Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მარი ბექაურის კინორჩევები

11 ოქტომბერი 2019
ილუსტრაცია: ანა ჯიბლაძე

უხილავი ძაფი - როცა ფილმის გადაღებას იწყებდნენ, დენიელ დეი-ლუისი არც კი ეჭვობდა, რომ ეს მისი უკანასკნელი როლი იქნებოდა. კინოს ისტორიაში ერთადერთმა მსახიობმა მამაკაცმა რომელიც სამ ოსკარს ფლობს, კარიერა ბრიტანელი დიზაინერის - რეინოლდ ვუდკოკის გმირით დაასრულა. პოლ ტომას ანდერსონის ფილმი მისთვის წყევლად იქცა. უფრო სწორად, თითქოს მსახიობზე გადავიდა ის წყევლა, რომელსაც ვუდკოკი ატარებდა - პერფექციონისტი, ესთეტი, სიკვდილთან თანაზიარი კაცი, ვინც კაბებს სამეფო ოჯახის წევრებს უკერავდა. როგორია იმ ხელოვანის მარტოობა, რომელსაც აკვიატებულად სწამს სილამაზის და ყოფითი მოცემულობების მიღება უჭირს? ამას „უხილავ ძაფში“ ნახავთ. ზუსტად იგრძნობთ სევდას, რომელიც მთავარი გმირის ცხოვრებას გასდევდა, მერე კი ლეგენდარული მსახიობი - დენიელ დეი-ლუისი მიახვედრა, რომ ამაზე სრულყოფილს ვეღარაფერს ითამაშებდა. 

ბარტონ ფინკი - ინტერნეტში საინტერესო სტატიებს ნახავთ იმაზე, თუ როგორ წერენ სცენარებს ძმები კოენები. მაგრამ ერთხელ ძმები კოენები სცენარს ვერ წერდნენ და გადაწყვიტეს, სასტუმროში გამოკეტილიყვნენ, რათა როგორმე ჩანაფიქრი სისრულეში მოეყვანათ (ეს იყო ფილმი - „მილერის გზაჯვარედინი“). კოენებმა სცენარს ვერც სასტუმროში მოაბეს თავი. ჰოდა ადგნენ და დაწერეს სცენარი ჰოლივუდში წასულ მწერალზე, რომელიც სცენარს ვერ წერს და იმისთვის, რომ როგორმე დაწეროს, სასტუმროში იკეტება. ასე მოულოდნელად, ყოველგვარი გეგმის გარეშე შეიქმნა „ბარტონ ფინკი“, რომელიც, მე თუ მკითხავთ, კოენების შემოქმედების მწვერვალია. ამასთან, „ბარტონ ფინკი” პირველი ფილმია, რომელმაც კანის კინოფესტივალის სამივე მთავარი ჯილდო მიიღო. ბარტონ ფინკის როლს ჯონ ტურტურო ასრულებს, პარტნიორობას კი ჯონ გუდმანი უწევს, რომლის გმირიც იმდენად საინტერესო და უჩვეულოა, რომ ფიქრობ: „კიდევ კარგი, მაშინ კოენებმა „მილერის გზაჯვარედინი“ ვერ დაწერეს.“

ტკივილი და დიდება - პედრო ალმადოვარს ხანგრძლივი შესვენება გამოუვიდა. სამაგიეროდ, ისეთი ფილმი „დადო“, რომ შეუძლებელია გულგრილი დარჩე. მერე რა, რომ აქ ვერ ნახავთ ისეთ ალმოდოვარს როგორსაც აქამდე ვიცნობდით - ჩვეული ცეცხლით, ისტერიული ქალებით, ბედისწერასთან თამაშით - კაცს, რომლის ფილმებმაც თავის დროზე ესპანელ არტისტებს თავისუფლების გზა უჩვენა. ეს სხვანაირი პედროა, ძალიან სევდიანი და ნოსტალგიური... „ტკივილი და დიდება“ ტკივილზე და დიდებაზეა. რეჟისორზე, რომელმაც ნამდვილი კინოს შექმნა მოახერხა, კარიერის დასასრულს კი საკუთარი ჩრდილივით აეკიდა დიდება და მარტოსულობა. სიცარიელე, რომელსაც იცის, რომ ვეღარაფრით შეივსებს. ფილმი სანახევროდ ავტობიოგრაფიულია და რაღაცნაირად აღსარებას ჰგავს - ჭეშმარიტი ხელოვანის, რომელიც დროსთან დამარცხდა. 

დიდი ილუზია - „რა არის კინო?“ - ამბობდა ჟან რენუარი - „ესაა ხელოვნების ფორმა, რომელიც სიცოცხლეზე მნიშვნელოვანია.“ რენუარმა 1937 წელს დიდი კინო გადაიღო - „დიდი ილუზია“ - ამბავი პირველი მსოფლიო ომის დროს ტყვედ ჩავარდნილ ორ ფრანგ ოფიცერზე, რომლებიც გაქცევას ცდილობენ, ბოლოს კი ისეთ ადგილზე ხვდებიან, საიდანაც გაქცევა შეუძლებელი ჩანს... „დიდი ილუზია“ ალბათ, საუკეთესოდ გამოხატავს რეჟისორს - ადამიანს, რომელსაც სძულდა კლიშეები, ეთაყვანებოდა ყველაფერ უბრალოს და ადამიანურს და სწამდა, რომ კინო - ესაა ფორმა, რომლითაც ყოფის, არსებობის საზრისს შევიმეცნებთ. 

კუებს შეუძლიათ ფრენა - პირველი ფილმი, რომელიც სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ ერაყში გადაიღეს. ბაჰმან გობადი მოგვითხრობს თურქეთ-ერაყის საზღვართან მყოფი ქურთი ლტოლვილების ბანაკზე, რომელიც ხსნას ელის. ეს ნამდვილი ისტორიაა და ამ ისტორიაში თქვენ ნახავთ ბავშვებს, რომლებიც დანაღმულ ველზე შედიან და ფეთქდებიან, რომლებსაც არ აქვთ ხელები, ფეხები, მაგრამ აქვთ გადარჩენის რწმენა. არცერთი მათგანი მსახიობი არ არის. ისინი საკუთარ თავს თამაშობენ და იმეორებენ ამბავს, რომელიც ნამდვილად მოხდა. ფილმმა 23 საერთაშორისო კინოფესტივალი მოიგო და ჯილდოებს რომ თავი დავანებოთ, ეს, უბრალოდ, ძალიან მართალი კინოა - კინო, რომელიც ამუნჯებს.   

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

11 ნოემბერი
11 ნოემბერი

როგორ შევამციროთ სამედიცინო შეცდომების რ ...

მსჯელობა შეცდომებზე  პარადოქსულია, რომ გასაოცარი სამედიცინო პროგრესის პარალელურად, პაციენტთა გარდაცვალების ერთ-ე ...
11 ნოემბერი
11 ნოემბერი

ქართველი საზოგადო მოღვაწეები ეკლესიის შე ...

მე-19  საუკუნის  ბოლოს და 20-ე საუკუნის დასაწყისში, ქართველი საზოგადო მოღვაწეები, ილია ჭავჭავაძე, მიხეილ ...
08 ნოემბერი
08 ნოემბერი

„და ჩვენ ვუცეკვეთ“

ფილმის მთავარი გმირი, მერაბი და მისი ძმა დავითი ერთმანეთის პირისპირ წვანან. დავითს სახე ჩალურჯებული აქვს, ახლახან იჩხუბა ...

მეტი

^