Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვინტერფელის ბრძოლის სამხედრო ტაქტიკა, ანუ რატომ იყო The Long Night იმედგაცრუება

02 მაისი 2019

„სამეფო კარის თამაშების“ ბოლო სერიამ ალბათ ბევრს დაუტოვა უკმარისობის შეგრძნება. ჯერ ერთი, „მკვდრებთან“ ომის ერთ ბრძოლაში დასრულება უკვე იმედგამაცრუებელია, ამ თემის გაშლა უფრო კარგად შეიძლებოდა. წიგნიც (და ფილმიც) სწორედ რომ „მკვდრების“ კვალის აღმოჩენით იწყება და აქედან გამომდინარე ეპოპეის მთავარ ინტრიგას სწორედ ეს უნდა წარმოადგენდეს. მაგრამ უეცრად ეს ყველაფერი არია სტარკის ერთმა ზუსტმა დარტყმამ დაასრულა...

მაგრამ, როგორც იტყვიან, ყველაფერს დასასრული აქვს და „მკვდრებიც“ ოდესღაც უნდა დასრულებულიყვნენ. გაცილებით უფრო დიდი იმედგაცრუება ვინტერფელის ბრძოლა იყო. ყველას გვახსოვს რა ბწყინვალედ იყო დადგმული ე.წ. ბასტარდების ბრძოლა და ამის შემდეგ ვინტერფელის ბრძოლისგანაც ალბათ ეპოქალურს თუ არა რაიმე საინტერესოს და ლოგიკურს ველოდით. მაგრამ...

პირველ ალოგიკურობად დოთრაკების კავალერიის შეტევა იქცა. მან გამოაჩინა რომ მოკავშირეებს არც ერთიანი გეგმა ჰქონდათ და არც ცენტრალიზებული სარდლობა. მელისანდრეს ჯადოსნობით აღტაცებული კავალერია გაუაზრებლად, სპონტანურად უტევს მტერს და არავის მოსდის თავში ისინი უკან მოაბრუნოს. ასე და ამგვარად, კავალერია ფუჭად დაიკარგა. მის გარეშე კი ბრძოლაში ვინმეს ძნელად თუ გაუმარჯვია.

საერთოდ ბრძოლები ოდითგანვე ასეთი სცენარით მიდიოდა ხოლმე: მოწინააღმდეგეს ჯერ მოისრები და არტილერია დაამუშავებდნენ; ამ დამუშავების მიზანი მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის ნაწილობრივი განადგურების გარდა იყო მისი წყობის არევა-მოშლა და დემორალიზაცია. „მკვდრების“ დემორალიზაციაზე საუბარი კი სასაცილოა, მაგრამ წყობის მოშლაზე იგივეს ვერ ვიტყვით. მოკლედ, შევთანხმდეთ იმაზე, რომ თავიდან არტილერიისა და მოისრების ნაცვლად კავალერიის მიშვება სრული სიგიჟე იყო. კავალერიის ფუნქცია სწორედ რომ წყობაარეული მოწინააღმდეგეების რიგებში შეჭრაა, ოღონდ ისიც ქვეითი ჯარის დახმარებით. ეს პრინციპი დღემდე არ შეცვლილა - დღეს კავალერიის ფუნქციას მეტწილად ტანკები ასრულებენ, რომლებიც საარტილერიო დაბომბვის შემდეგ მოწინააღმდეგეთა რიგებში გაჩენილ ღიობებში იჭრებიან და მის ფრონტს საბოლოოდ ანგრევენ. ოღონდ, ისევ და ისევ, ქვეითთა დახმარებით.

აქ შეიძლება მითხრათ რომ დოთრაკების შეტევის შემდეგ მოკავშირეებიც ჩართავენ საქმეში არტილერიას და „მკვდრებს“ ბომბავენ, მაგრამ ეს დაბომბვა ბრმაა და სულ რამდენიმე წამი გრძელდება გამომდინარე იქიდან რომ კავალერია ძალიან სწრაფად აღწევს მტრის რიგებამდე. იქ მას პრაქტიკულად ხელუხლებელი და სრულიად შეკრული წყობა ხვდება და ყველაფერი ასევე წამებში მთავრდება.

კავალერიის კიდევ ერთი ფუნქცია შეიძლება დაზვერვა იყოს, მით უფრო რომ დოთრაკები მსუბუქი კავალერიის კატეგორიას განეკუთვნება. მაგრამ ეს შეტევა სადაზვერვო ხასიათს ნამდვილად არ ატარებდა. აქ კიდევ ერთ საინტერესო საკითხს მივადექით: მოწინააღმდეგის დაზვერვის გარეშე მასზე შეტევა სრული სიგიჟეა. აქედან გამომდინარე, მოკავშირეებისათვის ღამით, სიბნელეში ბრძოლა მეტად წამგებიანი იყო და მათ წესით უნდა ეცადათ ბრძოლის დაწყება მზის ამოსვლამდე გაეჭიანურებიათ. მაგრამ კარგი, ჩავთვალოთ რომ ეს მათზე არ იყო დამოკიდებული და „მკვდრები“ ყველა ვარიანტში გათენებამდე დაიწყებდნენ ვინტერფელის შტურმს (იმის მიუხედავად, მიუშვებდნენ თუ არა მათზე კავალერიას). მაგრამ რატომღაც მოკავშირეებმა კავალერიის დაკარგვის შემდეგ დაზვერვისათვის არ გამოიყენეს ავიაცია, ანუ დრაკონები. ისინი მხოლოდ შუა ბრძოლაში გამოჩნდნენ და დიდხანს ვერაფერი გააწყეს, რადგან მოწინააღმდეგემ ბრძოლის ველი გაყინა. როცა შემდეგ თვით ღამის მეფე გამოჩნდა თავის „მკვდარ“ დრაკონზე ამხედრებული, მას მხოლოდ ერთი დრაკონიანი მხედარი დაესხა თავს - ანუ, მოკავშირეთა ავიაცია სრულიად შეუთანხმებლად მოქმედებდა (არადა, პილოტები ისეთი ახლობლები არიან, მეტი რომ არ შეიძლება). თვითონ ღამის მეფის მხრიდანაც დრაკონზე ამხედრება იმთავითვე ძალიან სარისკო იყო, რადგან მას ნებისმიერ მომენტში ორჯერ უფრო დიდი ძალა შეიძლებოდა დასხმოდა თავს, შეთანხმებულად.

„მკვდრები“რაოდენობრივად ერთობ ჯაბნიდნენ მოკავშირეებს და ასეთ ვითარებაში ამ უკანასკნელებს ავიაციისა და არტილერიის იმედი უნდა ჰქონოდათ. ავიაციამ, ასე თუ ისე, იმუშავა - დრაკონებმა ცეცხლი უხვად აფრქვიეს და შეთანხმებული თუ შეუთანხმებელი მოქმედებით ღამის მეფეც ჩამოაგდეს. აი არტილერია კი ზემოხსენებული რამდენიმეწამიანი დაბომბვის შემდეგ ბრძოლაში პრაქტიკულად აღარ ჩართულა. მოკავშირეებმა იგი დაუცველ ადგილას განალაგეს  და „მკვდრების“ პირველივე შტურმისთანავე არტილერია სრულიად განადგურდა. გაუგებარია რატომ არ განალაგეს იგი ფორტიფიკაციების უკან რომელმაც „მკვდრები“ რამდენიმე წუთით სერიოზულად შეაფერხა. მთელი ამ ხნის განმავლობაში არტილერია ხომ შეუფერხებლად დაბომბავდა მტერს.

არტილერიის დაკარგვის შემდეგ ძალები ძალიან უთანასწორო ხდება და მოკავშირეებს აღარანაირი შანსი აღარ რჩებათ. მათ არც ჰყავთ საკმარისი რაოდენობით მოისრეები, რათა მოწინააღმდეგის წყობაში ქაოსი და არეულობა შეიტანონ და მითუმეტეს მას რაიმე სერიოზული ზარალი მიაყენონ. მათ აღარ ჰყავთ კავალერია რომელიც მოწინააღმდეგეს ფლანგებიდან დაარტყამს. მხოლოდ ავიაცია საქმეს ვერ შველის. საერთოდაც, ავიაციის ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქცია მოწინააღმდეგის დემორალიზაციაა. „მკვდრების“ დემორალიზაციაზე კი უკვე ვისაუბრეთ...

რჩებოდა მხოლოდ სასწაულის იმედი და სასწაულიც მოხდა. იქნებ და მოკავშირეებს ამ ბრძოლაში იმთავითვე არანაირი შანსი არ ჰქონდათ. რაც არ უნდა სწორად და ჭკვიანურად მოქცეულიყვნენ „მკვდრების“ დამარცხების შანსი ალბათ მაინც არ არსებობდა. სხვა თუ არაფერი, ღამის მეფე ხომ ნებისმიერ მომენტში აქცევდა მოკავშირეთა დაღუპულ გმირებს თავის რიგით ჯარისკაცებად (ჰო, ეს მომენტი ბრძოლის დროს მგონი ყველას მიავიწყდა).

ასე რომ ჩავთვალოთ რომ სწორედ მოკავშირეთა უთავბოლობამ და შეცდომებმა გაათამამა ღამის მეფე, დააკარგვინა მას სიფრთხილე და შესაძლებელი გახადა ის სასწაული, რომელიც ვიხილეთ. მოკავშირეებს რომ ჭკვიანურად ეომათ ღამის მეფეც უფრო ჭკვიანურად მოიქცეოდა და ბრძოლას ჩვეულებრივად მოიგებდა.

და ახლა როცა უკვე სერსეისთან ბრძოლას ველით. ლოგიკურია ვიკითხოთ, რისი იმედი აქვს დენერისს? ჯარი მას თითქმის აღარ შერჩა. ალბათ ისევ სასწაულის. მაგრამ ორი სასწაული უკვე ძალიან ბევრი იქნება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^