Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ყოველდღე ვტოვებთ სახლებს და სიკვდილზე მივდივართ“ - რეპორტაჟი ჭიათურიდან

24 მაისი 2019

3 000-ზე მეტი მაღაროელი ამ დრომდე გაფიცულია. ეს გაფიცვა, გარდა მასშტაბისა, უპრეცედენტო იმითაც არის, რომ პროტესტი თვითორგანიზებულად, პროფკავშირებისა და სხვადასხვა ორგანიზაციის მონაწილეობის გარეშე დაიწყო.

ჭიათურაში ცენტრალური სკვერი გაფიცული მუშებითაა სავსე, დასაჯდომ ადგილსაც ვერ ნახავთ, მუშების ნაწილი იქვე მოაჯირებთან შეგროვილა, რომლის ქვეშაც შავი ფერის მდინარე, ყვირილა მიედინება. აქციას ერთი მხრიდან მერიის შენობა დაჰყურებს, მეორე მხრიდან კი - კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ოფისი. ცენტრში 3 კარავია გაშლილი, სადაც 15-მდე გაფიცული მე-8 დღეა შიმშილობს. აქვე არიან გაფიცულთა მხარდამჭერი მასწავლებლები, მძღოლები, მაღაზიის გამყიდველები და სხვა. 

ჭიათურაში წარმოება 15 მაისიდან შეჩერებულია. როგორც აქციის მონაწილეები ჰყვებიან, საპროტესტო ტალღა „ვახტურ რეჟიმში“ მომუშავეებით დაიწყო. „ვახტური რეჟიმი“ 15-დღიან უწყვეტ სამუშაო გრაფიკს გულისხმობს. აქ მუშები 12 საათი შეუჩერებლად მუშაობენ და როგორც თავად ჰყვებიან, ზეგანაკვეთურ ანაზღაურებასაც არ იღებენ.

„ვახტურ რეჟიმში მოწყვეტილი ვართ ჩვენს ოჯახებს, არ გვაქვს ჩვენი ნებით წასვლის უფლება. თუ ვინმეს პირადული საქმე აქვს, უნდა გაკონტროლდეს, აიღოს ნებართვა და სამუშაოს დასრულების შემდეგ, ნებართვის შემთხვევაში, წავიდეს“, - გვიყვება ელექტრომექანიკოსი მუხრან ხვედელიძე.  

 „ვახტური რეჟიმის“ აჯანყებულ მუშებს მალევე მთელი საწარმოს თანამშრომლები შეუერთდნენ. დაახლოებით 17 ადგილი გაამაგრეს, რომ ზესტაფონისკენ მიმავალი მანგანეზით დატვირთული მანქანები არ გაატარონ და წარმოების პროცესი სრულ იზოლაციაში მოაქციონ. ერთ-ერთი ასეთი „პოსტისკენ“ მიმავალ გზაზე ორი მაღაროელი დაგვემგზავრა. ისინი შიშობდნენ, რომ სანამ გაფიცულები არიან, გაფიცვამდე გაწეულ შრომას კომპანია არ აუნაზღაურებთ, რადგან 20 მაისის შემდეგ „წესით ხელფასი უნდა ჩარიცხვოდათ“. ზეწოლა სხვა კი არაფერიაო, გვითხრეს მათ.

 „ჯიბეში ერთი ლარიც აღარ მიდევს, ჩემს გოგოს 10-ლარიანი მაიკაც ვერ ვუყიდე სკოლის ზეიმისთვის“, - თქვა ერთ-ერთმა. 

გაფიცულთა უმთავრესი მოთხოვნა ხელფასის 50%-ით გაზრდაა. კომპანიის რამდენიმე დღის წინ გავრცელებული განცხადებით, მათ მაღაროელებს ხელფასის 25%-ით გაზრდა შესთავაზეს. თუმცა მაღაროელები ამას სიცრუეს უწოდებენ - „ისეთი დამცინავი შემოთავაზება წამოვიდა, რომ ხალხის მეტი პროტესტი გამოიწვია“, - მათი თქმით, სინამდვილეში კომპანიისგან 15%-ით ანაზღაურების გაზრდის შესახებ მიიღეს შეთავაზება, 10%-ის მომატებას კი მოგვიანებით შეჰპირდნენ, კონკრეტული ვადა არ დაუსახელებიათ.

„როდესაც ამხელა სიმდიდრის პატრონი ხარ... ჩვენი, თითოეულის ხელით მოხვეჭილი სიმდიდრე ჩვენს დაუფასებლად არ უნდა მიდიოდეს“, - ამბობს მუხრან ხვედელიძე.

გარდა ხელფასის მომატებისა, მუშები ეკოლოგიური გარემოს დაცვასაც ითხოვენ. მათი თქმით, სატვირთო მანქანების გადაადგილება კიდევ უფრო უწყობს ხელს ქალაქის დაბინძურებას, ამიტომ სატვირთოებმა შემოვლითი გზებით ან რკინიგზით უნდა ისარგებლონ. 

„ქალაქში ცხოვრებაც უკვე გაუსაძლისია, ინგრევა, არანაირი პირობა არ არის, ბავშვი რომ გაასეირნო მაინც. მაღაროში 8-საათიანი მუშაობის შემდეგ, სურვილიც კი არ გიჩნდება, განტვირთვის მიზნით გარეთ რომ გამოხვიდე, ან ბავშვს ხელი ჩაკიდო და გაისეირნო შენს ქალაქში, სადაც დაიბადე და გაიზარდე. ისეთი სიბინძურეა. ეს ყველაფერი აი, ამ კომპანიის, ამ ერთი პატარა შენობის ბრალია. იქ ვინც არიან, მათ ადამიანური არაფერი არ გააჩნიათ“, - თქვა მოშიმშილე გიორგი ბიწაძემ და ხელით „ჯორჯიან მანგანზის“ შენობაზე მიგვანიშნა.  

გაფიცულთა კიდევ ერთი მოთხოვნა ჯანდაცვის პაკეტის გაუმჯობესებაა. მათი თქმით, დაბალი ხელფასისა და ბანკის ვალების პირობებში ჯანმრთელობის ხარჯებიც ტვირთად აწევთ.

„ყოველდღე ვტოვებთ სახლებს და მივდივართ სიკვდილზე. არც დედამ, არც მეუღლეებმა არ იციან, შინ ცოცხლები დავბდუნდებით თუ არა, ან მიგვასვენებენ, ან ჩვენი ფეხით მივალთ“, - ამბობს რომან კუპატაძე და დღეების წინ მომხდარ საწარმოო შემთხვევას იხსენებს, როდესაც ერთი მუშა დაშავდა.

„ხშირია, როცა იღუპებიან ბიჭები და, ამის მიუხედავად, მაინც ვაგრძელებთ შრომას, იმიტომ, რომ გვიჭირს, ჩვენ უკან ოჯახები დგას“, - ამბობს რომანი.

კომპანიის განცხადებით, სადაზღვევო მომსახურებით 3 116 თანამშრომელთან ერთად მათი ოჯახის წევრებიც სარგებლობენ. სადაზღვევო მომსახურება ჯამში 8 012 პირზე ვრცელდება, რაც წლის განმავლობაში კომპანიას 1.860.000 ლარი უჯდება (ერთ პირზე წელიწადში 232 ლარი).

„ჯორჯიან მანგანეზი“ აცხადებს, რომ თანამშრომლები სარგებლობენ სამედიცინო დაზღვევის, ტრანსპორტისა და კვების შეღავათებით, რომლის ჯამური ხარჯი კომპანიისთვის თვეში 610.000 ლარია. კომპანიისვე ინფორმაციით, მუშა-მოსამსახურეების ხელფასი თვეში 924 ლარია (მუშა-მოსამსახურეეები კომპანიის თანამშრომელთა თითქმის 80%-ს შეადგენს).

მაღაროელები კი აცხადებენ, რომ 850 ლარი გაძვირებული პროდუქტების გამო აღარაფერში ჰყოფნით.

22 მაისს კომპანიამ გამოაცხადა, რომ თითოეული დასაქმებული, რომელიც სამსახურში არ ბრუნდება, უკანონო გაფიცვაში მონაწილედ მიიჩნევა.
„უკანონო გაფიცვაში დასაქმებულის მონაწილეობა არის კომპანიის მიერ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლებისა და დასაქმებულის მიერ კომპანიისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების საფუძველი“, - აცხადებს „ჯორჯიან მანგანეზი“.

„ჯორჯიან მანგანეზი“ გეგმავს, რომ სასამართლოს მიმართოს.

 „კანონის დარღვევაზე თუ მიდგება საქმე, ეგენი რომ არღვევენ კანონს... ხალხს 12 საათი ამუშავებენ წყალში, სინესტეში, არანაირი ექიმი, საავადმყოფო, საჭმელი, სასმელი არ არის.. აქ თუ რაიმე სამართლებრივზე შეიძლება ლაპარაკი, და თუ ესენი მართლები არიან, მაშინ სამართალი არ არსებულა ამ ქვეყანაზე. ამისთვის გვყავს ხელისუფლება, რომ ეს ყველაფერი გადაწყვიტოს და მიიღოს ზომები - თავის ხალხს და ქვეყანას გვერდში დაუდგეს, და არა აქ ვინმე ჩამოსულმა ინვესტორმა იშოვოს ფული, გაანადგუროს ქალაქი და წავიდეს აქედან. ამისთვის ჩვენ გვყავს მთავრობა, ამისთვის მივდივართ არჩევნებზე. მოვითხოვთ, რომ მთავრობა დაგვეხმაროს, ეს მათი მოვალეობაა. ჩვენ მზად ვართ თავი გავწიროთ ჩვენი შვილებისთვის, ოღონდაც ამაში უნდა დაგვეხმარონ“, - ამბობს მოშიმშილე გიორგი ბიწაძე.

   

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე სულხან სალაძე ამბობს, რომ სამართლებრივი დავა ვერ მოაგვარებს იმ პრობლემებს, რომლებზეც დასაქმებულები საუბრობენ. მისივე თქმით, ვერც გაფიცულთა გათავისუფლება მოაგვარებს სამართლიან ანაზღაურებასთან, ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

„აქ ადამიანები რა მაგალითებსაც ჰყვებიან, ეს არ არის 21-ე საუკუნეში აღიარებული შრომის პირობები, ეს არის ძალიან მძიმე პირობები. ბუნებრივია, ეს რთული ტიპის სამუშაოა, მაგრამ მინიმალური და ელემენტარული პირობების დაცვა ყველას ვალდებულებაა. სახელმწიფო ვალდებულია, რომ ინსპექციის მანდატი იყოს ბევრად უფრო მაღალი და ძლიერი და ის დროულად ახდენდეს პრობლემების აღმოჩენასა და მათზე რეაგირებდეს. მიმაჩნია, რომ კომპანია საქმის სასამართლოში გადანაცვლებაზე კი არ უნდა საუბრობდეს, არამედ უნდა საუბრობდეს კონკრეტულ დროსა და რეალურ შეთავაზებებზე, რომელიც მაქსიმალურად ახლოს იქნება ამ ადამიანების მოთხოვნებთან. ერთია - რაზე საუბრობს კომპანია და მეორეა - რა არის რეალობა, რომელსაც თვალი პირველ რიგში სახელმწიფომ უნდა გაუსწოროს, რადგან ამ მოცემულობაში სამართლებრივი დავის წარმოება გამოსავალი არ არის“, - ამბობს საია-ის თავმჯდომარე.  

24 მაისის დილას გაფიცულებმა მსვლელობაც მოაწყვეს. ისინი ჭიათურელებს მოუწოდებდნენ აქციას შემოერთებოდნენ. ჭიათურელები კი მანქანის სიგნალებით, ხანაც ხელის დაქნევით მხარდაჭერას უცხადებდნენ მაღაროელებს - „გაუმარჯოს ჭიათურას, გაუმარჯოს მაღაროელებს!“ - სკანდირებდნენ დემონსტრანტები. 

 „უკან დამხევი არცერთი არ ვართ. პირიქით, თუკი რამ უკიდურესი ზომის მიღება შეიძლება, ყველაფერს მივმართავთ და ჩვენ რომ გვემუქრებიან სამსახურებიდან გათავისუფლებით, იქით მოვხსნით. მშიერი ხალხის აგრესია არ უნახავთ მაგათ და თუ ისინი ფულით გვაშინებენ, ჩვენ გულით შევაშინებთ. ჩვენს სიმართლეს ბოლომდე გავიტანთ“, - თქვა რომან კუპატაძემ და რამდენიმე საათში პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

22 ივნისი
22 ივნისი

რა იქნება შემდეგ?

ქართული ოცნება შვიდი წელი ცდილობდა ეთამაშა ნეოლიბერალიზმი ადამიანური სახით, მაგრამ პირველივე კრიზისულ ვითარებაში თვალები ...
19 ივნისი
19 ივნისი

სად ვიყავით ქალები ?!► ფემინსტრიმი

მოუსმინეთ სოფო კილასონიას პოდკასტს:  „...ეს მარტა როსლერის სამზარეულოში ფუსფუსის ხმაა. მაგრამ სადილს არ ამზა ...
14 ივნისი
14 ივნისი

„გურულებმა სუნთლა გადარიენ ამერიკა!” - გ ...

მანჰეტენზე, ვესტ ვილიჯის ერთ-ერთი საჯარო სკოლის კედელზე, ამერიკაში საუკუნის წინ ჩამოსული ხუთი იმიგრანტის სახეა დახატული. ...

მეტი

^