Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჯარი - ყველა ოჯახში!

18 სექტემბერი 2019
ილუსტრაცია: ანა ჯიბლაძე

„საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, საქართველოს დაცვა და სამხედრო ვალდებულების მოხდა საამისო უნარის მქონე ყველა მოქალაქის მოვალეობაა. სამხედრო ვალდებულების მოხდის ფორმა განისაზღვრება კანონით“, - საქართველოს კანონი სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ. 

დღეს საქართველოში იმაზე მეტი „ღვთისმსახური“ ცხოვრობს, ვიდრე წარმოიდგენდით. ის ბიჭი, გუშინ ბარში რომ ნახეთ, ან ის, ვინც დილით ავტობუსის ბილეთი გადმოგაწოდათ, დიდი ალბათობით რეგისტრირებული და „კურთხეული ღვთისმსახურები“ არიან. რატომ? იმიტომ რომ, სასულიერო პირები სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავისუფლდებიან, პოლიტიკურმა გაერთიანება „გირჩმა“ კი კანონის ეს ნაწილი კარგად გამოიყენა - თუ ჯარში წასვლა არ გსურთ, შეგიძლიათ „ბიბლიურ თავისუფლებაში“ გაწევრიანდეთ.

2018 წლის აგვისტოს მონაცემებით, ორგანიზაცია უკვე 8 300 წევრს ითვლის.

გარდა ამისა, ქვეყანაში სამაგისტრო გამოცდებსაც ბევრი ახალგაზრდა აბარებს. რომელ ფაკულტეტზე?

 „რავი, სადმე, ჯარის პონტში რა...“

ესეც იმიტომ, რომ უმაღლეს სასწავლებელში ყოფნა სავალდებულო სამსახურის მინიმუმ ორი წლით გადავადების საშუალებაა. ისეთ სტუდენტებსაც ვიცნობ, საგნებს რომ „იტოვებენ“ და შეიძლება 27 წლამდე ირიცხებოდნენ რომელიმე უნივერსიტეტში, რა თქმა უნდა, სწავლის საფასურის სანაცვლოდ.

ამაზე ცუდი ისტორიებიც მსმენია ყოველწლიურად გადახდილ დიდ თანხებზე - გადავადების საფასური 2 ათასი ლარია; დიეტებზე კომისარიატში მისვლამდე, ვინმე ნაცნობის პატივისცემაზე… ზოგი ამბავი კომიკურია და მამის მეგობრის მეგობრის დახმარებით გვარდება, მაგრამ ხშირად ახალგაზრდები საკუთარ ჯანმრთელობას აგდებენ საფრთხეში, კვების მკაცრი რეჟიმით იკლებენ ან იმატებენ წონაში, საკუთარ თავს ფიზიკურ ზიანს აყენებენ სიგარეტის ნამწვით ან დანით. ერთი სიტყვით, კომისარიატში სტუმრობის ამბები რომ შევაგროვოთ, ვიეტნამის ომსა და ჰიპებზე დამაჯერებელი ფილმის სცენარი გამოვა.

სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების ისეთ გზებს, რომლებიც ჯანმრთელობას აზიანებს, აქ გასაგები მიზეზების გამო არ ჩამოვთვლით.

თუმცა, მონდომების მიუხედავად, რჩებიან ისეთები, ვისაც „პატრონი არ ჰყავს“ და ვინც იძულებით აღმოჩნდა ერთწლიან სამხედრო სამსახურში.

„14 დღის მანძილზე გულმოდგინედ გვასწავლიდნენ მწყობრად სიარულს, ე.წ. „შაგაობას“ და თვალების ჩასისხლიანებამდე ყვირილს - „გაუ - მარ - ჯოს!“ - ვკითხულობთ ჰერმან საბოს ბლოგზე. დღეს იგი აქტიურად უჭერს მხარს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებას. „- ყველაზე მეტად დაუბანლობა გვაწუხებდა - მახსოვს, მეათე თუ მეთერთმეტე დღეს ათმეთაურებმა ოფიცრებს სთხოვეს, აბანავეთ ჯარი, ვეღარ ვიძინებთო“.

„კარანტინის ბოლოს ცხრა ტყვია გვასროლინეს, ოღონდ არავის აინტერესებდა, მიზანში ვარტყამდით თუ არა - უბრალოდ, გასროლის ხმას შეგვაჩვიეს“.

ხანმოკლე წვრთნის შემდეგ სამხედრო მოსამსახურეებს სხვადასხვა სამუშაოზე ანაწილებენ, ძირითადად - დაცვის სამსახურში, მიზერული ხელფასის სანაცვლოდ - თვეში 63 ლარად. ვისაც საცხოვრებელი ადგილიდან შორს ანაწილებენ, ამ თანხას კვებასა და მგზავრობაზე ანაწილებს. რას იძენს მორიგეობებისა და გათენებული ღამეების სანაცვლოდ? არაფერს, რადგან დაცვის სამსახურში ერთადერთი საქმე სწორედ არაფრის კეთებაა.

„თუ ახალგაზრდას ბაკალავრიატის მერე ერთი წლით მოსწყვეტ საქმეს, ჩათვალე, რომ არაფერი უსწავლია“, - მეუბნება ერთ-ერთი რესპონდენტი.

ასეთ ვითარებაში არც არის გასაკვირი, რომ ქვეყანაში სავალდებულო სამხედრო სამსახურის თავიდან აცილების ნებისმიერ გზას მიმართავენ. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კი ასეთ საქციელს კატასტროფასა და ერის ტრაგედიას უწოდებს (საინტერესოა იმის აღნიშვნაც, რომ ღარიბაშვილის სამხედრო ბილეთი საჭირო დროს ვერ მოიძებნა).

„არ მოვერიდები და ყოველგვარი პოლიტკორექტულობის გარეშე მინდა ვთქვა, რომ ამ სექტის საქმიანობა პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი ჯარის ძლიერებას. მე არ მოვერიდები თქმას, რომ ეს არის ძირგამომთხრელი საქმიანობა ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა საპარლამენტო მოსმენაზე.

თუმცა პოლიტკორექტულობით და მის გარეშეც ცხადია, რომ დღეს სავალდებულო სამხედრო სამსახურის სისტემა ქვეყანაში არ მუშაობს. „ვიშკაზე ჩემი დგომა სახელმწიფოს არაფერში დაეხმარება“, - მითხრა ერთ-ერთმა ახალგაზრდამ, რომელიც „ბიბლიური თავისუფლების“ წევრია. ის და მისი თანატოლები აცნობიერებენ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის მნიშვნელობას, მაგრამ ფიქრობენ, რომ ახლანდელი ფორმით სამხედრო წვრთნები არაფრის მომცემია: „სულ რამდენჯერმე გავისროლე, რამე რომ მოხდეს, ჩემს იმედზე როგორ უნდა იყოს სახელმწიფო?“

„რომ არსებობდეს გამართული სისტემა, როგორიც, მაგალითად ისრაელშია, სავალდებულო სამხედრო სამსახურს მხარს დავუჭერდი“, - მეუბნება ჩემი რესპონდენტი. „იქ მშვენიერი სისტემაა. ჩვენი კი, ამ მოცემულობით, როგორიც ახლაა, ჯობია საერთოდ არ არსებობდეს“.

ეს ახალგაზრდა არც „ბიბლიური თავისუფლების“ წევრია და არც სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადება უცდია. მისი აზრით, დროა ქვეყანა მთლიანად საკონტრაქტო სამხედრო სამსახურზე გადავიდეს. ასეთი სისტემა ჯარისკაცებს კარგი შემოსავლითა და გარკვეული შეღავათებით უზრუნველყოფს და სამხედრო საქმით დაინტერესებულებს კარიერული განვითარების საშუალებას აძლევს.

„წარმოიდგინე, ხარ ახალგაზრდა და პროფესიული ამბიციებიც გაქვს, შენი საქმით ეკონომიკურ დოვლათსაც ქმნი და გადასახადებსაც იხდი, შეგიძლია დაიქირავო ის, ვისაც სამხედრო საქმე აინტერესებს, სხვას კი, ვისაც თავისი საქმიანობით სარგებელი მოაქვს, ერთ წელს აღარ წაართმევ და ძალით არსად წაიყვან“.

ამ ახალგაზრდის თქმით, სახელმწიფო „ვიშკაზე გამწესებით“ ერთი შეხედვით თანხებს ზოგავს, სინამდვილეში კი ეკონომიკურად წამგებიან საქმიანობასაც ეწევა.

ამ მოსაზრებას სხვა რესპონდენტიც იზიარებს. გარდა ამისა, აღნიშნავს, რომ სისტემას საკმაოდ ბევრი ხარვეზი აქვს:

„მინდოდა წასვლა, ოღონდ დაცვად. მოკლედ, მივედი კომისარიატში და შემოწმება გადამიდეს 3 თვით. მერე კიდევ მივედი, სულ სამჯერ მომიწია ისე, რომ კომისიამდე ვერ მივაღწიე. ამ დროს მაგისტრატურაში ჩავაბარე და ასე, შემთხვევით ავცდი ამ ამბავს. იმდენად არაორგანიზებული იყო ყველაფერი, არც კი მინდოდა წარმომედგინა, შიგნით ჯარში რა ხდება“.

ხარვეზებზე თვალის დახუჭვა თავდაცვის უწყებაში მანამ უადვილდებოდათ, სანამ წვევამდელების უმრავლესობამ „კანონის მოტყუების“ გზას არ მიაკვლია. „ბიბლიური თავისუფლების“ გამოჩენის შემდეგ 75-მა პროცენტმა მოახერხა გაწვევის თავიდან აცილება. შეიძლება ამიტომაც აირჩია ღარიბაშვილმა ჯარი თავისი გამოსვლის მთავარ თემად.

მან ამ საკითხის მოგვარება თავის მთავარ საზრუნავად დაასახელა და აღნიშნა, რომ სამხედრო მოსამსახურეებს მუშაობისა და ცხოვრების ღირსეული პირობები უნდა ჰქონდეთ. გარდა ამისა, მინისტრმა ისაუბრა ჯარის სიძლიერეზე, შეეხო ოკუპაციის საკითხსაც:

„მარტო საუბრით თქვენ ვერაფერს ვერ შეცვლით... ამას სჭირდება ქმედება; ამას სჭირდება ძალიან დიდი, მშვიდი და გონივრული მუშაობა და არა მხოლოდ ბრტყელ-ბრტყელი საუბრები. ის, რომ ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, არ არის ახალი ამბავი და ყველამ კარგად ვიცით“.

მისი აზრით, მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ქართულმა სახელმწიფომ მთელი არსებული რესურსი უნდა გამოიყენოს - ღარიბაშვილის გათვლებით, საქართველოს აქვს რეზერვისტების მომზადების უზარმაზარი პოტენციალი და რესურსი 18-იდან 50 წლამდე ასაკის 785 ათასი მამაკაცის სახით, რომელთა გადამზადების შედეგად ქვეყანას 10 წელიწადში მილიონამდე ჯარისკაცი ეყოლება.

10 წელი პატარა ვადა არ არის და ამას მინისტრიც აცნობიერებს. მისი თქმით, საჭიროა ჯარის თემის პოპულარიზაცია საბავშვო ბაღისა და სკოლის ასაკიდან. ზუსტად რას გულისხმობს ეს ინიციატივა, ჯერჯერობით უცნობია. ერთადერთი, რაც მინისტრმა აღნიშნა, არის ის, რომ ჯარის თემა ყველა ოჯახში უნდა შევიდეს.

ამ განაცხადმა გამახსენა დაწყებითი კლასები ჩემს საჯარო სკოლაში. მაშინ უფროსი ლეიტენანტი ზვიადი სმენაზე დგომას გვასწავლიდა, ჩვენზე უფროს ბავშვებს კი, მგონი, კალაშნიკოვიც ჰქონდათ ნანახი. მე ეს იარაღი არასდროს მინახავს, მის დაშლა-აწყობაზე კი ბევრი მსმენია. შემდეგ, უფროსი ლეიტენანტის გაკვეთლები „სამოქალაქო თავდაცვამ“ ჩაანაცვლა - საგანმა, რომლის სახელმძღვანელო ალბათ სულ სამჯერ გადავშალეთ. საინტერესოა, ისევ ასეთი გზებით აპირებს ღარიბაშვილი ჯარის პოპულარიზაციას, თუ რამე უკეთესი აქვს დაგეგმილი. „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ღარიბაშვილის რიტორიკის მიზანი მხოლოდ და მხოლოდ „ბნელი ელექტორატის“ გულის მოგებაა, და მინისტრს საერთოდ არც კი უფიქრია ქვეყნის თავდაცვაზე.

ღარიბაშვილი წინა მინისტრობის დროიდან გამოყოლილ „უკმარისობის გრძნობასა“ და მოტივაციაზე საუბრობს, გეგმავს, ქართული ჯარისთვის ბოლომდე დაიხარჯოს. თუმცა, საეჭვოა, რამდენად შეძლებს 2020 წლის არჩენებამდე რაიმე ძირეული ცვლილების მოხდენას. „ჯარი ყველა ოჯახში“ საკმაოდ ხმამაღალი განაცხადია იმის ფონზე, რომ დღეს კომისარიატში სტუმრობა, ფაქტობრივად, არც ერთ ოჯახში არ უხარიათ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 ოქტომბერი
18 ოქტომბერი

გორდონ გეკო ამერიკის სათავეში

ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წერილი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანს უეჭველად შევა დიპ ...
18 ოქტომბერი
18 ოქტომბერი

მეოთხედფინალის მოლოდინში

იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატს რვა გუნდი შემორჩა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მეოთხედფინალის დრო დამდგარა. ოთხივე შე ...
18 ოქტომბერი
18 ოქტომბერი

რაციონალური პოლიტიკის ტრიუმფი - ბორის ჯო ...

ევროკავშირის დატოვების შესახებ დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა შეთანხმებას მიაღწიეს. ბორის ჯონსონის აზრით, შეთანხმება, ...

მეტი

^