Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მეფეებზე, დედოფლებსა და ნუგზარზე, ანუ სანამ მეფე გა(წა)გვექცეოდა

11 აპრილი 2019

ბოლო დროს აქტუალურია დავა თვითგამოცხადებულ მეფესა და თვითგამოცხადებულ დედოფალს შორის - თვითგამოცხადებულ „სამეფო კარზე“ უპირატესობის მოსაპოვებლად. შეგახსენებთ, ახლა 2019 წელია, ანუ XXI საუკუნე. საქართველოში მეფობა კი 200-ზე მეტი წლის წინ გაუქმდა. ვინაიდან ამდენი წელია მონარქიის იდეა მაგრად გვკიდია, ვინ უნდა გადაწყვიტოს თვითაღიარებულ მონარქთა შორის დავა, თუ არა თბილისის საქალაქო სასამართლომ.

ვიდრე ამ ბლოგპოსტის წერას დავიწყებდი, ცხადია, მოვუხმე პასუხისმგებლობის გრძნობას და თვალი გარკვეულ ცნობებს გადავავლე. გაგიკვირდებათ და არსებობს „ქართული სამეფო სახლის“ ვებგვერდი. მისთვის თვალის ერთი გადავლებაც საკმარისია, იმის მისახვედრად, რომ ბრძნული გამონათქვამი „მეფობა თუ გინდა, ბევრი უნდა იშრომო, ბიძია“ მართლაც ბრძნულია და ჭეშმარიტი. ამ საიტის მესვეურთა სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ გვერდზე განთავსებული ინფორმაცია საკმაოდ შრომატევადი მუშაობის შედეგია. რას არ იზამ ადამიანი, თუ საქმეში პირად სარგებელს ხედავ. ამდენი რომ იშრომე, წერე და იკითხე კაცმა/ქალმა, სულ რომ „ცხრა ნომერი’’ გლეხი იყო, მინიმუმ, აზნაურობას კაციშვილი არ დაგამადლის. (ბოდიშს მოვითხოვ, ზოგჯერ ასეთი უკეთური აზრებიც გამიელვებს ხოლმე და ვწერ, მაგრამ იმას კი გპირდებით, რომ ფრჩხილებს ვერ გასცდება და ვერასდროს იქცევა ძირითადი ტექსტის ნაწილად).

აქ განთავსებულია ყველა მასალა და ჩანაწერი, რაც კი, ე.წ.„სამეფო ოჯახის’’ შესახებ მედიაში გაჟღერებულა. ცხადია, ყველაფერი არ წამიკითხავს, ამისთვის მართლა ვერ გავიმეტებ საკუთარ თავს, თუმცა რაც წავიკითხე, გავარკვიე, რომ:

ყოფილა ვინმე ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი, რომელიც აღიარებულ იქნა ამ სახლის მეთაურად.

 ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის ჰყავს მემკვიდრე - ქალბატონი ანა (უმაღალგანათლებულესობა თუ რაღაც ასეთი ტიტულით).

ასევე, გვყავს კიდევ ერთი პერსონაჟი - ბაგრატიონთა სხვა შტოს დავით ბაგრატიონი და რომ ხსენებული ანა და დავითი კონკრეტული მიზნით დააქორწინეს.

რაც მთავარია, ყველა ინფორმაცია, რაც ამ ვებგვერდზე დევს, იმის გამორკვევა-დადგენას, დადასტურებასა და აღიარებას ემსახურება, რომ სამეფო ოჯახის ერთადერთი მემკვიდრე არის ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი (ნუ, ამ სტატიიდან ცხრა წლის შემდეგ უკვე ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი-სიხარულიძე).

„მეფე გარკვეულია, გილოცავთ, ხალხნოო“ - ასე თქვეს 2010 წელს. (დღესაც გაურკვეველია ეს საკითხი და, იმედი მაქვს, შემდგომი ათასწლეულებიც ასე დარჩება).

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი, რაც ამ ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით დავასკვენი: თურმე მონარქიის აღდგენის იდეა საპატრიარქოს ეკუთვნის (არ მიკვირს) და ეს იდეა 2007 წელს იქნა გაჟღერებული. მაშინ მოარული ხმების თანახმად, საპატრიარქო მფარველობდა ვინმე დავით ბაგრატიონს, ანუ მომავალ მეფეს. 

საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა თავად „სამეფო სახლის“ მიზანი. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ბაგრატოვანნი ქვეყნის გადასარჩენად მზად არიან პირველობის მისია იტვირთონ და იმეფონ. იდიოტიზმია ხომ? (გამიხარდება, თუ თქვენც ასე იფიქრებთ). აი, ვინმე ბარამიძემ რომ ვიკითხო, რა ფეხებად მინდა მეფე და მთელი მისი ამალა?! ვის რა სამეფო სკიპტრა უნდა გადაუღუნოს ამ სამეფო კარმა? რატომ გვეტენება თავისუფალ ადამიანებს-მეთქი, ხომ ვიქნები ცამდე მართალი?!

მოკლედ ამ სამი მიზნით, ორჯერ მოხდა ქალბატონი ანას (ჩემს თვალში სამეფო ოჯახის მსხვერპლის) დაქორწინება, რომელიც ორჯერვე განქორწინდა (ანუ ტყუილად აწვალეს ადამიანი). ქალბატონი ანას შესახებ ამავე ვებგვერდზე შემდეგი ტექსტი წერია:

„...იმ მიზნით, რათა მათ, როგორც პატრიოტული სულისკვეთებით აღძრულთ, ერთხელ კიდევ შეეხსენებინათ მისთვის, რომ ის ჩვეულებრივი გოგონა არ არის, რომ ის სამეფო შტოს პირდაპირი მემკვიდრეა და რომ ისინი აუცილებლად იზრუნებდნენ ბატონიშვილისათვის შესაფერისი სასიძოს მოსაძიებლად. ბატონიშვილმა ანამ გულთან მიიტანა უფროსი ადამიანების დარიგება და განუცხადა, რომ დაელოდებოდა მათ შესაბამის ქმედებებს. ამ მამულიშვილური იდეის ჩასაშლელად დესტრუქციულმა ძალებმა უმალ აამუშავეს დეზინფორმაციული მანქანა, რითაც არასამეფო შტოს ზოგიერთ ბაგრატიონს დროდადრო ტახტის მემკვიდრედ წარმოუჩენდნენ მოსახლეობას, ხოლო ბატონიშვილ ანას ჭეშმარიტ სამეფო ოჯახს მიზანმიმართულად ჩქმალავდნენ. ამ ფონზე წარჩინებული გვარის წარმომადგენელთა დაპირებებმა 10 წელს გასტანა. დადგა დრო გათხოვებისა

   პირველ მეუღლესთან ბატონიშვილი ანას განშორებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ საპატრიარქომ ყურადღება შეაჩერა და სასიძოს კანდიდატურად მისაღებად მიიჩნია ესპანეთიდან საქართველოში გადმოსახლებული, მუხრანელ ბაგრატიონთა თავადური შტოს წარმომადგენელიდავით ბაგრატიონი. რომელსაც საპატრიარქოში გამართულ სხვადასხვა წვეულებებზე პატრიარქი ახვედრებდა ბატონიშვილ ანას მშობლების თანდასწრებით. ბატონიშვილი ანა ამ დროისათვის საკმაოდ ახალგაზრდა იყო, 32 წლის, ამიტომ მისი ხელმეორედ გათხოვება მშობლებისათვის მისაღები იყო. სხვა მხრივ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დინასტიური სამართლიდან გამომდინარე, მეორე ქორწინება ბაგრატიონ-გრუზინსკების ოჯახს არც არაფერს ჰმატებდა და არც არაფერს აკლებდა ლეგიტიმაციის თვალსაზრისით“.

ზემოთ მოტანილი მთელი ტექსტი ჩემთვის აღმაშფოთებლია. დასკვნის გაკეთება კი, ძვირფასო მეგობრებო, თქვენთვის მომინდვია.

ხოდა აი წარმოვიდგინოთ, 21-ე საუკუნე, საქართველო, და სამეფო ოჯახი, მათი შთამომავლობა უფლისწულნი და ქალბატონნი. ბანოვანნი, სეფექალნი, თავადნი აზნაურნი, რაინდნი (კი არიგებს ეს ნახევრად მეფე ამ წოდებებს). შემდგომ მათი ქორწინება, ცხადია, არა გლეხზე. შესაბამისად, იქმნება მთელი კასტა არაფრის მაქნისთა, რომელნიც დაბადებით უპირატესნი არიან ქვეყანაში დაბადებულ ყველა ყრმაზე. ვინმე ამიხსნის, რატომ უნდა იყოს ჩვენს შვილებზე უპირატესი რომელიმე მათგანის შვილი? (დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფრის რაციონალური და სამართლიანი ახსნა მოაზროვნე ადამიანებისთვის არ არსებობს). ცალკე საკითხია შიდა ბრძოლები ტახტისთვის, ქონებისთვის და ა.შ. როცა აგერ დიდი წვალებით შეკოწიწებულ არაფომალურ მეფე-დედოფალსაც ვერ გაუყვიათ მათი სამეფო - „არაფერი“ (არაფერი აქვთ რეალურად). ხან მეფე ძალადობს თურმე ფიზიკურად დედოფალზე და ხან დედოფალი ძალადობს „სამართლებრივად“ მეფეზე.

აი, ასეთ აბდაუბდას ასაზრდოებს საპატრიარქო. ჩემი დაკვირვებით, ე.წ. „სამეფო სახლს“ და საპარტიარქოს ერთმანეთი სჭირდებათ. ერთს - ძალაუფლების შესანარჩუნებლად, მეორეს - მოსაპოვებლად. სიმართლე გამხელილი სჯობს და ზოგიერთი სასულიერო პირის მოქმედება მართლაც სცდება სასულიერო პირის ცნების ფარგლებს. აშკარად ჩანს, რომ ამ ინსტიტუციაშიც ყველაფერი სწორად არ ხდება. 

ალბათ სცენარი ასეთია: ხდება საზოგადოებრივი აზრის ფორმირება. ამ იდეისადმი შეჩვევა და მერე საჭირო დროს რომელიმე სასულიერო პირი იტყვის - აბა, ხალხო, მეფე გვჭირდება, თორემ გვენგრევა ქვეყანა, გადავშენდებით. აქ უკვე მრევლის ნდობა სასულიერო პირებისადმი დიდი ძალაა და სამეფო ოჯახიც საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდება. ამის განხორციელების შანსები თითქმის მიხეილ-გელა სალუაშვილის რომელიმე საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების ტოლფასია. ვიღაც მაგრად ცდილობს შემოგვასაღოს ეს მეფობანას თამაში.

ჩვენმა ქვეყანამაც გაიარა აბსოლუტური მონარქიის პერიოდი. (გვქონია მეფის ძალაუფლების „კარვით“ შეზღუდვის მცდელობაც - ფაქტობრივად, პარლამენტის იდეა XII საუკუნეში). გვყავს არაერთი გმირი და თავდადებული მეფე. თუმცა გვყოლია ცუდი მეფეები, ცუდი თავად-აზნაურები და ცუდი მემკვიდრეები. სამეფო ტახტის დასაკავებლად მათ მიერ ჩადენილი არაერთი ბოროტება შემოინახა ისტორიამ.

მონარქია, რა ფორმითაც არ უნდა იყოს ის, ჩვენი ქვეყნისთვის ბოროტებას ნიშნავს. მონარქიის ცნებიდანაც კარგად ჩანს, რომ მონარქიის იდეა და შინაარსი მონობას გულისხმობს. ანუ არსებობს დამკვიდრებული და გაბატონებული, დაბადებით პრივილეგირებული ფენა, რომელსაც უნდა ემსახუროს ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი, დაბადებიდანვე არაპრივილეგირებული ნაწილი. თუ ვინმე იტყვის, რომ ეს ასე არ არის და მაგალითად მოიყვანს ევროპულ ქვეყნებს, რომლებიც კონსტიტუციური მონარქიის პირობებშიც კი მოწინავე ქვეყნებია, ეჭვგარეშეა, რომ მას ამის უფლება აქვს. ისიც ეჭვგარეშეა, რომ ეს ქვეყნები მართლაც მოწინავე, უმაღლესი დონის ქვეყნებია. ისიც ცხადია, რომ მეც ვიცი ამ ქვეყნების შესახებ, თუმცა მიმაჩნია, რომ მათი შედარება და მათ მაგალითზე მონარქიის მიბაძვა, როგორც წარმატებისა და განვითარების უპირობო გარანტის, რბილად რომ ვთქვათ, მხოლოდ რომელიმე სამეფო ტიტულის მიღების უეჭველი დაპირებით მოხიბლულ ადამიანს შეიძლება მოუვიდეს თავში. როცა ამ ქვეყნებზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ მათი კულტურა, ისტორია, ტრადიციები და ის, თუ როგორ რეაგირებენ ისინი თანამედროვე გამოწვევებზე. მათ აქვთ მონარქიის უწყვეტი ტრადიცია და ამ ინსტიტუტს (თუ შეიძლება ასე ეწოდოს) სიმბოლური დატვირთვის თვალსაზრისით ინარჩუნებენ. ახლა რა ხდება ჩვენთან?

ჩვენთან ყველაფერი გაჟღენთილია ნოსტალგიით, თუ რა მაგრები ვიყავით წარსულში. გვახრჩობს ფობიები. ევროპა და ცივილიზაცია გვართმევს ქართველობას. ადამიანების მცირე ნაწილი, რომლებიც ადამიანების უფლებებსა და თავისუფლებაზე საუბრობს, მყისიერად ხდება მორალური წნეხის მსხვერპლი, ქვეყნის მოღალატე და მეორედ მოსვლის მაპროვოცირებელი ელემენტი, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა განადგურდესსს! გვყავს ქვეყნისა და ქართველობის „გადამრჩენი“ მოძრაობა „ქართული მარში’’, ფაშისტური მოძრაობა „საქართველოს ეროვნული ერთობა“; „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი“, ბიზნესმენი და შეთავსებით რაინდი ვინმე ვასაძე და ალბათ ბევრი სხვაც. რომლებიც მეტ-ნაკლები ხარისხით მისტირიან წარსულს და ანგრევენ მომავალს, ოღონდ ისე, რომ მათ ჰგონიათ, რომ რაღაცის გადარჩენას ემსახურებიან.

ამას ემატება არარეალიზებულ, გაბოროტებულ ადამიანთა მთელი არმია, რომლებიც თავიანთ უსუსურობასა და წარუმატებლობას სხვას, ვინმე თავისუფალ და წარმატებულ სამიზნეს დააბრალებს და მერე მთელი დღე აჩხაკუნებს კლავიატურას ბინძური სალანძღავი შეფასებების დასაწერად. ამასთან ერთად 200 წელზე მეტია, მეფობა გაუქმდა. და ასეთ პირობებში ვიღაცებს სურს, რომ მონარქიის აღდგენით გადაარჩინოს ქვეყანა. არ მიკვირს - ამაზე უკეთეს ნიადაგს სად ნახავთ მონობისთვის, პირდაპირ მისწრებააა საზოგადოების ასეთ ნაწილზე მონარქიის დაშენება. სამწუხაროდ, ესეც ჩვენი რეალობის ნაწილია.

თუმცა, საბედნიეროდ, არსებობს საზოგადოების მცირე ნაწილი, რომელიც სწორედ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებაზე აფუძნებს თავის საქმიანობას და წარმატებით ებრძვის ამ მცდარ კლიშეებს.

დემოკრატია, როგორც მმართველობის ფორმა, უპირობოდ უალტერნატივოა. ის იძლევა შესაძლებლობას, მაქსიმალურად იქნეს დაცული ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლება და აღიარებს ინდივიდს, როგორც ასეთს. მონარქია, რაც არ უნდა კონსტიტუციური და გაკეთილშობილებული იყოს იგი, მაინც უარყოფს ადამიანს, როგორც ინდივიდს, შესაბამისად, უარყოფს თავისუფლებას და თანასწორობასაც.

 თუმცა, თუ გაბატონებულ კლასს, სისტემას სურს უგულებელყოს კანონი, სამართალი, ადამიანის უფლებები და დაიმონოს საზოგადოება, როგორც მენტალურად, ისე ფიზიკურად, ამას ის ნებისმიერი მმართველობის ფორმის პირობებში მოახერხებს და ახერხებს კიდეც. ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია სისტემას აჯობოს, თავისუფალი, ძლიერი ადამიანებისგან შემდგარი სამოქალაქო საზოგადოებაა, სწორედ ასეთი ადამიანების დამონებასა და თავისუფლების წართმევას ცდილობს ასეთი მმართველობითი სისტემები, სხვადასხვა იდეოლოგია და ზოგჯერ რელიგიაც.

გვერდს ვერ ავუვლი სასულიერო პირების მიერ თავიანთი სამოქმედო სივრცის გარეთ აქტიურ მოქმედებას და საერო მმართველობით სისტემაში შეჭრას. ცხადია, მონარქიის აღდგენის საკითხსაც სასულიერო პირები ლობირებენ. მრევლი კარგი იარაღია საზოგადოების მართვის საქმეში და ამიტომაც აქვს ამ არაფორმალურ წარმონაქმნს მომავალში მონარქიის აღდგენის იმედი. თორემ ფრაზამართლა რა ჩვენს ფეხებად გვინდა მეფეხელმისაწვდომიაროგორც არასდროს.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორებისა, ე.წ. სამეფო დავა, რომ საქალაქო სასამართლოში განიხილება, იმ მხრივაც არის ნონსენსი, რომ მმართველობის ერთი ფორმა, ანუ მონარქია, თავისი სამეფო-საოჯახო საქმეების განხილვას (ანუ იმის გარკვევას, ვის ეკუთვნის მეფობაზე უფლება) სთხოვს მმართველობის მეორე ფორმას (რომლის პოტენციურ ჩამნაცვლებლადაც თავის თავს მოიაზრებს) - დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების ერთ-ერთ შტოს - სასამართლო ხელისუფლებას. სხვა რა შეიძლება ეწოდოს ამ ყველაფერს, თუ არა ნონსენსის ქრესტომათია.

სინამდვილეში კი სამართლებრივად საქმე ეხება სახელის გამოყენების უფლებას და ეს სახელი, როგორც აღმოჩნდა, ბუნებაში არ არსებობს. ცალკე საკითხია ამ ამბის გაშუქება და შექმნილი ნეგატიური ფონი, რომელიც თითქოს მოდავე მხარეებს ნეგატიურ ასპექტში წარმოაჩენს. მე მაინც მგონია, რომ ყველაფერი პირიქით არის. ორივე მათგანს (ერთს მაინც უეჭველად) და მათ უკან მდგომ გულშემატკივრებს ეს ყველაფერი „აწყობთ“. უფრო მეტიც, არ არის გამორიცხული ეს პროცესები დაგეგმილად და მიზანმიმართულად ხორციელდებოდეს. ამაში მარტივად დარწმუნდებით, თუ მცირე დროით მაინც გადაავლებთ თვალს სამეფო სახლის ვებგვერდს. სადაც, როგორც ზემოთ აღვნიშნე, კაჭკაჭის სიზუსტითა და ენთუზიაზმით (მოგეხსენებათ, კაჭკაჭი ფრინველია, რომელიც ბრჭყვიალა ნივთების შეგროვებით არის ცნობილი), სამეფო სახლის ,,კაჭკაჭების“ მიერ არის შეგროვებული ყველა სტატია (ინფორმაცია), სადაც კი ოდესმე მათ შესახებ გაჟღერებულა ინფორმაცია. ამ გვერდზე მასალა ბოლოს 2010 წელს განთავსდა და აი, ცხრა წლის შემდეგ (ამ შემთხვევაში 9 წელი მართლა ქრონოლოგიური 9 წელია და არა სისხლიანი) მათ აქვთ მთავარი გათვლა, რომ მოიპოვონ სასამართლოს ოფიციალური ჩანაწერი, რომელიც დაადგენს, რომ რომელიმე მათგანი არის პირდაპირი შთამომავალი ჩვენი ბოლო „ზაქიჭამიასი“ და მგონია, რომ ეს არის მთელი ამ ამბის ძირითადი მიზანი.

ხოდა თუ ერთხელაც ჰოპ და მე და ჩემნაირებს მონარქია მთელი თავისი „სიდიადით“ თავს წამოგვადგა, მხარზე ხელი სამჯერ ფრთხილად დაგვკრა, მოგვახედა და ბოდიშის მოხდა მოითხოვა, არ გეგონოთ, რომ ბოდიშის მოხდა არ შემიძლია. არა, ბატონებო, არ შეცდეთ! შემიძლია და თან როგორ მაღალფარდოვნად, ახლავე გაჩვენებთ:

ეტრატი

ბოდიში „სირთ“

(„სირ“ ძველად საფრანგეთში: მიმართვა მეფისადმი.)

თქვენო უდიდებულესობავ, სირნო ამა ქვეყნისანო, მომითხოვია ბოდიში მონარქიის აღდგენის დღიდან პირველი „სირის“, შთამომავალ „სირთა“ და თქვენი მხარდამჭერების წინაშე, რადგან მე ამ ტექსტის წერისას (2019 წლის აპრილის დასაწყისი) მწამს თავისუფლების და არ მჯერა თქვენი ოჯახური თამაშის რეალურად განხორციელების შესაძლებლობის. მაგრამ, ჩემდა სამწუხაროდ, რაკი შეძელით ამ იდეის განხორციელება, ჩემი იდეალების თქვენს ინტერესებთან წინააღმდეგობის გამო, მიიღეთ გულწრფელი ბოდიში, წარმოთქმული, უმშვენიერეს არისტოკრატიულ და აღმატებულ ფრანგულს ენაზედ.

დასკვნამდე:

კი, ცუდი არ იქნება ზოგიერთებს ,,პანდამ“ უპასუხოს.

ვინმემ ისე არ გაიგოს, რომ ეკლესიას შევურაცხვყოფ ან ჩვენს სახელოვან მეფეებს. არამც და არამც. ისტორიიდან ძალიან კარგად ვიცი უდიდესი მეფე დავით აღმაშენებელი და რუის-ურბნისიც.

შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ უსამართლობას და ფაქტობრივ უთანასწორობას დღეს არსებული მმართველობის ფორმები არ ახალისებს და დღეს არ არსებობს ან მომავალში არ იარსებებს. არა, ცხადია არსებობს და იარსებებს. თუმცა აქ დეკლარირებულ იდეაზე და მსოფლმხედველობაზეა საუბარი. ჩვენი, თანამედროვე ადამიანების უპირველესი ამოცანა უნდა იყოს ადამიანები გავხადოთ ინდივიდები. მივცეთ მათ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება, გამოხატვის თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება, აზრის თავისუფლება, სიყვარულის თავისუფლება, სიცოცხლის უფლება, რწმენის თავისუფლება, საკუთარი სხეულის ბატონ-პატრონობის უფლება, განათლების უფლება, ჯანსაღი და სამართლიანი გარემო, თანაბარი შესაძლებლობები და სხვა ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლება. და ასეთი ადამიანებისგან უნდა შევქმნათ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება.

და იცით რას ნიშნავს ასეთი საზოგადოება? ეს ნიშნავს იმას, რომ მმართველობის ვერცერთი ფორმა ვერ იქნება ასეთ საზოგადოებაზე ძლიერი და უპირატესი. ჩვენ შევქმნით ძლიერ ინდივიდსა და მმართველობის სისტემას, რომელიც იზრუნებს მხოლოდ კონკრეტული ადამიანების (ჯამში საზოგადოების) კეთილდღეობაზე და სხვა საზრუნავი მას არ ექნება. ეს უკვე ნიშნავს იდეალურ მმართველობას. განა მეტი რამ გვჭირდება? ვფიქრობ, არაფერი.

მეფობანას თამაშიც ამ იდეას ეწინააღმდეგება და ამიტომაც არის მიუღებელი.

ბოლოს და ბოლოს ანარქისტი ანანიეც ხომ მეფეს ებრძვის.  

დასკვნა:

 ერთი სიტყვით, „სამეფო ოჯახის“ იდეა ვერაფრის გადამრჩენი ვერ არის. არც ნეშომპალად ვარგა, რომ ნიადაგი გაანოყიეროს და მომავალ თაობებს ჯანსაღი საკვები მისცეს განვითარებისთვის.

მე თუ მკითხავთ, მეფობის გაუქმების შემდეგაც გვყავდა ორი მეფე, რომლებმაც ჯერ თვითონ აღიარეს თავიანთი თავი მეფედ და მერე ჩვენც ვაღიარეთ ისინი: პირველი - გალაკტიონი და მეორე - ირაკლი ჩარკვიანი. ნიშანდობლივია, რომ ამ ტექსტის წერისას სწორედ ირაკლი ჩარკვიანის „ძირს მეფეს“ ვუსმენ. ჩემი სათქმელიც ეს არის

მადლობა მკითხველს.

პ.ს. თქვენ, ვინც ტექსტი წაიკითხეთ და ასეთი შთაბეჭდილება დაგრჩათ - ეს ვინ ჩემი ფეხებიაო - თქვენზეც ვიზრუნე. აი, ბატონო ,,შავი ზღვის მაგვარიე“ და განიტვირთეთ, კაია ,,გააასწორებს“.

თხოვნა: დომენიკში და მანგოში ნუ აგერევით.

ძირს მეფე!

ძირს დედოფალი!

მამამისიც!

ძალა თავისუფლებაშია!

პატივისცემით,

გლეხი - კუკური ბარამიძე

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^