Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რეცენზია: დაკარგული სტამბის ამბავი

03 ოქტომბერი 2019

„ფარშავანგი, ვითომ ისტორიული ამბავი“ - აკა მორჩილაძის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტექსტია, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გამოიცა. ეს არის კიდევ ერთი საჩუქარი ბევრი ჟამის აღმწერელი კაცისგან. სულ რაღაც 150 გვერდია, მაგრამ დიდი ამბების შესახებ წერია. წარმოსახვა ტრადიციულად მიწიდან ცამდეა აზიდული - არცაა გასაკვირი კაცისგან, თბილისი რომ ფოთში წაიღო, ფოთი კიდე თბილისში ჩამოიტანა. მერე კიდე ერთი მუჭა საქართველო შავი ზღვის შუაგულში შეაცურა და იქ აცხოვრა ძალზე საინტერესოდ.

სათაურშივე გვაფრთხილებს, რომ ამბავს სარწმუნო წყარო არ ექნებაო, მაგრამ ყველგან წმინდა ქართული ამბავია. ისეთი, რომელსაც უცხო ვერაფერს გაუგებს, ან თუ გაუგებს, აუცილებლად განერიდება, გაუთავებელი ომებით, სიძულვილით, ღალატით, დაყოფით და ისეთებით, მრავლად რომ ვიცით ისტორიიდან.

გეოგრაფიულად ის ხდება, რაც ხდებოდა. დაყოფილები ვართ საქართველოებად. სამ სამეფოდ (ქართლის, კახეთის, იმერეთის) და ოთხ სამთავროდ - სამეგრელო, გურია, სამცხე და მერე კიდევ აფხაზეთი. გარშემო კიდე მტრები არიან და როცა გარშემო მტერია, შიგნითაც გამოჩნდება ხოლმე.

ძირითადად, ქართლისა და კახეთის სამეფოებში მიმოვდივართ, რადგან მთავარ კითხვაზე პასუხი სწორედ ამ სამეფოებში იმალება. ხანდახან კი იმერეთის სამეფოც ეჩხირება, უფრო სწორად კი, იმერეთში ეჩხირება სტამბა, რომელიც ვენეციელებს ქართლის მეფისათვის მიჰქონდათ.

ტვირთის შეყოვნების შესახებ სიმონ მეფეს სამი კაპუცინი მოახსენებს; ძმა ანდრია პეროტის მეთაურობით, რომელიც ყოველნაირ წყაროთაგან დაუდგენელი კაპუცინია.

სიმონ მეფე გაჭედილი სტამბის გამოსახსნელად ქოსების გამოყენებას გადაწყვეტს. „სინამდვილეში ქოსები სულაც არ იყვნენ ქოსები, თმა-წვერს იპარსავდნენ იმიტომ, რომ ერთმანეთს დამსგავსებოდნენ და უცხო თვალისთვის ძნელი გასარჩევი და დასამახსოვრებელნი ყოფილიყვნენ. ამბობენ, რომ ისინი ასასინთა ძველი ორდენის გადარჩენილი და იმერეთში გადამალული შთამომავლები იყვნენ, რომლებმაც შეკვეთილ მკვლელობებზე უარი თქვეს და თავიანთი უნარები სხვა საქმეებში, კერძოდ, ვაჭრობაში დააბანდეს, თუმცა ფარულობის და მოხერხებულობის ტრადიციაც გამოჰყვათ. მათ შესახებ გამოცემები უხვადაა ქართულ ფოლკლორში“.

ასე ჩააღწია სტამბამ ქართლში და სიმონმაც დიდად გაიხარა, მაგრამ კაპუცინები გამქრალიყვნენ და თავიდან ამ უცნაურ ტვირთს ბევრი ვერც ვერაფერი გაუგო.

აქ ჩნდება ის მთავარი კითხვები, რომანის მთელ ხაზს რომ თან გასდევს.

- ვინ გამოგზავნა სტამბა? ვინ გამოიწერა და რისთვის?

მერე კი მხოლოდ ვარაუდებია, ოთხი აღმწერლის ძიება და წუხილი იმაზე, რომ მათ რაღაც გამორჩათ.

ოთხთაგანი არის ანდამატ ნიჩბელი, შუა საუკუნეების ნიჩბისის ეპისკოპოსი. დიდად მოხერხებული კაცი, ყალბ მატიანეებს რომ ადგენდა მეცნიერთათვის, მათი მიყიდვის მიზნით.

ბირთველ ამირეჯიბი, ქართლის მეფის, ვახტანგ მეხუთის დროის ფეოდალი. ითვლება, რომ ის არ არის მისივე შეკერილი რვეულის ავტორი და ეს რვეული არსებობდა მხოლოდ იმისათვის, რომ გარკვეული როლი ეთამაშა პოლიტიკური მიზნებისთვის.

ვალენტინ ორბელიანი. ერთ-ერთი ვერსიით, სულხან-საბას ფსევდონიმი. საერო და სასულიერო სახელს აგერ კათოლიკური ვალენტინიც დაუმატაო. თუმცა ეს მოსაზრება გაზიარებული არ არის.

და ფარნაოზ ურდუბეგიშვილი. ძალზე მნიშვნელოვანი ავტორი, რომელსაც ისეთი ინფორმაცია შემოაქვს, თითქოს პასუხებსაც პოულობ და კვანძიც იხსნება, მაგრამ, ამავე დროს, უამრავ თავსატეხსაც გიმატებს.

წესითა და რიგით, ამ ხალხს წერისათვის ვერ უნდა მოეცალა. ბირთველ ამირეჯიბი დღევანდელი ენით გენერალი გახლდათ, ვალენტინ ორბელიანი კი - ინტენდანტი.

წერა რაინდის საქმე არ იყო, რაინდები თავად უნდა გამხდარიყვნენ იმ ამბების წარმმართველნი, მერე რომ აღიწერებოდა. ამიტომ წერით ქალები წერდნენ, უფრო სწორად კი, წინადადებებს ქარგავდნენ ცხვირსახოცებზე. – „ასეთი ცხვირსახოცების ყველაზე ცნობილი შემგროვებელი იყო პოეტი ფირუზ მამულაიშვილი, რომელსაც მერე ამ ცხვირსახოცებიდან ლექსების მითვისება დასწამეს და მანქანას შეუვარდა 1864 წელს გაჩიანის გადასახვევთან, სადაც მოლდოვური თაფლიანი პაპიროსების საყიდლად დადიოდა ხოლმე კონტრაბანდისტების კარავში“.

სიმონმა არ იცის, სტამბა საიდან მოვიდა, ციდან ჩამოვარდნილს ჰგავს. ეჭვიც სჭამს, რომ იქნებ მამამ იცოდა რამე, მაგრამ ცოცხალი აღარ არის და ვეღარა ჰკითხავს, მერე კი მიდის წარსულში და სათითაოდ ეჭიდავება ყველა სახელს, რომელს უფრო დიდი მოტივი ჰქონდა სტამბის გამოწერისა.

პრობლემებსაც წააწყდება, ისევე როგორც ახლა, ჩვენ დროში, მაშინაც ეშინოდათ იმის, რაც ახალი და უცხოა. მით უმეტეს კი სიტყვა „მანქანისა“, რომელიც ძალიან ჰგავდა „მანქანებას“. ქაღალდიც პრობლემა იყო და, სანამ მეფე ამ პრობლემებს დასძლევდა, ტყვედ ჩავარდა ჩვენთვის კარგად ნაცნობი მოღალატის გამოისობით.

მოღალატე ყორღანაშვილს კი საჩინო ბარათაშვილი ისე კლავს, როგორც კვდება ვარსქენ პიტიახში, აკა მორჩილაძის სულ სხვა ამბავში.

სიმონის ტყვეობის მერე სტამბა ხელიდან ხელში გადადის, ვაჭრობის საგანი ხდება, ხანაც ისეთი კაცის ხელში მოხვდება, მისი ფასი რომ არ იცის და არც აინტერესებს. მერე კი იკარგება...

ასე ჰყვებიან აღმწერლები. სტამბის გზა-კვალი ისე აირია, ხანდახან ერთი წერტილიც კი სულ სხვა გზაზე გაუყენებდა. ეს წერტილი კი ორასი წლის წინანდელ ხელნაწერებში შესაძლოა საერთოდ არ იყო წერტილი და უბრალო ლაქა ყოფილიყო.

მთავარი და საოცარი ამბავი კი ის არის, რომ სტამბა ყველაზე საჭირო დროს მოგვადგა, როგორც რამე საჩუქარი. მისი დახმარებით ბევრი დიდი კარგი საქმეც გამოვიდოდა, მაგრამ გარე თუ შიდა ძალის წაქეზებით ისევ ვჭამეთ ერთმანეთი და ვერაფერი შევირგეთ.

მხოლოდ ერთი წინადადება დაიბეჭდა სიმონ მეფის მიერ. მერე კი ისე გაქრა, თითქოს არც ყოფილიყოს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^