Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შალვა შავგულიძის მთავარი ამოცანები

13 მაისი 2019

რამდენიმე დღეში საქართველოში შუალედური არჩევნები გაიმართება. 19 მაისს განსაკუთრებით N1 ოლქში, მთაწმინდაზე ელიან. აქ პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ გამოთავისუფლებული მანდატისთვის სერიოზული საარჩევნო ბრძოლაა გაჩაღებული. ბრძოლაში აქტიურადაა ჩართული „თავისუფალი დემოკრატებისა" და „ევროპული საქართველოს" კანდიდატი, გირგვლიანის პროცესებიდან ცნობილი ადვოკატი, შალვა შავგულიძე, რომლის წინააღმდეგ კამპანიაში ბიძინა ივანიშვილი პირადად ჩაერთო. "ლიბერალი" შალვა შავგულიძეს ესაუბრა:

ამ კითხვას ხშირად გისვამენ, ახლაც ამით უნდა დავიწყოთ - თქვენ იყავით საქართველოში ყველაზე გახმაურებულ პრცესის მონაწილე, გირგვლანის ოჯახის  ადვოკატი. როგორ მოხდა, რომ ახლა იმ სისტემის შემქმნელი ადამიანების გვერდით დგახართ, რომელაც შესალებელი გახადა ამგვარი დანააულის ჩადენა, შემდეგ კი სახელმწიფოს სრული მობილიზაცია დამნაშავეთა ხელის დასაფარებლად? შეგახსნებთ, რომ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას „ევროპული საქართველოს“ ლიდერები აღიარებენ...

სწორედ ის გარემოება, რომ ეს გუნდი იღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ჩავარდნისთვის, რომელიც ჰქონდათ პოლიტიკური თვალსაზრისით სამართლის სფეროში, არის მთავარი, რამაც შესაძლებელი გახადა ჩვენი პარტნიორობა.

პირადად მე სამართალთან დაკავშირებით პოზიციები არ შემიცვლია. უსამართლობას ჯერ ვებრძოდი, როგორც ადვოკატი და შემდეგ ამის უფრო ეფექტურად განსახორციელებლად წამოვედი პოლიტიკაში. იგივე პოზიცია მაქვს დღეს, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა დაპირებებს, 2014 წელს დავტოვე მისი რიგები და წამოვედი ოპოზიციაში.

ტერმინებს ხომ არ არბილებთ? მაგალითად - ჩავარდნა სამართლის სფეროში

პოლიტიკის თვალსაზრისით ეს იყო მათი პოლიტიკის ჩავარდნა. დანაშაული სამართლის სფეროა და არა პოლიტიკის, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელთ არის პროკურატურა და სასამართლო უკვე შვიდი წელია. თუკი ძველი ხელისუფლების გუნდის წარმომადგენლებს ამ საქმესთან დაკავშირებით ან სხვა საქმეებთან დაკავშირებით დანაშაული ჰქონდა ჩადენილი, „ქართულ ოცნებას“ ევალებოდა მხილება და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება.

პოლიტიკოსი მხოლოდ კეთილ იდეებს არ უნდა ქადაგებდეს, მას უნდა შეეძლოს ბრძოლა იდეების რეალიზებისათვის. რა თქმა უნდა, შეუძლებელია ჩვენთვის - თავისუფალი დემოკრატებისთვის, დამოუკიდებლად დაპირისპირება დღევანდელ უსამართლობასთან, ამისთვის საჭიროა პოლიტიკური პარტნიორი.

თქვენ ახლა კომპრომისზე საუბრობთ?

არა, პარტნიორად პოულობ ისეთ პოლიტიკურ გუნდს, რომელთანაც ყველაზე მეტი ღირებულებითი თანხვედრა გაქვს. სწორედ, ასეთი თანხვედრა გვქონდა ჩვენ და ევროპულ საქართველოს. ჩვენთვის უმთავრესია ევროატლანტიკური ორიენტაცია, ერთნაირად ვხედავთ  სამართლის უზენაესობის დამკვიდრების აუცილებლობას ქვეყანაში. ჩვენთვის ერთნაირად მიუღებელია ავტოკრატიული მმართველობა და მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო უნდა იმართებოდეს ხელისუფლების შტოებს შორის ძალაუფლების განაწილებისა და ბალანსირების დემოკრატიული პრინციპის შესაბამისად.

როდესაც ასეთი თანხვედრაა ქვეყნის განვითარების ძირითად სტრატეგიული ხედვის კუთხით,  ნამდვილად არ შეიძლება პარტნიორობაზე უარის თქმა იმის გამო, რომ ადრე ამ გუნდის წარმომადგენლებს ჩავარდნა ჰქონდათ სამართლის სფეროში, თუნდაც ასეთი ტრაგიკული ჩავარდნა. დღესაც ხომ არის ასეთი ტრაგიკული შემთხვევები? დღესაც ვხედავთ ქუჩაში მდგომ შვილმოკლულ მამებს, რომლებიც გატანჯულნი არიან ხელისუფლების უსამართლობით და ქუჩაში ითხოვენ სამართალს, ვინაიდან „ქართული ოცნების“ სასამართლოში ვერაფერს გახდნენ.

ამ საკითხსაც სჭირდება მოწესრიგება. რა თქმა უნდა, საჭიროა ძალების გაერთიანება. ჩვენ უნდა მოვახერხოთ და გამოვიდეთ ამ მოჯადოებული წრიდან, რომელზეც უკვე 30 წელია ვტრიალებთ.

ანუ, თქვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ ამ პოლიტიკური ორგანიზაციის ლიდერებს ეღიარებინათ და ეგრძნოთ პოლიტიკური პასუხისმგებლობას?

რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

თუმცა ამ არჩევნებისთვის მაინც თანამშრომლობთ ძალასთან, რომელიც ამ პასუხისმგებლობას არ აღიარებს. ვგულისხმობ, „ნაციონალურ მოძრაობას“. ეს თანამშრომლობა არ გამოიხატება ალიანსში, მაგრამ, მაგალითად, შეთანხმება გაქვთ მათთან, რომ ზუგდიდში არ გაუწევთ კონკურენციას, ისინი კი მთაწმინდაზე არ გაგიწევენ...

მე არ მგონია, დღევანდელი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ფიქრობდნენ, რომ ეს იყო ძალიან კარგი საქმეები, რაც მათ დაემართათ გირგვლიანის და რობაქიძის საქმის სახით.

მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ გირგვლიანის საქმეზე სტრასგბურგის გადაწყვეტილება თეა წულუკიანის დაწერილია.

კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილს ზოგჯერ აქვს ისეთი გამონათქვამები, რომლებსაც აშკარად არ იზიარებს მთლიანად მისი გუნდი...

კარგი, მაშინ ასე გკითხავთ - პოლიტიკურად ვისთან არ ითანამშრომლებთ?

ვერავითარ შემთხვევაში ჩვენ ვერ ვითანამშრომლებთ პრორუსულ პოლიტიკურ ძალებთან, ეს არის ძირითადი წითელი ხაზი.

უკვე იკვეთება, რომ პოლიტიკური სპექტრი ლაგდება პრორუსული და დასავლური ნიშნით და მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის ჩვენს ამომრჩეველს მოუწევს არჩევნის გაკეთება ამ ორ მოცემულობას შორის.

იმის მიუხედავად, რომ საქართველოს მოსახლეობამ არაერთხელ გამოხატა ნება  ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით, რუსეთი ყველა საშუალებას იყენებს, რომ საქართველო დააბრუნოს მისი გავლენის სფეროში და ამას ბიძინა ივანიშვილი არ ეწინააღმდეგება.

რა არის თქვენი მთავარი ამოცანა პოლიტიკაში?

დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოსთვის ბრძოლა, მხოლოდ ამ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი ევროატლანტიკური ინტეგრაცია. სხვა შემთხვევაში ჩვენ ვერ გავხდებით დასავლური ცივილიზაციის ორგანული ნაწილი, ეს არის გასაღები ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა.

დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოდან მოდის კეთილდღეობა, რომელიც მიმზიდველს ხდის ჩვენს ქვეყანას აფხაზი და ოსი თანამოქალაქეებისათვის, რომ დაუბრუნდნენ სამშობლოს. თუ იქ ეს ნება გაჩნდება, ამას ვერავინ შეეწინაღმდეგება.

კარგი გაგებით თქვენ საუბრობთ მაღალ მატერიებზე, ფართო, მასშტაბურ ამოცანებზე, მაგრამ თქვენი გზა პარლამენტში მოსახვედრად არის მთაწმინდის მაჟორიტარობა. რიგით მთაწმინდელებს რომ ხვდებით, რომლებსაც აქვთ, მაგალითად, წყლის პრობლემა, კანალიზაციის პრობლემა, რაზე ესაუბრებით?

ვესაუბრები იმაზე, რაც მიმაჩნია პრიორიტეტულად პოლიტიკაში და მე თავს არ მივცემ უფლებას, წარვდგე პარლამენტის მაჟორიტარობის კანდიდატად და მათ ვესაუბრო მხოლოდ ლოკალურ ყოფით პრობლემებზე. ეს იქნება ამომრჩევლის მოტყუება, ვინაიდან პარლამენტის ფუნქცია არის ქვეყნის ზოგადი პოლიტიკური კურსის განსაზღვრა, საკანონმდებლო საქმიანობა და ა.შ.

ამომრჩეველთან შეხვედრისას მას ვაცნობ ჩემს პოლიტიკურ ხედვას და ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ვეუბნები იმასაც, რომ ჩემი საქმიანობა პრიორიტეტულად მიმართული იქნება სამართლის სფეროს გაუმჯობესებისკენ, ამ ქვეყანაში სამართლის უზენაესობის დამყარებისკენ.

კონკრეტულად, დამუშავებული გვაქვს რადიკალური სასამართლო რეფორმა. ეს რეფორმა დავიწყეთ 2012 წელს, მაგრამ არ გაგვაკეთებინა ბიძინა ივანიშვილმა. სწორედ, ამის გამო წამოვედი ოპოზიციაში და მინდა ამის გაგრძელება, მაგრამ, რა თქმა, უნდა მთაწმინდელებს იმასაც ვპირდები, რომ ის, რისი გაკეთებაც შეუძლია მაჟორიტარ პარლამენტის წევრს, ადგილობრივ, ლოკალურ პრობლემებთან დაკავშირებით, მე მათ საყვედურს არ ვათქმევინებ.

ოპოზიციონერ მაჟორიტარს რა შეუძლია, რომ გააკეთოს ამ ლოკალური პრობლემების გადასაწყვეტად?

ბევრი რამ. მაგალითად, თუ საკითხი გადასაწყვეტია გამგეობის მიერ, მიმართავ გამგეობას, თუ საკითხი გადასაწყვეტია მერიის მიერ, მიმართავ მერიას, შეიძლება პარლამენტში დააყენო კონკრეტული საკითხები...

თავს რომელ პოლიტიკურ პლატფორმაზე მდგომად მიიჩნევთ?

მემარჯვენე ვარ. სადაც არ შეიქმნება ძლიერი ეკონომიკა და ძლიერ ეკონომიკას ქმნის თავისუფალი კონკურენტული გარემო, იქ კეთილდღეობაზე საუბარი უადგილოა.

მიიჩნევთ თუ არა, რომ საქართველოში მწვავედ დგას ადამიანის შრომითი უფლებების თემა?

რა თქმა უნდა, ეს პრობლემაა და ის სახელმწიფომ კანონმდებლობით უნდა დაარეგულიროს. მეორე პრობლემა ისაა, რომ კანონის აღსრულებას სჭირდება კონტროლი. ეს კონტროლი არ ხდება, რაც აღმასრულებელი ხელისუფლების ვალდებულებაა.

მაგრამ ეს არ ნიშნავს მემარცხენეობას. კონკურენტული თავისუფალი ბაზარი არ ნიშნავს, რომ შრომა ადამიანებისათვის სახიფათო უნდა იყოს.

რეალურად ელოდებით გამარჯვებას?

ვფიქრობ, რომ შანსი გვაქვს. საზოგადოებაში უკვე დომინირებს ხელისუფლების შეცვლის განწყობა, ვინაიდან მოსახლეობა უკვე შეურაცხყოფილია, რადგან 7 წლის მანძილზე „ქართულმა ოცნებამ“ არ შეასრულა არცერთი მისი დანაპირები. ხალხმა ვერ ნახა „ქართული ოცნების“ მიერ მოტანილი სამართალი, კეთილდღეობა, ეკონომიკური კეთილდღეობა და ვერც დანარჩენი სხვა, რომელსაც ისინი აქტიურად ჰპირდებოდნენ არჩევნების დროს. ამ განწყობის ფონზე, ვფიქრობ, მთაწმინდის ოლქი ბიძინას ეტყვის, რომ მათ აღარ სჯერათ და აღარ ენდობიან მას. მე ვფიქრობ, მთაწმინდას შეუძლია, იყოს პირველი მაჟორიტარული ოლქი, სადაც დამარცხდება ივანიშვილი.

„ქართული ოცნების“ გუნდის წარმომადგენლის გარდა, სხვა კონკურენტებს როგორ შეაფასებთ?

მოდით, მე მათ არ შევაფასებ და ყველა მათგანს, ისევე როგორც საკუთარ თავს, სამართლიან და კონკურენტულ არჩევნებში მონაწილეობას ვუსურვებ.

თქვენი ღირებულებითი პოზიციების დასაზუსტებლად, 17 მაისი ახლოვდება - სად იდგებით ამ დღეს?

17 მაისს, და ყოველთვის - თავისუფლების მხარეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 სექტემბერი
20 სექტემბერი

მოლიერი, ჩეხოვი და სხვანი

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი - კლასიკური ტექსტებიდან სხეულის უსაზღვრო შესაძლებლობამდე
20 სექტემბერი
20 სექტემბერი

ქართული ფორუმის ძალა

2016 წლის 12 აპრილს ნაძალადევის რაიონში, საკუთარ სახლში დააკავეს ქართული ინტერნეტფორუმის, forum.ge-ს მომხმარებელი სულხან ...
19 სექტემბერი
19 სექტემბერი

ვინ დაუკრავს მუსიკას

ცოტაც და ოთხწლიან მოლოდინს ბოლო მოეღება. იაპონიაში რაგბის მსოფლიო თასი სტარტს აიღებს და მომდევნო თვე-ნახევრის განმავლობა ...

მეტი

^