Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სელექციის „სიამენი"

11 სექტემბერი 2019

დიდი შეჯიბრებისთვის გუნდის შერჩევა რთული საქმეა. რთული და უმადური. თან, რაც უფრო მნიშვნელოვანი ტურნირისთვის ემზადება მწვრთნელი, მით უფრო მაღალია მისი მასობრივი ლანძღვის კოეფიციენტი. გული ჯერ იმას სწყდება, ვინც გუნდში ვერ ხვდება, შემდეგ კი მის გულშემატკივართა არმიას, რომელთა ენებსაც ძვალი არც აქვს და არც არასოდეს ექნება.

ყველას ვერ ასიამოვნებო, ამბობენ ხოლმე და ეს ნათქვამი ზუსტად შეესაბამება სელექციის პროცესს. ყველაზე რთული კი ისაა, რომ ეს შერჩევა ერთჯერადი პროცესი არაა. როცა მწვრთნელი ხარ, ჯერ ისეთი ატმოსფერო უნდა შექმნა, რომ თან ძმური გარემო იყოს და თან ჯანსაღი კონკურენცია; მერე მეტად მტკივნეული არჩევანი უნდა გააკეთო კარგსა და უკეთესს შორის; შემდეგ კი იმ დაწუნებულ კარგს ისე უნდა დაემშვიდობო, რომ მთლად არ აუცრუო გული და სახვალიოდაც გეთქმოდეს სიტყვა. და ეს ყველაფერი ისე უნდა გააკეთო, რომ საკუთარ თვალთახედვასა და შინაგან რწმენას არ გადაუხვიო. პეტრე თუ პავლეს სჯობია, პეტრე უნდა წამოვიდეს, რამხელა ავტორიტეტიც არ უნდა ჰქონდეს პავლეს.

ზოგჯერ ისეთი მოთამაშეები აღმოჩნდებიან ხოლმე გემბანს მიღმა, რომელთა სახელის ხსენებაც კი ქვეყანას აზანზარებს. ჟურნალისტები ცდილობენ გაარკვიონ მათი დაწუნების მოტივები, მაგრამ, ცხადია, მწვრთნელები ბოლომდე არასოდეს ამხელენ იმ საუბრის დეტალებს, რომლის დროსაც მოთამაშეს დათხოვნის მიზეზი აუხსნეს. და მერე იწყება მარჩიელობა, ჭორები, ვერსიები და, რა თქმა უნდა, ლანძღვა, ლანძღვა, ლანძღვა...

რამდენიმე დღეში იაპონიაში რაგბის მსოფლიო თასის გათამაშება იწყება. საქართველოს ნაკრები სხვა 19 გუნდთან ერთად დანიშნულების ადგილზეა და 20 სექტემბერს ჩემპიონატის დაწყებას ელოდება. მსოფლიოს ოცმა საუკეთესო ნაკრებმა მთელი ზაფხული მზადებასა და სელექციაში გაატარა, რომ პლანეტის პირველობისთვის საუკეთესო 31-31 მორაგბე შეერჩია. ეს პროცესი ტრადიციულად მწვავე და ხმაურიანი იყო. მსოფლიო თასს მიღმა რამდენიმე ძალიან ღირსეული მოთამაშე დარჩა და სწორედ რამდენიმე მათგანი მინდა გაგაცნოთ. მოდი, ქართველებით დავიწყოთ:

1. ზურაბ ჟვანია

ინგლისური „უოსფსის“ მარცხენა ბურჯი სახალხო სიყვარულით არის განებივრებული. ზუზუს გარღვევებს ტრიბუნა განსაკუთრებულ ყიჟინას ააყოლებს ხოლმე და ეს ზუზუსაც მოსწონს. მას უყვარს ეფექტურად თამაში, მთელი თავისი 125 კილოგრამით გაკუნტრუშება და ბურთის ნახტომში დამიწება, პირუეტები და ლამაზი ოფლოუდები... მაგრამ ამ ყველაფერმა საქმეს ვერ უშველა. მილტონ ჰეიგმა ის თავის გუნდში ვერ დაინახა და ფოთელი მორაგბე გაფართოებულ შემადგენლობაშიც კი არ ჩასვა. ვერსიები ბლომად იყო: ზოგი ამბობდა, სტატიკაში ისეთი მაგარი ვერააო, ზოგმა - ფიზმომზადების ტესტი ვერ ჩააბარაო, ზოგი - გუნდის სათამაშო ტაქტიკას არ შეესაბამებაო. ნამდვილი მიზეზი, როგორც უკვე გითხარით, მხოლოდ შესაბამისმა ინსტანციებმა იციან, თავად ზუზუმ კი ცეცხლს ნავთი ფეისბუქპოსტით დაასხა.

„მივმართავ ყველა გულშემატკივარს: მადლობა ყველაფრისთვის, მადლობა დაფასებისთვის, გულშემატკივრობისთვის. სამწუხაროა, რომ წელს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ვერ დავეხმარები. მინდა იცოდეთ, რომ ეს ჩემი პირადი სურვილის გამო არ მომხდარა, ისევ თქვენი და საქართველოსთვის მინდოდა მეთამაშა, განსაკუთრებით რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ ვერ ვითამაშებ კონკრეტული ადამიანების პირადი ინტერესების გამო. ცუდია, რომ სარაგბო სამყაროში ვიღაცის ინტერესები გადამწყვეტია, მაგრამ იცოდეთ, მე აუცილებლად გაგახარებთ. ჩემს ქვეყანაში თუ ამის უფლებას არ მაძლევენ, სხვა ქვეყნიდან. მინდა წარმატება ვუსურსვო ჩემს მეგობრებს, საქართველოს ნაკრებს. მადლობა ყველა თქვენგანს ყურადღებისთვის. დასმულ კითხვებს წინასწარ ვცემ პასუხს. ვისაც ენდომება ამ თემაზე საუბარი, ყველასთვის გახსნილი იქნება, რადგან არ ვარ პირველი, მაგრამ მინდა უკანასკნელი ვიყო და მომავალში სხვაც არ აღმოჩნდეს ჩემს სიტუაციაში. საქართველოში ჩამოვედი საქართველოსა და თქვენთვის, ჩემი გულშემატკივრისთვის, მაგრამ მინდა ვისაუბრო ამ საკითხზე და ისე დავბრუნდე უკან. მინდა საქართველო და თქვენ კიდევ ბევრჯერ გაგახაროთ", - წერს ჟვანია „ფეისბუქზე".

2. მიხეილ გაჩეჩილაძე

რუსული „ენისეის“ მესამეხაზელი ასევე ვერ მოხვდა საწყის 42 კაცში, რითაც გულშემატკივართა დიდი ნაწილის გულისწყრომა გამოიწვია. მიშუ ხომ, ზუზუსი არ იყოს, ერთ-ერთია იმ იშვიათ ქართველ ფორვარდთაგან, რომლებიც უაღრესად შემტევ, სანახაობრივ რაგბის თამაშობენ და მოედანზე სულ ჩანან. ესთეტიკასაც რომ შევეშვათ, ჩელენჯ თასის გასულ სეზონში ყველაზე მეტი ბოჭვა შეასრულა და, შემტევთან ერთად, ჩინებული დამცველის სახელიც მოიხვეჭა... მაგრამ არც თამაშის სილამაზე და არც სტატისტიკა არ აღმოჩნდა საკმარისი არგუმენტი მისთვის შანსის მისაცემად და გაჩეჩილაძეც საკლუბო რაგბის ამარა დარჩა.

3. მერაბ კვირიკაშვილი

მეკომ ოთხი მსოფლიო თასი ითამაშა. მეხუთეზეც რომ მოხვედრილიყო, სამოელი ბრაიან ლიმას რეკორდს გაიმეორებდა და ქართული რაგბის ისტორიას კიდევ ერთი ფურცლით გაამდიდრებდა. თუმცა ბოლო ზღუდე ვეღარ გადალახა. ეროვნულში სულ-სულ ნორჩი მოხვდა და წლების განმავლობაში ნაკრების ყველა მნიშვნელოვანი წარმატების ერთ-ერთი შემოქმედი იყო. რამდენიმე წლის წინ დიდი ტრაგედია დაატყდა თავს, მაგრამ თავში ძალა იპოვა, რაგბის დაუბრუნდა, ფორმა აღიდგინა და ეროვნულში ისევ მოხვდა. გაფართოებულშიც აღმოჩნდა და მოსამზადებელი პერიოდიც გაიარა, მაგრამ ბოლო ეტაპზე სამწვრთნელო შტაბმა მისი დატოვება გადაწყვიტა, რითაც ისედაც საკმაოდ გამოუცდელ უკანა ხაზს (თოდუას თუ არ ვიგულისხმებთ) ერთბაშად 115 კეპი მოაკლდა. ეს კი დიდი გამოცდილებაა. ფეისბუქის გარეშე არც მეკოს დატოვებას ჩაუვლია. ამჯერად მეგობარს ცენტურიონი ბორჯღალოსანი გიორგი ჩხაიძე გამოექომაგა და ნაკრების მწვრთნელს საჯაროდ მისწერა: „არა ხარ შენ კაი კაცი, მილტონ...“ მაგრამ ამით აბა საქმეს რას უშველიდა?!

4. კახა ასიეშვილი

როგორც აღმოჩნდა, მილტონის „კიდობანში“ მხოლოდ ორი მარცხენა ბურჯისთვის ყოფილა ადგილი. შესაბამისად, საბოლოო გუნდის ჩამოსაყალიბებლად მას სერიოზული არჩევანი უნდა გაეკეთებინა: ნარიაშვილი, გოგიჩაშვილი ან ასიეშვილი. არა, მოდი პირდაპირ ვთქვათ, მიშა ნარიაშვილს გუნდიდან არც ერთი მწვრთნელი არ გაუშვებდა, ასე რომ, შტაბს გოგიჩასა და კარლენას შორის უნდა აერჩია. კახა სტატიკაშიც კარგია და დინამიკაშიც, თან უკვე კაცურ ასაკშია და ამ პოზიციის შესაბამისი ჯანიც მოსდგამს, ბოლო თამაშში ძალიან აქტიური იყო და ლელოც გაიტანა. ჰოდა, ის რომ აერჩიათ, არც არავის გაუკვირდებოდა, მაგრამ მწვრთნელებმა ფრანგული „რასინგ 92-ის“ ნორჩი მორაგბე გურამ გოგიჩაშვილი ამჯობინეს, რომელიც უნიჭიერესი და პერსპექტიული კია, მაგრამ სულ 22 წლისაა და გულშემატკივრებს გული უსკდებათ, ვაიდა, გველეშაპებთან ჭიდილს ვერ გაუძლოსო. არის ამაში ლოგიკის მარცვალიც და თუ, ღმერთმა არ ქნას, ეს გამართლდა, მაშინ კი ნამდვილად გული დაგვწყდება, კახა რომ შინ დარჩა.

სადაც საქართველოში ოთხი მოიძებნა, დანარჩენ მსოფლიოში ოთხასსაც იპოვის კაცი, მაგრამ აქ მხოლოდ დიდზე დიდი კალიბრის ოთხეულს გთავაზობთ.

1. ოუენ ფრენკსი

31 წლის ახალზელანდიელი მარჯვენა ბურჯი. ორგზის მსოფლიო ჩემპიონი. არათუ ბებერი, ბურჯისთვის ძალიანაც ყოჩაღ ასაკში. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური პირველხაზელი. „ოლ ბლექსის“ ბოლოდროინდელი წარმატებების უცვლელი მონაწილე და ერთ-ერთი მთავარი გმირი. 2011 წლის მსოფლიო თასის ფინალში 80-ივე წუთი შეუცვლელად ითამაშა და ის უმძიმესი მატჩი საფრანგეთთან თავის გუნდს გამარჯვებამდე მიაყვანინა (8-7). 2015-ის ფინალშიც ძირითადში იყო და თასი იქაც დამსახურებულად ასწია. ჯამში, შავი მაისურით 108 (!) მატჩი ჩაატარა და უკვე „დიდების“ კომპანიის წევრია. და მაინც, სტივ ჰანსენმა მის უსაზღვრო გამოცდილებასა და საიმედოობას უფრო დინამიკური, მაგრამ შედარებით ახალბედა და გამოუცდელი ბურჯები ოფა ტუ’უნგაფასი, ნეპო ლაულალა და ანგუს თა’ავაო ამჯობინა (სამივეს ჯამში 58 კეპი აქვს). კივების ქვეყანაში ამან გვარიანი შფოთვა გამოიწვია, არგუმენტები კი ასეთი იყო: შეიძლება ის სამი ღია თამაშში უფრო ცოცხალია, მაგრამ პირველივე მატჩში „ცხოველად“ წოდებული აფრიკელი, თენდაი მთავარირა ნამგალივით რომ გაგიღუნავს ორივე მარჯვენა ბურჯს, მერე სად მიდიხარო! ალბათ აქაც არის სიმართლის ელემენტი: ფრენკსი უშველებელი ფიზიკური და ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ თამაშს დიდი ხანია მიჩვეულია, იმ სამ ჯეელს კი ჯერ ყველაფერი დასამტკიცებელი აქვს.

2. ნანი ლაუმაპე

ახალ ზელანდიაში დავრჩეთ და ერთი ჯირკივით ბიჭის ამბავიც ვიკითხოთ. შუამარბი ნანი ლაუმაპე „ოლ ბლექსში“ 2017 წელს გამოჩნდა, მას შემდეგ 15-ჯერ ითამაშა და 10 ლელო გაიტანა. არც შედეგია ურიგო და თამაშიც სასეირო იცის. შეიძლება დახვეწილი ტექნიკით არ გამოირჩევა, მაგრამ ორ-სამ მეტოქეს ისე გადათელავს, წარბი არ შეუტოკდება. ზოგჯერ მკვდარი მომენტების გაცოცხლება შეუძლია და არაფრიდან უპირატესობას ქმნის. თუმცა სტივ ჰანსენმა მაინც გამოცდილი რაიან კროტი არჩია, მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელს კაი ხანია რაგბი არ უთამაშია და დროს ძირითადად ტრავმებთან ბრძოლაში ატარებს. ზოგადად, 12 ნომრად კროტი რომ უკეთესია, ამას კი აღიარებენ კივები, მაგრამ უთამაშებელი კაცის წაყვანა ბევრმა მაინც ვერ გაიგო.

3. დევინ თონერი

ირლანდიელი სევდიანი გიგანტი, რომელიც 33 წლისაა და აქედან 9 წელი „სამყურების“ სამსახურში დგას. სულ შრომობს, სულ იბრძვის, სულ ხვითქი გადასდის, ნამდვილი მეორეხაზელია. 210 სმ სიმაღლის თონერი გუნდში აუტის კაპიტანი და დერეფანში კომბინაციების მთავარი გამომცხადებელია, ბურთის მოგებაზე ხომ აღარაფერს ვამბობ. ირლანდიელთა თავკაცმა ჯო შმიტმა ამ ყველაფერს 26 წლის მანსტერელი ჟან კლეინი ანაცვალა. სახელითაც იოლად მიხვდებით, რომ ჟანი სამხრეთაფრიკელია და ირლანდიის ნაკრებში თამაშის უფლება სულ ორიოდ თვის წინ მოიპოვა, როდესაც კუნძულზე ცხოვრებისა და მუშაობის 3 წელი შეუსრულდა. ამის შემდეგ ნაკრებში თამაში სულ სამჯერ მოასწრო და შმიტმაც ეგრევე იაპონიის ბილეთი აუღო. ახალზელანდიელებისა არ იყოს, ირლანდიელებსაც ძვირად არ დაუჯდეთ ამხელა გამოცდილების არაფრად ჩაგდება.

4. დენი ქეა (32 წლის)

ერთიც და დავამთავროთ. ინგლისის ნაკრების ერთ დროს ძირითადი მე-9 ნომერი (84 კეპი) 31 კაცში ვერ მოხვდა. პრეტენზიულმა ედი ჯონსმა უპირატესობა სამხრეთაფრიკული წარმომავლობის ვილი ჰაინცს (32 წლის) მიანიჭა და თითქმის უკეპო მოთამაშეს მეორე ცხრა ნომრის ფუნქცია ჩააბარა. თან ისე, რომ იაპონიაში სულ ორი ჰავბექი იახლა. როგორი იქნება გეგმა B იმ შემთხვევაში, თუ ძირითად გამთამაშებელ ბენ იანგსს, მაგალითად, სიცხე აუწევს, მხოლოდ ედი ჯონსმა იცის. არადა, იაპონელ-ავსტრალიელმა სპეციალისტმა სანაკრებო შეკრების დაწყებისას კედელზე საათი დაკიდა, რომელზეც მსოფლიო თასის ფინალისკენ უკუათვლა ხდება. ედის მიზანი გასაგებია, 2 ცხრა ნომრის წაყვანა - ცოტა გაუგებარი, მაგრამ თავისი საქმისა თვითონ იცის.

აქვე შეიძლებოდა კიდევ რამდენიმე სახელის ჩამოთვლა: არგენტინელები სანტიაგო კორდერო და ფაკუდნო ისა, შოტლანდიელი ჰიუ ჯონსი, ავსტრალიელი ტატაფუ პოლოტა-ნაუ, უელსელი რობ ევანსი და ბევრი სხვა, ვინც არა შეუძლოდ ყოფნის, არამედ მწვრთნელის გადაწყვეტილებით დარჩა მსოფლიო თასის გათამაშების მიღმა. ვინაა მართალი, იქ გამოჩნდება, იაპონიაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 ოქტომბერი
21 ოქტომბერი

მასწავლებელი თემის პირისპირ: ინტერვიუ ჰა ...

ჰამიდ სადიკოვი, ახალგაზრდა გარდაბნელი მასწავლებელი საზოგადოებამ 12 ოქტომბერს გაიცნო. ჰამიდის ამბავი ასე დაიწყო: მან, სოც ...
21 ოქტომბერი
21 ოქტომბერი

„რა ხდება ჩრდილოეთ სირიაში?“: გაგრძელება

ქურთებით დასახლებულ ჩრდილოეთ სირიაში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ამ ტერიტორიიდან ...
21 ოქტომბერი
21 ოქტომბერი

რეცენზია: „მერმისის ჭაღარა მთვარეები“

გელა ჩარკვიანის ახალი წიგნი მცირე მოცულობის რომანია. დახვეწილი იუმორით და დიდი სევდით სავსე. საკუთარ საიდუმლოებებზე დაგა ...

მეტი

^