Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იმუნიტეტის გარეშე დარჩენილი დეპუტატები

28 ივნისი 2019
საქართველოს პარლამენტის წევრის ნიკანორ მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებისა და დაპატიმრების თაობაზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში გაააქტიურა დისკუსია ამ პროცედურასთან დაკავშირებულ იურიდიულ, პოლიტიკურ და მორალურ ქვეტექსტებზე. რეალურად, რა სახის პრეცედენტები არსებობს საქართველოში დეპუტატთა სისხლისსამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით და როგორია ეს პროცედურა?

მაშინ როცა მმართველი გუნდის წარმომადგენლები განმარტავდნენ, რომ იმუნიტეტის შეჩერებაზე თანხმობა არ ნიშნავს ვერდიქტს (მათი გადაწყვეტილება მხოლოდ ხელ-ფეხს უხსნის საგამოძიებო ორგანოს, სრულფასოვნად განახორციელოს ის პროცედურები, რასაც სისხლისსამართლებრივი დევნის დროს ჩვეულებრივი, მოკვდავი ბრალდებულის მიმართ იყენებს ხოლმე), ცალკეულმა დეპუტატებმა მელიასთვის პატიმრობაზე თანხმობის მიცემა უაღრესად არაკოლეგიურ აქტად შეაფასეს.

„ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ იმის თაობაზე, რომ დეპუტატს არ აქვს მეტი იმუნიტეტი, ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანს“, - განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ. „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, დეპუტატი ემზარ კვიციანი კი აცხადებს, რომ, „მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებისა, მელია მისი კოლეგაა და საკანონმდებლო ორგანოს წევრის დაკავება ისტორიაში ჩაიწერება, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტარებმა თავიანთი კოლეგა გაწირეს“.

პროკურატურის მოთხოვნის მხარდაჭერა რომ გარკვეულ უხერხულობას უქმნის პარლამენტართა ნაწილს, მათ შორის უმრავლესობიდანაც, ეს კენჭისყრის შედეგებიდანაც ჩანს. მართველი პარტიის ცალკეული წევრები, გუნდისგან განსხვავებულ პოზიციაზე დადგნენ. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო და გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ პროკურატურის მტკიცებულებები "უფრო მაღალი სტანდარტებით უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი". 

ბიძინა გეგიძემ და მარიამ ჯაშმა სხდომაზე რეგისტრაციის გავლისგან თავი შეიკავეს.“რეგისტრაცია არ გავიარე, რადგან არ მსურდა, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნისთვის დამეჭირა მხარი, მიმაჩნია, რომ ეს პოლიტიკურად წამგებიანი გადაწყვეტილებაა“ - განაცხადა ბიძინა გეგიძემ.

რეალურად, რა სახის პრეცედენტები არსებობს საქართველოში დეპუტატთა სისხლისსამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით და როგორია ეს პროცედურა?

პარლამენტის დეპუტატს იმუნიტეტი იცავს, რათა განუხრელად განახორციელოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, არ გახდეს პოლიტიკური დევნის მსხვერპლი, ხოლო სამართლებრივი დევნა არ იყოს გამოყენებული ზემოქმედების ინსტრუმენტად.

ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში არსებობს არაერთი შემთხვევა, როდესაც დეპუტატებმა კოლეგები საგამოძიებო სტრუქტურების წინაშე სადეპუტატო პრივილეგიის გარეშე დატოვეს:

  • 1999 წელს მეხუთე მოწვევის პარლამენტმა დეპუტატ ბორის კაკუბავას, რომელიც პარლამენტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კვოტით მოხვდა, იმუნიტეტი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულში ბრალდებისთვის მოუხსნა. გამოძიება კაკუბავას პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის ორგანიზებაში ადანაშაულებდა. ტერაქტის საქმეში ბრალდების საფუძველი იყო მთავარ ბრალდებულ იგორ გიორგაძესთან კავშირი. 
  • დეპუტატებმა კოლეგას იმუნიტეტი 2004 წელსაც მოუხსნეს. იმჟამინდელი მმართველი გუნდის „ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატების“ სიით გასული გიორგი კენჭაძის მიმართ გენერალური პროკურორის მოთხოვნას აღმკვეთი ღონისძიების გამოყენების შესახებ 134-მა პარლამენტარმა დაუჭირა მხარი. გიორგი კენჭაძე უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა ერთ-ერთი ბათუმელი ბიზნესმენისთვის 100 ათასი დოლარის გამოძალვის ფაქტზე დააკავეს.
  • 2006 წლის ოქტომბერში ჩატარებულ რიგგარეშე საპარლამენტო სხდომაზე იმუნიტეტი მოუხსნეს ასევე უმრავლესობის დეპუტატ გია ნუცუბიძეს და მაშინაც მიზეზად ქრთამის მიცემა სახელდებოდა. გენერალური პროკურორის წინადადებას საფუძვლად ედო დეპუტატის მიერ განათლების მინისტრის მოადგილისთვის ქრთამის მიცემის ბრალდება (პარლამენტის სხდომის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე პრეზიდენტმა დეპუტატებს გია ნუცუბიძისთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხზე მხარდაჭერისკენ მოუწოდა).
  • 2008 წლის 24 იანვარს გენერალურმა პროკურატურამ პარლამენტს მიმართა თხოვნით, დეპუტატის იმუნიტეტი მოეხსნა ვალერი გელბახიანისთვის, რაზეც თანხმობა მიიღო. ოპოზიციური ფრაქცია „ჩვენი საქართველოს“ თავმჯდომარისა და ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ვალერი გელბახიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების მოწყობის ბრალდებით იყო აღძრული.
  • 2018 წელს გენერალურმა პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, აზერ სულეიმანოვის წინააღმდეგ 2018 წლის ივნისში დაიწყო. პროკურატურის მტკიცებით, აზერ სულეიმანოვმა ერთ-ერთ მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამ ინციდენტში მონაწილეობის გამო სულეიმანოვს დეპუტატის მანდატი არ შეჩერებია. გამოძიების ინფორმაციით, დეპუტატს ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენა ედებოდა ბრალად, ამიტომ მათი მხრიდან აღკვეთის ზომად მოთხოვნილი იყო პატიმრობის ალტერნატივა - გირაოს გამოყენება. 
  • საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2018 წლის 14 მარტს წინადადებით მიმართა საქართველოს პარლამენტს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, როლანდ ახალაიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისა და ბრალდებისთვის თანხმობის მისაღებად. პროკურატურა როლანდ ახალაიას სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის თანამდებობაზე მუშაობისას ჩადენილ ორ ეპიზოდზე ედავებოდა. ბრალდების მიხედვით, როლანდ ახალაიამ საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, უკანონოდ, ერთ მოქალაქეს - 150 ათასი ლარის, ხოლო მეორეს 60 ათასი ლარის ჩარიცხვა მოსთხოვა. სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებასთან დაკავშირებით, იმ პერიოდში არსებული სამართლებრივი ნორმების კოლიზიის გამო, პარლამენტმა როლანდ ახალაიასთვის იმუნიტეტის მოხსნის პროცედურა ვერ ჩაატარა. საბოლოოდ, უზენაესმა სასამართლომ როლანდ ახალაიას სასჯელის სახედ განუსაზღვრა ჯარიმა 30 ათასი ლარის ოდენობით და 2 წლითა და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოართვა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

25 სექტემბერი
25 სექტემბერი

პოლიტიკის წესები

დასავლური პოლიტოლოგიის ვერსია იმის შესახებ, თუ რატომ ხდებიან მმართველები დიქტატორები, კარგადაა აღწერილი ნიუ-იორკის უნივე ...
11 სექტემბერი
11 სექტემბერი

რას ვუყუროთ. კინორეკომენდაცია

დასვენების დღეებში, „ლიბერალი“ გთავაზობთ კინორეკომენდაციებს, მოკლე ანოტაციებით. თითო რეკომენდაციაში სულ ცოტა სამი ფილმია ...
04 სექტემბერი
04 სექტემბერი

გაველურდი! - ჩემი რჩევა ტექნოლოგიასთან ე ...

„რა თქმა უნდა, ყველა ვერ გავიქცევით და ტყეში ვერ ვიცხოვრებთ. მაგრამ თუკი უარს ვიტყვით სესხებზე, მოწყობილობებზე და ბუნება ...

მეტი

^