Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოში: რას უნდა ველოდეთ ვიზიტისაგან?

07 ოქტომბერი 2019

ქართულ-გერმანულ ურთიერთობებში გამოცოცხლება შეინიშნება. შარშან საქართველოს დედაქალაქს ფედერალური კანცლერი ანგელა მერკელი ეწვია, რომელმაც რამდენიმედღიანი ინტენსიური მოლაპარაკებები აწარმოა ჩვენი ქვეყნის მთავრობისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან. ერთი წლის შემდეგ კი თბილისს უკვე პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი სტუმრობს.

ოცი წელია გერმანიის სახელმწიფოს მეთაური საქართველოში არ ჩამოსულა, ბოლოს ედუარდ შევარდნაძემ პრეზიდენტ რომან ჰერცოგს ოთხმოცდაათიანი წლების შუა ხანებში უმასპინძლა. აღსანიშნავია ისიც, რომ დოქტორი შტაინმაიერი ერთდღიანი, სახელდახელო შეხვედრებისთვის არ ჩამოსულა კავკასიის რეგიონში. მას საკმაოდ გადატვირთული სამუშაო გრაფიკი აქვს. პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის, ეკონომიკური სფეროს წარმომადგენლების გარდა სოციალ-დემოკრატი ლიდერი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსაც მოინახულებს. მას ექნება შეხვედრები ინტელექტუალებთან, ხელოვნების წარმომადგენლებთან და მეღვინეებთან. გერმანული დელეგაციის წევრები მხოლოდ თბილისში არ გაჩერდებიან, ჩავლენ კახეთში და ეწვევიან შიდა ქართლს, სადაც საკუთარი თვალით იხილავენ მათთვის ნაცნობ სურათს - მავთულხლართებით, კედლებითა და ღობეებით ორად გაყოფილ დასახლებას. ოფიციალური ვიზიტი სამ დღეს გაგრძელდება. მხოლოდ დასახელებული მონაცემებიც კი საკმარისია იმის შესამჩნევად, რომ გერმანია და ფედერალური პრეზიდენტი  სერიოზულად არიან დაინტერესებული საქართველოს არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ხალხისა და გავლენიანი ინსტიტუტების განწყობით.

ალბათ, მნიშვნელოვანია, რომ მოგზაურობის დასრულებამდე დაინტერესებულ საზოგადოებას ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის მცირე პორტრეტი წარვუდგინოთ.

ვინ არის ფედერალური პრეზიდენტი?

განათლება და ადრეული წლები

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი (დაბ. 1956) პროფესიით იურისტია. სხვადასხვა დროს იგი გისენის უნივერსიტეტში პოლიტიკის მეცნიერებასაც სწავლობდა. მომავალი პრეზიდენტი ადრეული წლებიდანვე მონაწილეობდა პოლიტიკურ პროცესებში. სტუდენტობისას აქტიურად იყო ჩართული ახალგაზრდა სოციალისტთა ორგანიზაციის მუშაობაში, უმაღლესი სასწავლებლის სენატში პროგრესულ სტუდენტთა წარმომადგენელიც იყო. შტაინმაიერი იურიდიულ ფაკულტეტზე მემარცხენე კვლევით ჟურნალს გამოსცემდა და ყოველთვის ცდილობდა მის ღირებულებებსა და მეცნიერებას შორის მყარი ურთიერთკავშირის ჩამოყალიბებას, რაზეც მისი დისერტაციის შინაარსიც მიუთითებს. სოციალ-დემოკრატმა დოქტორის ხარისხი უსახლკარობის შესახებ დაწერილი ნაშრომისთვის დაიმსახურა.

2005 წლამდე ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი მეორე რიგის, კულისებში მოქმედი პოლიტიკოსი იყო. ის უარს ამბობდა მაღალი თანამდებობების დაკავებასა და საჯარო პროცესებში ღიად მონაწილეობაზე. თავდაპირველად, შტაინმაიერი ყოველთვის შემსრულებლის ფუნქციით კმაყოფილდებოდა. 1993-1999 წლებში იგი ქვემო საქსონიის პრემიერ-მინისტრის ბიუროს ხელმძღვანელობდა და რეგიონის მეთაურის, გერჰარდ შრიოდერის მარჯვენა ხელად, ნდობით აღჭურვილ პირად იყო აღიარებული. გერჰარდ შრიოდერს დაწინაურების შემდეგაც არ დავიწყებია ერთგული და პროფესიონალი თანამებრძოლი - შრიოდერის კანცლერად მუშაობის პერიოდში მომავალი პრეზიდენტი მთავრობის ხელმძღვანელის ადმინისტრაციას ედგა სათავეში.

პრეზიდენტის პოლიტიკური პროფილი

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი თანამედროვე გერმანული პოლიტიკის ტიპურ, წარმატებულ წარმომადგენლად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

თანამედროვე გერმანელ პოლიტიკოსთა მნიშვნელოვან ნაწილში ადვილი შესამჩნევია იდეოლოგიური უნივერსალიზაციისა და ურთიერთდაახლოების ტენდენცია. მაშასადამე, მთავარი მემარჯვე-ცენტრისტული და მემარცხენე-ცენტრისტული ძალების წარმომადგენელთა ერთმანეთისგან გარჩევა მეტად რთულია, ისინი ძალიან დაემსგავსნენ ერთმანეთს.

შტაინმაიერი სოციალ-დემოკრატთა იმ ჯგუფს მიეკუთვნება, რომელმაც ხელი შეუწყო უძველესი ევროპული პარტიის ნეოლიბერალიზმის რელსებზე გადასვლას. შრიოდერისა და შტაინმაიერის ლიდერობის დროს გერმანელმა სოციალ-დემოკრატებმა მხარი დაუჭირეს ბაზრის დერეგულაციისკენ მიმართულ რეფორმებს, გადასახადების შემცირების პოლიტიკას, კეთილდღეობის ინსტიტუტების მუშაობისთვის გამოყოფილი ხარჯების შემცირებას, საპენსიო ასაკის ზრდასაც კი. შედეგად, გერმანიის მოქალაქეები სოციალური სამართლიანობის საკითხს წლიდან წლამდე კიდევ უფრო ნაკლებად აკავშირებენ სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან. შრიოდერის სტრატეგიის განხორციელების შემდეგ (რომლის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი და აღმსრულებელი ბ-ნი შტაინმაიერი იყო), სოციალ-დემოკრატთა რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდეა დაცემული. მშრომელთა ყოფილი პარტია რეიტინგებში მეოთხე ადგილის მოპოვებას გაჭირვებით ახერხებს ხოლმე.

თანამედროვე ტიპურ გერმანელ პოლიტიკოსებს, „ისტებლიშმენტის“ გავლენიან წევრებს კიდევ ერთი მახასიათებელი აერთიანებთ. ისინი აქტიურად გამოდიან ექსტრემიზმისა და ულტრამემარჯვენეობის წინააღმდეგ. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ყოველთვის და თანმიმდევრულად, ძალიან აქტიურად და ენერგიულად უპირისპირდებოდა რადიკალებს, რომელთაც ისტორიული პარტიები ფედერალური რესპუბლიკისთვის უდიდეს საფრთხედ აცხადებენ. სოციალურ ქსელებში დღემდე ვირუსულად ვრცელდება ვიდეო, რომელშიც 2014 წლის ევროპარლამენტის არჩევნების წინა პერიოდში ბ-ნი შტაინმაიერი გერმანული პოლიტიკისთვის უჩვეულო ხმის რეგისტრით შეეგება ევროსკეპტიკოს კონტრდემონსტრანთა დესტრუქციას.

თუმცა, ინდივიდუალურ დონეზე, ბ-ნი შტაინმაიერი თავისუფლად შეგვიძლია მოვიხსენიოთ წარმატებულ პოლიტიკოსად. მას გერმანიის პოლიტიკურ სისტემაში არსებული თითქმის ყველა უმაღლესი თანამდებობა ეკავა. იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიისა და ფრაქციის თავმჯდომარე, ოპოზიციის ლიდერი, კანცლერობის კანდიდატი, ორჯერ აირჩიეს საგარეო საქმეთა მინისტრად, 2017 წლიდან კი ფედერალური პრეზიდენტია. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს სოციალ-დემოკრატებს ფედერალურ კრებაში უმრავლესობა არ ჰყოლიათ. შტაინმაიერი ფედერალურ პრეზიდენტად არჩევას ანგელა მერკელის პარტიას უნდა უმადლოდეს. ქრისტიან-დემოკრატების გარდა, მას მხარი „მწვანეებმა“ და ლიბერალებმაც დაუჭირეს. პრესა წერდა, რომ ანგელა მერკელმა ვერ მოახერხა ბუნდესტაგის ექსსპიკერის, ნორბერტ ლამერტის დარწმუნება, რათა მას კენჭი ეყარა პრეზიდენტის თანამდებობაზე. ლამერტთან კომუნიკაციაში დაკარგული დროის გამო ქ-ნმა კანცლერმა ვეღარ შეძლო უკეთესი კანდიდატის შერჩევა და იძულებული გახდა ოპონენტთა რჩეულისთვის, საგარეო საქმეთა მინისტრისთვის დაეჭირა მხარი.

ტიპურ წარმატებულ პოლიტიკოსს მისი პრინციპულობაც გამოარჩევს. დამკვირვებლები შტაინმაიერს ტრამპის ალტერნატიულ ფიგურად განიხილავენ. შტაინმაიერი ყოველთვის მონდომებით უპირისპირდებოდა აშშ-ის პრეზიდენტის რიტორიკას, პოლიტიკურ კულტურას, მას „სიძულვილის მქადაგებელს“ უწოდებდა. შტაინმაიერი იმ პოლიტიკოსთა შორისაა, რომელთაც მილიარდერს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცეს.

საგარეო საქმეთა მინისტრად მუშაობის პერიოდში დოქტორი ყოველთვის ცდილობდა, რომ ევროკავშირის მიღმა არსებულ კონფლიქტების მოგვარებაშიც ჩარეულიყო და მათ გარდაქმნაში მიეღო მონაწილეობა. 2008 წელს შტაინმაიერი საქართველოში იმყოფებოდა, იმოგზაურა აფხაზეთის რეგიონშიც. მაშინ გერმანიის პირველი დიპლომატი ქართველებსა და აფხაზებს თავდაუსხმელობის შეთანხმების გაფორმებისკენ მოუწოდებდა. ქართველმა და აფხაზმა მილიტარისტებმა ყველაფერი გააკეთეს, მრავალი მეორეხარისხოვანი მიზეზი გამოძებნეს, რათა აბუჩად აეგდოთ და არ გაეთვალისწინებინათ ევროპელი პოლიტიკოსის ძალისხმევა მშვიდობის შენარჩუნებისთვის.

ბ-ნი შტაინმაიერის შეფასებით, რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ ყველაფერი ძველებურად ვეღარ იქნება. დონეცკისა და ლუგანსკის მხარეები ძველი სტატუსით ვეღარ დაუბრუნდებიან უკრაინის იურისდიქციას. საგარეო საქმეთა მინისტრს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და მშვიდობის დამყარების გზად ორი აჯანყებული რეგიონისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭება ესახებოდა. ცხადია, იგი უკრაინელი ნაციონალისტების მხრიდან დღემდე თავდასხმის ობიექტია. იმედია, უკრაინა არ გაიმეორებს საქართველოს შეცდომას, რომელიც ყოველთვის აგვიანებდა აფხაზეთისთვის ავტონომიის ან ფედერალური სუბიექტის სტატუსის შეთავაზებას.

რა მიზნით ეწვია ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს?

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საგარეო საქმეთა მინისტრი აღარ არის. შესაბამისად, ის აქტიურ პოლიტიკაში აღარ მონაწილეობს და პოლიტიკის ფორმირებასა თუ განხორციელებაზე გავლენა აღარ აქვს. მას მხოლოდ ცერემონიალური ფუნქციები აკისრია. ამასთანავე, დიდია ფედერალური პრეზიდენტის მნიშვნელობა სამთავრობო კრიზისების პერიოდში. გერმანიის პრეზიდენტების მთავარი იარაღი მათი სიტყვებია. შტაინმაიერის ბევრ წინამორბედს თავისი ერთი გამოსვლით შეუცვლია პოლიტიკური პროცესის დინება, განუსაზღვრავს თამაშის ახალი არაფორმალური წესები და ა.შ.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ გერმანელი პოლიტიკოსები საქართველოსთან მიმართებით ემოციური კომენტარებით არ გამოირჩევიან. გერმანელი ლიდერები იშვიათად ახერხებენ ჩვენი „მაკარტისტი“ დეპუტატებისა და მათი მიმდევრების სპორტულ-თეატრალური ჟინის დაკმაყოფილებას. გერმანიის პოლიტიკა საქართველოს მიმართ საკმაოდ საქმიანი და პრაგმატულია. ისინი მესამედი საუკუნეა ეკონომიკური, კულტურული და სოციალური თვალსაზრისით ცდილობენ ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას. საქართველოში მოქმედებს გერმანელთა მხარდაჭერით მომუშავე სკოლა და ათობით საუნივერსიტეტო პროგრამა, საკმაოდ ინტენსიურია გერმანულ-ქართული ეკონომიკური ურთიერთობებიც. გერმანიის ფედერალური ბიუჯეტი არაერთ სოციალურ პროექტს აფინანსებს სოციალური გაჭირვების დაძლევის მიზნით. სავარაუდოდ, ოფიციალურ შეხვედრებზე აღნიშნულ საკითხებზე იქნება საუბარი.

გერმანია საქართველოს სუვერენიტეტისა და ეროვნული ერთიანობის მხარდამჭერია, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდება საოკუპაციო ხაზისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონაწილეთა მონახულებით.

თავად გერმანელები, ალბათ, დღის წესრიგში აუცილებლად დააყენებენ მიგრაციის პრობლემას. საუბედუროდ, ქართველთა არალეგალური მიგრაცია და კრიმინალი ხშირად აწუხებს გერმანიის სხვადასხვა რეგიონის მთავრობას.

საკითხი, რომელზე საუბარსაც ორივე მხარე გაურბის

რამდენიმე თვის წინ ჩვენი თანამემამულე ზელიმხან ხანგოშვილი, ბერლინის ცენტრში, პროფესიონალმა ქილერმა დახვრიტა. Der Spiegel-ისა და მისი პარტნიორების მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიებით მტკიცდება, რომ მკვლელი რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენელია. ჯალათი გერმანიაში რუსეთში დამზადებული ყალბი პასპორტით აღმოჩნდა. გარდაცვალებამდე ზელიმხან ხანგოშვილი, ქართულ-კავკასიური საზოგადოების თავმჯდომარე, პუბლიცისტი ეკერჰარდ მაასი აფრთხილებდნენ გერმანიის ოფიციალურ სტრუქტურებს, რომ ხელისუფლების უყურადღებობის პირობებში „პუტინის გრძელი ხელი ბერლინშიც მისწვდება საქართველოს მოქალაქეს“. სამწუხაროდ, მაასისა და ხანგოშვილის გაფრთხილება გერმანელებმა არაფრად ჩააგდეს. შედეგად, დღეს რუსეთ-ჩეჩნეთის ომის კიდევ ერთი მონაწილე ცოცხალი აღარ არის.

მეტიც, გერმანული საგამოძიებო უწყებები აჭიანურებენ პროცესს. ისინი გერმანიის სუვერენიტეტსა და საქართველოს ქისტ მოქალაქეზე თავდასხმას ორ უცხოელს შორის კონფლიქტად აფასებენ. პოლიტიკურ ლიდერებს არც ერთი განცხადება არ გაუკეთებიათ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, ვიზიტის დროს ორივე მხარე გაექცევა აღნიშნული საკითხის განხილვას. იმედი მაქვს, რომ შტაინმაიერის მოგზაურობის ღონისძიებებში მონაწილე რომელიმე პირს მაინც ეყოფა სიმამაცე და უბრალო კითხვის დასმით შეეცდება ჩვენი თანამემამულის ინტერესების სიკვდილის შემდეგ მაინც დაცვას.

ლევან ლორთქიფანიძე, თსუ-ისა და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ლექტორი

კითხულობს სალექციო კურსს „გერმანიის პოლიტიკური სისტემა“

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

11 ნოემბერი
11 ნოემბერი

როგორ შევამციროთ სამედიცინო შეცდომების რ ...

მსჯელობა შეცდომებზე  პარადოქსულია, რომ გასაოცარი სამედიცინო პროგრესის პარალელურად, პაციენტთა გარდაცვალების ერთ-ე ...
11 ნოემბერი
11 ნოემბერი

ქართველი საზოგადო მოღვაწეები ეკლესიის შე ...

მე-19  საუკუნის  ბოლოს და 20-ე საუკუნის დასაწყისში, ქართველი საზოგადო მოღვაწეები, ილია ჭავჭავაძე, მიხეილ ...
08 ნოემბერი
08 ნოემბერი

„და ჩვენ ვუცეკვეთ“

ფილმის მთავარი გმირი, მერაბი და მისი ძმა დავითი ერთმანეთის პირისპირ წვანან. დავითს სახე ჩალურჯებული აქვს, ახლახან იჩხუბა ...

მეტი

^