Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჯონი ომში დაკარგული დროისა და ხელ-ფეხის ძიებაში

03 ოქტომბერი 2019
მონოსპექტაკლი „ჯონს იარაღი მისცეს“ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე

როგორც ჩანს, სხეულთან მტკივნეული და, ამავდროულად, ეგზისტენციალური „გაბაასება“ თბილისის საერთშორისო თეატრალური ფესტივალის ერთ-ერთი უმთავრესი თემაა. ამას მოწმობს არა მხოლოდ ბრიტანული ქორეოგრაფიული დასის, „კანდოკოს“ რამდენიმე მცირე ფორმატის წარმოდგენა (სადაც ინკლუზიური შესაძლებლობების მოცეკვავები და  მსახიობები მონაწილეობენ), არამედ „ბერლინერ ანსამბლის“ გამორჩეული სპექტაკლი „თუნუქის დოლი“ (მთავარი გმირი, ოსკარ მაცერატი გადაწყვეტს აღარ გაიზარდოს და სამი წლის ბავშვად „დარჩეს“). ასევე სხეულის დრამატულ მეტამორფოზებზე მოგვითხრობს ბერძნული თეატრის, „ანისიოსის” წარმოდგენა „ჯონს იარაღი მისცეს“.

სცენარისტის, დრამატურგისა და მწერლის, დელტონ ტრამბოს ნაწარმოების მიხედვით დადგმული მონოსპექტაკლი (რეჟისორი თალია მატიკა) პირველ მსოფლიო ომში დასახიჩრებული და საწოლს მიჯაჭვული ამერიკელი ჯარისკაცის, ჯო ბონემის აღსარება-მონოლოგია (ამ როლს ანასტასიოს იორდანისი ასრულებს). აღსანიშნავია, რომ თეატრი „ანიონისი“ 2012 წელს დაარსდა და რამდენიმე საინტერესო სპექტაკლი დადგა. ძირითადად, კლასიკური რეპერტუარიდან. მათ შორისაა ლევან წულაძის შარშანდელი „ჰამლეტიც“. ასე რომ, „ანიონისის“ მონაწილეობა თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში, ცოტათი მეგობრულ ვიზიტსაც ჰგავდა.

თითქმის ერთი საათის განმავლობაში მაყურებელი თეთრი მარლის ნაჭერში გამოკვეთილ და ნახევრად შიშველ ჯოს ათლეტურ სხეულს ხედავს, რომელიც სინამდვილეში ჰოსპიტალის საწოლს მიჯაჭვული და ომში დასახიჩრებული ჯარისკაცის  მეტაფორაა. ეს სურათი არ შეიცვლება წარმოდგენის ბოლომე, ვიდრე მაყურებელი ბოლომდე არ გაიაზრებს და გაიზიარებს ჭურვზე აფეთქებული ახალგაზრდა კაცის ტრაგედიას. ჯო ბონემის ბრაზი და მრისხანება იოლი გასაგებია. ის პირველი მსოფლიო ომის მოხალისეა, რომელმაც ომში ხელ-ფეხი, სმენა და მხედველობა დაკარგა და ამიტომ მზადაა „უსამართლოდ“ მოწყობილ სამყაროს აუჯანყდეს. გონზე მოდის, წარსულსა და შეყვარებულ ქალს - ქეითს იხსენებს, რის გამოც მტკივნეული ემოციები მოეძალება. მაგრამ რაც მთავარია, ჯოს ნათელი და საღი აზროვნების უნარი შერჩა, რომელიც ჭრილობებმა და ფიზიკურმა ტკივილებმა საკუთარ, უსუსურ სხეულში გამოკეტილ არსებად აქცია.

მაყურებლის თვალწინ საკმაოდ ხანგრძლივი და დრამატულ-ეგზისტენციალური ინტროსპექცია იშლება: ვინ არის ჯო ბონემი? რა აწუხებს, რაზე ფიქრობს, რისი ეშინია... ბეკეტის ნაგავს მიჯაჭვული ვინისა არ იყოს, ისიც იხსენებს „ბედნიერ დღეებს“ და ხვდება, რომ ცხოვრებამ მას უბრალოდ ბედნიერების უფლება წაართვა.

ჯოს ტრაგედიას ფართო ჭრილში რომ შევხედოთ, ეს უფრო გმირის  პარალელურ „მოგზაურობას” ჰგავს სხეულში (როგორ განიცდის საკუთარ ფიზიკურ მდგომარეობას) და მეხსიერებში (რომელიც მოიცავს მომხდარ ტრაგედიას და ჭურვის აფეთქებას, ბრაზსა და მრისხანებას, ტკივილის გაანალიზებასა და მასზე გადაბიჯებას, არსებულის გაცნობიერებასა და რეალობის მიღებას... და ბოლოს, ეგზისტენციალურ არჩევანს.

 ჯო რამდენჯერმე იმეორებს ფრაზას - „მე ვარ ცოცხალი მკვდარი! მე ვარ მკვდარი ცოცხალი!“ და ამ ფრაზების მონაცვლეობით გასაგები ხდება მისი შინაგანი, სულიერი ბრძოლაც და დრამატიზმიც.

მსახიობ ანასტასიოს იორდანისის დრამატული თხრობა და ხმა, მისი ნაწილობრივ გამოკვეთილი პლასტიკა - სხეულის, ხელისა და ფეხის ნაწილები, რომლებიც კონტრაჟურით განათებული თეთრი ნაჭრიდანაც ჩანს, არ და ვერ გამზადებთ გამოუვალი სიტუაციიდან თავდახსნისაკენ. ალბათ იმიტომ, რომ წარმოდგენა ზედმეტად სტატიკურია, ხოლო მსახიობს, ფაქტობრივად, მხოლოდ საწოლზე „მიჯაჭვულ” მიზანსცენაში ვხედავთ. თუმცა მას ნამდვილად ვერ დავუკარგავთ მონდომებას, ამ სტატიკურობაში მრავალფეროვანი პლასტიკური ნიუანსები აღმოაჩინოს და შემოიტანოს.

ფინალში ჯოს თეთრ ნაჭერში გამოკვართულ სხეულს პროექციით განათებული ჩიტების ფონზე ვხედავთ და ვაცნობიერებთ, რომ ომით დაღდასმული ჯარისკაცების ფიზიკური თუ სულიერი ტრავმები ჩვენთვისაც ადვილი გასაგებია, რადგან მისი სხეულის მსგავსად ჩვენი ქვეყნის სხეულის ნაწილიც დასახიჩრებულია, ხოლო ტკივილები - გაუნელებელი.


 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 ნოემბერი
20 ნოემბერი

განგაშის 5 ზარი

5. პატრიარქის ნებართვა პატრიარქის ნებართვისა და ერთგვარი კურთხევის გარეშე რომ მმართველი არ იცვლება, ეს ძველი ამბავი ...
18 ნოემბერი
18 ნოემბერი

მაჟორიტარული სისტემის კრიზისი გაერთიანებ ...

თანამედროვე დასავლურ პოლიტიკაში, მოულოდნელ, მეინსტრიმულ პოზიციებთან დაპირისპირებული მოსაზრებების დემოკრატიულმა ტრიუმფმა ...
18 ნოემბერი
18 ნოემბერი

კონსტიტუცია და მისი პოლიტიკური ინტერპრეტ ...

2012 წელს ქვეყნის სათავეში მოსული „ქართული ოცნება“ გახელისუფლების შემდეგ ყველაზე მწვავე და არსებით პოლიტიკურ ...

მეტი

^