Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ტოპ 8 საუკეთესო მონადირე

30 მაისი 2019

ნებისმიერი ცხოველისათვის საკვების მოპოვება გადარჩენისათვის ფუნდამენტური მნიშვნელობისაა და ევოლუციის მთელი პროცესის განმავლობაში მტაცებლების ადაპტაცია, მათი ბუნებრივი გადარჩევა, სწორედ იმის მიხედვით ხდებოდა, თუ რამდენად ეფექტური მონადირეები იყვნენ, რამდენად მარტივად შეეძლოთ საკვების მოპოვება.

ამ ადაპტაციის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის ის ფაქტი, რომ ხშირ შემთხვევაში მტაცებელი უფრო მცირე ზომისაა, ვიდრე მისი მსხვერპლი. ამიტომაც, ცხოველებს მაქსიმალურად უნდა დაეხვეწათ ნადირობის მეთოდები, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა ბუნებრივი გადარჩევის პროცესს შესწირვოდნენ.

ვინაიდან და რადგანაც, ყველაზე საინტერესო და მრავალფეროვანი ნადირობის რეპერტუარი ძუძუმწოვრებს აქვთ, სწორედ მათზე გვქნება საუბარი, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ რიგ შემთხვევაში, ძალიან პატარა ცხოველებიც კი წარმატებული მონადირეები არიან და გამორჩეული მეთოდებიც აქვთ.

მანგუსტი

დავიწყოთ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მონადირით, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მეომრით - პატარა ზომების მიუხედავად, მანგუსტის საკვები მრავალფეროვანია. მათთვის ერთ-ერთ მთავარ საკვებს კი გველები წარმოადგენენ, მათ შორის შხამიანებიც კი. წარმოიდგინეთ, ვსაუბრობთ ქვეწარმავლებზე, რომლებიც თავად არიან მონადირეები, ამ დროს კი, ყველაზე დიდი მანგუსტი, ზომით, კატას არ აღემატება!

საკმაოდ ხშირად, ინდური რუხი მანგუსტი (რომელიც სარტყლიან აფრიკულ მანგუსტზე პატარა ზომისაა) სამეფო კობრაზე ნადირობს! მიუხედავად იმისა, რომ სამეფო კობრა ერთ-ერთი ყველაზე შხამიანი არსებაა დედამიწაზე, ზომით კი 3-4 მეტრს აღწევს, მანგუსტის საკბილო ხდება!

თავის დროზე, რადიარდ კიპლინგი საკუთარ ნაწარმოებში „რიკი-ტიკი-ტავი“ წერდა, რომ გველის შხამის წინააღმდეგ მანგუსტს იმუნიტეტი არ აქვს და არც რაიმე ბალახს ღებულობს შხამის საწინააღმდეგოდ - მისი იარაღი სისწრაფე და მოქნილობაა, რაც სიმართლეს შეეფერება, თუმცა სპეციალური რეცეპტორების - აცეტილქოლინის რეცეპტორების წყალობით სხვა ცხოველებზე უფრო რეზისტენტული არიან.

აღსანიშნავია, რომ ფიზიკური ძალით მანგუსტი მნიშვნელოვნად ჩამორჩება სამეფო კობრას, არც კბილები აქვს დიდი და ბასრი. მისი მთავარი იარაღი სისწრაფე და რეაქციაა. მოგეხსენებათ, გველი, მით უმეტეს - სამეფო კობრა, ძალიან სწრაფი ცხოველია, მაგრამ, როდესაც ის შეტევაზე გადადის, მანგუსტი მაინც ასწრებს რეაქციას, იცდენს შეტევას და კონტრშეტევაზე გადადის - გველს ყველაზე მოწყვლად ადგილას, კისერში ეჭიდება და ასე მოიპოვებს მსხვერპლს.

აფრიკაში მანგუსტი თავს ესხმის შავ მამბასაც, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და სახიფათო გველია, მისი ერთ ნაკბენი 15 ზრდასრული ადამიანის მოსაკლავადაც საკმარისია, მაშინ, როდესაც მანგუსტის წონა 3 კილოგრამს არ აღემატება. მიუხედავად ამისა, ელვისებური სისწრაფისა და ბასრი კბილების წყალობით ორთაბრძოლიდან გამარჯვებული საკმაოდ ხშირად სწორედ მანგუსტი გამოდის.

ზოგადად, მანგუსტები სოციალური ცხოველები არიან, ზოგი ნაკლებად, ზოგი კი მეტად. აფრიკული სარტყლიანი მანგუსტი სოციალური ცხოველია, ისინი შეიძლება პატარ-პატარა ჯგუფებად ცხოვრობდნენ, მაგრამ თუკი ახლო-მახლო ტერიტორიაზე დიდი გველი გამოჩნდება, რაც მათთვის ნოყიერ საკვებს წარმოადგენს, მანგუსტები ერთ-ერთი „თავისიანის ოჯახთან“ იწყებენ შეკრებას, გროვდებიან დიდი რაოდენობით და მსხვერპლის მოსანადირებლად ფუნქციების გადანაწილებას იწყებენ. ნადირობას კი, საკმაოდ ხშირად, წარმატებულად ასრულებენ. შეიძლება ითქვას, რომ მანგუსტი როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი, მოქნილი და საინტერესო მონადირეა.

გადავიდეთ დიდ მტაცებლებზე. ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ არსებობს ეკოლოგიური კანონი, რომელსაც ენერგეტიკული ბალანსი ეწოდება და მტაცებლისთვის ის ყოველთვის დადებითი უნდა იყოს, ანუ საკვებისგან მიღებული ენერგია ბევრად უნდა აღემატებოდეს მის მოპოვებაზე დახარჯულ ენერგიას. სწორედ ამ პრინციპზეა აგებული მთელი ის სისტემა, რომლის მიხედვითაც მტაცებლები ნადირობენ.

ლეოპარდი

ბუნებრივია, როდესაც სისწრაფესა და მოქნილობაზეა საუბარი, ადამიანების უმეტესობას ლეოპარდი წარმოუდგება თვალწინ. რეაქციის თვალსაზრისით, ლეოპარდი ერთ-ერთი ყველაზე უფრო მოქნილი და სწრაფი კატისებრია, რომელიც ფიზიკური ძალითაც გამოირჩევა. მას შეუძლია, რომ საკუთარ წონაზე ბევრად მძიმე მსხვერპლი ხეზე აიტანოს (ამ მეთოდს ლეოპარდი მხოლოდ აფრიკაში მიმართავს, რადგან იქ კონკურენტები ჰყავს, სხვაგან კი ნაკლებად).

ფიზიკური ძალა, ძლიერი ყბები, სისწრაფე მას საშუალებას აძლევს ინადიროს ისეთ ცხოველებზე, რომლებიც მას გაცილებით აღემატებიან ზომითა და წონით. მისი სისწრაფე საათში 60 კმ-ს აღწევს. შეუძლია 6 მეტრზე გადახტეს, სიმაღლეში კი ადგილიდან 3 მეტრზე ახტეს. ამას გარდა, საოცრად შთამბეჭდავია მისი ელვისებური თავდასხმა. წარმოიდგინეთ, მსხვერპლის მოსაპოვებლად ამ ცხოველს რამდენიმე  მეტრის სიმაღლიდან შეუძლია მიზანმიმართულად დაახტეს მსხვერპლს.

იაგუარი

კიდევ ერთი ცხოველი, რომელიც ლეოპარდის მსგავსად წარმატებული მონადირეა, თუმცა სხვა კონტინენტზე ბინადრობს, იაგურია. ხმელეთის მცხოვრებთა შორის, ყბების სიძლიერით, მხოლოდ და მხოლოდ ხალებიან აფთარს ჩამორჩება. მას აქვს მასიური თავი, რაც სწორედ ძლიერი ყბებით არის განპირობებული. 

გარდა ამისა, იაგუარი არის კატისებრი, რომელსაც ძალიან უყვარს წყალი და საკმაოდ დიდ მანძილზეც შეუძლია ცურვა. გარკვეულწილად ეს გასაგებიც არის, რადგან მისი ერთ-ერთი მთავარი საბინადრო არეალი სამხრეთ-ამერიკის, მათ შორის ამაზონიის ტყეებია, რომელიც საკმაოდ წყალუხვია და იქ გავრცელებული ცხოველების ნირი, ძირითადად, წყალთან არის დაკავშირებული.

ამასთანავე, იმ ტერიტორიაზე, რომელზეც იაგუარი ბინადრობს, ნაკლებადაა გავრცელებული მარტივად მოსაპოვებელი ჩლიქოსნები, ამიტომაც, იაგუარი იძულებულია, რომ საკვებად რთულად მოსახელთებელი ცხოველები მოიპოვოს. ასეთ დროს იაგუარი თავად შეიძლება იქცეს პოტენციური მსხვერპლის მსხვერპლად.

მხედველობაში მაქვს კაიმანი, ნიანგების ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელიც ძალიან სახიფათო ცხოველია, ან დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი გველი - ანაკონდა. წარმოიდგინეთ, თითოეული ასეთი მსხვერპლის მოპოვება დიდ რისკთან არის დაკავშირებული. პირობითად, ანაკონდამ, რომელიც რიგ შემთხვევაში 10 მეტრის სიგრძისაც კი შეიძლება იყოს, წყალში, მისთვის უფრო ბუნებრივ გარემოში, თავისუფლად შეიძლება მოინადიროს იაგუარი.

მიუხედავად ამისა, დიდი ფიზიკური ძალა, სისწრაფე და მოქნილობა, იაგუარს საშუალებას აძლევს, რომ ამ სახიფათო ცხოველებით გამოიკვებოს.

ავაზა (გეპარდი)

კატისებრი მონადირეებიდან აფრიკაში გავრცელებულია ხმელეთის ყველაზე სწრაფი ცხოველი - გეპარდი, იგივე ავაზა, რომელიც შედარებით მცირე რაოდენობით აზიაშიც გვხვდება.

ავაზა ვერ არის ისეთივე ძლიერი, როგორიც ლეოპარდი, იაგუარი ან თუნდაც ვეფხვი, რომელიც ასევე მარტო ნადირობს. ამასთანავე, კატისებრი ცხოველებისგან მას ერთი მნიშვნელოვანი ნიშანი განასხვავებს. მოგეხსენებათ, კლანჭები, რომელიც მათი ძირითადი იარაღია და რითაც საკვების დაფიქსირება ხდება (კბილები და ყბები უკვე დაფიქსირების შემდეგ ერთვება საქმეში), ყველა კატას ეკეცება.

მათგან განსხვავებით, ავაზა გამოდევნებით ნადირობს და დიდ მანძილზე გადაადგილდება. შესაბამისად, მის თათებს დაცვა სჭირდება. ამიტომაც, ავაზას, როგორც ძაღლს, კლანჭები არ ეკეცება, სიარულისა და სირბილის დროს კი სწორედ მათ ეყრდნობა.

ეს გახლავთ ცხოველი, რომლის სისწრაფეზეც სხვადასხვა ვერსია არსებობს. გეპარდს დაახლოებით 130-140 კმ/სთ სიჩქარით შეუძლია გადაადგილება, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ამ სისწრაფით რამდენიმე საათის განმავლობაში შეუძლია ირბინოს.

ავაზებს საოცრად მოქნილი ხერხემალი აქვთ, რომელიც ზამბარასავით ირკალება, იმდენად, რომ წინა ფეხები უკანა ფეხებს შორის გადის. სწორედ ამის საფუძველზე ახერხებს ცხოველი დიდი სისწრაფის განვითარებას. 

გეპარდის არსებობისთვის სისწრაფეს ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს, რადგან მის საკვებს საკმაოდ სწრაფი ცხოველები წარმოადგენენ, მაგალითად, ქურციკების წარმომადგენლები, მცირე ზომის ანტილოპები, რომლებსაც მიმართულების შეცვლაც საკმაოდ სწრაფად შეუძლიათ. ერთი შეხედვით, მიმართულების შეცვლა მაღალ სისწრაფეზე მორბენალი გეპარდისთვის სირთულეს უნდა წარმოადგენდეს, თუმცა ასეთ დროს ცხოველს მისი ფუმფულა კუდი ეხმარება, რომელიც მშვენიერ „საჭეს“ წარმოადგენს.

სისწრაფის გარდა, გეპარდს ნადირობის სხვა მეთოდიც აქვს, მაგალითად, მსხვერპლთან მიახლოების დროს წინა თათების დარტყმა და მისი წაქცევა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ავაზაც საკმაოდ წარმატებული მონადირეა.

ლომი

ზემოაღნიშნული კატებისებრებისგან განსხვავებით, ლომს ნადირობის განსხვავებული, მრავალფეროვანი მეთოდი აქვთ. კატებს შორის ის ერთადერთი სოციალური ცხოველია, რომელიც ჯგუფებად (პრაიდი) ცხოვრობს. პრაიდი, შესაძლოა, ათ, ზოგ შემთხვევაში კი მეტ ლომსაც აერთიანებდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ლომები დღე-ღამის დიდ ნაწილს ძილს უთმობენ, ნადირობისთვისაც საკმაო დრო აქვთ. მათ მიერ მსხვერპლის მოპოვების პროცესი საოცრად საინტერესო სანახაობაა. ლომების ნადირობას თავადაც შევსწრებივარ ტანზანიაში, სერენგეტის ეროვნულ პარკში.

წარმოიდგინეთ რამდენიმე ლომი, რომლებიც სრულიად მშვიდად წვანან, თუმცა მოულოდნელად წამოიმართებიან და ორი სხვადასხვა მიმართულებით მიდიან. მიუხედავად იმისა, რომ პარკში არაერთი დამთვალიერებელია, ყურადღებას არავის აქცევენ და იმ  ადგილისკენ მიემართებიან, სადაც გნუების ჯოგი შევამჩნიეთ. ლომების ნაწილი ამ ჯგუფს უკანიდან ექცევა და აფრთხობს. შეშინებული ანტილოპები თითქოსდა მათთვის უხიფათო მიმართულებით გარბიან, თუმცა, სწორედ იქ, ბალახებში ჩასაფრებულია ლომი, რომელიც საკუთარ ჯგუფს ნადირობის დასაწყისშივე გამოეყო და სხვა მიმართულებით წავიდა. უახლოვდება თუ არა ერთ-ერთი მსხვერპლი ჩასაფრების ადგილს, მონადირე ბალახიდან ხტება და კლანჭებით კისერზე ეკიდება მსხვერპლს, უკანიდან მომავალი ორი ლომი კი ზურგზე ახტება უკვე განწირულ ანტილოპას.

წარმოიდგინეთ, მთელი ეს პროცესი იმდენად სწრაფად მოხდა, რომ ამ ამბის მოყოლას უფრო დიდი დრო სჭირდება, ვიდრე თავად ფაქტს.

ეს იყო ლომების ტიპური ნადირობა, როდესაც ისინი ანტილოპა გნუზე, ან ზებრაზე ნადირობენ. ბუნებრივია, მათ ჩასაფრებით ნადირობაც შეუძლიათ, თუმცა ეს მეთოდი ნაკლებად შთამბეჭდავია.

აფრიკული მოხატული მგელი

რადგან ჯგუფურ ნადირობას შევეხეთ, უნდა ვახსენოთ ამ საქმის ერთ-ერთი მთავარი სპეციალისტები, ძაღლისებრთა წარმომადგენლები - აფრიკული მოხატული მგლები. ისინი სოციალური ცხოველები არიან, დაახლოებით გერმანული ნაგაზის ზომის. მათი ინტელექტი და ორგანიზებულობა, საშუალებას აძლევთ, რომ ხშირ შემთხვევაში მათზე გაცილებით უფრო დიდ ცხოველებზე ინადირონ.

მათ აქვთ ნადირობის სხვადასხვა მეთოდი, რომლებსაც სხვადასხვა სახეობებზე იყენებენ. რაც მთავარია, ნებისმიერ შემთხვევაში, თავდაცვის დროსაც კი, ჯგუფურად მოქმედებენ და შეკრულად უტევენ მტერს.

საინტერესოა მათი ნადირობა აფრიკულ კამეჩებზე. ფიზიკური ზომებიდან გამომდინარე, აფრიკული მოხატული მგლებისთვის ზრდასრული კამეჩის მოპოვება პრაქტიკულად წარმოუდგენელია, ამიტომაც მათი საკბილო ძირითადად პატარა კამეჩები არიან. ასეთ დროს ისინი გამორჩეულ ტაქტიკას იყენებენ. ხშირად არის აღწერილი შემდეგი მეთოდი:

კამეჩების ჯოგის გამოჩენისთანავე, ყოველგვარი შენიღბვის გარეშე, ერთ-ერთი მოხატული მგელი თავს ესხმის მათ და შემდეგ გარბის. კამეჩების ჯგუფი მათ წინ მყოფ მტერს დევნის. სწორედ ამ დროს აფრიკული მოხატული მგლების ჯგუფი თავს ესმის ძირითად ჯოგს ჩამორჩენილ პატარა კამეჩს.

სხვათა შორის, კამეჩებიც სოციალური ცხოველები არიან, შესაბამისად ისინიც ჯგუფურად იცავენ თავს. ნაშიერის დაცვისას, განსაკუთრებით აქტიურობენ დედა-კამეჩები, თუმცა მათ წინააღმდეგ მოხატულ მგლებს საკუთარი სტრატეგია აქვთ - ჯგუფის გარკვეული წევრები საკუთარ თავზე იღებენ დარტყმას, უკანიდან ეპარებიან და სახსრებში კბენენ დედა-კამეჩს, ამასობაში კი ჯგუფის სხვა წევრები პატარა კამეჩს იტაცებენ.

მგლები

სოციალური ცხოველების ნადირობაზე საუბარი სრულიად წარმოუდგენელია მგლის გარეშე. მგელი (განსაკუთრებით ჩრდილოეთის მგელი) ფიზიკურად ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე აფრიკული მოხატული მგელი, მათი წონა შესაძლოა 80 კილოგრამსაც აღწევდეს. ფიზიკური სიდიდე და დიდი ძალა მგლებს საშუალებას აძლევთ, რომ ამერიკულ ბიზონზე ინადირონ, ამ პროცესში კი სხვადასხვა ტაქტიკას იყენებენ.

ისინი მიზანმიმართულად დევნიან მსხვერპლს ისეთ ადგილებში, სადაც ცხოველს ფიზიკური მონაცემების გამოყენება მინიმალურად შეეძლება, მაგალითად, მსხვერპლის მდინარის ხეობებში შეგდება და მისი დევნა. ასევე, უფრო კონკრეტულად, ჩლიქოსნებს ძალიან უჭირთ ღრმა თოვლში გადაადგილება, მაშინ, როდესაც მგლები თოვლის ქერქზე საკმაოდ იოლად მოძრაობენ. ბუნებრივია, თოვლში ჩაფლული ცხოველი, მათთვის გაცილებით მარტივი მოსაპოვებელია.

ზოგადად, მგლებიც ჯგუფურად ნადირობენ და იყენებენ როგორც გამოდევნების, ასევე ჩასაფრების მეთოდს. თავად სიტყვა ხროვა, რომელიც ჩვენს ენაზე საკმაოდ ნეგატიურ ასოციაციას იწვევს, ყველაზე უფრო კარგად ორგანიზებული ჯგუფის ფორმაა, სადაც თითოეულ წევრს საკუთარი ფუნქცია აქვს.

მგლების სოციალურ სიტემაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს ალფა მგელს. ალფა მგელი ხროვის წინამძღოლია, მთავარი სტრატეგი; აუცილებელი სულაც არაა, რომ ალფა მგელი ფიზიკურად ყველაზე ძლიერი იყოს. შესაძლოა, რომ ალფად ხროვაში ყველაზე მაღალი ინტელექტის ცხოველი მოგვევლინოს. ხროვის წინამძღოლის ფუნქცია ის არის, რომ მან ხროვის თითოეულ წევრს საშუალება მისცეს მაქსიმალურად გამოიყენოს საკუთარი შესაძლებლობა.

მაგალითად, თბილისის ზოოპარკში, ხროვას ძუ მგელი ხელმძღვანელობს, რომელიც ზომით ყველაზე პატარაა, თუმცა, როგორც ჩანს, ჭკუით გაცილებით უფრო აღემატება დანარჩენებს.

სწორედ ფუნქციების გადანაწილება და ალფა მგლის მიერ მისი რეგულირება, მათ საშუალებას აძლევს, მოიპოვონ ისეთი ცხოველები, რომლებიც გაცილებით უფრო დიდი ზომისანი არიან.

მერცხალა ვეშაპი (ორკა)

კიდევ ერთი გამორჩეული მონადირე მერცხალა ვეშაპია (ორკა). დელფინებს შორის ორკა ყველაზე დიდი ზომისაა და მის საკვებს ზღვის ლომები და სელაპები წარმოადგენენ.

თავად ეს ცხოველები, ორკასგან თავდასაღწევად, ე.წ. ყინულის კუნძულებს აფარებენ თავს, თუმცა ასეთ დროს, ორკების მთელი ჯგუფი წრეს არტყამს ყინულის კუნძულს და მიზანმიმართულად იწყებენ ტალღების გაშვებას ყინულის მიმართულებით, რათა მსხვერპლი წყალში ჩამოაგდონ.

მსხვერპლის დაჭერის შემდეგ იწყება ძალიან უსიამოვნო პროცესი - საკვებით თამაში, მისი ჰაერში სროლა, ერთი სიტყვით, ბურთაობა...

რომ შევაჯამოთ, სოციალური ცხოველები, რომლებიც ჯგუფურად ნადირობენ, საკმაოდ მაღალი ინტელექტით გამოირჩევიან. მათ მუდმივად აქვთ კომუნიკაცია ერთმანეთთან, მაგალითად, ვეშაპების კომუნიკაცია საკმაოდ რთული გასაგებია, რადგან ეს სხვა სიხშირეზე ხდება. მგლების კომუნიკაციის მეთოდები ყველასთვის ცნობილია: ყმუილი, წკავწკავი და ყეფა. რაც შეეხებათ აფრიკულ მოხატულ მგლებს, ისინი გამუდმებით წკავწკავებენ, ეს წკავწკავი კი რაღაცით, ჭიკჭიკს წააგავს. სწორედ ასე ეკონტაქტებიან ერთმანეთს და ასე ხდება როლების გადანაწილება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

17 აგვისტო
17 აგვისტო

გუგუტიანთკარის ზარები

გულის  მომკვლელი ტრაგედია ტრიალებს სოფელ გუგუტიანთკარში, ისევე როგორც სხვა ქართულ სოფლებში საოკუპაციო ხაზის გასწვრი ...
15 აგვისტო
15 აგვისტო

აგვისტოს ომის ნარატივი

თუ გსურს თავისუფლება, ემზადე ომისთვის!
15 აგვისტო
15 აგვისტო

აშშ-ს მტრების სიაში რუსეთი კვლავ პირველი ...

თუკი 2018 წელს, პირდაპირ ან ირიბად, ვინმე ამერიკის შეერთებულ შტატებში პრორუსული პოლიტიკის გატარებას დააპირებდა, დიდი ალბ ...

მეტი

^