Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პირველი ქალი ევროკომისიის სათავეში

19 ივლისი 2019
16 ივლისის საღამოს საბოლოო წერტილი დაესვა პროცესს, რომელმაც განსაკუთრებულად გაუცრუა იმედი ევროპულ ტაბლოიდურ გამოცემებს. სრულიად მოულოდნელად, ევროკომისიის პრეზიდენტად კანცლერ მერკელის უძველესი და უახლოესი თანამებრძოლი, ურსულა ფონ დერ ლეიენი აირჩიეს.

უკანასკნელი რამდენიმე თვეა მთელი მსოფლიო აკვირდება გერმანიის ფედერალური კანცლერის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ოფიციალური შეხვედრების მიმდინარეობისას, ტელეკამერების წინ ანგელა მერკელს უკვე მესამეჯერ ჰქონდა შეტევა. 2018 წლის ოქტომბერში ჰესენისა და ბაიერნის რეგიონალურ არჩევნებზე მისი პარტიის მიერ განცდილი მარცხის შემდეგ, მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ქალმა „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ (CDU)  თავმჯდომარის პოსტიც დატოვა. ანგელა მერკელს უკვე დიდი ხანია განცხადებული აქვს, რომ 2021 წელს მეხუთე ვადით კენჭს აღარ იყრის გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე. ევროპის ნაკლებად აკადემიურმა, მაგრამ მაღალტირაჟიანმა გამოცემებმა აქტიურად დაიწყეს გამოცდილი და მრავალკრიზისგამოვლილი პოლიტიკოსის ევროპის ახალგაზრდა ლიდერებთან შედარება. მათი დასკვნების მიხედვით, ევროპარლამენტის 2019 წლის არჩევნების შემდეგ „გადაღლილ პენსიონერს“ საკუთარ ძლევამოსილებას საბოლოოდ დაუმტკიცებდნენ საფრანგეთის ახალგაზრდა და ამბიციური პრეზიდენტი, ემანულ მაკრონი, ესპანეთის ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრი, პედრო სანჩესი და აღმოსავლეთ ევროპის ულტრამემარჯვენე ლიდერები.

16 ივლისის საღამოს საბოლოო წერტილი დაესვა პროცესს, რომელმაც განსაკუთრებულად გაუცრუა იმედი ევროპულ ტაბლოიდურ გამოცემებს. სრულიად მოულოდნელად, ევროკომისიის პრეზიდენტად კანცლერ მერკელის უძველესი და უახლოესი თანამებრძოლი, ურსულა ფონ დერ ლეიენი აირჩიეს. გფრ-ის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ჯერ ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურთა „გაძლიერებული კვალიფიციური უმრავლესობის“ მხარდაჭერა მოიპოვა („გაძლიერებული კვალიფიციური უმრავლესობა“ გულისხმობს – ევროკავშირის წევრი ქვეყნების 72%-ს, რომლებშიც თანამეგობრობის მოსახლეობის სულ მცირე 65% ცხოვრობს). მოგვიანებით კი, მის გაპრეზიდენტებას ევროპარლამენტის 747 დეპუტატიდან 383 სახალხო წარმომადგენელი მიემხრო. ურსულა ფონ დერ ლეიენმა მხოლოდ 9 ხმით გადააჭარბა თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ, კანონით დადგენილ მინიმალურ ბარიერს. ის ევროკავშირის ისტორიაში კომისიის ყველაზე დაბალი ლეგიტიმაციით (პარლამენტართა შორის) არჩეული პრეზიდენტია. თუმცა, როგორც თვითონ ამბობს: „უმრავლესობა უმრავლესობაა, ამ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა არ აქვს მის პროცენტულ გამოხატულებას“. ანგელა მერკელმა თავისი კაბინეტიდან ერთგული მინისტრი გაუშვა და შედეგად, ევროკავშირის შუაგულში ძალიან საიმედო პარტნიორი შეიძინა. სხვებთან ერთად, სხვების დახმარებით პირველმა ქალმა კანცლერმა ევროკომისიის პირველ ქალ პრეზიდენტს გაუკაფა გზა.

ვინ არის ურსულა ფონ დერ ლეიენი?

ევროკომისია ევროკავშირის მთავარი აღმასრულებელი და თანაკანონმდებელი სტრუქტურაა. მისი მეთაური 500 მილიონი მოქალაქის გამაერთიანებელი ორგანიზაციის პირველ პირად მიიჩნევა. შესაბამისად, ბოლო დღეებია ტალინიდან ლისაბონამდე, ლონდონიდან ლიმასოლამდე მთელი ევროპა ურსულა ფონ დერ ლეიენს გამადიდებელი შუშით აკვირდება.

ფონ დერ ლეიენი 60 წლის არის. ოჯახში იგი პირველი პოლიტიკური მოღვაწე არ გახლავთ. ევროკომისიის ახლად არჩეული პრეზიდენტის მამაც ბრიუსელში საქმიანობდა. ერნსტ ალბრეხტი 1950-60-იან წლებში გერმანიას წარმოადგენდა სხვადასხვა ევროპულ სტრუქტურაში, მუშაობდა ევროპული თანამეგობრობის გენერალურ დირექტორად კონკურენციის საკითხებში. სწორედ ამიტომ ურსულა ფონ დერ ლეიენი ბრიუსელში დაიბადა და გაიზარდა, პირველადი განათლება კი ევროპულ გიმნაზიაში მიიღო. პოლიტიკოსი ბრიუსელის სკოლაში გატარებულ წლებს უმადლის იმას, რომ ბავშვობიდან სრულყოფილად ფლობს ფრანგულ და ინგლისურ ენებს. ევროპული კარიერის დასრულების შემდეგ ერნსტ ალბრეხტი 14 წლის განმავლობაში სათავეში ედგა ქვემო საქსონიის რეგიონალურ მთავრობას.

ურსულა ფონ დერ ლეიენს საკმაოდ მრავალფეროვანი განათლება აქვს მიღებული. სხვადასხვა დროს ის სწავლობდა არქეოლოგიის, ეკონომიკისა და პოლიტიკის მეცნიერების ფაკულტეტებზე. თუმცა, საბოლოოდ, მან არჩევანი მედიცინის სასარგებლოდ გააკეთა. ის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მქონე ექიმია, რომელიც ეპიდემიოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით საქმიანობდა.

ევროკომისიის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა პირველი პოლიტიკური ნაბიჯები ქვემო საქსონიაში გადადგა. გახლდათ რეგიონის ოჯახის, ქალთა, მოხუცთა და ახალგაზრდულ საკითხთა მინისტრი. 2005 წლიდან იმავე თანამდებობას იკავებდა მერკელის ფედერალურ მთავრობაში, იყო გერმანიის შრომისა და სოციალურ საკითხთა ფედერალური მინისტრი, 2013 წლიდან კი თავდაცვის უწყებას ხელმძღვანელობდა. 

ევროპის კონსერვატიულ წრეებში ყურადღება მიიქცია მისმა ოჯახურმა მდგომარეობამ. ქ-ნი ფონ დერ ლეიენი ხუთ ძმასთან ერთად იზრდებოდა. იგი 1986 წლიდან დაქორწინებულია ჰანოვერის უმაღლესი სკოლის მედიცინის პროფესორ ჰაიკო ფონ დერ ლეიენზე, მათ შვიდი საერთო შვილი ჰყავთ. ოჯახი ყოველთვის გაურბის ბავშვების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას, მრავალშვილიანი წყვილის სტატუსის ინსტრუმენტალიზაციას. მედიაში სულ ერთი ოფიციალური ფოტოს მოპოვებაა შესაძლებელი, სადაც მშობლები შვიდ შვილთან ერთად არიან აღბეჭდილნი. 

რა იდეებს უჭერს მხარს ევროკომისიის ახალი პრეზიდენტი?

ურსულა ფონ დერ ლეიენმა ევროპარლამენტის წინაშე სიტყვა სამ ენაზე წარმოთქვა. მისი ბოლო შეძახილი იყო „გაუმარჯოს ევროპას!“ (გერმანულად, ფრანგულად და ინგლისურად). დამკვირვებლებმა მისი გამოსვლა ევროპის ერთიანობისკენ მიმართული ღირებულებათა სისტემის გამომხატველ მანიფესტად მიიჩნიეს. შვიდი შვილის დედამ და ექიმმა ყურადღება შემდეგ ძირითად საკითხებზე გაამახვილა:

  • ქრისტიან-დემოკრატმა პოლიტიკოსმა პირობა დადო, რომ მისი პრეზიდენტობის პირველი ასი დღის განმავლობაში მიიღებს საერთოევროპულ კანონს კლიმატის ცვლილების შესახებ. ამასთანავე, შეიმუშავებს სტრატეგიას, რომლის ამოცანა იქნება 2030 წლისთვის ნახშირის დიოქსიდის ემისიის განახევრება 1990 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. პრეზიდენტ ტრამპის ანტიეკოლოგიურმა პოლიტიკამ და 16 წლის შვედი მოსწავლის, გრეტა ტუნბერგის მიერ დაწყებულმა საგაფიცვო მოძრაობამ - Friedays for future – გადამწყვეტი გავლენა მოახდინეს ევროპის მოქალაქეების განწყობაზე. ევროპა რჩება ერთადერთ საერთაშორისო აქტორად, რომელსაც მკაფიო პოზიციის ჩამოყალიბება შეუძლია კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით. ურსულა ფონ დერ ლეიენი თანამეგობრობის განსაკუთრებულ მისიას გარემოსდაცვითი მიმართულებით სრულად აცნობიერებს.
  • გფრ-ის ყოფილი თავდაცვის მინისტრი ღიად უჭერს მხარს ევროპის ყველა ქვეყანაში მინიმალური ხელფასის კანონით განსაზღვრის ინიციატივას. ამასთანავე, იზიარებს უმუშევართა დაზღვევის საერთოევროპული სტანდარტების შემუშავების იდეას.
  • ქვემოსაქსონიელმა ყურადღება გაამახვილა ქალთა უთანასწორობის საკითხზეც. სადემონსტრაციოდ მან ევროკომისიის მაგალითი მოიყვანა. 2019 წლამდე ევროპას 183 კომისარი ჰყავდა, მათგან კი მხოლოდ 35 იყო ქალი (20%-ზე ნაკლები). ურსულა ფონ დერ ლეიენი შესაბამისი რეგულაციების შემოღების მომხრეა.
  • ქალმა პოლიტიკოსმა მტკიცედ დაუჭირა მხარი ევროკავშირის სტრატეგიას სამართლებრივი სახელმწიფოსა და სამართლის უზენაესობის მიმართულებით. მან განაცხადა, რომ არ დახუჭავს თვალს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში შესამჩნევ ანტიდემოკრატიულ ტენდენციებზე.
  • ურსულა ფონ დერ ლეიენი თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად დიგიტალიზაციას მიიჩნევს. იგი ფიქრობს, რომ აუცილებელია ციფრული ტრანსნაციონალური კონცერნების დაბეგვრა ადგილობრივი საშუალო და მცირე სამეწარმეო საქმიანობის მხარდასაჭერად.
  • ახლად არჩეული პრეზიდენტი აუცილებლად მიიჩნევს ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთისას ლტოლვილთა და მიგრანტთა სიკვდილის თავიდან აცილებას. ამასთანავე, ემხრობა მიგრაციის მიზეზების აღმოფხვრისთვის განვითარებადი ქვეყნების მხარდაჭერის იდეას. საემიგრაციო პოლიტიკის უფრო მკაფიო ხედვა მას გამოსვლისას არ ჩამოუყალიბებია.
  • ურსულა ფონ დერ ლეიენმა კიდევ ერთ პრიორიტეტად გამოაცხადა ევროპის სხვადასხვა რეგიონს შორის არსებული უთანასწორობის შემცირება და წონასწორობის ახალი პირობების შექმნა.
  • ალბრეხტების დინასტიის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებებისა და მულტილატერალიზმის მნიშვნელობასაც.

რა დასკვნების გამოტანა შეგვიძლია ახლად არჩეული პრეზიდენტის სანომინაციო სიტყვაში გამოკვეთილი ღირებულებების საფუძველზე? 

ურსულა ფონ დერ ლეიენი ქრისტიან-დემოკრატიული თანამეგობრობის ტრადიციულ და პრაგმატულ პოზიციებზე რჩება. ის ცდილობს შექმნას უნივერსალისტური დღის წესრიგი, რომლის საფუძველზეც პროევროპული ძალების ფართო სპექტრს შემოიკრებს ირგვლივ. მან თავისი გამოსვლით გზა მხოლოდ ევროსკეპტიკური ბანაკის მემარჯვენე და მემარცხენე წარმომადგენლებთან ურთიერთობისთვის მოიჭრა. გამოსვლაში მრავლად აღმოაჩენდით არა მხოლოდ ფონ დერ ლეიენის უშუალო მხარდამჭერების, ქრისტიან-დემოკრატებისა და ლიბერალების, პროგრამულ დებულებებს, არამედ ადვილად შეამჩნევდით სოციალ-დემოკრატებისა და „მწვანეებისთვის“ დამახასიათებელი პოსტულატების ხაზგასმის მცდელობასაც.

რას ამბობენ ფონ დერ ლეიენის მთავარი მოწინააღმდეგეები?

გერმანელ კანდიდატს ხმა არ მისცა სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წარმომადგენელთა ნაწილმა. მის წინააღმდეგ წავიდნენ „მწვანეებიც“. პროგრესული პოლიტიკური ჯგუფების ლიდერებს ორი მთავარი არგუმენტი მოჰყავთ ევროპარლამენტის რჩეულის საწინააღმდეგოდ:

  1. ურსულა ფონ დერ ლეიენს მონაწილეობა არ მიუღია ევროპარლამენტის არჩევნებში. გერმანელი მინისტრის  შესაძლო დაწინაურების შესახებ მსჯელობის დაწყებამდე, მთელი ევროპა თითქმის ერთი წლის განმავლობაში თვალყურს ადევნებდა პარტიული ოჯახების მთავარ კანდიდატებს. პოლიტიკურ ისტებლიშმენტში არსებობდა არაფორმალური დათქმა, რომ კომისიის პრეზიდენტი სწორედ მთავარ კანდიდატებს შორის უნდა შეერჩიათ. მაგალითად, ევროპის სახალხო პარტიაში შემავალი პოლიტიკური ორგანიზაციები მათი გამარჯვების შემთხვევაში კომისიის პრეზიდენტად თავიანთ მოწინავე კანდიდატს, ბაიერნელ მანფრედ ვებერს განიხილავდნენ. სოციალ-დემოკრატიულ თანამეგობრობას თავის პრეტენდენტად ფრანს ტიმერმანსი ჰყავდა დასახელებული. ლიბერალთა გუნდის სახედ დანიელი ეკონომისტი მარგარეტ ვესტეგერი განიხილებოდა. ევროპის ქვეყნების სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურებს ევროკომისიის პრეზიდენტად დასახელებულთაგან ერთ-ერთი უნდა წარედგინათ. ასეთი იყო საერთოევროპული კენჭისყრის შედეგი და საერთო მოლოდინი. მანფრედ ვებერი აღმასრულებელ ხელისუფლებაში მუშაობის გამოცდილების არქონის გამო კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა ევროპელ ლიბერალთა ლიდერისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისთვის. ფრანს ტიმერმანსის, ევროკომისიის მოქმედი ვიცე-პრეზიდენტის წარდგენა შეუძლებელი აღმოჩნდა წარსულში მის მიერ ვიშეგრადის ქვეყნებისთვის დაწესებული სანქციების გამო. სრულიად მოულოდნელად, ურსულა ფონ დერ ლეიენი გამოდგა ევროპის ლიდერთათვის კონსენსუალური ფიგურა, მას მხარი გერმანიასთან ერთად საფრანგეთმაც დაუჭირა და აღმოსავლეთ ევროპამაც.

მოკლედ, კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ხალხი არჩევნებზე მივიდა, ხმა მისცა კონკრეტულ პარტიებსა და მათ მოწინავე კანდიდატებს. ისინი ფიქრობდნენ, რომ მომავალ პრეზიდენტს მათ მიერ არჩეულ პირებს შორის გამოარჩევდნენ. საბოლოოდ კი, ყველაფერი კულუარებში გადაწყდა, პრეზიდენტი გახდა ადამიანი, რომელსაც არაფერი გაუკეთებია ერთწლიანი წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას. ფონ დერ ლეიენის ოპონენტები ევროკავშირის ერთადერთი პირდაპირ არჩეული სტრუქტურის დასუსტების ტენდენციას აპროტესტებენ.

  1. ახლად არჩეული პრეზიდენტის მოწინააღმდეგეები ევროპარლამენტში მიმდინარე განხილვების დროს ხშირად სვამდნენ აქცენტს ფონ დერ ლეიენის თავდაცვის მინისტრად მუშაობის დროს  გამოვლენილ უმძიმეს დარღვევებზე. მისი მინისტრობისას უწყება რამდენიმე სკანდალში აღმოჩნდა გახვეული. პირველ ჯერზე სამინისტრომ ვერ მოახერხა გარე ექსპერტთა  საშტატო განრიგის ცვლილებისა და გაზრდილი სახელფასო ფონდის სათანადო დასაბუთება. მოგვიანებით კი უწყება კიდევ უფრო მასშტაბურ ფინანსურ სკანდალში გაეხვია. გერმანიაში დღემდე მიმდინარეობს მსჯელობა სამხედრო ხომალდ „Gorch Fock“-ის რეაბილიტაციისთვის დახარჯული თანხების მიზნობრიობაზე. მაშასადამე, რიგი ევროპარლამენტარები საკმაოდ სამართლიანად მიანიშნებდნენ ფონ დერ ლეიენის, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლის, უმძიმეს შეცდომებზე.

„ბედნიერების საიდუმლო თავისუფლებაშია“

ფაქტია, რომ კრიტიკისა თუ წინააღმდეგობის მიუხედავად ურსულა ფონ დერ ლეიენმა მოახერხა უმცირესი უპირატესობით გამარჯვება და ევროკავშირის მთავარი თანამდებობის დაკავება. მას მუშაობა ურთულეს პერიოდში მოუწევს, სხვადასხვა ძალა ევროპის გახლეჩას ესწრაფვის, მსოფლიო ავტორიტარიზმისა და რადიკალიზაციის ეპოქაში ცხოვრობს, ყოველდღიურად უფრო მძაფრად ვგრძნობთ კლიმატის ცვლილების დამანგრეველ შედეგებს, სამყარო ეკონომიკური გლობალიზაციის გამოწვევებზე პასუხის გაცემას ვერ ახერხებს. როგორც ჩანს, შვიდი შვილის დედას მძიმე ფონი არ აშინებს. მან თავისი სიტყვის დროს რამდენიმე დამაიმედებელი ფორმულა შემოგვთავაზა.

„ევროპა ხანგრძლივ ქორწინებასავითაა. ალბათ, სიყვარული ისევ ისეთივე დიდია, როგორიც პირველ დღეს იყო. მაგრამ ის უფრო გაღრმავდა... ბედნიერების საიდუმლო თავისუფლებაშია, რომელიც გულადობასა და გამბედაობას მოითხოვს“.

მომავალი ხუთი წელი გამოაჩენს იმას, თუ რამდენად შესწევს ძალა ურსულა ფონ დერ ლეიენს ძველებურად დიდი სიყვარულის გაღრმავებისა და თავისუფლების საშუალებით ბედნიერების მისაღწევად აუცილებელი გამბედაობის გამოვლენისა.

-------------------

ლევან ლორთქიფანიძე - თსუ-ისა და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის შედარებითი პარტიული პოლიტიკის ლექტორი, „კავკასიური სახლის“ გამგეობის წევრი 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 ოქტომბერი
23 ოქტომბერი

კიდევ ერთი ამერიკული „აგური“ საქართველოს ...

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატამ ერთხმად (!) მიიღო „ორპარტიული“ კანონი ...
23 ოქტომბერი
23 ოქტომბერი

ბიძოს ტოპ 5 ტრიუკი

ბიძინა რომ ტრიუკების ოსტატია, ეს ძველი ამბავია. შვიდი წელი ისე გაიყვანა, თითქოს გუშინ მოვიდა მმართველობაში, მაშინ როცა მ ...
23 ოქტომბერი
23 ოქტომბერი

ერდოღანი პუტინს სოჭში შეხვდა

ჩრდილოეთ სირიაში განვითარებული მოვლენების შესაჯამებლად და საერთო სამომავლო პოლიტიკაზე შესათანხმებლად, 21 ოქტომბერს რეჯეფ ...

მეტი

^