Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შეტევა საუდის არაბეთზე: ვინ ატკაცუნებს ფოლადის თითებს დასავლეთის „ნაზ ხერხემალთან"?

19 სექტემბერი 2019
ილუსტრაცია: ანა ჯიბლაძე

ახლო აღმოსავლეთში დიდი ომის საფრთხე წამოიშვა მას შემდეგ, რაც პროირანულმა იემენურმა დაჯგუფებამ უპილოტო საფრენი აპარატით „დაარტყა“ საუდის არაბეთისა და მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამმუშავებელ ქარხანას, ასევე, ერთ-ერთ უდიდეს საბადოს. ნავთობის გლობალური ბაზარი და ენერგომატარებლებზე ფასიც მნიშვნელოვნად შეირყა. ამერიკამ განაცხადა, რომ შეტევისთვის პასუხისმგებლობა ირანს ეკისრება.

თუმცა თეირანს არ გააჩნია იმ ტექნოლოგიის „დრონები“, რომლებიც იემენელ მეამბოხე-ჰუსიტებს ჰაერსაწინააღმდეგო სარადარო სისტემების გვერდის ავლის საშუალებას მისცემდნენ.

ვის შეეძლო ასეთი ტექნოლოგიები გადაეცა თავდამსხმელებისთვის, თუნდაც იმავე ირანის მეშვეობით? - ჯერჯერობით რიტორიკული კითხვაა, რომელზე პასუხიც ყველამ იცის, თუმცა აშკარად ამის თქმა გლობალური კონფლიქტის გაღრმავებას ნიშნავს.

რუსეთის პრეზიდენტმა საუდის არაბეთს შესთავაზა, შეიძინოს არა ამერიკული, არამედ რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები.

***

გასული საუკუნის 1970-იან წლებში, როდესაც მსოფლიო ბირთვული ომის ზღვარზე ბალანსირებდა, ერთმა ამერიკელმა პოლიტოლოგმა თქვა, რომ ცივი ომის გადაზრდა „ბირთვულ სტადიაში“ მოხდება არა ევროპის ცენტრში, არა „ბერლინის კედლის“ გარშემო, არამედ ახლო აღმოსავლეთში, რომელიც, მისი თქმით „დასავლეთის ნაზი ხერხემალია“, ხოლო მოსკოვი „ხშირად ატკაცუნებს ფოლადის თითებს ამ ნაზ ხერხემალთან“.

ახლო აღმოსავლეთს დასავლური ცივილიზაციისთვის მართლაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ნავთობის გამო, არამედ იმიტომაც, რომ ევროპა „იუდა-ქრისტიანული ცივილიზაციაა“. შესაბამისად, ყველაფერი, რაც ამ რეგიონში ხდება, ევროპულ იდენტობას უკავშირდება.

ეს ყოველთვის შესანიშნავად იცოდნენ და ახლაც იციან მოსკოვში. ამდენად, არ არის შემთხვევითი, რომ რუსეთის „უვადო პრეზიდენტმა“ პუტინმა საკუთარი დერჟავის გლობალურ ასპარეზზე დაბრუნება არა მხოლოდ და არა იმდენად უმწეო უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით, არამედ სწორედ ახლო აღმოსავლეთში „დიდი თამაშის“ წამოწყებით გადაწყვიტა.

და ბევრს მიაღწია კიდეც. ყოველ შემთხვევაში, პირსისხლიანი დიქტატორი ბაშარ ალ ასადი დარჩა სირიის ხელისუფლების სათავეში, სირიის ოპოზიცია თითქმის განადგურებულია, რუსეთმა შეკრა გრძელვადიანი ალიანსი ირანთან და მყარად დამკვიდრდა რეგიონში - ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, სადაც ორი მძლავრი სამხედრო ბაზა დააფუძნა.

უდიდესი ილუზია იქნებოდა ვინმეს მაშინ ეფიქრა, პუტინი მხოლოდ სირიით შემოიფარგლებოდა: ირანთან ალიანსი გრძელვადიანია და ურთიერთხელსაყრელი. ირანსა და რეგიონის არაბულ სახელმწიფოებს კი შეურიგებელი წინააღმდეგობები ყოფთ, რომელთა სათავე ისევ და ისევ იდენტობაა: გამომდინარე ისლამური რელიგიის ორი (სუნიტური და შიიტური) განშტოების მრავალსაუკუნოვანი დაპირისპირებიდან.

გარდა სირიის სისხლიანი სამოქალაქო ომისა, რეგიონში, მთელი ამ წლების განმავლობაში, მიმდინარეობდა მეორე დიდი ომი: იემენელ პროირანელ მეამბოხეებსა და ამ ქვეყნის ხელისუფლებას შორის, რომელიც ტრადიციულად საუდის არაბეთზეა ორიენტირებული.

საუდის სამეფომ ჩამოაყალიბა კოალიცია და სამხედრო ძალით ეხმარებოდა მმართველ რეჟიმს, თუმცა მეამბოხეთა საბოლოო დამარცხება არათუ ვერ მოახერხა, არამედ, გარეშე მხარდაჭერით, მათ ამ დღეებში უძლიერესი დარტყმაც განახორციელეს „ალ საუდთა“ სამეფოს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე: ნავთობზე გლობალური ფასები ერთბაშად გაიზარდა, შემდეგ დასტაბილურდა და შემცირდა, თუმცა ტერორისტულმა აქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა - ახლო აღმოსავლეთში ჩამოყალიბდა ძალთა სრულიად ახალი კონფიგურაცია, რომელიც არც დასავლეთს, არც მსოფლიოს და არც პოსტსაბჭოურ სივრცეს (მათ შორის საქართველოს) კარგს არაფერს უქადის.

გამაოგნებელი განცხადება  გააკეთა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მუჰამმად ჯავად ზარიფმა: ნუთუ ამერიკელებს მართლა ეგონათ, საუდის არაბეთი არ დაისჯებოდა იემენელი ხალხის წინააღმდეგ ბოლო წლებში ჩადენილი დანაშაულისთვისო.

ანუ, არაპირდაპირ, თუმცა მაინც დაადასტურა ამერიკის, ისრაელისა და თვით საუდის არაბეთის სპეცსამსახურთა მონაცემები, რომ „დრონებით“ კოორდინირებული შეტევა, სინამდვილეში, ირანული სამხედრო ბაზიდან განხორციელდა.

თანაც არა ჩვეულებრივი უპილოტო აპარატებით, არამედ სულ სხვა კლასის იარაღით: ფრთოსანი რაკეტის მაღალტექნოლოგიური მოდიფიკაციით, როგორიც ნამდვილად არ აქვს ირანს, მაგრამ აქვს რუსეთს. ამგვარ აპარატს ჰაერში ხანგრძლივი მანევრირება და სარადარო სისტემის მოტყუებაც შეუძლია.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უმწვავეს რეგიონულ კრიზისს ხვდება უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის გარეშე: „რადიკალად“ წოდებული ჯონ ბოლტონი რამდენიმე დღის წინ მან სწორედ იმის გამო „გაუშვა“, რომ ირანის მიმართ ბევრად რადიკალურ ზომებს ემხრობოდა. დონალდ ტრამპს კი ძალიან სჭირდება მშვიდობა მაშინ, როდესაც 2020 წლის გააფთრებული წინასაარჩევნო კამპანია უკვე მიმდინარეობს ამერიკაში. გარდა ამისა, მსოფლიო ამბებში „ჩაურევლობა“ ტრამპის, როგორც პოლიტიკოსის „ფილოსოფიაა“. არადა, კაცობრიობის ისტორია ცალსახად ადასტურებს: მხოლოდ ეკონომიკური ძლევამოსილებით, ანუ სამხედრო ძალის პროეცირებისა და უშუალოდ „ჩარევის“ გარეშე, ზესახელმწიფოებრიობის სტატუსის შენარჩუნება ვერ მოხერხდება - ყველაფერს თავისი „ფასი“ აქვს.

პუტინი უკვე დაუფარავად დასცინის თავის მოწინააღმდეგეებს: მან პირადად შესთავაზა „საუდის“ ხელისუფალთ, შეიძინონ რუსული წარმოების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები, რომლებიც, ვითომდაც, ბევრად უკეთესია, ვიდრე ამერიკული.

ჩვენთვის ეს სახიფათო ვითარება „მსოფლიოს მზის წნულში“, როგორც ასევე ხშირად უწოდებენ ახლო აღმოსავლეთს, ძალიან საშიშია იმიტომ, რომ მოსკოვის მიზანი (რასაც, სამწუხაროდ, ჯერჯერობით წარმატებით აღწევს) აშკარად ისაა, დასავლეთი „დასვას“ გეოპოლიტიკურ „სავაჭრო მაგიდაზე“ და სცადოს იმ რეგიონში თავისი გავლენის „კონვერტაცია“ - დასავლეთის ჩაურევლობა პოსტსაბჭოურ სივრცეზე, სადაც პუტინი, მისი უსასრულო მმართველობის მეოთხე ვადის დასრულებამდე, გეგმავს „მოსკოვური დერჟავის“ აღდგენას „პირველყოფილ“ (1945-1991 წწ.) საზღვრებში.

დათო გამცემლიძე - ჟურნალისტი, ისტორიკოსი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 ოქტომბერი
18 ოქტომბერი

გორდონ გეკო ამერიკის სათავეში

ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წერილი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანს უეჭველად შევა დიპ ...
18 ოქტომბერი
18 ოქტომბერი

მეოთხედფინალის მოლოდინში

იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატს რვა გუნდი შემორჩა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მეოთხედფინალის დრო დამდგარა. ოთხივე შე ...
18 ოქტომბერი
18 ოქტომბერი

რაციონალური პოლიტიკის ტრიუმფი - ბორის ჯო ...

ევროკავშირის დატოვების შესახებ დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა შეთანხმებას მიაღწიეს. ბორის ჯონსონის აზრით, შეთანხმება, ...

მეტი

^