Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ცვლადთა“ უცვლადობა ანუ როდემდე უნდა „სუფევდეს“ ხელისუფალი?

05 სექტემბერი 2019

რატომ არ ჩერდება 15-წლიანი სამთავრობო „კარუსელი“.

მმართველი პარტიაქართული ოცნებისთავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მაინც წარადგინა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, თუმცა მოსალოდნელი იყო, რომ ამ დანიშვნას ოპოზიციის მწვავე რეაქცია და სამომავლოდ მწვავე პოლიტიკურისათქმელიმოჰყვებოდა გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნების წინ.

მრავალი დანაქადის მიუხედავად, პოლიტიკურმა და საზოგადოებრივმა ოპოზიციამ ვერ მოახერხა მასების საპროტესტოდ მობილიზება. ეს, ერთი მხრივ, მის სისუსტეზე, მეორე მხრივ კი, სოციალური პროსტრაციის სიღრმეზე მეტყველებს 20 ივნისის ხანმოკლეაფეთქებისშემდეგ.

მომხდარს უამრავი საინტერესო ასპექტი აქვს, მაგრამ ალბათ ყველაზე არსებითი მაინცსამთავრობო კარუსელებშისისტემურისაერთო მნიშვნელისაღმოჩენაა 2004 წლიდან დღემდე.

ქვეყნის პოლიტიკურ კულტურასა და პოლიტიკურ ისტორიას, ასევე ტრადიციას, ზოგჯერ თითქოსდა უმნიშვნელო დეტალები ქმნის. საქართველოს ისტორიაში უდავოდ შევა (როგორც ნიშანდობლივი დეტალი) უკვე „გადაყენებული“ ექსპრემიერისთვის France Press-ის კორესპონდენტის დასმული კითხვა: „დიდხანს ვიფიქრე, თქვენთვის (!) რა უნდა მეკითხა და ვერაფერი მოვიფიქრეო“.

ვერც მოიფიქრებდა, რადგან, როდესაც პოლიტიკური აქტის რეალური მიზეზი უცნობია, გაუგებარია, აუხსნადია, შეუძლებელია მის ჩვეულებრივ დისკურსში განხილვა. მართლაცდა: თუ მოვლენის მიზეზი არ ვიცით, რა კითხვა შეიძლება დაისვას გარდა თვით მიზეზის ახსნის თხოვნისა, რაზედაც არავინ გასცემს პასუხს?

გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ასე თუ ისე ახსნა მოეძებნება: ერთადერთი რეალურად მნიშვნელოვანი და გავლენიანი ფიგურაა მილიარდერ ივანიშვილის გუნდში. მაგრამ მამუკა ბახტაძე რატომ „გაუშვეს“?

არსებობს პატივსაცემი აზრი, რომ, ედუარდ შევარდნაძიდან მოყოლებული, ჩვენს ხელისუფლებაში მუდამ არსებობდა ძალთა ბალანსი „პროდასავლურ“ და „პრორუსულ“ ძალებს შორის. შევარდნაძე ამას ოსტატურად ახერხებდა, უპირველეს ყოვლისა მაშინ, როცა საქმე ძალოვან სტრუქტურებს ეხებოდა. მაგალითად, შინაგან საქმეთა მინისტრს, „პრორუს“ კახა თარგამაძეს (დღეს რუსეთის მოქალაქეა და მოსკოვში ცხოვრობს) „აბალანსებდა“ თავდაცვის მინისტრი, „პროდასავლელი“ დავით თევზაძე.

პირველ ეტაპზე, საკმაოდ ფაქიზად და ფარულად, ამგვარი ბალანსის დაცვას მთავრობაში მიხეილ სააკაშვილიც კი ცდილობდა, მაგრამ დღეს ყველა პოსტი ძალოვან სტრუქტურაში იმ ფიგურებმა დაიკავეს, რომლებიც ვერანაირ „ბალანსს“ ვერ შექმნიან. თუმცა, ჩემი აზრით, ამ მოცემულობის ახსნა იმით, რომ ბიძინა ივანიშვილი რაღაც „სტრატეგიულ გარიგებას“ ამზადებს რუსეთთან, არასწორი იქნებოდა.

არანაირი სტრატეგიული გარიგების, მორიგების, შერიგების თუ გერმანული Geschäft-ის (ვაჭრობა, გაცვლა) რესურსი არც ბიძინა ივანიშვილს, არც საქართველოს და არც ქართულ საზოგადოებას არ გააჩნია. ნებისმიერი ნაბიჯი ამ მიმართულებით იქნება ნაბიჯი სამოქალაქო ომისკენ, განურჩევლად იმისა, უმრავლესობის ინტერესთა გამომხატველი იქნება იგი თუ ოდენ „პასიონარული უმცირესობისა“. ამ შემთხვევაში, ნამდვილად აღარ დაისმება დღევანდელი კითხვა: „ხომ იქადდა ოპოზიცია - თუ გახარიას დანიშნავს ბიძინა, ასიათასობით ადამიანს გამოვიყვანთო. მერე და რა?..“

დიახ, „ამის“ გამო არ გამოვა, მაგრამ 20 ივნისს გამოვიდა, რადგან გავრილოვის თავხედობა „პრორუსული“ ან „პროდასავლური“ პოლიტიკის გამოვლინება კი არ იყო, არამედ ყველა მოქალაქის „უნივერსალური შეურაცხყოფა“.

სხვაგვარად თუ ვიტყვით, საეჭვოა, ბიძინა ივანიშვილი გიორგი გახარიას გაპრემიერებით რაიმე მკვეთრ ნაბიჯს გეგმავდეს ამ სახიფათო მიმართულებით. მაშ რატომ ცვლის ასე ხშირად პრემიერ-მინისტრებს? თანაც მუდამ ერთი და იმავე „ტექნოლოგიით“: მოდის მთავრობის თავმჯდომარე ზარ-ზეიმით, მთელი პრემიერობის პერიოდში „ოცნება“ გვიყვება წარმატებებზე, მოულოდნელად პრემიერს „ხსნიან“ (ეს საბჭოთა ტერმინი უფრო შეესაბამება ამ ტრაგიკომიკურ ვითარებას, ვიდრე გვიანდელი „გაშვება“), ჩნდება ახალი პრემიერი... და კვლავ მეორდება იგივე.

არავინ არაფრის ახსნას რეალურად არ ცდილობს.

რატომ „წავიდა“ (სინამდვილეში „მოხსნეს“) ირაკლი ღარიბაშვილი? ვინმეს შეუძლია დანამდვილებით თქვას მიზეზი? ან ნუთუ ვინმეს სჯერა, რომ გიორგი კვირიკაშვილის „გაშვება“ UNICEF-ის დასკვნას უკავშირდებოდა? მამუკა ბახტაძემ უზარმაზარი ანგარიშიც გამოაქვეყნა, თუ რა წარმატებებს მიაღწია მთავრობამ მისი ხელმძღვანელობით სულ რაღაც ერთი წლის განმავლობაში... და ასეთ დროს, ბუნებრივია, ვიკითხოთ: თუ ასეა, 10 წლის განმავლობაში რამდენად მეტს გააკეთებდა?

მოსაზრება - „გიორგი გახარია საარჩევნოდ სჭირდებაო“, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს: შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ნაკლებ სასარგებლო იქნებოდა მმართველი პარტიისთვის, თუკი მის „გადაყენებას“ არ აპირებდნენ?

იმისათვის, რომ რეალური, სისტემური მიზეზი აღმოვაჩინოთ, უნდა დავძლიოთ ოპოზიციის ტაბუ („რაღა დროს იმ 9 წელზე ლაპარაკია“) და მცირე რეტროსპექტივის სახით გავიხსენოთ: ეს „კარუსელები“ საქართველოში დაიწყო უმალვე, როგორც კი ნაცვლად ე.წ. „ამერიკული მოდელისა“ (როდესაც პრეზიდენტი უშუალოდ ხელმძღვანელობს მთავრობას), ამუშავდა სხვადასხვა მოდიფიკაციის ევროპული მოდელი მთავრობით და პრემიერ-მინისტრით.

აბა გავიხსენოთ, რა ხშირად ტრიალებდა „კარუსელები“ მიხეილ სააკაშვილის მმართველობისას? 2004 წელს რამდენჯერმე შეცვალეს თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრები, ასევე გენერალური პროკურორი. ეს რაც შეეხება „ძალოვნებს“, თორემ სხვა მინისტრებსაც ასევე ხშირად ცვლიდნენ.

ერთადერთი, ვისაც სააკაშვილი ამას ვერ გაუბედავდა, იყო ზურაბ ჟვანია, რადგან მას საკუთარი „ბექგრაუნდი“ ჰქონდა და ძლიერი პოლიტიკური გუნდი ჰყავდა, ანუ „თავისთავადი პოლიტიკური ფიგურა“ იყო.

მაგრამ 2005 წლის 3 თებერვლის ტრაგედიის შემდეგ, არათუ მინისტრები, არამედ პრემიერ-მინისტრებიც ხშირად იცვლებოდნენ. ზოგიერთი მათგანის სახელსა და გვარსაც კი დღეს ძნელად თუ გაიხსენებს კაცი, რადგან, ზურაბ ჟვანიასგან განსხვავებით, არც ერთი მათგანი „თავისთავადი ფიგურა“ არ ყოფილა.

მაგრამ, ისევ და ისევ, ქვეყნის რეალური ხელისუფალის (იმ დროს მიხეილ სააკაშვილის, ამჟამად ბიძინა ივანიშვილის) ნამდვილი მოტივი რა იყო ამ „კარუსელთა“ მოწყობისას? როგორც ჩანს, სიღრმისეული მიზეზი პოსტსაბჭოურ საზოგადოებათა მენტალობაში უნდა ვეძიოთ, რასაც უეჭველად ითვალისწინებენ ხელისუფალნი: მათ სურდათ და სურთ „სუფევდნენ“ ქვეყანაში, სადაც კვლავინდებურად არ არსებობს ხელისუფლების ჯანსაღი, დემოკრატიული აღქმა! ამიტომაც მუდამ უმტკიცებენ „ხალხს“, რომ ყველა დანარჩენი, ხელისუფლებაში, ცვლადია, ისინი კი უცვლადნი არიან, ესე იგი, მხოლოდ მათ ხელთაა რეალური და განუყოფელი ძალაუფლება.

ეს მხოლოდ PR-თვალსაზრისით როდია მნიშვნელოვანი. პოსტსაბჭოურ ბიუროკრატიას, საშუალო და დაბალ დონეზე, სჭირდება მკაფიო წარმოდგენა, თუ ვინ არის „ძალაუფლების წყარო“ ქვეყანაში, ვინ არის უცვლელი, - ვინ „სუფევს“, ხოლო ვინ არის „ცვლადი“.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ბიუროკრატიას შეიძლება გაუჩნდეს განცდა, რომ „უზენაესი“ არც ისე „მაგარია“, რაკი ვერ ახერხებს წინა და შემდგომი პრემიერ-მინისტრებისთვის საზოგადოებაში არსებული ნეგატიური განწყობის „გაყოლებას“. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, „ორთქლის გამოშვებას“ მოთუხთუხე ქვაბიდან: განა რა დიდი უნარი სჭირდება „თავსახურის“ მოხდას? „თუ რეალური ძალაუფლების მპყრობელი სწორედ შენ ხარ, არ უნდა გიჭირდეს!“ - ასეთია მასობრივი აღქმა.

ბიძინა ივანიშვილის მმართველობისას ამ სინდრომს დაემატა პრეზიდენტის ინსტიტუტის, როგორც ძალაუფლების წყაროს, გაუქმება და კიდევ უფრო „მძიმე“ სტრუქტურის შექმნა - როდესაც პარტიის თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრის ყოფნა-არყოფნის შესახებ ზუსტად ისევე, როგორც მანამდე პრეზიდენტი. არადა, არც ერთ ევროპულ ქვეყანაში, არც ერთ „საპარლამენტო რესპუბლიკაში“ არ არის ამგვარი სიტუაცია, რომ პარტიის ყველაზე „წონადი“ ფიგურა პარტიის თავმჯდომარის პოსტს იკავებდეს და არა პრემიერ-მინიტრისას. ყველგან ან ეს ფიგურა ითავსებს პრემიერობასაც და პარტიის თავმჯდომარეობასაც (ბრიტანეთი), ან, როგორც CDU დღევანდელ გერმანიაში - პარტიის თავმჯდომარე განიხილება პრემიერის მემკვიდრედ ანგელა მერკელის წასვლის შემდეგ. ხოლო თუ პარტიის თავმჯდომარე სხვაა და პრემიერი - სხვა, მაშინ მათგან უფრო წონიანი ფიგურა სწორედ მთავრობის ხელმძღვანელად ინიშნება და არა პარტიის თავმჯდომარედ.

აბსოლუტურად გამორიცხულია, ვთქვათ, CDU-ს თავმჯდომარე აღიქმებოდეს ძალაუფლების წყაროდ და არა კანცლერი (პრემიერი).

საქართველოში კი ამჟამინდელი უგვანი სიტუაცია არ შეიცვლება, სანამ არ განხორციელდება ნამდვილი პოლიტიკური რეფორმა, ანუ ძალაუფლება და ხელისუფლება არ გაერთიანდება ერთ „ცენტრში“: დემოკრატიული წესით არჩეული პარლამენტის მიერ დანიშნულ მთავრობაში.

დღეს, მაგალითად, ბიძინა ივანიშვილის მიერ პრემიერის პოსტის დაკავება იქნებოდა ამის მანიშნებელი, თუმცა ის, რომ „ქართული ოცნება“ ამ უმნიშვნელოვანეს სახელმწიფოებრივ რეფორმას განახორციელებს, სწორედაც ოცნების სფეროა... ისევე როგორც იმის იმედად ყოფნა, რომ დღევანდელი მმართველი პარტიის მთავარი ოპონენტი პარტია და მისი ლიდერი არ შეეცდებიან ზუსტად ასეთივე სისტემის აგებას, როცა „ნამდვილი ხელისუფალი“ (განურჩევლად იმისა, სად არის) „სუფევს“, ხოლო სხვა ყველა „ცვლადია“ მის გარდა. 

დათო გამცემლიძე - ჟურნალისტი, ისტორიკოსი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 სექტემბერი
20 სექტემბერი

მოლიერი, ჩეხოვი და სხვანი

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი - კლასიკური ტექსტებიდან სხეულის უსაზღვრო შესაძლებლობამდე
20 სექტემბერი
20 სექტემბერი

ქართული ფორუმის ძალა

2016 წლის 12 აპრილს ნაძალადევის რაიონში, საკუთარ სახლში დააკავეს ქართული ინტერნეტფორუმის, forum.ge-ს მომხმარებელი სულხან ...
19 სექტემბერი
19 სექტემბერი

ვინ დაუკრავს მუსიკას

ცოტაც და ოთხწლიან მოლოდინს ბოლო მოეღება. იაპონიაში რაგბის მსოფლიო თასი სტარტს აიღებს და მომდევნო თვე-ნახევრის განმავლობა ...

მეტი

^