინა - ბალაშოვი საბჭოთა კავშირში ცხოვრობდა... სხვათა შორის, „ორი გზა“ ნაბოკოვის ერთადერთი წიგნია, რომელიც თანაავტორთან ერთად გამოსცა.

1919 წლის აპრილში, სანამ ყირიმი ბოლშევიკების ხელში ჩავარდებოდა, ნაბოკოვის ოჯახმა რუსეთი დატოვა და საცხოვრებლად ევროპაში გადავიდა. ვლადიმირმა განათლება ტრინიტი კოლეჯში,  კემბრიჯის უნივერსიტეტში მიიღო. აქ ნაბოკოვი საკმაოდ აქტიურ ლიტერატურულ ცხოვრებას ეწეოდა, წერდა ლექსებს, რუსულად თარგმნა ლუის კეროლის „ელისი საოცრებათა ქვეყანაში“, დააარსა სლავური საზოგადოება, რაც შემდგომში, კემბრიჯის უნივერსიტეტის რუსულ საზოგადოებად იქცა.

1922 წელს ნაბოკოვი ლონდონიდან ბერლინში გადავიდა, სადაც ინგლისურის გაკვეთილებით ირჩენდა თავს. ბერლინის გაზეთებსა და გამომცემლობებში, რომელსაც რუსი ემიგრანტები გამოსცემდნენ, იბეჭდებოდა მისი მოთხრობები; ვლადიმირ სირინის ფსევდონიმით თარგმანებიც გამოსცა. 1925 წელს ებრაულ-რუსული ოჯახის შვილზე, ვერა სლონიმზე იქორწინა, რომელთანაც ერთადერთი ვაჟი დიმიტრი შეეძინა. აღსანიშნავია, რომ მომავალში დიმიტრი მამის შემოქმედების სერიოზული პოპულარიზატორი იყო.

1937 წლამდე ნაბოკოვმა რუსულ ენაზე რვა რომანი დაწერა, თანაც სულ უფრო და უფრო ართულებდა თავის საავტორო სტილს და ხშირად მიმართავდა ფორმის ექსპერიმენტს. მისი რომანები, რომლებიც საბჭოთა კავშირში არ იბეჭდებოდა, პოპულარული იყო რუსულ ემიგრაციაში, განსაკუთრებით: „ლუჟინის დაცვა“, „საჩუქარი“, „სასჯელზე მიწვევა“. დღეს ეს ნაწარმოებები რუსული ლიტერატურის შედევრებად მიიჩნევა.

ამავე პერიოდში, გერმანიაში დაწყებული ანტისემიტური კამპანიის გამო, მწერლის მეუღლე სამსახურიდან გაათავისუფლეს და წყვილი პარიზში გადასახლდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანიამ საფრანგეთი დაიპყრო, ოჯახი ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად. ნაბოკოვები აშშ-ში ამერიკელ ებრაელთა სააგენტოს მიერ დაქირავებული გემის - „შამპლენის“ ბოლო რეისს გაჰყვნენ.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრების პერიოდში, 1940-1958 წლებში, ნაბოკოვი ჯერ უელსის კოლეჯში, შემდეგ კი კორნელის უნივერსიტეტში კითხულობდა რუსული და მსოფლიო ლიტერატურის კურსებს. ასევე, მუშაობდა ჰარვარდში, შედარებითი ზოოლოგიის მუზეუმში, ენტომოლოგიურ ლაბორატორიაში.

„სებასტიან ნაითის ჭეშმარიტი ცხოვრება“, ინგლისურ ენაზე დაწერილი პირველი რომანი, ნაბოკოვმა აშშ-ში გამგზავრებამდე დაასრულა. ამ რომანის შემდეგ, მწერალმა არაერთი სხვა ნაწარმოებიც შექმნა, თუმცა, მსოფლიო დიდება და ფინანსური წარმატება „ლოლიტამ“ მოუტანა. როგორც კი ნაბოკოვმა ფინანსური დამოუკიდებლობა მოიპოვა, იმწამსვე დაანება თავი ლექციების კითხვას - მიუხედავად იმისა, რომ ბრწყინვალე ლექტორი იყო, ეს საქმე საშინლად არ მოსწონდა. 1960 წელს ნაბოკოვი ევროპაში დაბრუნდა და მონტრეში, შვეიცარიაში, ჟენევის ტბის პირას ცხოვრობდა. სწორედ აქ იწერებოდა მისი უკანასკნელი რომანები: „მკრთალი ალი“ და „ადა“.

1975 წლის ივლისში, შვეიცარიის მთებში, პეპლებზე „ნადირობისას“, მწერალ-ენტომოლოგი წაიქცა და ჯანმრთელობა დაუზიანდა. ვლადიმირ ნაბოკოვი ამ ამბიდან ორი წლის შემდეგ, 1977 წლის 2 ივლისს გარდაიცვალა. დაკრძალულია კლარანსის სასაფლაოზე, მონტრეს მახლობლად, შვეიცარიაში. დაუსრულებელი დარჩა რომანი - „ლაურა და მისი ორიგინალი“, რომელიც, მისი ანდერძის მიუხედავად, 2008 წელს მაინც გამოიცა.

ვლადიმერ ნაბოკოვი, როგორც მწერალი, მსოფლიოსთვის რთული ლიტერატურული ტექნიკით, პერსონაჟების ემოციური მდგომარეობის ღრმა ანალიზითა და სრულიად წარმოუდგენელი სიუჟეტებით გახდა ცნობილი. სწორედ ეს ერთობლიობა ქმნის ნაბოკოვის, როგორც მწერლის მთავარ თავისებურებას.

„ლოლიტა“

„ლოლიტა, ჩემი სიცოცხლის ნათელო, წელთა ჩემთა მხურვალებავ, ცოდვავ ჩემო, სულო ჩემო. ლო-ლი-ტა...“

მსოფლიოში იშვიათია „ლოლიტას“ მსგავსი რომანი, მას არ ჰყავს ნათესავები მსოფლიო ლიტერატურაში; პრინციპში არც ისეთი ნაწარმოებებია ბევრი, რომელთა შესახებაც ორი უკიდურესად განსხვავებული აზრი არსებობს:

„ლოლიტა“ - პორნოგრაფიაა...

„ლოლიტა“ - ღრმა და ურთულესი რომანია, რომელშიც პორნოგრაფიის ელემენტიც კი არ არის!

მკითხველებმა იციან, რომ რომანში თხრობა პირველ პირში მიდის. მთხრობელი თავის თავს ჰუმბერტ ჰუმბერტს უწოდებს, თუმცა, აღნიშნავს, რომ ეს ფსევდონიმია. ჰუმბერტ ჰუმბერტს განსაკუთრებული ლტოლვა აქვს გამორჩეული იერის მქონე ნორჩი გოგონებისადმი, რომლებსაც ნიმფეტებად მოიხსენიებს და საოცარ შინაგან ძალას, დემონურობას, მიაწერს.

ამ ყოვლისმომცველი ვნების საფუძველს, ჰუმბერტი, თავის ბავშვურ სიყვარულში ხედავს, სიყვარულში ადამიანის მიმართ, რომელსაც ერქვა ანაბელ ლი, რომელსაც უფროსებმა დააშორეს და ამის შემდეგ, ძალიან მალე, ანაბელ ლი კუნძულ კორფუზე ტიფით გარდაიცვალა.

ამის შემდეგ ჰუმბერტი მუდმივად ნიმფეტებზე ოცნებობს, თუმცა კი, კანონის შიშით, განზრახვის შესრულებას ვერ ბედავს და ახალგაზრდა, ნორჩი სექსმუშაკების მომსახურებით უწევს დაკმაყოფილება.

ახალ ინგლისში, ქვრივ შარლოტა გეიზის სახლში ოთახის დაქირავების შემდეგ, მისი ცხოვრება თავდაყირა დგება. ჰუმბერტის ცხოვრებაში ჩნდება შარლოტას 12 წლის ქალიშვილი, დოლორესი, რომელსაც სახლში ეძახიან: ლოს, ლოლას, ან დოლის და რომელიც საოცრად ჰგავს ჰუმბერტ ჰუმბერტის ბავშვობის სიყვარულს - ანაბელ ლის...

ის, რაც ამის შემდეგ ხდება, ერთ-ერთი ყველაზე რთული სიუჟეტია.

მოგეხსენებათ, ყველაფერთან ერთად, მწერალი ენტომოლოგი იყო და ეს რომანი ძალიან ჰგავს პეპლებზე „ნადირობას“, რადგან ლოლიტაც ისეთივე ლამაზი და დაუცველია, როგორიც პეპელა.

თავად ნაბოკოვი ძალიან განიცდიდა იმ ფაქტს, რომ კრიტიკოსებმა ვერ გაიგეს - რომ თავისი არსით, „ლოლიტა“ უნაზესი ნაწარმოებია და თავისებურად, სიკეთით არის გამსჭვალული. მიუხედავად ამისა, ფაქტია, ალუზიებით გამსჭვალული ეს რომანი მრავალუჯრიან კარადას ჰგავს, გამოღებული უჯრის მიღმა შეიძლება კიდევ ერთი უჯრა დაგხვდეს. ერთი სიტყვით, ურთულესი არქიტექტურის რომანია, სადაც, ჰუმბერტ ჰუმბერტი ბოლოს და ბოლოს ხვდება და საშინლად განიცდის იმას, რომ ლოლიტას ბავშვობა დაუნგრია.

ეს არის რომანი, რომელიც თანაგრძნობას იწვევს. ჰუმბერტმა სიყვარულის პათოლოგია და ადამიანური სიყვარული ერთმანეთში აურია და ახლა მას სინდისი ქენჯნის. როცა ამას აცნობიერებს, ის წიგნის წერას იწყებს.

ნაწარმოების შესავალში ჩვენ ვიგებთ, რომ ჰუმბერტი გარდაიცვალა. აქ საინტერესოა ის გარემოება, რომ როდესაც ნაბოკოვს „ლოლიტაზე“ დაუწყია მუშაობა, უთქვამს - მე რომ ქალიშვილი მყოლოდა, ჰუმბერტ ჰუმბერტს ჰომოსექსუალ პერსონაჟად გამოვიყვანდიო.

აღსანიშნავია, რომ რომანამდე ამ თემას ნაბოკოვი რამდენჯერმე შეეხო, მათ შორის ერთ-ერთ პატარა მოთხრობაში, სადაც მთავარ გმირს არტური ჰქვია და საფრანგეთში მოგზაურობს. როგორც თავად ავტორი ამბობდა, ნაწარმოები იმიტომ არ გამოაქვეყნა, რომ გოგონას პერსონაჟი უსიცოცხლო გამოუვიდა. ნაბოკოვი იმდენად უკმაყოფილო იყო მოთხრობით, რომ ხელნაწერის განადგურება ჰქონდა გადაწყვეტილი, თუმცა, ცოლმა გადააფიქრებინა. როგორც იტყვიან, მწერალი ამ მოტივს „ჩაუჯდა“ და შექმნა „ლოლიტა“, რომანი, რომელიც საკუთარ შემოქმედებაში ყველაზე მეტად უყვარდა. სხვათა შორის, ცნობილია ისიც, რომ ლოლიტას სახის შესაქმნელად ნაბოკოვი მეზობლებს სტუმრობდა, მათ პატარა გოგონებს აკვირდებოდა და სწორედ ასე შეაკოწიწა დოლორესის სახე. აქვე, აუცილებლად უნდა ვთქვათ ისიც, რომ ნაბოკოვმა „ლოლიტა“ პრაქტიკულად ორჯერ დაწერა, ჯერ ინგლისურად, შემდეგ კი თავად თარგმნა რუსულ ენაზე.

უმნიშვნელოვანესია ისიც, რომ ნაბოკოვმა ისე ააწყო რომანი, პირდაპირ, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე მიგვანიშნა ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წარმომადგენელზე - ედგარ ალან პოსა და მის შესანიშნავი ლექს/პოემაზე - „ანაბელ ლი“. საგულისხმოა განსხვავება პოსა და ნაბოკოვის ანაბელ ლის შორის - პოს შემთხვევაში გვხვდება - Annabel Lee, ნაბოკოვთან კი - Annabel Leigh. მიუხედავად იმისა, რომ ორივე სახელი და გვარი იდენტურად იკითხება, ნაბოკოვმა ჰუმბერტ ჰუმბერტის ანაბელ ლი ორთოგრაფიულად განასხვავა. ასევე, დასაწყისში, ნაბოკოვის რომანის სახელად „ლოლიტა“ კი არ მოიაზრებოდა, არამედ ნაწყვეტი პოს ლექსიდან - „სამეფო ზღვის პირას“.

პოს პოემაში, ულამაზესი გოგონა - ანაბელ ლი, რომელზეც ლირიკული გმირი ბავშვობიდანაა შეყვარებული, ჰუმბერტის ანაბელ ლის მსგავსად, მძიმე დაავადების შემდეგ კვდება. პოს პოემის პროტოტიპად მიჩნეულია - ვირჯინია კლემი, ედგარ პოს ნორჩი მეუღლე, რომელიც მას 13 წლის ასაკში მისთხოვდა. არსებობს ვერსია, რომ „ლოლიტას“ მთავარი გმირის, ჰუმბერტ ჰუმბერტის პროტოტიპიც პოსგან მოდის, რადგან პოს ერთ-ერთ მოთხრობაში ვხვდებით პერსონაჟს - უილიამ უილსონს, რომელსაც (როგორც შემდგომში ჰუმბერტს) საკუთარი ორეული დასდევს. ამ ვერსიას ამყარებს „ლოლიტას“ ის პასაჟიც, როდესაც ერთ-ერთ სასტუმროში, ნაბოკოვის მთავარი გმირი ფსევდონიმად იღებს ედგარ ჰ. ჰუმბერტს, ანუ ედგარი, როგორც პო...

ედგარ პოს გმირის გარდა, „ლოლიტა“ უამრავ ლიტერატურულ ალუზიას შეიცავს. იმის მიხედვით, თუ რამდენად ნაკითხია მკითხველი, მასში შეუძლია დაინახოს ლილიტის, დიდი პოეტის, კატულუსის საყვარლის - ლესბიას, დანტეს ბეატრიჩეს, მარკიზ დე სადის ჟუსტინის, კარმენის სახე და ა.შ.

ხშირად, როდესაც რეცენზენტები ჰუმბერტ ჰუმბერტს განიხილავდნენ, იხსენებდნენ დოსტოევსკის, რადგან „ლოლიტაში“ ნაბოკოვმა სტავროგინის დანაშაული თანამედროვე პირობებში წარმოადგინა.

ამ თემაზე საინტერესო სტატია აქვს დიდ პოლონელ მწერალს, სტანისლავ ლემს - „ლოლიტა, ანუ სტავროგინი და ბეატრიჩე“. ტექსტში ლემი აღნიშნავს, რომ ჰუმბერტი არკადი სვიდრიგაილოვის შთამომავალია, ანუ ნაბოკოვმა შეაერთა ორი მხარე - სვიდრიგაილოვის ვნება უფროსი ქალისადმი და ჰუმბერტის საშინელი ლტოლვა ბავშვებისადმი.

სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ „ლოლიტას“ არაერთ ნაწარმოებს ადარებენ, მთავარი, რა თქმა უნდა, „ფაუსტთან“ შედარებაა, რადგან ლოლიტას აშკარად აქვს გრეთჰენის ელემენტები. ასევე, ბუნებრივია, აქაც მოქმედებს სატანის სული, რადგან, ყველაფერთან ერთად, „ლოლიტა“ მკვლელობაზეა, დანაშაულზე, რისთვისაც ადამიანი სასჯელს იხდის.

ამ ნაწარმოებმა აღმოაჩინა „ნიმფეტის ფენომენი“ - პატარა ასაკის გოგონას სექსუალობა, როდესაც თითქოს მასში ჯერ არაფერია ჩამოყალიბებული, მაგრამ სქესობრივი თვალსაზრისით საშიშია. 

თავად ავტორი ძალიან კარგად იცნობდა ამ საკითხს. ნაბოკოვის რომანში, რომელსაც „საჩუქარი“ ჰქვია, მწერალს გამოყვანილი ჰყავს ხელიდან წასული, ტრაბახა ტიპი, რომელიც ქვრივი ქალის მცირეწლოვან ქალიშვილს შემდეგნაირად აღწერს - „არაფერი რომ არ აქვს ჩამოყალიბებული, მაგრამ ისე დადის, ჭკუიდან გადაგიყვანს“.

სექსუალურად მომხიბლავი გოგონას სახეს ნაბოკოვის 1928 წელს დაწერილ ლექსშიც („ლილიტი“) ვხვდებით, ხოლო „ლოლიტას“ მსგავსი სიუჟეტი, 1939 წელს დაწერილ მოთხრობაში „ჯადოქარში“ აქვს გამოყენებული.

ამავე დროს, არსებობს ვერსია, რომ ნაბოკოვმა სიუჟეტის ნაწილი ანონიმური ნაწარმოებიდან - „ვიქტორ ხ-ს აღსარებიდან“ აიღო. ვიქტორ ხ, თავადი უკრაინიდან, რომელიც დასავლეთში ცხოვრობდა, საოცარი გულწრფელობით ჰყვება საკუთარი სექსუალური ცხოვრების დეტალებსა და პრაქტიკას, მათ შორის ბავშვებთან სექსს.

როგორც ცნობილია, ნაბოკოვმა თავის ნაცნობს, მწერალ ედმონ უილსონს სთხოვა, რომ მისთვის ის წიგნი გაეგზავნა, სადაც „ვიქტორ ხ-ს აღსარება“ იყო მოთავსებული. ნაბოკოვს თხოვნა 1948 წელს შეუსრულეს, მაშინ, როდესაც ის „ლოლიტაზე“ მუშაობდა.

დასასრულ, აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ „ლოლიტაზე“, ფაქტია, ეს რომანი პოსტმოდერნიზმის ერთ-ერთი უმთავრესი ნაწარმოებია და ყველაფერთან ერთად, ამერიკის ენციკლოპედიაცაა, რადგან მასში აღწერილი სასიყვარულო თავგადასავალი უბრალო მოგზაურობა კი არა, მოგზაურობაა - ამერიკის შეერთებულ შტატებში...

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

17 აპრილი
17 აპრილი

ვცხოვრობდით ხელოვნებით

ქართველი საოპერო ვარსკვლავები - გიორგი გაგნიძე, ნანა ქავთარაშვილი და ვალერიან გამგებელი „ტოსკას“ თბილისურ პრ ...
17 აპრილი
17 აპრილი

გრიგოლ გეგელიას იდეალი

გრიგოლ გეგელია დაიბადა თბილისში. მამა, პროფესორი გიული გეგელია - მსოფლიოს არქიტექტურული აკადემიის აკადემიკოსი, საქართველ ...
17 აპრილი
17 აპრილი

როსღა გვეღირსოს ჩვენ აზერბაიჯანელი ან სო ...

ათ წელიწადში საქართველოს პრეზიდენტად უნდა ავირჩიოთ ეთნიკურად აზერბაიჯანელი (ან სომეხი) საქართველოს მოქალაქე. რა ნიშნავს ...

მეტი

^