Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როგორ აკონტროლებს საზღვრებს საქართველო - ნარკოტრეფიკი 2012 წლის შემდეგ

10 მაისი 2019

წლების წინ საქართველო საერთაშორისო ანგარიშებში იხსენიებოდა, როგორც ევროპაში ავღანური ჰეროინის ტრანიზიტის ერთ-ერთი კორიდორი.

2009 წლის სექტემბერში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ნარკოტიკებთან და დანაშაულთან ბრძოლის განყოფილებამ ავღანური ჰეროინის მსოფლიოს მასშტაბით გავრცელების საკითხზე მოხსენება გაავრცელა.

ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ ყოველწლიურად ევროპაში, საქართველოს გავლით, 7 ტონა ჰეროინი შედიოდა. ფოთის პორტიდან ჰეროინი ბორნების საშუალებით ბულგარეთსა და რუმინეთში გადიოდა.

ქვეყნის შიგნით კი ყოველწლიურად 2,4 ტონა ჰეროინი იყიდებოდა. თუმცა 2 წლის მანძილზე პოლიციამ მხოლოდ 18 კილოგრამი ჰეროინის ამოღება შეძლო.

ხმაურიანი ანგარიშების შემდეგ სახელმწიფომ ნარკოტიკებთან ბრძოლის კუთხით ეფექტურობის გაზრდის პასუხისმგებლობა აიღო.

ნარკოტრანზიტი და მასთან ბრძოლა ერთ-ერთი მთავარი თემა იყო სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

როგორ ებრძვის ქვეყანა ნარკოტრეფიკს და როგორ შეიცვალა ვითარება 2012 წლის შემდეგ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში?

სახელმწიფოს მხრიდან ნაკოტრანზიტთან ბრძოლის ნაწილში გაწეული ძალისხმევის  შეფასება სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემის ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ.

სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან გამოვითხოვეთ ნარკოტიკებთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია.

ასევე ნარკოტრანიზტთან ბრძოლის ნაწილში შევისწავლეთ საქართველოსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის პარტნიორობის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების საკითხი. 

კვლევის ერთ-ერთი საგანი სახელმწიფოს ნარკოტიკებთან ბრძოლის სახელმწიფო სამოქმედო გეგმაც იყო. 

საჯარო ინფორმაციის გამოთხოვისა და ინფორმაციის მიღების ეტაპზე საჯარო დაწესებულებებიდან პრობლემებს წავაწყდით. კერძოდ, ზოგიერთი უწყებიდან ინფორმაცია არასრულად ან საერთოდ ვერ მივიღეთ - ეს, ერთი მხრივ, მიანიშნებს იმაზე, რომ ესა თუ ის უწყება არ ამუშავებს ინფორმაციას სათანადო წესით და მეორე მხრივ კი იმაზე - რომ კონკრეტული უწყებები საჯარო ინფორმაციას კანონის მოთხოვნის მიუხედავად არ გასცემენ.

რა გამოვითხოვეთ სახელმწიფო უწყებებიდან?

„ლიბერალმა“ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის განცხადებით მიმართა 4 სხვადასხვა უწყებას: შინაგან საქმეთა სამინისტროს, მთავარ პროკურატურას, უზენაეს სასამართლოსა და შემოსავლების სამსახურს.

აღნიშნული უწყებებიდან, მათი კომპეტენციის ფარგლებში, მოვითხოვეთ შემდეგი სახის ინფორმაცია:

  • 2012 წლიდან დღემდე საქართველოში უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების რაოდენობა;
  • 2012 წლიდან დღემდე საქართველოში უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ტრანზიტისთვის გამიზნული ნარკოტიკული საშუალებები;
  • ძირითადად რა გზებით/რა საშუალებით/რა ფორმით ხდებოდა ტრანზიტისთვის განკუთვნილი ნარკოტიკული საშუალებების ქვეყანაში შემოტანა/გატანა/ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა;
  • ცალკე მოვითხოვეთ 2012 წლიდან დღემდე საქართველოს მხოლოდ სასაზღვრო პოლიციის მიერ ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების რაოდენობა.

იმის დასადგენად, თუ რომელი მეზობელი ქვეყნიდან რა სახის ნარკოტიკის შემოტანა ხდება ქვეყანაში, ინფორმაციის მოთხოვნით მივმართეთ შემოსავლების სამსახურს, რომლის დაქვემდებარებაშიც არის ყველა საბაჟო პუნქტი საქართველოში. უწყებას შემდეგი სახის ინფორმაცია ვთხოვეთ:

  • 2012 წლიდან დღემდე საქართველოში ყველა საბაჟო გამშვები პუნქტიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები (წლების, ნარკოტიკული საშუალებების სახელწოდებისა და  საბაჟო გამშვები პუნქტის მითითებით);

რაც შეეხება სასამართლოს და პასუხისგებაში მიცემული პირების შესახებ ინფორმაციას, ამისთვის მივმართეთ საქართველოს მთავარ პროკურატურასა და უზენაეს სასამართლოს.  მოვითხოვეთ შემდეგი ინფორმაცია:

  • 2012 წლიდან დღემდე საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შემოტანის, საქართველოდან უკანონოდ გატანის ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის რამდენ საქმეზე რამდენი პირის მიმართ დაიწყო გამოძიება და რამდენს წარედგინა ბრალი;
  • მათგან რამდენზე დადგა გამამტყუნებელი განაჩენი.

საჯარო უწყებებიდან მიღებული ინფორმაცია მწირია და მხოლოდ ძირითად მონაცემებს მოიცავს. ამის მიზეზი კი არის ის, რომ სტატისტიკისთვის ინფორმაციის სათანადო წესით აღრიცხვა არ ხდება. არ ხდება ყველა იმ გარემოების აღწერა/დახარისხება, რომლებიც მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს ტენდენციის განსაზღვრისთვის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემები

გამოვითხოვეთ 2012-2018 წლებში საქართველში უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების ოდენობა (სუფთა წონა გრამებში).

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ჰეროინი ყველაზე დიდი რაოდენობით უკანონო ბრუნვიდან 2014 წელს ამოიღეს (589 306 გრ.). შემდეგ მოდის 2016 წელი - 96 870 გრ. და 2013 წელი - 72 880 გრ. რაც შეეხება 2018 წელს, უწყების ცნობით, გასულ წელს სამართალდამცველებმა 10 935 გრ. ჰეროინი ამოიღეს.

ამ წლების განმავლობაში, ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების რაოდენობით ლიდერობს მცენარე კანაფი, შემდეგ კი მოდის მარიხუანა და ჰაშიში.

აღსანიშნავია, რომ „ლიბერალმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს ასევე მიმართა კითხვით - ამ წლების განმავლობაში (2012-2018 წ.) უკანონო ბრუნვიდან ამოღებული რა რაოდენობის ნარკოტიკული საშუალებები იყო გამიზნული ტრანზიტისთვის. უწყებიდან გვაცნობეს, რომ  სამინისტრო ამ მონაცემებს არ ამუშავებს.

  • დანაშაული

საქართველოს სისხლის სამართლის 262-ე მუხლი ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვაზე აწესებს პასუხისმგებლობას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2012-2018 წლებში ამ მუხლით ჯამში სულ რეგისტრირებულია დანაშაულის 1 542 შემთხვევა, რომელთაგან გახსნილია 1 222.

პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნულ წლებში 262-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი დევნა 1 255 პირის მიმართ დაიწყო.

შემოსავლების სამსახურის მონაცემები

საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე აღმოჩენილი ნარკოტიკული საშუალებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად „ლიბერალმა“ შემოსავლების სამსახურს მიმართა.

მათ აღნიშნული მონაცემები 19 სასაზღვრო-გამშვები პუნქტების მიხედვით მოგვაწოდეს.

ნარკოტიკული საშუალებების ამოღების შემთხვევების რაოდენობის მიხედვით, 2014-2018 წლებში ლიდერობს (233 შემთხვევა) სგპ ვალე (საზღვარი თურქეთის რესპუბლიკასთან); შემდეგ მოდის სგპ სარფი (209 შემთხვევა) (საზღვარი თურქეთის რესპუბლიკასთან); შემდეგ მოდის სასაზღვრო გამშვები პუნქტი სადახლო-საავტომობილო (126 შემთხვევა) (სომხეთის რესპუბლიკასთან); და სასაზღვრო გამშვები პუნქტი კარწახი (111 შემთხვევა) (საზღვარი თურქეთის რესპუბლიკასთან).

საერთო ჯამში, 2014-2018 წლებში (10 თვე) 19 სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებში ნარკოტიკის ამოღების 979 შემთხვევა დაფიქსრიდა.

აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ გამოგზავნილ წერილში ასახულია ნარკოტიკული საშუალებების ამოღების შემთხვევათა რაოდენობა, მაშინ, როდესაც „ლიბერალი“ ითხოვდა ინფორმაციას ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების ოდენობებისა/რაოდენობა და ნარკოტიკული საშუალებების სახეობების მიხედვით.

უზენაესი სასამართლოს მონაცემები

უზენაესი სასამართლოს ცნობით, 2012-2018 წლებში (10 თვე) საქალაქო სასამართლოებმა 262-ე მუხლით განაჩენის გამოტანით 670 პირის მიმართ განიხილა 642 საქმე.

ამ წლებში 262-ე მუხლით მსჯავრდებულთა რაოდენობა 658 იყო. ანუ 670 ბრალდებულიდან დამნაშავედ 658 ცნეს.

მათგან თავისუფლების აღკვეთა 435 პირს შეეფარდა. დანარჩენი 223 პირიდან ნაწილს პირობითი მსჯავრი და ნაწილს კი ჯარიმა შეეფარდა.

შედარებითი ანალიზი 2012 წლამდე არსებულ მონაცემებთან

2012 წლამდე საქართველოში ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების შესახებ ინფორმაცია 2012 წლის „ნარკოვითარება საქართველოში“ ანგარიშში არის მოცემული. ამ წლის ანგარიშში მონაცემები 2006 წლიდან არის შესული.

რას აკეთებს სახელმწიფო ნარკოტრანზიტთან ბრძოლისთვის?

ნაკროტიკების ტრანზიტთან ბრძოლის ნაწილში სახელმწიფოს საქმიანობის შესაფასებლად დავუკავშირდით უწყებებს, რომლებსაც უშუალოდ ამ მიმართულებით ღონისძიებების გატარება ევალებათ.

ვიხელმძღვანელეთ ნარკომანიასთან ბრძოლის სახელმწიფო გეგმის დოკუმენტით, სადაც 2016 -2018 წლებში სხვადასხვა მიმართულებით გასატარებელი ღონისძიებებია ჩამოწერილი და მათ შორის გეგმის ერთ-ერთი ნაწილი მიწოდების შემცირებას ეხება. მასში კონკრეტულად ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის შესამცირებლად გასატარებელი ღონისძიებებია გაწერილი.

კერძოდ, იუსტიციის სამინისტროდან და შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოვითხოვეთ 2016-2018 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ ვინაიდან ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს სამდივნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ზემოხსენებული ინფორმაცია მიეწოდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციის გაერთიანებული სახით მოწოდებას.

თავად იუსტიციის სამინისტროდან კანონით დადგენილი ვადის გასვლის მიუხედავად, გამოთხოვილ ინფორმაციაზე პასუხი არ მიგვიღია.

2016 - 2018 წლების სამოქმედო გეგმა

2016-2018 წლების სამოქმედო გეგმის მიხედვით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვალდებულებები რამდენიმე მიმართულებად იყოფა. კერძოდ, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღდეგ ბრძოლის საკითხებზე შს სამინისტროში მოქმედი თანამშრომლების მომზადება/გადამზადება. ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენის მიზნით კინოლოგიის სამსახურის განვითარება. საბაჟო დეპარტამენტის კინოლოგიის სამმართველოს განვითარება და ა.შ.

მართალია, გეგმის შესრულებაზე დეტალური ინფორმაცია არ მიგვიღია, თუმცა შს სამინისტროს წარმომადგენელმა, რომელიც „ლიბერალს“ ნარკოტრეფიკთან ბრძოლის ნაწილში უწყების მიერ გაწეული ძალისხმევის თაობაზე დასმულ კითხვებზე ინტერვიუს დასთანხმდა, გეგმის შესრულებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უწყებამ ვალდებულები შეასრულა. 

„2014 წლიდან დღემდე საერთაშორისო მასშტაბური ამოღებების დიდ ნაწილს საქართველოს ტერიტორიაზე არ გაუვლია“

 შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ უწყებამ 2012 წლის შემდეგ ნარკოტრეფიკთან ბრძოლის ეფექტურობის გასაზრდელად არაერთი ღონისძიება გაატარა, მათ შორის ისაუბრა უწყებათაშორის თანამშრომლობის გაძლიერებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე, ასევე ადამიანური რესურსის მომზადება და ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე.

კითხვაზე, თუ როგორ ზომავს უწყება ნარკოტრანზიტთან მიმართებით უწყების მიერ გაწეული საქმიანობის ეფექტურობას, გვიპასუხა, რომ  ეფექტურობის გასაზომი კრიტერიუმები დაფუძნებულია საერთაშორისო ნარკოტრანზიტის გამოვლენის, ახალი მარშრუტების გაანალიზების, ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების სტატისტიკისა და საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგებზე.

მაგალითისთვის მამუკა ჭელიძემ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომელიც უწყების მიერ საქართველოსა და სხვა ქვეყნებში გამოვლენილი ფაქტებს ასახავს:

  1.  2013 წელი - საქართველოში ამოღებულია 116 კგ.  ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი;       
  2.  2014 წელი - საქართველოში ამოღებულია 2700 ლიტრი ნარკოტიკული საშუალება თხევადი ჰეროინი;       
  3.  2015 წელი - საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოსა და ბულგარეთში ამოღებულია 43,500 კგ. ნარკოტიკული საშუალება  ჰეროინი;       
  4.  2015 წელი -  საქართველოში, კერძოდ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოკურიერებისგან  ამოღებულია 32 კგ.  ნარკოტიკული საშუალება  კოკაინი და  44 კგ.  ნარკოტიკული საშუალება  მარიხუანა;             
  5.  2016 წელი - საქართველოში ამოღებულია 177,750 კგ  ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი;           
  6.  2018 წელი -  საქართველოში, კერძოდ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოკურიერისგან  ამოღებულ იქნა 1 კგ.  ნარკოტიკული საშუალება კოკაინი; 

7)     2018 წელი -  საქართველოში, კერძოდ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში    ნარკოკურიერისგან  ამოღებულ იქნა 3,100 კგ  ნარკოტიკული საშუალება  კოკაინი;            

8)       2019 წელი - საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში თურქეთის რესპუბლიკაში, ირანის საზღვართან ამოღებულ იქნა 30 კგ.  ნარკოტიკული საშუალება  ჰეროინი.

„ნარკოტიკული საშუალებების საერთაშორისო ტრანზიტის ანალიზის საფუძველზე შესაძლებელია ითქვას, რომ სახმელეთო გადაზიდვების თვალსაზრისით ავღანეთიდან ნარკოტიკული საშუალებების გადაზიდვის ათეულობით მარშრუტი არსებობს, რომელთა უმეტესი ნაწილიც არ გადის საქართველოს ტერიტორიაზე, თუმცა სახმელეთო საზღვრებისა და გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით საქართველოს ტერიტორიაც გამოყენებულა ნარკოტიკული საშუალებების საერთაშორისო გადაზიდვებისას, რაზეც მეტყველებს ზემოთ აღნიშნული სტატისტიკა და წარმატებული ღონისძიებები. აქვე მოგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და შესაბამისი სხვა უწყებები, პარტნიორ ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად აქტიურად მუშაობს საერთაშორისო ნარკოტრაზიტის გამოსავლენად და  აღსაკვეთად“, - აღნიშნა მამუკა ჭელიძემ.

მისი თქმით, 2014 წლიდან დღემდე საერთაშორისო მასშტაბური ამოღებების დიდ ნაწილს საქართველოს ტერიტორიაზე არ გაუვლია. მიზეზი კი, მისივე თქმით, არის ის, რომ სახელმწიფო ეფექტურად ებრძვის ნარკოტრეფიკს და დამნაშავეები საქართველოს რისკის შემცველ რეგიონად აღიქვამენ.

საერთაშორისო თანამშრომლობა, ვიზალიბერალიზაცია და იუსტიციის სამინისტრო 

ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მიღწევის ერთ-ერთ მთავარ წინაპირობას წარმოადგენდა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ეფექტიანი შესრულება.

სამოქმედო გეგმაში წერია, რომ ორგანიზებულ დანაშაულთან, ტერორიზმთან და კორუფციასთან ბრძოლა და მათი პრევენცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფერო იყო ამ თანამშრომლობის ფარგლებში.

სამოქმედო გეგმის მიხედვით, ამ მიმართულებით ქვეყნის მიერ გაწეული ძალისხმევა სხვადასხვა ინდიკატორით ფასდებოდა. ერთ-ერთი მიმართულება ნარკოტიკების სფეროში შესაბამის საერთაშორისო ორგანოებთან თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას ეხება, მათ შორის აღნიშნული იყო  ნარკოტიკებისა და ნარკომანიისთვის ევროპული მონიტორინგის ცენტრთან (EMCDDA) თანამშრომლობის დამყარება.

მართლაც, 2015 წლის 4 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ევროპის ნარკოტიკებისა და ნარკომანიის მონიტორინგის ცენტრს (EMCDDA) შორის გაფორმდა მემორანდუმი.

იუსტიციის სამინისტროს მიერ 2015 წელს გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ საქართველოსა და „EMCDDA“-ს შორის გაფორმებული მემორანდუმი  საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებითა და ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაში დაეხმარებოდა. ეს ასეც მოხდა, მემორანდუმი გაფორმდა, თუმცა ...

ეს მემორანდუმი გეგმის ფარგლებში აღებული ვალდებულების შესრულებად ჩაითვალა. „ლიბერალი“ დაინტერესდა, რა გააკეთა სახელმწიფომ ამის შემდეგ ამ მემორანდუმის ფარგლებში.

იუსტიციის სამინისტროსთან კომუნიკაციის მიუხედავად, ვერ შევძელით ინფორმაციის მიღება, ინტერვიუზე ვერ დავითანხმეთ ვერც უწყების წარმომადგენელი.  

EMCDDA-სთან თანამშრომლობის ფარგლებში საქართველომ, თავის მხრივ, აიღო ვალდებულება, ქვეყანაში დანერგოს მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამეცნიერო-პრაქტიკული მეთოდოლოგიები, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება ქვეყანაში ნარკოვითარებასთან დაკავშირებული უახლესი ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი.  

მომერანდუმში აღნიშნულია ისიც, რომ EMCDDA-სთან  თანამშრომლობა ასევე უნდა მომხდარიყო ნარკოტიკების მიწოდების (ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის ჩათვლით) მონიტორინგის საერთო მეთოდების სრულყოფაზეც.

ასევე დაგეგმილი იყო ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის შექმნა, რომელიც დაფუძნების შემდეგ პასუხისმგებელი იქნებოდა სტატისტიკასა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდებაზე ევროპის ნარკოტიკებისა და ნარკომანიის მონიტორინგის ცენტრისთვის.

ასევე ვერ მივიღეთ ინფორმაცია ვერც იმის შესახებ, თუ რატომ არ შეიქმნა ამ დრომდე ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.

„ნარკოტიკების პრობლემას არ აქვს საზღვრები, სწორი გადაწყვეტილებებისთვის საჭიროა სანდო ინფორმაცია“

  ექიმი-ნარკოლოგი, დამოკიდებულების კვლევის ცენტრ "ალტერნატივა ჯორჯიას" ხელმძღვანელი დავით ოთიაშვილი კრიტიკულად აფასებს იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლობას EMCDDA-სთან.

  დავით ოთიაშვილის ამბობს, რომ ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნულ ცენტრს უნდა მიეწოდებინა სტატისტიკა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია ევროპის ნარკოტიკებისა და ნარკომანიის მონიტორინგის ცენტრისთვის, თუმცა მისთვის უცნობია, რატომ არ ჩამოყალიბდა ეს ცენტრი, 2015 წელს დადებული პირობის მიუხედავად.

„ეს ცენტრი უნდა დაარსდეს იმისთვის, რომ შესაბამისი სტანდარტების მიხედვით შეაგროვოს/დაამუშაოს და გაუზიაროს ინფორმაცია ევროპის ნარკოტიკებისა და ნარკომანიის მონიტორინგის ცენტრს. ვინაიდან ეს ცენტრი დღემდე არ დაარსებულა, ამ მიმართულებით არსებული ვალდებულებებიც ვერ შესრულდება“, - ამბობს დათო ოთიაშვილი. მისი თქმით, აღნიშნულ სფეროში ინფორმაციის მოგროვება/დამუშავება სტანდარიტიზებულია და ევროკავშირის ყველა ქვეყანა ამ წესებს მიჰყვება. შესაბამისად, ხდება ამ ინფორმაციების შედარება. საქართველო კი ამ პროცესში არ მონაწილეობს, რადგან ინფორმაციას EMCDDE-ის მოთხოვნებისა და სტანდარტების შესაბამისად არ ამუშავებს.

დავით ოთიაშვილი კვლევით ორგანიზაციას ხელმძღვანელობს და ის ხშირად ითხოვს სხვადასხვა საჯარო ინფორმაციას საჯარო უწყებებიდან. მისი თქმით, ინფორმაციის ქონა უმნიშვნელოვანესია, რადგან სხვაგვარად ვერ გექნება სრული ინფორმაცია არსებული რეალობის შესახებ და შესაბამისად ვერ დაგეგმავ ეფექტურ საჭიროებებზე მორგებულ აქტივობებსა და ინტერვენციებს.

იმის მაგალითად, თუ რა სახის ინფორმაციას არ ამუშავებენ სახელმწიფო უწყებები, დავით ოთიაშვილმა ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული სიკვდილის შესახებ ინფორმაციის არარსებობა დაასახელა.  

„აქ ჩვენ სავალალო მდგომარეობა გვაქვს, რადგან არ არსებობს სისტემა, რომელიც სწორად მოახდენდა ნარკოტიკებით გამოწვეული სიკვდილის დოკუმენტირებას. რადიკალურად შემცირებულია ოფიციალური სტატისტიკა. ინფორმაციას რომ გამოვითხოვთ, წლიდან წლამდე პასუხად მოდის, რომ იყო სიკვდილის 12 შემთხვევა, 5 შემთხვევა და ა.შ. რაც ნათელია, რომ ახლოსაც არ არის რეალურ მონაცემებთან“, - ამბობს დავით ოთიაშვილი.

კითხვაზე - რატომ არის მნიშვნელოვანი ნარკოვითარებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ჯეროვანი წესით მოგროვება როგორც ქვეყნისთვის, ისე საერთაშორისო თანამეგობრობისთვის - გვიპასუხა:

„ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის ნათელია, რომ შეუძლებელია ადეკვატური საპასუხო პროგრამების ინტერვენციების დაგეგმვა, თუ არ იცი, რასთან გაქვს საქმე: რამდენი გყავს მომხმარებელი, ვინ არიან ეს ადამიანები, რა ახალი ნივთიერებები შემოდის, რა რისკებთან არის დაკავშირებული და ა.შ. ეს თუ არ იცი, ესე იგი, არ იცი როგორ უნდა დაგეგმო ის, რაც ადამიანებს ამ ზიანის არიდებაში დაეხმარება. სწორი გადაწყვეტილებისთვის საჭიროა სრულყოფილი, სანდო მონაცემები. საერთაშორისო თანამეგობრობისთვისაც მნიშვნელოვანია სანდო ინფორმაციის არსებობა. ნარკოტიკების პრობლემას არ აქვს საზღვრები, ისინი ცდილობენ მოსალოდნელ საფრთხეებზე დღესვე დაიწყონ ინფორმაციის მიღება, რომ ხვალ ამ საფრთხეებს მზად დახვდნენ“, - ამბობს ოთიაშვილი.

საერთაშორისო ანგარიშები საქართველოს შესახებ 2012 წლის შემდეგ

UNODC-ის, EMCDDE-ის უკანასკნელი ანგარიშების მიხედვით, რომელიც 2015-2016 წლებშია მომზადებული, მიუხედავად იმისა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში კლება შეინიშნება, ჰეროინის ბაზარი ისევ დიდია. ის წელიწადში მისი ღირებულება დაახლოებით 6,8 მილიარდს შეადგენს.

ნარკოტიკის ამ სახეობით გამოწვეულ უარყოფით შედეგებზე ევროპის ჯანდაცვისა და სოციალური დანახარჯების მნიშვნელოვანი წილი მოდის.

ნარკოტრანზიტზე მომზადებული სხვადასხვა ანგარიშის მიხედვით, ბალკანეთის მარშრუტი ევროკავშირში ჰეროინის მოხვედრის გავრცელებული გზაა. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ეს რეგიონი ყურადღების ქვეშაა. ამავე ანგარიშებში აღნიშნულია, რომ ბოლო პერიოდში იკვეთება ბალკანეთთან კავშირში მყოფი ორი სხვა მარშრუტიც - სირია-ერაყისა და სამხრეთ კავკასიის.  

ტრადიციული ბალკანეთის მარშრუტი

ეს მარშრუტი ავღანეთიდან ირანზე, შემდეგ კი თურქეთზე გადის და წარმოადგენს ყველაზე პირდაპირ და უმოკლეს სახმელეთო გზას ევროპის ბაზრამდე. მარშრუტი 1980-იანი წლებიდან გამოიყენება, თუ უფრო ადრიდან არა. აღნიშნულ მარშრუტზე თურქეთს მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია.

სამხრეთ კავკასიის მარშრუტი

„როგორც ზედაპირიდან ჩანს, ე.წ. „ტრეფიკინგის მარშრუტები“ ძალიან მოქნილი და ცვალებადია, ისევე როგორც გადაზიდვისა და დამალვის მეთოდები. ამის მაგალითია ახალი სამხრეთ კავკასიის მარშრუტის შექმნა.

ამ გზით „ოქროს ნახევარმთვარის“ ტერიტორიაზე წარმოებული ნარკოტიკი ირანიდან უკრაინაში ან მოლდოვაში გადაიზიდება, სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით.

მარშრუტი ყურადღების ქვეშ მას შემდეგ მოექცა, რაც 2014 წელს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა - სომხეთმა, აზერბაიჯანმა და საქართველომ - სამჯერ განახორციელეს დიდი რაოდენობით ნარკოტიკის კონფისკაცია. მათ შორის ყველაზე შთამბეჭდავი 2014 წლის ივლისში ბათუმში მოხდა, როცა ირანიდან აზერბაიჯანის გავლით მომავალი ტრაილერიდან ამოღებულ იქნა ძმარმჟავას ანჰიდრიდის შემცველი 2500 ლიტრი მოცულობის უჩვეულო სითხის ნარევი, 589 კგ. ჰეროინი, 12 კგ. მორფიუმი და 2 კგ. კოდეინი. ნარკოტიკების საბოლოო დანიშნულების ადგილად უკრაინა და მოლდოვა იქნა მიჩნეული“, - ნათქვამია ანგარიშში.

ამავე ანგარიშებში აღნიშნულია, რომ  2016 წლის მონაცემებით ამ წელიწადს ჰეროინისა და მორფიუმის ამოღება მკვეთრად გაიზარდა აზერბაიჯანსა და საქართველოში, მაგრამ მკვეთრად შემცირდა უკრაინასა და რუმინეთში.

„ეს იმის მანიშნებელი შეიძლება იყოს, რომ კავკასიის გავლით ნარკოტიკების უფრო დიდი რაოდენობა გადაიზიდება აღმოუჩენლად, ან იმის, რომ კავკასიის ქვეყნებში კანონის აღსრულებამ ხელი შეუშალა ნარკოტიკების შემდგომ გადაზიდვას უკრაინასა და რუმინეთში“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

ბოლო წლებში რეგიონში ნარკოტიკების ამოღების რამდენიმე გახმაურებული ფაქტი მოხდა.

ერთ-ერთი 2013 წელს მოხდა.

შსს სამინისტრომ სატვირთო ავტომანქანის ჩხრეკის დროს 116 კილოგრამი ჰეროინი აღმოაჩინა, რის გამოც ორი უცხოელი მოქალაქე იქნა დაკავებული. ეს მაშინ ნარკოტიკების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პარტია იყო, რაც კი ოდესმე დაუკავებიათ საქართველოში.

სატვირთო მანქანა საქართველოს ტერიტორიაზე 3 ივლისს საქართველო-სომხეთის საზღვარზე მდებარე ნინოწმინდის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით შემოვიდა.

მეორე უფრო გახმაურებული შემთხვევა 2.79 ტონა თხევადი ჰეროინის ამოღების საქმეა.

2014 წელს შს სამინისტრომ, დაახლოებით 2.79 ტონა თხევადი ჰეროინი ამოიღო სატვირთო მანქანიდან, რომელიც საქართველოში აზერბაიჯანიდან შემოვიდა.

უწყების ცნობით, ეს საქართველოში აქამდე აღმოჩენილი ნარკოტიკების ყველაზე დიდი პარტია იყო.

ერთ-ერთი ასევე გახმაურებული შემთხვევა კი, სადაც ასევე ფიგურირებდა საქართველო, 2014 წელს მოხდა და ის სომხეთში სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს.

 2014 წლის 17 იანვარს, სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, სომხეთის საზღვრის გადაკვეთისას, მეღრის საბაჟო პუნქტზე, ირანიდან მიმავალ სატვირთო მანქანაში აღმოაჩინეს 927,6 კილოგრამი ჰერიონი.

სატვირთოს მძღოლი, საქართველოს მოქალაქე ავთანდილ მარტიაშვილი ადგილზე დააკავეს კონტრაბანდის ტრანსპორტირების ბრალდებით.  ის დღემდე იხდის სასჯელს სომხეთში, ბრალს არ აღიარებს.  აღნიშნულ თემაზე მოკვლევითი ხასიათის მასალა მოამზადა სომხურმა გამოცემა Hetq-მა.

სოხმურმა გამოცემამ, ასევე მოიკვლია ბოლო წლებში საქართველო სომხეთის საზღვარზე ნარკოტრანზიტთან დაკავშირებული შემთხვევები და ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით შეისწავლა ეს შემთხვევები. 

ნარკოტიკული ნივთიერებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების , ასევე მათი პრეკურსორების კონტრაბანდასთამ დაკავშირებული 99 შემთხვევიდან 3 შემთხვევაში საქართველო ნარკოტრეფიკის საბოლოო პუნქტად იყო მოხსენიებული. სამივე თარიღდება 2017 წლით, საიდანაც ერთი სომხეთიდან, ორი კი ირანიდან იყო.

შემდგომ 5 შემთხვევაში ნახსენები იყო ბაგრატაშენის საბაჟო პუნქტი საქართველოსთან, როგორც რუსეთიდან და თურქეთიდან წამოსული ნარკოტიკების  სატრანზიტო პუნქტი.  სომხური გამოცემის მიხედვით, შემთხვევათა თითქმის 70%-ში (69 ქეისი 99-დან), ნარკოტიკების იმპორტი ხდებოდა ირანიდან. სხვა ქვეყნებს შორის არიან საფრანგეთი, რუსეთი, თურქეთი და ა.შ.

"This research was enabled by n-vestigate network, (n-vestigate.net

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^