Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საშიში ჩიტუნები

10 ოქტომბერი 2019
აუდიოვიზუალური პერფორმანსი ჰიჩკოკის თანხლებით

ალბათ ყველაზე უცნაური და მოულოდნელი, რაც მაყურებელს თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე შეეძლო ენახა, ერთსაათიანი პერფორმანსია, სახელწოდებით „ჩიტუნები“. ესპანელი (პოლიტიკური კონიუნქტურის გათვალისწინებით დავამატოთ კატალონიელიც) რეჟისორის, სცენარისტისა და პერფორმატორის - ალექს სერანოს აუდიოვიზუალური წარმოდგენა გამორჩეულ, ცოცხალ და ორიგინალურ იდეებს ეყრდნობა, რაც „ყველაფრით დაღლილი“ თეატრალური ხელოვნებისთვის თვითგანაყოფიერების აუცილებლობასაც ნიშნავს.

გამოძერწო და შექმნა ორიგინალური ფორმითა და ენით მოთხრობილი პერფორმანსი, რომელსაც ყველასგან გამოარჩევ და ცინცხალ, კრეატიულ იდეებსაც მოარგებ, დღეს ხელოვნებაში ყველაზე მეტად ფასობს. რასაც აუცილებლად თან უნდა ახლდეს აქტუალური მოქალაქეობრივი პოზიცია და სათქმელის სიმძაფრე.

კატალონიური თეატრალური კომპანიის (Agrupación Señor Serrano) მიერ წარმოდგენილი „ჩიტუნები“ სწორედ თეატრის უსაზღვრო შესაძლებლობებსა და არტის უპეცედენტო, სოციალურ და პოლიტიკურ მახვილგონივრულობას იტევს. რეჟისორს ალექს სერანოსა და მისი მოზრდილი გუნდისა თუ თანამზრახველების იდეა - მოაქციონ თეატრალური ხელოვნება ახალ (იქნებ, გამორჩეულ?!) განზომილებაში და ერთმანეთს შეურიონ სიტყვები, ბგერები, მუსიკა, ვიდეო, დოკუმენტური გამოსახულება, თოჯინები რეალურ დროში, მართლაც ძალიან შთამბეჭდავია.

2015 წელს, ფოტოგრაფ ხოსე პალაზონის მიერ გადაღებული ერთი ეფექტური კადრი (ესპანეთის ქალაქ მელილას სასაზღრო ჯებირზე ამძვრალი აფრიკელი მიგრანტები) იქცევა მთელი პერფორმანსის ლამის მთავარ ამბად და ღერძად. ამ განზოგადებით ალექს სერანოს კომპანია რეალურად მოგვითხრობს თანამედროვე ადამიანის ისტორიას თანამედროვე ხელოვნების ენაზე. ხოლო რა კლასიფიკაციას მიანიჭებს, ან რა იარლიყებს მიაწებებს ამ პერფორმანსს კრიტიკა და მაყურებელი, ეს ცალკე დიკურსს ქმნის. ფაქტია, „ჩიტუნა“ თავად თეატრის სიცოცხლის უნარიანობასა და მოქნილობზე მეტყველებს.

პალაზონის ფოტოში, რომელსაც ეკრანზე ვხედავთ, კრისტალიზდება არა მხოლოდ მძაფრი პოლიტიკური და სოციალური განწყობა. ჩვენ ვხედავთ ფოტოზე აღბეჭდილ საგნებს, ნივთებს, მცენარეებს, ხალხს... რომელთა შესახებ დეტალურ ინფორმაციას უშუალოდ სცენიდან ვიგებთ. ამავდროულად,  რამდენჯერმე მეორდება ეპიზოდი ჰიჩკოკის ფილმიდან „ჩიტები“: ვხედავთ მთავარი როლის შემსრულებლი მსახიობი ქალის შეშინებული სახეს, რომელიც ატირდება. კომენტარებიდან ასევე ვიგებთ, თუ რა ხილული კავშირია სურათებზე აღბეჭდილ  მიგრანტებსა და სხვადასხვა სახეობის ფრინველებს შორის, რომლებიც ათასობით კილომეტს გადაიფრენენ, ვიდრე გამოიზამთრებენ.

თავად ამ ცნობილი ფილმის რეჟისორი, ალფრედ ჰიჩკოკი ერთ-ერთ ვიდეოში, ამბობს რომ „ადამიანებს ეშინიათ არა ფრინველების, არამედ საკუთარი შიშების“. რადგან საბოლოოდ, არ არსებობენ ფრინველები, ისინი მხოლოდ ჩვენი შიშების პროექციაა.

წარმოდგენის მეორე ნახევარში უფრო კარგად ვიგრძნობთ მთელი კონცეფციის მასშტაბსა და მნიშვნელობას, როდესაც კაცობრიობის განვითარებას უწყვეტი „მინიატურული ლანდშაფტის“ გრძელი ჯაჭვით დავიანახავთ: ვიდეოკამერა აღბეჭდავს მწვანე გაზონის ხალიჩაზე განლაგებულ ათასობით ფიგურას, რომელიც პალაზონის ფოტოზე გამოსახული გოლფის მოედანზდე ამავე დროს დავინახავთ მრავალფეროვანი მიგრაციის პროცესებს, რომელიც ისტორიამ შექმნა - ესენი არიან ჩვილი ბავშვები, რომელთა ფიგურები მაიმუნების, დინოზავრების, ლომების, პინგვინების და იხვების გვერდით სწორედ რომ მხოხავ, უუნარო და ჯერ ფრენის არმცოდენ ჩიტებს გვანან...

იქნებ, ალექს სერანოს ორგანზომილებიანი პერფორმანსივით (ეკრანზე და სცენაზე) შიშები ჩვენშიც ორ განზომილებაში არსებობენ - ჩვენს გონებაში და გრძნობათა სამყაროში და პერფორმანსი მხოლოდ დროებითი თერაპიული საშუალებაა?!

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 ნოემბერი
20 ნოემბერი

განგაშის 5 ზარი

5. პატრიარქის ნებართვა პატრიარქის ნებართვისა და ერთგვარი კურთხევის გარეშე რომ მმართველი არ იცვლება, ეს ძველი ამბავი ...
18 ნოემბერი
18 ნოემბერი

მაჟორიტარული სისტემის კრიზისი გაერთიანებ ...

თანამედროვე დასავლურ პოლიტიკაში, მოულოდნელ, მეინსტრიმულ პოზიციებთან დაპირისპირებული მოსაზრებების დემოკრატიულმა ტრიუმფმა ...
18 ნოემბერი
18 ნოემბერი

კონსტიტუცია და მისი პოლიტიკური ინტერპრეტ ...

2012 წელს ქვეყნის სათავეში მოსული „ქართული ოცნება“ გახელისუფლების შემდეგ ყველაზე მწვავე და არსებით პოლიტიკურ ...

მეტი

^