Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დომინგოს დომინოც ჩამოიშალა

26 აგვისტო 2019
ლეგენდარულ საოპერო მომღერალს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ

თავის დროზე უმტკივნეულო სიტყვათაწყობა Sexual Harassment (სექსუალური შევიწროება)  წარმატებული არტისტების, მომღერლებისა თუ მოცეკვავეებისთვის რისხვისა და მრისხანების სინონიმად იქცა. სკანდალებმა კინოსამყაროდან და პოპ-მუსიკიდან უკვე აკადემიურ, საოპერო სცენებზე გადმოინაცვლა. საგანგაშო სიგნალი ჯერ კიდევ ორი წლის წინ გაისმა, როდესაც „მეტროპოლიტენ ოპერის“ მთავარი დირიჟორი ჯეიმს ლევაინი ლამის 30 წლიანი წარმატებული კარიერის მიუხედავად, გახმაურებული სექსუალური სკანდალების ფონზე პირდაპირი მნიშვნელობით გააქრეს მეტროპოლიტენის სცენიდან. ცუდი დღეები უდგას ოდესღაც დიდ ტენორსა და მოგვიანებით ბარიტონად შეცვლილ  პლასიდო დიმინგოს, რომელსაც ერთბაშად რამდენიმე ქალი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.

დომინგო, რომელიც ჯერ-ჯერობით ლოს ანჯელეს ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელად რჩება, იძულებულია მრავალრიცხოვანი შემოტევისგან თავი დაიცვას  და აცხადებს, რომ მომღერალ ქალებს არასოდეს აიძულებდა საოპერო როლის მისაღებად მასთან სექსუალური კავშირის დამყარებას. სკანდალები ძირითადად გარდასულ 70-80-იან წლებს ეხება, როდესაც მომღერალი კარიერის ზენიტში იყო და მასთან სიმღერაზე ლამის ყველა საოპერო დივა ოცნებობდა. თუმცა დღეს სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და ლეგენდარულ მომღერალს იმის მტკიცება უწევს, წაავლო თუ არა ხელი სცენაზე გასვლის წინ რომელიმეს კაბაზე, ან აკოცა თუ არა ძალით. სხვათა შორის, მომჩივანთაგან რამდენიმე სწორედ ძალით კოცნაზე მიუთითებენ.

„ანონიმი პირების მიერ 30-35 წლის წინანდელი ამბების დღეს სექსუალურ ძალადობად წარმოჩენა სახიფათო და არასწორია“ - ამბობს 78 წლის მომღერალი, რომლის მიმართაც „ლოს-ანჯელეს ოპერის“ ხელმძღვანელობამ უკვე დაიწყო გამოძიება, თუმცა მომღერალი ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელის სტატუსს, სადაც ის 2003 წელს მიიწვიეს, ჯერ კიდევ ინარჩუნებს.

სახელოვანი ესპანელი ტენორი, რომელიც წლების განმავლობაში მსოფლიოს  ცნობილი საოპერო სცენების სასურველი მომღერალი იყო, რომელსაც ასევე დიდი პოპულარობა მოუტანა ფრანკო ძეფირელის ფილმმა-ოპერამ „ტრავიატა“, ხოლო 90-იან წლებში ლუჩანო პავაროტისთან და ხოსე კარერასთან ერთად ლამის მსოფლიო მოიარა „სამი ტენორის“ ამპლუაში, აშკარა დისკომფორტს განიცდის. „მჯერა, რომ ყველა ჩემი ქმედება იყო ეთიკური და ხალხმა, რომელიც დიდი ხანია მიცნობს, იცის, რომ არავისთვის მიმიყენებია შეურაცხყოფა და არ დამიყენებია მსგავსი არჩევანის წინაშე“ - აცხადებს დომინგო.

ამასობაში ფილადელფიის ორკესტრის ასოციაციამ მომღერალს 18 სექტემბერს დაგეგმილი კონცერტი გაუუქმა, რაც საფუძვლიან ეჭვს აღძრავს, რომ დომინგოს „შავი დღეები“ ჯერ კიდევ წინ აქვს და არ არის გამორიცხული ფილადელფიის ორკესტრის მაგალითს კიდევ ბევრმა მიბაძოს. ლოს-ანჯელეს ოპერის მთავარი სპონსორი და ფილანტროპი მერილინ ზირინგი, რომელიც დიდი ხანია პლასიდო დომინგოს თაყვანისმცემელია და რომელმაც ლოს-ანჯელესის ოპერის განვითარებისთვის რამდენიმე მილიონი დოლარი გაიღო, ჯერ-ჯერობით კომენტარისგან თავს იკავებს და გამოძიების შედეგს ოპერის ადვოკატთან ერთად ელოდება. აღსანიშნავია, რომ ზერინგი ოპერის დირექტორთა საბჭოს წევრია, რომელიც თავის დროზე ჰოლოკოსტის მსხვერპლ-მუსიკოსთა ვინაობას იკვლევდა. ამდენად, დომინგოს პრეცედენტულ საქმეს მისთვისაც პრინციპული მნიშვნელობა აქვს.

ცნობილი ჟურნალისტი და კრიტიკოსი პატრიცია ვულფი წერს: „არა მგონია სექსუალურად შევიწროებულ ქალებს თავის დროზე გაეცნობიერებინათ მათ თავს რა ხდებოდა. ისინი უბრალოდ, ჩუმად დადიოდნენ, ან თვალს ხუჭავდნენ მსგავს ფაქტებზე. არც ისაა გამორიცხული, რომ მათ აწყობდათ კიდეც მსგავსი ვითარება, რომ ერთი მხრივ შეენარჩუნებინათ ცნობილ  მომღერალთან კარგი ურთიერთობა და მეორეს მხრივ, საკუთარი კარიერა არ დაენგრიათ.

ხშირ შემთხვევაში კი მამაკაცები ტრაბახობენ არა საკუთარი ფლირტით, ან წარმატებით, არამედ სხვების მიერ მოყოლილი მათი ისტორიებით. წლების შემდეგ სექსუალური შევიწროების ფაქტები უფრო ფსიქოლოგიურ პრობლემად მოჩანს, ვიდრე სამართლებრივ საკითხად. ქალისათვის, რომელიც დღეს ამტკიცებს, რომ ლეგენდარული და ძლევამოსილი დომინგო მას წლების წინ სექსუალურად ავიწროებდა, შესაძლოა ეს დროებითი და მცირე ტრიუმფის შანსი უფროა, ვიდრე სამართლიანი შურისძიება“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 სექტემბერი
20 სექტემბერი

მოლიერი, ჩეხოვი და სხვანი

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი - კლასიკური ტექსტებიდან სხეულის უსაზღვრო შესაძლებლობამდე
20 სექტემბერი
20 სექტემბერი

ქართული ფორუმის ძალა

2016 წლის 12 აპრილს ნაძალადევის რაიონში, საკუთარ სახლში დააკავეს ქართული ინტერნეტფორუმის, forum.ge-ს მომხმარებელი სულხან ...
19 სექტემბერი
19 სექტემბერი

ვინ დაუკრავს მუსიკას

ცოტაც და ოთხწლიან მოლოდინს ბოლო მოეღება. იაპონიაში რაგბის მსოფლიო თასი სტარტს აიღებს და მომდევნო თვე-ნახევრის განმავლობა ...

მეტი

^