Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზელენსკის საერთაშორისო გამარჯვება - რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს

10 სექტემბერი 2019

კიევის ბორისპოლის აეროპორტში დაფრენილი ლურჯ-ყვითელი სამთავრობო თვითმფრინავიდან მეზღვაური დენის გრიცენკო პირველი ჩამოვიდა. ის იქვე, დაცვის გარეშე მდგომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრებოდა, როცა მისი ვაჟი არტიომი გახარებული გაიქცა მამასთან ჩასახუტებლად. ემოციებმა ყველანაირი წესი უგულებელყო და სულ მალე ქვეყნის პრეზიდენტი, მისი ოფისის თავმჯდომარე და სხვა მაღალჩინოსნები, მასმედიის წარმომადგენლები, ყოფილი პატიმრები და მათი ნათესავები ერთად იდგნენ და რუსეთში დაპატიმრებულ უკრაინელთა დაბრუნებას ეროვნული დღესასწაულივით ზეიმობდნენ.

თითქმის იმავდროულად, რუსული საპრეზიდენტო ავიაციის ერთ-ერთი თვითმფრინავი, რომლითაც უკრაინაში დაპატიმრებულები რუსეთში ბრუნდებოდნენ, მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, მისი უკრაინელი კოლეგისგან განსხვავებით, პატიმრებს არ დახვედრია, რადგან ამ დროს ის მოსკოვის მერ სერგეი სობიანინთან ერთად მოსკოვის დღისადმი მიძღვნილ დასკვნით ღონისძიებას ესწრებოდა. პუტინის მსგავსად, არც დამოუკიდებელ მედიას ჰქონდა შესაძლებლობა, ეს თითქოს მნიშვნელოვანი და ისტორიული მომენტი გაეშუქებინა.

იმ დროს, როცა კიევში პატიმრებს ქვეყნის პირველი პირი ხვდებოდა, მოსკოვში ეს როლი რუსული საერთაშორისო-საინფორმაციო სააგენტო „რასია სევოდნიას“ გენერალურმა დირექტორმა, ფსევდოჟურნალისტმა დმიტრი კისელიოვმა მოირგო. თუმცა, როგორც მოგვიანებით გამოჩნდა, კისელიოვი ერთი კონკრეტული პატიმრის, კირილ ვიშინსკის დასახვედრად ყოფილა მისული. დანარჩენი ოცდათოთხმეტი ყოფილი პატიმარი, ციმციმიან სამთავრობო მანქანებში ჩასვეს და მედიისთვის უცნობი მიმართულებით წაიყვანეს.

პატიმრების ახლანდელი გაცვლა რუსეთ-უკრაინის ურთიერთობების განსაკუთრებულ მომენტად შეიძლება შეფასდეს, რადგან ყირიმის ანექსიის შემდგომ ამ ორ ქვეყანას ერთად და პროდუქტიულად არაფერზე უმუშავიათ. თუმცა არც ეს გაცვლა გამოდგა ადვილი. უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლები გაცვლის დეტალებს თვეების განმავლობაში ათანხმებდნენ და რამდენიმეჯერ გაცვლა ჩაშლის პირასაც კი აღმოჩნდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, სიები გაცვლის წინა დღესაც შეიცვალა - მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაცვლა შეეხებოდა ოცდაჩვიდმეტ პირს, საბოლოოდ მათგან ოცდათხუთმეტი შეირჩა.

ვინ იყო ის სამოცდაათი პატიმარი, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ახლანდელ ისტორიულ გაცვლის პროცესში მონაწილეობდნენ?

უკრაინაში დაბრუნებულები

მოსკოვიდან კიევში ჩაფრენილი ოცდათხუთმეტი კაციდან ოცდაოთხი ყირიმის ნახევარკუნძულთან, ქერჩის სრუტეში დაპატიმრებული უკრაინული გემის მეზღვაურები არიან, რომლებიც რუსულმა საზღვაო ძალებმა ჯერ კიდევ 2018 წლის ნოემბერში, ტერიტორიული წყლების უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. ქერჩში დაპატიმრებულ მეზღვაურთა გათავისუფლება ვოლოდიმირ ზელენსკის წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი განსაკუთრებული შემადგენელი იყო - ის ცალსახად მანიპულირებდა უკრაინელთა ემოციური განწყობილებებით, თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, მან ეს დაპირება შეასრულა.

მეზღვაურების გარდა, კიევში ჩავიდა რეჟისორი ოლეგ სენცოვი, რომელსაც ტერორისტული დაჯგუფების შექმნის, რამდენიმე ტერორისტული აქტის დაგეგმვისა და აღსრულების ბრალდებით ჯერ კიდევ 2015 წელს ოცი წლით პატიმრობა მიესაჯა. რეჟისორის დაკავებას მაშინვე გამოეხმაურა მაშინდელი უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, რომელმაც ტვიტერზე დაწერა: „ცოტაც მოითმინე, ოლეგ. დადგება დრო და ისინი, ვინც შენ ეს საქმე „შეგიკერა“, თვითონვე აღმოჩნდებიან ციხეში“. რუსეთთან უმძიმესი ურთიერთობის ფონზე, ეს პირობა პოროშენკომ თავისი პრეზიდენტობის დროს ვერ შეასრულა.

უკრაინაში დაბრუნებულ პატიმართაგან მხოლოდ რამდენიმე დააკავეს უშუალოდ ყირიმის სამოქალაქო ომთან დაკავშირებული ბრალდების საფუძველზე. საქმე ის არის, რომ ვლადიმირ პუტინმა, როგორც ჩანს, ყირიმის საქმეზე დაპატიმრებულები ამ გაცვლაში განსაკუთრებული, ჩვენთვის უცნობი მიზეზის გამო არ მოახვედრა. ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთის ძალოვანმა სტრუქტურებმა ნახევარკუნძულზე წმენდა დაიწყეს, რასაც სამოცდაათამდე უკრაინელი მოხალისე ჯარისკაცის თავისუფლება შეეწირა. მათი უმრავლესობა ჯერ კიდევ პატიმრობაში რჩება, თანაც გაურკვეველია, როდემდე.

აღსანიშნავია ისიც, რომ ე.წ. „ყირიმელი ტერორისტების“ საქმეზე დაკავებული თხუთმეტი კაციდან კიევში მხოლოდ ერთი, ევგენი პანოვი ჩავიდა. მედიაპლატფორმა „დოჟდის“ ჟურნალისტი პაველ ლობკოვი ამას შემდეგი მიზეზით ხსნის - პანოვი დაკავებულთაგან ერთადერთია, ვისაც მხოლოდ უკრაინის მოქალაქეობა დაუმტკიცდა, დანარჩენები რუსეთის მოქალაქეები ან ორმაგი მოქალაქეობის მქონენი არიან. ე. წ. „ყირიმელი ტერორისტები“ სინამდვილეში სიმფეროპოლში ცხოვრობენ და ისინი რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას აპროტესტებდნენ.

გაცვლასთან დაკავშირებით, გაცვლის დღესაც და მანამდეც, რუსეთში დიამეტრულად განსხვავებული მდგომარეობა იყო. მოსკოვში ყოფილ პატიმრებს ისე დახვდნენ, როგორც საქმეში ჩასვრილ აგენტებს: ფარულად, სწრაფად და მედიის ჩაურევლად.

იურისტ ილია ნოვიკოვის აზრით, ეს რუსეთში არსებული საზოგადოებრივი განვითარების ამჟამინდელმა დინამიკამ განაპირობა - რუსულ საზოგადოებას არ ადარდებდა, თუ ვინ გაიცვლებოდა და ვინ არა, ხალხმა არც ვინმეს სახელი და წარმომავლობა იცოდა. ამის საპირწონედ, პაველ ლობკოვი ამბობს, რომ მთავრობასთან ასოცირებული მედიაუწყებები ამ გაცვლას დეტალურად არ გამოიძიებენ, რადგან ამით მათ შეიძლება ყირიმის ომის დროს გავრცელებულ რუსულ ნარატივებს ფარდა ახადონ და ოფიციალური მოსკოვის ერთგვარი თეზისი - უკრაინაში რუსული ჯარი არ ყოფილა - უარყონ.

რუსეთში დაბრუნებულები

კიევიდან მოსკოვში დაბრუნდა ჟურნალისტი კირილ ვიშინსკი, რომელიც უკრაინაში „რია ნოვოსტის“ მთავარ რედაქტორად რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა. რუსეთისა და უკრაინის მოქალაქე ვიშინსკი, უკრაინის უშიშროების სამსახურის შუამდგომლობის საფუძველზე, ქვეყნის წინაშე ღალატის ბრალდებით 2018 წლის მაისში დააკავეს და 15 წელი მიუსაჯეს. წლების განმავლობაში, კირილ ვიშინსკი ანტიუკრაინულ პროპაგანდას ეწეოდა, მათ შორის რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიასაც უჭერდა მხარს. სწორედ კირილ ვიშინსკის დახვდა აეროპორტში პროპაგანდისტი დმიტრი კისელიოვი.

კირილ ვიშინსკის გარდა, რუსეთში დაბრუნდნენ მოხალისე სამხედრო ალექსეი სედიკოვი და სხვები, რომლებსაც ბრალად ედებოდათ ე.წ. „დონეცკისა და ლუგანსკის ეროვნული რესპუბლიკების“ საჯარისო დანაყოფების შექმნა, წევრობა, აშკარა და ფარული ბრძოლა უკრაინის სამხედრო დანაყოფების წინააღმდეგ, რუსული მხარისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი სტრატეგიული ინფორმაციის გადაცემა და ქვეყნის ღალატი. ამ ცამეტი ადამიანის სია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილემ, ანატოლი მატიოსმა გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ რუსეთის საგარეო უწყებას გაცვლილი ტყვეების ოფიციალური სია დღემდე არ გამოუქვეყნებია.

რუსეთში დაბრუნებულთა სიაში ასევე მოხვდა ვლადიმირ ცემახი, რომელიც 2014 წელს ქალაქ სნეჟნისთან არსებულ საჰერო თავდაცვით კორპუსს ხელმძღვანელობდა. სწორედ ამ ტერიტორიაზე, საეჭვო ვითარებაში, ჩამოვარდა ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში მიმავალი სამგზავრო თვითმფრინავი ბოინგ 777-200ER, რომელსაც მალაიზიური ავიახაზები ასრულებდა, რეისით MH-17. ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი დაიღუპა. ამ საზარელი შემთხვევიდან მალევე, ოფიციალურმა კიევმა ბრალი რუსეთს და მის მიერ მართულ უკრაინაში საომრად ჩასულ ჯარისკაცებს დასდო. გამოძიება ნიდერლანდების საავიაციო სააგენტოს დაეკისრა. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ვლადიმირ ცემახი მთავარი ბრალდებული თუ არა, „ოქროს მოწმე“ მაინც იყო. აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდურმა მხარემ ამ საქმეზე ხუთი ბრალდებული 19 ივნისს დაასახელა.

3 სექტემბერს ნიდერლანდების პროკურატურამ თხოვნით მიმართა პრეზიდენტ ზელენსკის ოფისს, არ გაეთავისუფლებინათ ვლადიმირ ცემახი, რადგან საერთაშორისო გამოძიებას მისი დაკითხვა სურდა. ორ დღეში, 5 სექტემბერს, ევროპარლამენტის ორმოცკაციანმა ჯგუფმა  ამავე თხოვნით წერილი ვოლოდიმირ ზელენსკისაც გაუგზავნა.

გაცვლის დღეს, 7 სექტემბერს, ვოლოდიმირ ცემახის რუსეთში გამგზავრებას საერთაშორისო და ადგილობრივი სოციუმის ნაწილის კრიტიკა მოჰყვა. ზოგი ზელენსკის სისუსტეზე აპელირებდა და ამბობდა, რომ ამ ჟესტით მან ვლადიმირ პუტინს დაუჩოქა. ზოგი კი ოლეგ სენცოვის სიტყვებს იხსენებდა, რომ, თუკი საჭირო იქნებოდა, ის ლურსმანივით ჩაეჭედებინათ რუსული პოლიტიკის კუბოზე. გაცვლის დასრულების შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პასუხი გასცა ყველა კრიტიკოსს: „ის დაიკითხა არა მხოლოდ გაცვლამდე, არამედ მანამდეც. არ დავასახელებ იმ ევროპელ ლიდერთა გვარებს, რომლებთანაც ყველა დეტალი შევათანხმეთ. ყველაფერი შევასრულეთ, რაც კი გვევალებოდა. ეს რთული იყო. მეშინოდა, ამის გამო გაცვლა არ ჩაშლილიყო“.

რუსეთ-უკრაინას შორის ტყვეთა გაცვლა დადებითად შეაფასეს მსოფლიო ლიდერებმა. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ამ ნაბიჯს „იმედისმომცემი“ უწოდა. აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი ორივე ქვეყანას მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს მშვიდობისკენ გადადგმული პირველი დიდი ნაბიჯი იყო. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ოლეგ სენცოვისა და უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლებამ მას შვება მოჰგვარა. დადებითია ოფიციალური პარიზისა და ოტავას შეფასებებიც.

გაცვლის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინს შორის გაიმართა სატელეფონო საუბარი, რომლის ფარგლებშიც პრეზიდენტებმა პატიმრების გაცვლა დადებითად შეაფასეს და მომავალ სამოქმედო გეგმაზეც ისაუბრეს.

გაპრეზიდენტებიდან პირველი ასი დღის განმავლობაში ვოლოდიმირ ზელენსკი ცდილობდა, ძალაუფლება ხელთ ეგდო. მას ეს გამოუვიდა - მისმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნები მოიგო და, პირველად უკრაინის უმაღლესი რადის ისტორიაში, პარლამენტში უმრავლესობით შევიდა. მეორე ასი დღე ზელენსკისთვის გადამწყვეტი უნდა ყოფილიყო, და ასეც მოხდა. პატიმრების გაცვლა სამუდამოდ დარჩება ისტორიაში, როგორც ვოლოდიმირ ზელენსკის პრეზიდენტობის ნათელი წერტილი. თუმცა გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია და ამას უკრაინის პრეზიდენტიც ხვდება. მისივე განცხადებით, პატიმრების დაბრუნებით საქმე არ მთავრდება, რადგან უკრაინა ჯერ კიდევ ელოდება თავისი ჯარისკაცების, ტყვეების, მეზღვაურებისა და, რაც მთავარია, ტერიტორიების დაბრუნებას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^