Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვ Mоскву, ვ Москву!

23 მაისი 2019

ვისაც არ ახსოვს, მხოლოდ შევახსენებ, როგორ მოთქვამენ და ოცნებობენ მოსკოვში გამგზავრებაზე ჩეხოვის „სამ დაში“, პროვინციული ცხოვრებისგან სულშეხუთული დები პროზოროვები - მაშა, ოლგა და ირინა (პიესის ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაზა თუ გზავნილია „в Москву, в Москву!“). მათგან განსხვავებით, ქართული არტ-დივიზიონის წარმომადგენლები ოცნებას გაცილებით იოლად ისრულებენ და მოსკოვს ისევ ძველი, 37-„რუბლიანი“, ან მიმდებარე  ნოსტალგიის გამო სტუმრობენ. თანაც ახალი, ვითომ კულტურულ-პოლიტიკური პარადიგმის გასარკვევად და დასამკვიდრებლად ათასგვარ მიზეზს იგონებენ.

საჭიროდ აღარ მიმაჩნია დეტალურად განვმარტო, რას ნიშნავს და რას გულისხმობს ახალი დროის ოკუპაციის შემდეგ, ისევ მოსკოვში წამსვლელთა დაუოკებელი ვნება-სურვილები. თუმცა ყოველგვარი ახნა-განმარტებისა და პათოსის გარეშეც საოცარია, რომ წამსვლელთა რაოდენობა და ხარისხი კი არ კლებულობს, პირიქით, იზრდება...

ამჯერად, მოსკოვში „ერისიონის“ შემდეგ ყველაზე წონიანი და გავლენიანი არტ-წარმომადგენლობა  გადავისროლეთ - რუსთაველის თეატრი,  რომელიც სწორედ ჩეხოვის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ივნისში თეატრ „მოსსავეტის“ სცენაზე რობერტ სტურუას სპექტაკლ „ვანო და ნიკოს“, წარადგენს. ერლომ ახვლედიანის ამავე სახელწოდების მოთხრობების მიხედვით ტექსტზე თავად სტურუამ იმუშავა და საკუთარი ესთეტიკის შესატყვისად დადგა.

თუმცა ამჯერად არ შევუდგები დაახლოებით ერთი წლის წინ, რუსთაველის თეატრში დადგმული სპექტაკლის მხატვრული ღირსება-ნაკლის აღწერას. მხოლოდ ჩეხოვის ზემოაღნიშნული, საკრალური ფრაზის დღევანდელი აქცენტები მაინტერესებს, რომელსაც გვინდა თუ არ გვინდა,  ახალი და გაცილებით მძაფრი შინაარსი აქვს - ვ Mоскву, ვ Москву!

ჩეხოვის სახელობის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს არც ისე დიდი ისტორია აქვს. ის 90-იანი წლების დასაწყისში დაარსდა, როცა დაშლილ და დეზინტეგრირებულ საბჭოეთში რუსეთს ახალი კულტურული პოლიტიკა და პარადიგმა ჯერ კიდევ  არ გააჩნდა. ფესტივალის ორგანიზატირებმა მალევე იყნოსეს, რომ მსოფლიო თეატრალურ პროცესებთან ჩართვა-მიერთების პარალელურად ეს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან ახალი და საჭირო კავშირების დამყარების ძალიან კარგი საშუალება იყო.

სწორედ 90-იან წლებში ჩეხოვის ერთ-ერთ პირველ ფესტივალზე გაემგზავრა ქართული თეატრი და თანაც, ლამის ეპიკური შემადგენლობით (რუსთაველის თეატრი, მარჯანიშვილის თეატრი, თუმანიშვილის თეატრი, გაბრიაძის თეატრი). ცხადია, ამის შემდეგაც იყო გასტროლები, თუმცა გაცილებით მცირე მასშტაბით და  ეს მოწვევა, ძირითადად რუსთაველის თეატრს ეხებოდა. ასე რომ, ერთი შეხედვით, არც არის გასაკვირი, რატომ ისევ სტურუა და რატომ რუსთაველის თეატრი? თუმცა სწორედ აქაა მთავარი მიზეზიც და პრობლემაც.

არავისთვის დასამალი არ არის, რომ რობერტ სტურუას, ასე ვთქვათ, ღრმა და ყოვლისმომცველი კავშირები აქვს მოსკოვის თეატრებთან. ეს ჯერ კიდევ საბჭოეთის ხანიდან მოდის, როდესაც 80-იან წლებში ევგენი ვახტანგოვის სახელობის თეატრში მიხაილ შატროვის პიესები - „ბრესტის ზავი“ და „ლურჯა ცხენები წითელ ბალახზე“ დადგა. მაშინ ეს დადგმები თავად ცენზურამ ლამის პოლიტიკურ სკანდალებად აქცია. „ლურჯა ცხენები“ კი ორი წარმოდგენის შემდეგ საერთოდ რეპერტუაროდან ამოიღეს. პოსტსაბჭოთა პერიოდში სტურუა ჯერ თეატრ „სატირიკონთან“ (წარმატებული „ჰამლეტი“ კონსტანტინ რაიკინის მონაწილეობით) და კიდევ უფრო დიდხანს თეატრ „ეტ ცეტერასტან“ (სამხატვრო ხელმძღვანელი ალექსანდრ კალიაგინი) თანამშრომლობდა.

მაგრამ სულ სხვაა რეჟისორის სამუშაო და პირადი არჩევანი (თუმცა ესეც არჩევანია!) და სულ სხვაა, როდესაც ქართული ნაციონალური თეატრი საგასტროლოდ ისევ მოსკოვში და თანაც ოკუპაციის ათი წლის შემდეგ მიემგზავრება. მაშინ, როდესაც ხმამაღალი პროტესტი და უარი გაცილებით მნიშვნელოვანი აქცია იქნებოდა, ვიდრე სპექტაკლ „ვანო და ნიკოს“ მნახველთა ლოკალური აღფრთოვანება და კრიტიკოსთა რეცენზიები. ესეც უნდა გავითვალისწინოთ, რომ  მოსკოვი მაინცადამაინც არ განიცდის სხვა დიდი რეჟისორების ნაკლებობას: ვილსონ-ლეპაჟით დაწყებული, ტადაში სუძიკითა და აკრამ ხანით დამთავრებული.

ჩეხოვის საერთაშორისო ფესტივალი ფულის ნაკლებობას არ უჩივის (დაახლოებით 18-20 მილიონი აქვს) და ნამდვილად შეუძლია მსოფლიო დააჯეროს,რომ შეუძლია სხვადასხვა სპექტაკლს დაახლოებით ორი თვის განმავლობაში თავისუფლად უმასპინძლოს. არც ის დაივიწყოთ, რომ ფესტივალის დირექტორატი და მრჩეველთა საბჭო პუტინის პოლიტიკის უშუალო გამტარებელია და მას რუსულ „რბილ ძალასთან“ გაცილებით მეტი აქვს საერთო, ვიდრე მსოფლიოს საუკეთესო თეატრების ესთეტიკურ ძიებებთან. ასე რომ, მოსკოვში ჩასულ რუსთაველის თეატრსა და ნიკო-ვანოს ამბებს ნემისმიერ შემთვევაში, რუსეთი ისევ საკუთარი პოლიტიკისთვის გამოიყენებს, თანაც ჩვენივე ხელით.

ცხადია, არჩევანი თქვენზეა რეჟისორებო, არტისტებო, მომღერლებო და უბრალოდ, მეგობრებო!.. მაგრამ დაგვიტოვეთ უფლება, ჩეხოვის ფრაზა ჩვენებურად მაინც შეგახსენოთ: ვ Mоскву, ვ Москву! 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^