Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სიმონ დე ბოვუარის უკვდავი მემკვიდრეობა - ნაწილი მესამე

17 აპრილი 2019

თავისუფლებისაკენ!

„დღეს უამრავ ქალს საფრთხე ემუქრება. ფემინისტებმა ხელი უნდა გავუწოდოთ ჩვენს დებს და მხარში ამოვუდგეთ, რათა არ დაკარგონ მუხლჩაუხრელი ბრძოლის წყალობით მოპოვებული თავისუფლება. ჩვენ უნდა განვაგრძოთ ის ბრძოლა, რომელიც ჩვენმა ძვირფასმა სიმონ დე ბოვუარმა ასე გულუშიშრად წამოიწყო!“ - მითხრა ფრანგმა მწერალმა, ისტორიკოსმა, ღირსების ორდენის კავალერმა და ფემინისტმა, მიშელ პერომ 2014 წლის 9 იანვარს, როცა სიმონ დე ბოვუარის სახელობის ჯილდო გადასცეს ქალთა უფლებების დაცვისათვის.

სენ-ჟერმენის ბულვარს მივუყვები და დაჟინებით გავყურებ ქუჩას. თითქოს თვალნათლივ ვხედავ 1971 წლის 5 აპრილს, იმ დღეს, როცა სამას ორმოცდასამმა ქალმა (ბოვუარის მეთაურობით) ხელი მოაწერა მანიფესტს: „მე გავიკეთე აბორტი’’. ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა მაშინ სისხლის სამართლის დანაშაული იყო, თუმცა მათ გაბედეს საუკუნოვანი სიჩუმის დარღვევა. კანონის თანახმად, მათთვის ციხეში უნდა ეკრათ თავი, მაგრამ სასამართლომ უარი თქვა 343 ქალის წინააღმდეგ საქმის აღძვრაზე. პარიზის ქუჩებში დაქროდა დიდი რევოლუციის, ქალთა რევოლუციის ლაღი და გრილი სიო. უფლებააყრილმა, დამუნჯებულმა, პატრიარქალურ საპყრობილეში ჩამწყვდეულმა ქალებმა განიზრახეს ხმის ამოღება და თავიანთი უფლებების დასაცავად ქუჩაში გასვლა. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მეამბოხე და განრისხებული ქალები რადიკალური ფემინისტური ლოზუნგებით დაიპყრობდნენ საფრანგეთს - „კეთილგონიერი“, კონსერვატორი ბურჟუების ამ სამფლობელოს, სადაც მარი-ლუიზ ჟირო აბორტის გაკეთების გამო ვიშის რეჟიმმა სიკვდილით დასაჯა. „მხოლოდ მაშინ გავაჩენ ბავშვს, როცა მომინდება’’; „ჩემი სხეული მე მეკუთვნის’’; „ძირს სექსისტური კანონმდებლობა“ - გაჰყვიროდნენ ისინი აქციებზე. „ყოველ წელს საფრანგეთში მილიონობით ქალი იკეთებს აბორტს არასტერილურ, ჯანმრთელობისათვის საშიშ გარემოში. უთვალავი ქალი ეწირება ამ მიწისქვეშეთს. მე ვარღვევ დუმილს და ვაცხადებ: გავიკეთე აბორტი. ჩვენ მოვითხოვთ აბორტისა და ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების ლეგალიზებას“ - ესაა ამონარიდი იმ მანიფესტიდან, რომელსაც ხელს აწერენ სიმონ და ელენ დე ბოვუარები, ფრანსუაზ საგანი, კატრინ დენევი, მარინა ვლადი, ჟიზელ ალიმი, ანა ზელენსკი, მარგერიტ დიურასი და სხვა ცნობილი და უცნობი ქალები. ბობინის გახმაურებულმა სასამართლო პროცესმა 1972 წლის ოქტომბერში მთელი საფრანგეთი ააფორიაქა. განრისხებულმა ფემინისტებმა ტალღასავით შთანთქეს პარიზის ქუჩები, რათა დაეცვათ ერთი თექვსმეტი წლის ქალიშვილი, სახელად მარი-კლერი, რომელიც თანაკლასელმა გააუპატიურა. როცა მან აბორტი გაიკეთა, მოძალადის ნაცვლად მსხვერპლი დააპატიმრეს. არასათანადო პირობებში ჩატარებულმა აბორტმა, ლამის, იმსხვერპლა მარი-კლერი. ძლიერი სისხლდენა დაეწყო და დედამ სასწრაფოდ გადაიყვანა საავადმყოფოში, იქ კი ხელბორკილი დაადეს და ციხეში გააქანეს; ფემინისტური ასოციაციის, „choisir’’-ის ხელმძღვანელები, ადვოკატი ჟიზელ ალიმი და მწერალი სიმონ დე ბოვუარი („Choisir’’ ფრანგული სიტყვაა და არჩევას ნიშნავს) მეორე დღესვე დიდ საპროტესტო მანიფესტაციას ჩაუდგნენ სათავეში. ზღვა ხალხი გამოვიდა ქუჩაში. „ვერავითარი მორალური ზეწოლა, ეკლესიის ავტორიტეტი, რელიგიური სწავლება, სოციალური ინსტიტუტი თუ ეკონომიკური მდგომარეობა ვერ მაიძულებს ბავშვის გაჩენას. ჩვენ მოვითხოვთ აბორტისა და ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების ლეგალიზებას!“ - აცხადებდნენ ისინი. პროტესტი მთელ საფრანგეთს მოედო. MLF-ისა (ქალთა განმათავისუფლებელი მოძრაობა) და „Chosir’’-ის აქტივისტები ქუჩებს კეტავდნენ სასამართლოს შენობის მიმდებარედ. პოლიცია სასტიკად არბევდა აჯანყებულთ, თუმცა გამარჯვების სურვილით ანთებული, აღტყინებული და ბრაზმორეული ქალები არა და არ ნებდებოდნენ პატრიარქალურ ძალაუფლებას, ბროშურებს ავრცელებდნენ და ძალას არ იშურებდნენ უსამართლოდ დატუსაღებული გოგონას საპყრობილიდან დასახსნელად. პროკურორმა იცრუა კიდეც, დაპატიმრებული ქალიშვილი გაუპატიურების მსხვერპლი სულაც არააო. საქმეში არაერთი ცნობილი ადამიანი ჩაერია. ფემინისტები არ ტოვებდნენ სასამართლო დარბაზს. მარი-კლერის დედამ მოსამართლეს მიმართა: „დამნაშავე ვარ არა მე, არამედ თქვენი უსამართლო კანონი!’’ მოსამართლე დაემუქრა, თუ ახლავე არ გაჩუმდებით, სასჯელი დაგიმძიმდებათ მოსამართლის შეურაცხყოფის გამოო. „სამართალდამცველები’’ ძალადობდნენ მარი-კლერზე, აიძულებდნენ, ეთქვა, რომ აბორტის გასაკეთებლად დედამ წაიყვანა, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. მსხვერპლმა განაცხადა: „შვილის ყოლის არც სურვილი და არც შესაძლებლობა არა მაქვს’’. მოსამართლემ ისიც კი ჰკითხა, ქირურგული სარკე პირში ხომ არ ჩაიდეთ აბორტისასო. ადვოკატმა ჟიზელ ალიმიმ ასეთი სიტყვები წარმოთქვა პროცესზე: „ადამიანი, რომელიც უსამართლო კანონს არ ემორჩილება, დემოკრატია. ჯერ საკუთარ თავს შეხედეთ, ბატონებო, და მერე ჩვენ შემოგვხედეთ. ოთხი ქალი ვდგავართ კაცების წინაშე... და რატომ? რისთვის? საშვილოსნოზე, ორსულობაზე, შვილოსნობაზე, აბორტსა და ქალის სხეულზე სასაუბროდ. ხომ არ გგონიათ, რომ ეს დიდი უსამართლობა და განუკითხაობაა?’’. ასოციაცია „Choisir’’-მა გამოაქვეყნა წიგნი სახელწოდებით: „ბობინის საქმე’’. წინასიტყვაობა სიმონ დე ბოვუარმა დაურთო და ქვეყანას ამცნო, რა პატრიარქალური იდეოლოგიით იყო გაჟღენთილი მთელი სასამართლო პროცესი. ნაშრომის 30 000 ეგზემპლარი რამდენიმე კვირაში გაიყიდა. ნაყოფი გამოიღო ფემინისტების თავდადებულმა და მუხლჩაუხრელმა ბრძოლამ. მრავალი ცნობილი პიროვნება დაეწრო საბოლოო პროცესს: აკადემიკოსი ჟან როსტანი; ნობელის პრემიის ლაურეატი ბიოლოგები; ჟაკ მონო და ფრანსუა ჟაკობი; მსახიობები (დელფინ სირიგი და ფრანსუაზ ფაბიანი); პოლიტიკოსი მიშელ როკარი; მწერალი ემე სეზარი და სხვები. გულმხურვალე კათოლიკემ, პროფესორმა პოლ მილიემ, სასამართლოს წინაშე განაცხადა: „არ მესმის, რატომ უნდა მოვახვიოთ თავს კათოლიკეებმა ჩვენი მორალი ყველას!’’ ამ ლიბერალური სიტყვების გამო მედიკოსთა კავშირმა ის საჯაროდ გაკიცხა და სამედიცინო აკადემიიდან გარიცხა. მოსამართლე (რომელსაც მტყუანისა და მართლის გარჩევის ფუნქცია ეკისრა და თემიდას ერთგულ, პირუთვნელ მსახურად მიიჩნევდა თავს) ძალ-ღონეს არ იშურებდა იმისათვის, რათა პრესას ვერ გაეშუქებინა პროცესი, მაგრამ ვერაფერს გახდა. 1881 წლის ივლისში მიღებული კანონი კრძალავდა აბორტთან დაკავშირებული დებატების გამოქვეყნებას, მაგრამ ჟურნალისტებმა არად ჩააგდეს მისი სიტყვა. ფემინისტმა ფრანსუაზ ჟირუმ აღნიშნა, ციხეში რომ გამომკეტონ, მაინც დავწერ უზარმაზარ სტატიას ამ პროცესის შესახებო. ფემინისტებმა ბრწყინვალე გამარჯვებით დააგვირგვინეს დაწყებული საქმე - გოგონა გაათავისუფლეს. პარლამენტმა დიდი ალიაქოთის შემდეგ დაამტკიცა ჯანდაცვის მინისტრის, სიმონ ვეილის კანონ-პროექტი აბორტის შესახებ.

მონპარნასის სასაფლაოც გამოჩნდა. იქ განისვენებს მსოფლიო ფემინიზმის დედა. სიწყნარეა. მხოლოდ ჭადრების შრიალი არღვევს მდუმარებას. 1986 წლის 19 აპრილს ზღვა ხალხი ირეოდა იქ. მწარედ მტირალი ქალები გლოვობდნენ ეგზისტენციურ მარტოობაში, პარიზის კოშენის საავადმყოფოში 14 აპრილს გარდაცვლილ იმ უნიკალურ ქალს, რომელიც სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე იბრძოდა მათი უფლებების დასაცავად. დიდი მენტორი დაკარგეს. საყვარელი კასტორი, ანუ თახვი, როგორც უწოდებდნენ. ოთხივ კუთხიდან პარიზში ჩამოსულმა ცრემლმორეულმა ქალებმა მიაგეს პატივი ემანსიპაციის ამ სიმბოლოს. უკანასკნელ გზაზე უნდა გაეცილებინათ ის განუმეორებელი ადამიანი, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა მათი ცხოვრება. ამერიკელი მკვლევარი, დეიდრა ბეირი, ასე იხსენებს მწერლის დაკრძალვას თავის მონოგრაფიაში: „ავტომობილზე ორჯერ დიდი იყო განსვენებულის სასახლის შესამკობად მოტანილი ყვავილების ზღვა. ბოვუარის შვილობილი, სილვი ლე ბონ დე ბოვუარი და მისი უახლოესი მეგობარი, კლოდ ლანზმანი, ფეხდაფეხ მიჰყვებოდნენ მანქანას და დროდადრო ხელითაც კი ეხებოდნენ... უზარმაზარ ბრბოს წაელეკა პარიზი. ერთმანეთისაგან ცა და მიწასავით განსხვავებული 5 000 ადამიანი ირეოდა საავადმყოფოს ეზოსა და ვიწრო ქუჩებში, გალიაში გამომწყვდეული ნადირივით აქეთ-იქით აწყდებოდნენ. ყველას აერთიანებდა გულისმომკვლელი სევდა, დაუამებელი ტკივილი, სასოწარკვეთა და საყვარელი ადამიანის უკანასკნელ გზაზე გაცილების სურვილი. ცას და მიწას შესძრავდა ერთ მუშტად შეკრული ხალხის ურყევი ნება. ყველაზე გასაოცარი ის იყო, რომ ახალგაზრდა კაცებს მხრებზე შეესვათ შვილები და დამწუხრებულნი მიჰყვებოდნენ სამგლოვიარო პროცესიას. ცხადი იყო, უნდოდათ, შვილებს ოდესმე ეთქვათ, რომ უკანასკნელი პატივი მიაგეს უდიდეს ფრანგ ქალს. ფემინისტები, მწერლები, მემარცხნე ინტელექტუალები და ტრადიციულ, მკაცრ კოსტიუმებში გამოწყობილი, ყვავილებით ხელდამშვენებული, აქვითინებული აფრიკელი ქალების აურაცხელი დელეგაცია თავჩაქინდრული მიაბიჯებდა მონპარნასის სასაფლაოსაკენ. მრავალი ხნიერი ქალი და ბერიკაცი, მზარეული და მუშა გამოეთხოვა ჩვენს დედას. ბოვუარის თაობის ქალები ნელი ნაბიჯით მიჰყვებოდნენ ბრბოს, ქალიშვილებს კი ხელკავი გამოედოთ მათთვის. ხალხი გულამოსკვნით ტიროდა. რაწამს დაკლაკნილ მონპარნასის ბულვარს მიუახლოვდნენ, ერთბაშად შეჩერდნენ, თითქოს ყველა რაღაც ძალამ გაახევა. ანაზდად შეწყდა მოძრაობა ქუჩაში. გაბრაზებული მძღოლი მანქანიდან გადმოვიდა და ხალხს შეუყვირა: „ნუ გადამიღობავთ გზას! ასე რატომ მიიზლაზნებით?!’’ როგორც კი უთხრეს, დღეს სიმონ დე ბოვუარის დაკრძალვააო, მგლოვიარეთა ნაკადს შეუერთდა. ქუჩები ხალხის შავ სამოსს დაებნელებინა. პარიზელები ფაჯრებსა და აივნებს აწყდებოდნენ. სასაფლაოს დარაჯებსა და პოლიციელებს ეშინოდათ, რომ ეს ურიცხვი ბრბო სასაფლაოზე შემოიჭრებოდა და საფლავის ქვებს დაამსხვრევდა. რკინის დიდი ბარიკადებით შემოღობეს ახალგათხრილი სამარე, ჩვენი ძვირფასი დედის ეს უკანასკნელი და სამარადჟამო სამკვიდრო. ხალხს არ სურდა ბოვუარის ამ ბნელ ორმოში მარტოდმარტო დატოვება. ბრბომ იხუვლა, ადგილიდან დაიძრა და ბარიერები გადათელა. წვიმა წამოვიდა, მაგრამ ერთმა ადამიანმაც კი არ მოიცვალა ფეხი. თავზარდაცემული და გახევებული ადამიანები მონუსხულნი შესცქეროდნენ გათხრილ საფლავს, რომელსაც ავად დაეფჩინა ხახა. ჩაესმოდათ, როგორ ნელა კითხულობდა კლოდ ლანზმანი ბოვუარის „გარემოებათა ძალის’’ იმ უკანასკნელ, გულშიჩამწვდომ ფრაზებს, რომელთა წყალობითაც ჩვენი სანუკვარი მწერალი სიკვდილს აუჯანყდა. ამ დიდებულ ქალს არ სურდა, არარას თვალშეუვალ წყვდიადში შთანთქმულიყო, რადგან თავის დღეში არ უფიქრია, რომ იმ ბნელ სამეფოში ნეტარ სიმშვიდეს ჰპოვებდა. როცა ლანზმანი ამ განუმეორებელ სიტყვებს კითხულობდა, მოგუდული გმინვა და ყრუ კვნესა გაისმა. თითქოს, ყველამ გაიგონა ელიზაბეთ ბადინტერის ხმა: ,,ქალებო, თქვენ მასთან ვალში ვართ! ყველაფერი მისი წყალობით მოიპოვეთ!’’ თითქოს ურწმუნო ხალხს არ სურდა, დაეჯერებინა, რომ სიმონ დე ბოვუარმა სამუდამოდ დაგვტოვა’’.

ელიზაბეთ ბადინტერი გულისამაჩუყებელ გამოსათხოვარ წერილს აქვეყნებს “Nouvel Observateur’’-ში და ემშვიდობება ფემინიზმის დედას: „დღეს დასავლელი ქალები ერთ ქალს გლოვობენ. მხოლოდ „მეორე სქესის’’ მილიონობით მკითხველი როდი მისტირის მას! ჩვენ თხუთმეტი-თექვსმეტი წლის ზრდილი ქალიშვილები ვიყავით, როცა „მეორე სქესი’’ აღმოვაჩინეთ. ასე მგონია, არც ერთ წიგნზე არ გვისაუბრია ასეთი აღტაცებით. ჩვენი გული აენთო მისი სიყვარულით. ბოვუარმა გულდასმით, დამაჯერებლად გვიამბო ამბავი. ამბავი იმისა, თუ როგორ დაიმონეს, დაიბრიყვეს და დააბეჩავეს ქალები. ამ თამამმა ფემინისტმა ერთი ხელის მოსმით გააცამტვერა ის „ქალური ბუნება“, რომელზე საუბრითაც წინაპრებმა ყურები გამოგვიჭედეს. სიმონ დე ბოვუარმა საუკუნო ტყვეობისაგან გვიხსნა, მონობის მძიმე ბორკილი აგვხსნა და გაგვათავისუფლა იმ სულშემხუთავი ცრურწმენებისაგან, გადაულახავ დაბრკოლებად რომ გვეღობებოდა. ახლაც კი ცხადად მაგონდება, რა საოცარი შეგრძნება მეუფლებოდა „მეორე სქესის’’ კითხვისას. როცა ხარბად ვეწაფებოდი ამ განუმეორებელ წიგნს, ამ ნეტარების უშრეტ წყაროს, მეჩვენებოდა, რომ ფრთები ამომსვლოდა და სადაც იყო, კამარას შევკრავდი. ყველა ქალმა მოისმინა მისი სამართლიანი, ცხადი და ძალზე სასიამოვნო განაჩენი: „მომბაძეთ. ნუ შეგეშინდებათ. არ შედრკეთ. დაიპყარით ეს სამყარო, რომელიც თქვენს ფერხთით განრთხმულა. თავდავიწყებით გადაეშვით ამ ბრძოლაში“. თვალისმომჭრელი ჭეშმარიტება დაგვანახა, ერთადერთხელ აიქნია ჯადოსნური ჯოხი და არარად აქცია ოდინდელი დოგმები, ნორმები, აკრძალვები, წეს-კანონები, სექსისტური მითები და ცრურწმენები. ამ უშიშარმა და გონებანათელმა ქალმა ძირი გამოუთხარა პატრიარქატს თავისი განუმეორებელი წიგნით. კონსერვატორებს შეუძლიათ, აგვიჯანყდნენ და გააფთრებით შეგვებრძოლონ, მაგრამ ვეღარ გაგვაბრუნებენ ლამაზი სიცრუით. ვერასოდეს დაგვარწმუნებენ, რომ ოჯახური კერა ქალთა სამეფოა, გათხოვება, ცოლქმრული ცხოვრება და დედობა კი ჩვენი გარდაუვალი ბედისწერა. ბოვუარმა საპირისპირო დაგვიმტკიცა თავისი ნაწარმოებებითა და სამაგალითო ცხოვრებით. გვითხრა, რომ ქალს შეუძლია, თავისუფალი ცხოვრებით დატკბეს და არ გახდეს მონა. ცხადია, ის სანიმუშო პიროვნებაა მკითხველი ქალებისთვის. ჩვენ ვოცნებობდით, მასავით გაბედულები, უშიშრები და თავისუფლები ვყოფილიყავით. სწორედ მისი წყალობით გავაცნობიერეთ, რომ უთვალავი სახე აქვს სექსიზმსა და ქალთა ჩაგვრას. ჩვენ არა მხოლოდ მისი თანამოაზრეები, არამედ მისი ქალიშვილები ვართ. პატრიარქალურ ურჩხულთან მუხლჩაუდრეკლად მებრძოლი სიმონ დე ბოვუარი გოროზი და სამართლიანი დედოფალივით დაბრძანებულა ფემინისტურ პანთეონში, თვალისმომჭრელად დიდებულ ტახტზე. იგი სამართლიანობის უმშვენიერესი განსახიერებაა ჩვენთვის. თვალწარმტაცი სილამაზით შემოსილი ეს ხორცშესხმული ჭეშმარიტება ჩვენს გულებს საამო იმედებით ავსებს. ო, რა საოცარია! ო, რა ბრწყინვალე გამარჯვებაა! ეს დიდებული ქალი, რომელსაც არასოდეს ჰყოლია შვილი (და არც სურდა, ეს მძიმე ტვირთი წამოეკიდებინა), უამრავი გოგონას დედა გახდა თავისი ფემინისტური იდეების წყალობით. მისი ქალიშვილები მთელ მსოფლიოში იბრძვიან თავისუფლებისათვის. ყველა ქალმა იცის, რომ დღეს თავის გულსაც დამარხავს ბოვუართან ერთად. სწორედ მისი წყალობით ვიქეცით იმად, რაც ვართ, არ შედრკეთ! შიშმა არ შეგიპყროთ! მან სამუდამოდ დაგვტოვა, მაგრამ ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ჩვენმა წინამძღოლმა ბრწყინვალე წარმატებით დააგვირგვინა ყველა ის იდეოლოგიური ბრძოლა, რომელიც ოდესღაც წამოიწყო. მშვიდად განისვენეთ, უცხო მიწების აღმომჩენო, ძვირფასო სიმონ დე ბოვუარო. თქვენი ქალიშვილები არასოდეს დაგივიწყებენ!’’

ფილოსოფოსი ლელა გაფრინდაშვილი, თავის სტატიაში, „Femme Unique’’, წერს: „ინტელექტუალური სიხარბე და პასუხისმგებლობა – ეს ორი, განუყრელი მეგობარი სულ თან მახლდა, ამ უნიკალური ქალის ცხოვრებასა და შემოქმედებას რომ ისე დავწაფებოდი, როგორც განუმეორებელი ტკბობისა და აღმოჩენების საგანძურს, მაგრამ სიმონ დე ბოვუარის შესახებ წერისას საკმარისი საგზალი ვერ იქნება ის, რაც წაიკითხე; ამასთან ერთად აუცილებელია თვითრეფლექსია, შემეცნებულის საკუთარ ბედში, გამოცდილებასა და გონებაში გატარება, თანაგანცდისა და თანაწვდომის პერმანენტული მონაცვლეობა. ყოველივე ამის გარეშე ვერასდროს შეძლებ იმ სისავსისა და მრავალმხრიობის გადმოცემას, რომლითაც იგი მარტივ, თვითტკბობას მიცემულ გონებათაგან გამოირჩევა... მისმა ფემინისტურმა ნაწარმოებმა და აქამდე /გ/ამოუთქმელმა შინაარსებმა გამოიწვია დუმილსა და მსხვერპლშეწირვაში ჩაძირული საზოგადოების გაღიზიანება, მაგრამ ქალებისათვის სიმონ დე ბოვუარი ალტერნატივების არსებობის სიმბოლოდ იქცა და რწმენად, რომ ქალს, ყველაფრის მიუხედავად, შეუძლია საკუთარი ცხოვრებით ცხოვრება, საკუთარ ნებაზე, საკუთარი თავისთვის, თუ პირობითობებსა და ცრურწმენებს დაუძვრება. “50-60-იანი წლების წყვდიადში “მეორე სქესი” იყო საიდუმლო კოდი, რომლითაც ჩვენ, ახლახან გამოფხიზლებული ქალები, ერთმანეთთან ურთიერთობისას ვსარგებლობდით”- წერს ფრანგი ქალი… მოგზაურობა და ძიება, წვდომა და აღმოჩენა, სამყაროს მრავალფეროვნებასთან ზიარება – ეს ის საკვებია, რომელიც სიმონ დე ბოვუარს ეპისტემოლოგიურ შიმშილს უკმაყოფილებს. ამის გამოა, რომ ალჟირი, ბრაზილია, ისრაელი, იტალია, კუბა და საბჭოთა კავშირი ერთნაირად აინტერესებს... სოციალური მოძრაობა, საზოგადოებრივი ან პიროვნული ამბოხი მის გულს და გონებას ყველაზე მეტად ახარებს. ნუთუ ადამიანი ყველგან თავისუფლებას ესწრაფვის, ანგრევს და აშენებს, უარყოფს და ამკვიდრებს? ნუთუ საბჭოთა დისიდენტებს, რადიკალ-მემარცხენე, მაოისტ ახალგაზრდებს, ფრანგ სტუდენტებს, აბორტის ლეგალიზაციის მოთხოვნით გამოსულ ქალებს, უნგრელ ანტისაბჭოთა აქტივისტებს და ერნესტო ჩე გევარას ერთი და იგივე ნება ამოძრავებს? დიახ, ასეა! “ადამიანის ცხოვრება არ კარგავს აზრს მანამ, სანამ მას სიყვარულით, მეგობრობით, თანაგრძნობით და უსამართლობის წინააღმდეგ პროტესტით სხვების ცხოვრებაში საზრისის შეტანა შეუძლია. ადამიანი მხოლოდ სხვების თავისუფლებით შეიძლება გახდეს თავისუფალი”, - ამბობს სომონ დე ბოვუარი და საკუთარ ხმას უერთებს სარტრთან ერთად ასეთი ადამიანების (თუნდაც, ზოგჯერ) განწირულ სულისკვეთებას’’.

აი, ასეთი ეპითეტებით შეამკეს ის დიდებული ქალი, რომელიც მრავალი ქალისთვის შთაგონების უშრეტ წყაროდ იქცა. ასე გამოეთხოვნენ იმ ამბოხებულ, გულანთებულ ზრდილ ქალიშვილს, რომელსაც ანტიფემინისტი მამა ეუბნებოდა, მამაკაცის ტვინი გაქვსო. ასე დაკრძალეს ბოჰემურ მხურვალებაში თავდავიწყებით შთანთქმული ის გოგონა, დაუღალავი ბრძოლის, გულმოდგინე შრომისა და კვლევა-ძიების წყალობით რომ მოიპოვა ეკონომიკური დამოუკიდებლობა და საოცნებო თავისუფლება. ის გოგონა, რომელსაც ფარისევლური ბურჟუაზიული მორალი აღაშფოთებდა, რადგან მამაკაცს ყველა „შეცდომას’’ „მიუტევებდნენ’’, ქალს კი აიძულებდნენ, უბიწოებას თვალისჩინივით გაფრთხილებოდა, ხოლო რაწამს ცოლქმრულ უღელში შეებმებოდა, უუფლებო და ხმაწართმეულ მონად იქცეოდა. ეს დაუდგრომელი მწერალი ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როცა მებრძოლი სულისკვეთებით აღივსო და რადიკალური ფემინიზმის წარმოშობამდე თითქმის ორმოცდაათი წლით ადრე წარმოთქვა ქალთა განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი დევიზი: „ჩემი სხეული მე მეკუთვნის’’. აი, ასე: „თავზარი დამეცა, როცა მითხრეს, აბორტი დანაშაულიაო. ღრმად მწამდა, რომ ჩემი სხეული მხოლოდ და მხოლოდ მე მეკუთვნოდა და ქვეყნად ვერავინ მაიძულებდა შვილის გაჩენას. ყველანი ცდილობდნენ, „ძლიერი’’ და „მახვილგონივრული’’ არგუმენტების წყალობით „გონება გაენათებინათ’’ ჩემთვის, მაგრამ ვერა და ვერ შემაცვლევინეს აზრი. ყოველთვის თავგამოდებით ვიცავდი ჩემს ამ უმთავრეს პრინციპს!“-ვკითხულობთ ამ ზრდილი და მეამბოხე ქალიშვილის მოგონებებში. აიხდინა ბავშვობის სანუკვარი ოცნება: მისი სიყვარულით აენთო უთვალავი ადამიანის გული. გოგონები და ქალები დღესაც კი შეჰნატრიან უსაზღვრო თავისუფლებას იმ ქალისა, რომელსაც შეეძლო, კაცებიც ჰყვარებოდა და ქალებიც, ჯერ სარტრის ალერსით დამტკბარიყო, მერე კი ვნებიანი ამერიკელი საყვარლის, ნელსონ ოლგრენის მკლავებში ენებივრა ჩიკაგოსა და ნიუ-იორკში, თავდავიწყებით შეყვარებულ, ბევრად უმცროს კლოდ ლანზმანთან ერთად ეცხოვრა, დაუვიწყარი დღეები გაეტარებინა ჟაკ-ლორენ ბოსტთან და რომანი გაება პროვინციელ სტუდენტ გოგონებთან. ქალები მართლაც რომ შეჰნატრიან მის თავისუფლებას. ამის ნათელი მაგალითია ‘’Les Temps Modernes’’-ის 2008 წლის იანვარ-მარტის ნომერში გამოქვეყნებული წერილი: ოდილ-ჟოზეფ დავერნა იმის გამო გარიცხეს სასწავლებლიდან, რომ ბოვუარის „მეორე სქესი’’ წაიკითხა.

კითხულობ სიმონ დე ბოვუარის მთელ შემოქმედებას და გრძნობ ენით აღუწერელ ნეტარებას, ფრანგული ენის თვალუწვდენელ ოკეანეში შთანთქმის სურვილს, სხვისი ნააზრევის ჩაწვდომის, მისი ყოფის შეცნობის წყურვილს, ხარბ ცნობისწადილს. განსაკუთრებული მუხტი მოდის მისი წინადადებებიდან. ავტორი არასოდეს მოგცემს მოდუნებისა და სიმშვიდით ტკბობის უფლებას. ფრაზები შლეგ დინებას ჰგავს. იგი გულწრფელად და თამამად გესაუბრება. მისი სიტყვები არ არის მშრალი, უსულგულო რეფლექსია; დიალოგისათვის გიხმობს. მუდმივ თანაგააზრებას, თანალმობას, თანამეკლამეობას, თანაშემოქმედებასა და უწყვეტ შინაგან მონოლოგს მოითხოვს შენგან. ეს ქალი უცხო მიწების აღმომჩენიცაა და დამპყრობელიც, მაგრამ ჯერ კიდევ მრავალი პატრიარქალური სამფლობელოა დასაპყრობი.

ყვავილებით ვამკობ მის საფლავს და ვეალერსები ცივ ქვას, რომელზეც დიდი, შავი ასოებით წერია: “Simone de Beauvoir - 1908 – 1986”. ეს მისი დროა. დღეს მისი დაბადების დღეა - 9 იანვარი. რასპაის ბულვარზე, იქ, სადაც ქვეყნიერებას მოევლინა ეს დაუვიწყარი მწერალი, ახლა თავბრუდამხვევი სისწრაფით მიქრიან ავტომობილები. თითქოს, სივრცეში იფანტება მისი სიტყვები: „ისე მოვკვდები, თითქოს, არც არასოდეს მიარსებია. ჩემი სიჩუმე ყოვლისმომცველ მდუმარებას შეერწყმება“; „სარტრი გარდაიცვალა. მისმა სიკვდილმა დაგვაშორა, მაგრამ ჩემი არარადქცევა კვლავ ვერ შეგვაერთებს“. მიუხედავად ამისა, ახლაც კი მოუმარჯვებია კალამი, რათა ქალებს უსახსოვროს თავისი მარადიული სიტყვები: „არასოდეს დანებდეთ! წინ, თავისუფლებისაკენ!“

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

17 აგვისტო
17 აგვისტო

გუგუტიანთკარის ზარები

გულის  მომკვლელი ტრაგედია ტრიალებს სოფელ გუგუტიანთკარში, ისევე როგორც სხვა ქართულ სოფლებში საოკუპაციო ხაზის გასწვრი ...
15 აგვისტო
15 აგვისტო

აგვისტოს ომის ნარატივი

თუ გსურს თავისუფლება, ემზადე ომისთვის!
15 აგვისტო
15 აგვისტო

აშშ-ს მტრების სიაში რუსეთი კვლავ პირველი ...

თუკი 2018 წელს, პირდაპირ ან ირიბად, ვინმე ამერიკის შეერთებულ შტატებში პრორუსული პოლიტიკის გატარებას დააპირებდა, დიდი ალბ ...

მეტი

^