Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„აუცილებელია ახალი პოლიტიკური დღის წესრიგი“

11 ივლისი 2019
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ანა დოლიძე აქტიურად არის ჩართული სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებული საკითხების განხილვაში. თუმცა, ის აპირებს გააფართოოს თავისი ინტერესებისა და მოქმედების არეალი და უფრო აქტიურად ჩაერთოს ახალი, კონრეტული პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნაში. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.

როგორ შეაფასებდით ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს? რა საკვანძო საკითხები გამოიკვეთა?

პროცესები, რომლებიც 20 ივნისს დაიწყო, სხვადასხვა ჯგუფში დიდი ხნის განმავლობაში დაგროვილი წუხილის რეალიზებაა, მათ შორის, რა თქმა უნდა, ანტისაოკუპაციო თემაზე. 

მოვლენათა განვითარებამ ძალიან დიდი მუხტი მოიტანა, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ მთავარი თემა გავრილოვის ჩამოსვლაა. მნიშვნელოვანია გამოვიძიოთ, რა მოხდა, როგორ შეძლო მან საქართველოში ჩამოსვლა, სად იყვნენ ჩვენი ქვეყნის დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურები, რომლებმაც ვერ განჭვრიტეს მოვლენათა შესაძლო განვითარება. ცალსახაა, რომ ისინი ვერ ან არ ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას, ან სულაც სხვა ადგილიდან იმართებიან. 

თქვენ ფიქრობთ, შეიძლებოდა ამ მოვლენების თავიდან აცილება? „ევროპული საქართველოს" წევრებიც აცხადებენ, რომ იცოდნენ და აფრთხილებდნენ ხელისუფლებას ამ ვიზიტის შესახებ.

ემოციური ძალა იმ კადრს უფრო ჰქონდა, რომ ეს ჩატარდა ჩვენს საკანონმდებლო დარბაზში. ამას დაემატა თავმჯომარის სკამის სიმბოლიზმი. ეს რომ ყოფილიყო ერთი დეპუტატი, რომელსაც არ დაურღვევია კანონი და ჩამოვიდა, ვთქვათ, კონფერენციაზე, არ გამოიწვევდა ამხელა აჟიოტაჟს. როგორც ვიცი, ღონისძიების პროგრამის მიხედვით, კონფერენცია საბერძნეთის წარმომადგენელს უნდა წაეყვანა. ეს ისეთი საკითხია, მასზე ჩვენ არ უნდა ვმარჩიელობდეთ. დასადგენია, რა და რატომ მოხდა. თუ ვერ გამოიკვლიეს ამხელა ამბავი, უნდა გადადგეს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. 

ნახეთ, რა გავლენა იქონია ამ ყველაფერმა ჩვენს ეკონომიკაზე - დაზარალდა ტურიზმი, ღვინის ექსპორტსაც საფრთხე შეექმნა. ეს სწორედ იმ მოვლენებით გამოწვეული ტალღებია. თუ უსაფრთხოების სამსახურიდან არ წამოვა შესაბამისი გაფრთხილება, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება, ძალიან მარტივი მოვლენისგან მივიღებთ უსერიოზულეს კრიზისს. 

აქ მთავარი პრობლემა რა არის, იცით? სად არის ხელისუფლების გეგმა?! უნდა გამოვიდეს პრემიერ-მინისტრი, გააკეთოს მოხსენება და შემოგვთავაზოს ალტერნატიული გზები; მაგალითად, თუ ჩაგვიკეტავენ ღვინის ბაზარს, რა შეიძლება გაკეთდეს ამის საკომპენსაციოდ. სამწუხაროდ, ხელისუფლება არ ფიქრობს ამაზე და ყველაზე დიდი სისტემური პრობლემაც ესაა. იმიტომაც იმართება ეს მიტინგები. 

ბოლოდროინდელი მოვლენები პროვოცირებული იყო თუ ჩვენი სოციალური რეალობიდან ამოიზარდა? რა როლი აქვთ ამ ყველაფერში გარეძალებს და არის თუ არა ცნობილი თქვენთვის, როგორია საერთაშორისო შეფასებები? გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, როგორ შეიძლება შეფასდეს ეს პროცესი? 

კონსერვატიულ-ლიბერალური ჯგუფების დაპირისპირება ძალიან ძველია. ერთი რომ გამოჩნდება, მერე მეორენი ან თავისით მოდიან, ან ხელისუფლება ეხმარება მათ გააქტიურებაში. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოსახლეობის უმეტესობის განწყობა კონსერვატიულია. ისიც ცალსახაა, რომ ეს კომბლებით მოსიარულე ხალხი ჩვენს კონსერვატიულ მოსახლეობას არ წარმოადგენს. სინამდვილეში, ეს უფრო შოუს ჰგავს, რომელიც იზიდავს მაყურებელს და ამიტომაც არის, რომ ტელევიზიები მუდმივად აშუქებენ. გრძელვადიან პოლიტიკურ დღის წესრიგს შექმნის ის ორგანიზაცია და ის ჯგუფი, რომელიც რეალურ გამოწვევებს უპასუხებს.

დასაქმება, შრომა, განათლება, სიღარიბე - აი, ეს საკითხები აღელვებს ხალხს. ვიდრე არ გაჩნდება კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგი, დანარჩენ ყველაფერს ხალხი უყურებს როგორც გართობას და ერთობა კიდეც. ჩემი ღრმა რწმენით, ლგბტ პირებთან ვასაძის დაპირისპირება არ წარმოადგენს მშრომელი ადამიანების უმეტესობის დღის წესრიგს. 

არადა, რატომღაც მთლიანად ამ დაპირისპირებაზეა მიბმული ორი მთავარი პოლიტიკური ძალა და განცხადებებსაც ამ მიმართულებით აკეთებენ. აქ იკვეთება თუ არა საჭიროება იმისა, რომ სულ სხვა ძალებმა და სხვა ადამიანებმა უნდა იტვირთონ ამ პროცესებზე პასუხისმგებლობა?

ვფიქრობ, ეს დამოკიდებულია არა ადამიანებზე, არამედ დღის წესრიგზე. აი, ვნახეთ, რომ მამუკა ხაზარაძემ გადაწყვიტა პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა. მშვენიერია, მაგრამ თავისთავად ეს ამბავი არაფერს ნიშნავს, ფინანსური რესურსის გარდა. მისი სახელისა და გვარის უკან უნდა იგულისხმებოდეს დღის წესრიგი. გარდა ამისა, მან უნდა დაასაბუთოს, თუ რატომ მოდის პოლიტიკაში. მაგალითად, ვთქვათ, უნდა დაბალი გადასახადები ან მაღალი გადასახადები, ეს ჯერ არ ჩანს. 

ხალხი დაიღალა ცარიელი ლაპარაკით, ხალხს აქვს ყოველდღიური ცხოვრებისეული პრობლემები, რასაც მხოლოდ ქმედითი დღის წესრიგით შეგვიძლია ვუპასუხოთ.

თქვენი აზრით, არის იმის რესურსი, რომ რეალური პოლიტიკური დღის წესრიგი შემოგვთავაზონ? რამდენად ხელს უწყობს ახალი საარჩევნო სტრუქტურა ამ რესურსის განვითარებას?

მე მგონია, რომ ეს იქნება გადამწყვეტი არჩევნები, მაგრამ პროცესს ძალიან ბევრი გაუგებარი ფენომენიც მოჰყვება. ეს ორივე მომენტი გასათვალისწინებელია. თუ იქნება სრული პროპორციული არჩევნები, შეიძლება იყოს ტრანსფორმაცია, რაც მართლა გარღვევა იქნება. ამავდროულად, არ არის გამორიცხული, ბევრი უცნაური ფიგურა ვიხილოთ ჩვენს პოლიტიკურ ასპარეზზე.

თუმცა, ჩვენ ვართ ოთხმოცდაათიანებგამოვლილი ხალხი და ამაზე უფრო საგიჟეთიც გვინახავს. უნდა ველოდოთ, რომ ეს იქნება ძალიან ცხელი სეზონი და უნდა ვეცადოთ, რაღაც სინათლე და თანმიმდევრულობა დავინახოთ. 

რა შეიძლება იყოს იმ ხალხის მოქმედების არეალი, ვინც არ უერთდება არსებულ, პოლარიზებულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ დისკურსს? 

ყველაზე დიდი საშიშროებაა, და უნდა ვუფრთხილდეთ, რომ ამ მიტინგების ფონზე მოაზროვნე ხალხი არ დარჩეს სახლში, რადგან მათ არ სურთ ამ კაკაფონიაში მონაწილეობის მიღება. 

მე მაგალითად, ჩემს თავს პირობა მივეცი, რომ რაღაც პერიოდი აღარ ვახსენებ „სისხლიან ცხრა წელს“ და „უნიათო მთავრობას“. ეს სიტყვები ამოღებული მაქვს ჩემი ლექსიკონიდან, რომ გადავიდეთ საქმეზე. ამის ნაცვლად, ყურადღება უნდა მიექცეს, მაგალითად, დიღმის ტყე-პარკის თემას და საერთოდ, კონკრეტული „მწვანე თემები“ მეტად მნიშვნელოვანია. ამიტომ ვაპირებ შაბათს მივიდე და მხარი დავუჭირო მათ, ვინც დიღმის ტყე-პარკს იცავს. აი, ეს არის რეალური პოლიტიკა. ნელ-ნელა ასეთ საქმეებზე უნდა გადავრთოთ ისინი, ვინც ამ კაკაფონიაშია ჩართული. უბრალოდ, საშიში ის არის, რომ თუ ტელევიზიები მხოლოდ ყვირილსა და შოუზე იქნებიან ორიენტირებული, შეიძლება ნორმალური ადამიანები ჩაიკარგონ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

17 აგვისტო
17 აგვისტო

გუგუტიანთკარის ზარები

გულის  მომკვლელი ტრაგედია ტრიალებს სოფელ გუგუტიანთკარში, ისევე როგორც სხვა ქართულ სოფლებში საოკუპაციო ხაზის გასწვრი ...
15 აგვისტო
15 აგვისტო

აგვისტოს ომის ნარატივი

თუ გსურს თავისუფლება, ემზადე ომისთვის!
15 აგვისტო
15 აგვისტო

აშშ-ს მტრების სიაში რუსეთი კვლავ პირველი ...

თუკი 2018 წელს, პირდაპირ ან ირიბად, ვინმე ამერიკის შეერთებულ შტატებში პრორუსული პოლიტიკის გატარებას დააპირებდა, დიდი ალბ ...

მეტი

^